Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასეთ ბავშვს ვერ მივიღებთ - რატომ არ უშვებენ ბავშვებს აუზებში?


ბარბარე 9 წლისაა. მას ქვედა კიდურების პარაპარეზი აქვს. ეტლით არ სარგებლობს. თუკი ხელზე დაგეყრდნობა, თავადაც შეუძლია სიარული. „ეტლზე გამიზნულად ვთქვით უარი. ეტლი ბოლო იმედის გადაწურვას ჰგავს“, - მეუბნება ბარბარეს დედა, ლიკა ლუკავა.

ორი დღის წინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ლიკამ დაწერა, რომ რუსთავში, საცურაო აუზის, „თოლიას“ დირექტორმა, მის შვილს აუზზე სიარულისა და წყლის თერაპიის სეანსების მიღებაზე უარი უთხრა.

რა მოხდა აუზზე?

„ასეთი ბავშვის დრო ახლა არ გვაქვს“, - ბარბარეს დედა ამბობს, რომ ამ სიტყვებით გამოისტუმრა აუზის დირექტორმა ის 2 მაისს, მას შემდეგ, რაც აუზის ინსტრუქტორთან უკვე შეთანხმებული ჰქონდა ბარბარეს წყლის თერაპიის გრაფიკი და ღირებულება:

„რამდენიმე დღის წინ მივედი აუზზე, მოვიძიე ინფორმაცია, აბონემენტის ფასი, მომცეს ინსტრუქტორის საკონტაქტო ინფორმაციაც, თუმცა, როდესაც ინსტრუქტორს დავუკავშირდი, მითხრა, რომ მთელი მაისი დაკავებული ჰქონდა და ბავშვთან ინდივიდუალურად მუშაობას ვერ მოახერხებდა და რაკი ჩვენ გვეჩქარებოდა წყლის აუზის თერაპიის დაწყება, მირჩია, სხვა ინსტრუქტორისთვის მიმემართა. 2 მაისს მივედი აუზზე, მენეჯერმა სხვა ინსტრუქტორთან, ნადია კიკნაძესთან გადაგვამისამართა. გავესაუბრე, მიმიღო ძალიან თბილად, გამაცნო სამუშაო პირობები და შევთანხმდით, რომ ბარბარე აუზზე სიარულს ორ დღეში დაიწყებდა. ის იყო შენობა უნდა დამეტოვებინა, რომ დაცვის წარმომადგენელმა გამაჩერა, დირექტორი გეძახითო. შევედი მის ოთახში და პირველივე შეკითხვა იყო - რა დიაგნოზი აქვს თქვენს შვილს? ამ ადამიანის დამოკიდებულება, სახის გამომეტყველება, ტონი, ხმის ტემბრი, ეს ყველაფერი მეტყველებდა იმაზე, რომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ ჩემი შვილი აუზზე არ უნდა მიეღო“.

ბარბარეს დედა ამბობს, რომ დირექტორმა ხმამაღლა, უხეში ფორმით მიუთითა, რომ შესაბამისი სპეციალისტის არ ყოლის გამო, მის შვილს აუზი მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ მიიღებდა:

„ბავშვიც კი არ ჰყავდა ნანახი, პირდაპირ მითხრა - ასეთ ბავშვს ვერ მივიღებთ, დრო არ გვაქვს. კორექტულად ვცდილობდი რომ გავსაუბრებოდი, ვკითხე, უარს მეუბნებით-მეთქი? და კი, არ გვაქვს ადგილები, მაისი, ივნისი, ივლისი გადავსებულია და აგვისტოს ბოლოსკენ ნაკლები ხალხი რომ იქნება, მაშინ კიდევ შეიძლება იმაზე ფიქრი, მივიღებთ თუ არაო. სიტყვა-სიტყვით ვციტირებ. მითხრა, დავლოდებოდი იმ ინსტრუქტორს, რომელსაც თავდაპირველად ვესაუბრე. ასევე მითხრა, რომ „ასეთი ბავშვებისთვის“ სპეციალისტების მოწვევას ვგეგმავ სამომავლოდო. ვუთხარი, რომ ინსტრუქტორთან უკვე შეთანხმებული ვიყავით, რომ მენეჯერიც საქმის კურსში იყო, თუმცა, მაინც უარი მითხრა. ამის შემდეგ მეც ავუწიე ხმას, რაზეც მიპასუხა, იმხელა ხმა მაქვს, რუსთავის ბოლოს გაიგებენ ჩემ ხმას, მიბრძანდით აქედან და მაგ ნადიასაც მოგაყოლებ უკანო, ასე გამომისტუმრა“.

ლიკა ლუკავას თქმით, მისი შვილი არ საჭიროებს წყალში რაიმე კონკრეტულ თერაპიას, მასაჟს თუ ვარჯიშს. ამბობს, რომ ბარბარეს ჯანმრთელობისთვის მხოლოდ წყალში ყოფნაა მნიშვნელოვანი:

„ჩემს შვილს სჭირდება მხოლოდ აუზში ჩაყოლა, რომ წყალში მარტო არ იყოს. არ ვითხოვდი არც რაიმე წყლის სპეციალურ ვარჯიშებს ან მასაჟებს ან რაიმე თერაპიას, მხოლოდ წყალში ყოფნას ერთი საათის განმავლობაში, რომ ქვედა კიდურებზე მოხსნოდა ტონუსი და გვერდით ჰყოლოდა ადამიანი, რომელიც ყურადღებას მიაქცევდა. ორი-სამი წლის წინ, უკრაინაში დავდიოდით აუზზე, იქ ვცხოვრობდით გარკვეული პერიოდი. საქართველოში აუზზე სიარული ახლა უნდა დაგვეწყო. კულტურული უარი რომ ეთქვა, კიდევ თავდახრილი გამოვიდოდი და არ შევეპასუხებოდი, მაგრამ ამ ადამიანმა ძალიან უხეშად მომმართა. ამიტომ ვერ დავტოვებდი რეაგირების გარეშე მის ამ რეაქციას“.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ლიკა ლუკავას პოსტს, მალევე მოჰყვა საცურაო აუზის განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ აუზის ადმინისტრაცია ვერ აიღებდა ბავშვზე პასუხისმგებლობას იმ დრომდე, სანამ არ ეცოდინებოდათ, რომ ბავშვი აუზზე იქნებოდა უსაფრთხოდ, საჭირო ზედამხედველის ქვეშ:

„მშობელს ავუხსენით, რომ 25 მაისიდან ჩვენთან ჩამოვიდოდა სპეც.მწვრთნელი, რომელიც აიღებდა პასუხისმგებლობას ბავშვზე, მშობელი ესაუბრა თავისი ნებით აუზზე მყოფ სხვა მწვრთნელს, რომელსაც არ აქვს შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება, ამის დაშვება არის კატეგორიულად აკრძალული და ეწინააღმდეგება აუზის შინაგანაწესს! ყველა ვთანხმდებით რომ შშმ პირებს განსაკუთრებულად მეტი ყურადღება, სიფრთხილე სჭირდებათ. როდესაც სპეციალისტი იქნება უკვე ადგილზე და აიღებს პასუხისმგებლობას და უსაფრთხოდ ვიგრძნობთ თავს, მხოლოდ ამის შემდეგ ისარგებლებთ ჩვენი აუზით, ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ხოლო, გადამეტებული ემოციური საუბრის გამო კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს! ეს შეცდომა გამოსწორებადია, მაგრამ გამოუსწორებელი იქნებოდა რომ ბავშვის აუზზე დაშვების გამო, მის ჯანმრთელობას რაიმე სახის პრობლემა შექმნოდა! შესაბამისად, უარი იყო განპირობებული, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ადგილზე არ იმყოფებოდა გამოცდილი მწვრთნელი, რომელიც სრულ პასუხისმგებლობას აიღებდა ბავშვის უსაფრთხოებაზე!“

რას ამბობს აუზის დირექტორი?

„ეს მშობლები ისედაც გაღიზიანებულები არიან და ეჩვენებათ, რომ შენ სპეციალურად ეუბნები უარს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას აუზის დირექტორმა, მარლენ ლაბაძემ, როდესაც ვკითხეთ, რატომ არ მისცა 9 წლის ბარბარეს აუზზე სიარულის უფლება.

მისი თქმით, აუზის ინსტრუქტორს ნადია კიკნაძეს, რომელსაც ბარბარეს დედა დაუკავშირდა და სეანსებზე შეთანხმდნენ, არ აქვს შშმ ბავშვებთან მუშაობის სათანადო გამოცდილება და შესაბამისად, ვერ მისცემდა მას უფლებას, რომ ბავშვთან ერთად ჩასულიყო აუზში:

„ინსტრუქტორს, რომელიც შშმ ბავშვებთან მუშაობს, ამ ეტაპზე, არ ჰქონდა თავისუფალი ადგილი და ამის შესახებ ქალბატონსაც უთხრა. ვინაიდან ეს ქალბატონი არ დააკმაყოფილა მისმა პასუხმა, დაიწყო სხვა ინსტრუქტორების ძებნა. ახალი მიღებული მყავს ვინმე ნადია, ორი თვეა, რაც მივიღე, მივიდა მასთან და მანაც თანხმობა განუცხადა. ვფიქრობ, რომ იმ ნადიას წარმოდგენაც კი არ აქვს, რასთან შეიძლება ჰქონდეს საქმე. შემოვიდა ეს ქალბატონი ჩემთან და მითხრა, რომ ნადიას შევუთანხმდი და ის გაუწევს მეთვალყურეობასო. მე ამ ინსტრუქტორს ასეთ ბავშვს ვერ ვანდობდი. მეც კი არ ვიცნობ ნორმალურად იმ ინსტრუქტორს. მან იცის მხოლოდ და მხოლოდ ცურვა. ამიტომ ვუთხარი ამ ქალბატონს, მოდი, დაველოდოთ გამოცდილ ინსტრუქტორს და მაშინ გადავწყვიტოთ-მეთქი. მე ვიცი, რომ ამ ბავშვს აქვს ცერებრალური დამბლა. ამ ბავშვს სჭირდება სპეციალისტი, სპეციალური მასაჟი, წყალში უნდა ჩაჰყვეს ეს სპეციალისტი. ეს არის სპეციფიკური საკითხი, რომელსაც ასე, ერთი ხელის მოსმით, ვერ გადაწყვეტ. მშობელი კი მეუბნება, რომ ის თავად იღებს პასუხისმგებლობას, მაგრამ საბოლოოდ, ჯვარი გვწერია, არავინ აიღებს პასუხისმგებლობას. აქ არა მარტო სპეციალისტი უნდა მუშაობდეს წყალში, არამედ იქვე უნდა იყოს ექიმი, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს ამას ყველაფერს“.

საცურაო აუზი "თოლია"
საცურაო აუზი "თოლია"

რადიო თავისუფლება ესაუბრა ნადია კიკნაძესაც, აუზის იმ ინსტრუქტორს, რომელიც რამდენიმე დღის წინ ბარბარესთან მუშაობას დათანხმდა. ნადია კიკნაძე ამბობს, რომ მას აქამდეც ჰქონია სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება:

„მე პასუხისმგებელი ვარ მხოლოდ ჩემს საქმესა და ჩემს პროფესიონალიზმზე. ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი ვარ. როგორ მასწავლებელი, როგორც პროფესიონალი, მზად ვარ, რომ დავეხმარო ნებისმიერ ბავშვს. შშმ ბავშვებთან, ცხადია, მქონია ურთიერთობა, მათ შორის, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან. თუმცა, არა ამ აუზზე. არიან ბავშვები, რომლებსაც სჭირდებათ სამკურნალო ცურვა. გავლილი მაქვს ასევე სამკურნალო მასაჟისტის კურსები. ასევე სპორტის მასწავლებლის ლიცენზია მაქვს ცურვაში“.

როგორც თბილისში არსებული ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრის რეაბილიტოლოგი გვიხსნის, შშმ პირებთან მუშაობისას, მნიშვნელოვანია, რომ ინსტრუქტორს ჰქონდეს ფიზიოთერაპევტის ლიცენზია, რაც წარმოადგენს საშუალო მედიცინის რგოლს რეაბილიტაციის დარგში. მისივე განმარტებით, მეტი უსაფრთხოებისა და პროცესის სწორი წარმართვისთვის, უმჯობესია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა მიმართონ სარეაბილიტაციო ცენტრებში არსებულ აუზებს.

რატომ არ ჩაუშვეს განვითარების შეფერხების მქონე ბავშვი ბაღის აუზში?

ბარბარე არ არის ერთადერთი ბავშვი, რომელსაც იმის გამო, რომ შესაძლოა, განსაკუთრებული საჭიროება ჰქონდეს, აუზში ჩასვლაზე უარი უთხრეს.

ორი წელია 3 წლის ბავშვის დედა თბილისის საქალაქო სასამართლოში დავობს ერთ-ერთ კერძო საბავშვო ბაღთან, რომლის ადმინისტრაციამაც მის შვილს, რომელსაც განვითარების შეფერხება აქვს, არ მისცა ე.წ. გასაბერ აუზში ჩასვლის უფლება.

ბავშვის ინტერესებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. სასამართლო დავა 10 მაისს სრულდება. დაადგენს თუ არა მოსამართლე დისკრიმინაციის საკითხს და დააკისრებს თუ არა საბავშო ბაღის ადმინისტრაციას ბავშვისა და მშობლისთვის მორალური ზიანის ანაზღაურებას, ეს უახლოეს ერთ თვეში გახდება ცნობილი.

ილონა დიასამიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბაღის ადმინისტრაციის განცხადებით, ბავშვის აუზში​ ჩაყვანაზე უარი მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე თქვეს. გარდა ამისა, მიზეზად დაასახელეს ბავშვის ასაკიც:

„ბავშვის დედამ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მისი შვილი არ ჩაჰყავდათ აუზში. აუზი გასაბერია და მისი სიღრმე დაახლოებით 10-15 სანტიმეტრია. როდესაც მშობელმა დაიწყო მოკვლევა, რატომ არ ჩაჰყავდათ ბავშვი აუზში, უთხრეს, რომ თუკი თავადაც მივიდოდა ბაღში და მისი მეთვალყურეობით ჩავიდოდა ბავშვი აუზში, იმ შემთხვევაში ჩაიყვანდნენ მას. თუმცა, მეორე დღეს ამაზეც უარი უთხრეს. ამის შემდეგ დაიწყო დედამ სასამართლო დავა. დავის ფარგლებში, ბაღი შესაგებელში ასახელებს ორ პოზიციას. ერთ შემთხვევაში ამბობს, რომ ბავშვი იმიტომ არ ჩაიყვანეს აუზში, რომ ის მცირე ასაკის იყო. თუმცა, ბავშვი მაშინ იყო 3 წლის და 4 თვის და მისი ჯგუფელები, რომლებიც აუზში ჩაიყვანეს, იყვნენ, მაგალითად, 3 წლის და 6 თვის, 3 წლის და 7 თვის. ანუ განსხვავება იყო სულ რაღაც 2-3 თვე. გარდა ამისა, ამბობენ, რომ ბავშვს არ ჰქონდა რეაგირება ყველა მითითებაზე და შესაბამისად, მისივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ჩაიყვანეს აუზში“.

ილონა დიასამიძის თქმით, სპეციალისტი, რომელიც წლების განმავლობაში მკურნალობდა ბავშვს, ამბობს, რომ მან სწორედ იმიტომ ურჩია მშობლებს ბავშვის საბავშვო ბაღში მიყვანა, რომ ეს პროცესი მისი განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო:

„სპეციალისტი გვეუბნება, რომ ის ისევე უნდა ყოფილიყო ჩართული სააღმზრდელო პროცესში, როგორც სხვა ნორმოტიპური ბავშვი, ყველანაირი გამონაკლისის გარეშე. როგორც სპეციალისტი აცხადებს, თუკი მას საბავშვო ბაღის წარმომადგენელი დაუკავშირდებოდა და ჰკითხავდა რჩევას ბავშვის ყველა პროცესში ჩართვის შესახებ, ცხადია, ის ეტყოდა, რომ ბავშვი ისევე უნდა ყოფილიყო ყველა აქტივობის მონაწილე, როგორც სხვა ბავშვები, რადგან მას არ სჭირდებოდა რაიმე ტიპის განსაკუთრებული მოპყრობა“.

ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, 2022 წლის ოქტომბრის ბოლოს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა სახალხო დამცველის ოფისმაც.

როგორც მოსაზრებაში ვკითხულობთ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაუცველობის და დისკრიმინაციული მოპყრობის მომეტებული რისკის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მნიშვნელოვნად მიიჩნია, დახმარება გაუწიოს სასამართლოს გონივრულ მისადაგებაზე სავარაუდო უარის, როგორც დისკრიმინაციული მოპყრობის იდენტიფიცირებაში:

„დისკრიმინაციის ეს ფორმა, შედარებით ახალია ქართულ კანონმდებლობაში, შესაბამისად, მნიშვნელოვანია სასამართლომ სწორად ამოიცნოს მისი ელემენტები და ხელი შეუწყოს გამართული პრაქტიკის დანერგვას“, - წერს სახალხო დამცველი.

  • 16x9 Image

    ნინო თარხნიშვილი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. 

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG