Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არჩევნები ხვალ რომ იმართებოდეს, ტრამპი გაიმარჯვებდა” - პოლკოვნიკი ჯეფრი ფიშერი


ჯეფრი ფიშერი, ამერიკის საჰაერო ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო თრილერების ავტორი
ჯეფრი ფიშერი, ამერიკის საჰაერო ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო თრილერების ავტორი

„მე რესპუბლიკელი ვარ, კონსერვატორი - ჩემნაირი კიდევ ბევრია - და დონალდ ტრამპს არ აქვს ჩემი ხმა, და ამის ერთადერთი მიზეზი უკრაინაა, ეს რომ არა, ხმას მივცემდი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ამერიკის საჰაერო ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, სამხედრო თრილერების ავტორი ჯეფრი ფიშერი. ის დარწმუნებულია, რომ არჩევნები ხვალ რომ იმართებოდეს, ტრამპი გაიმარჯვებდა, თუმცა, დასძენს, რომ 4 თვის განმავლობაში კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს; ჯეფრი ფიშერთან საუბარი ვაჟა თავბერიძემ 2024 წლის არჩევნებზე რესპუბლიკელების კანდიდატის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაზე შეკითხვით დაიწყო. Აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი 13 ივლისს, პენსილვანიის შტატში, ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმას მსუბუქი ნაკაწრით გადაურჩა.

როდესაც ამერიკელი ხალხი შეთქმულების თეორიების განხილვით გულს იჯერებს, ალბათ ზოგი მაინც დაფიქრდება და დასვამს კითხვას: რა ხდება? ეს რას ვაკეთებთ?

რადიო თავისუფლება: სანამ ამ ამბის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე გადავიდოდეთ, როგორც უშუალოდ შტატებში, ასევე მსოფლიო მასშტაბით, მოდით, ასეთი კითხვა მოვილიოთ: როგორც ვეტერანმა სამხედრომ და სამხედრო თრილერების ავტორმა, იქნებ მსროლელის გადმოსახედიდან დაგვანახვოთ ეს ყველაფერი. რა შანსები ჰქონდა? რამდენად კარგად მოფიქრებული გეგმით მოქმედებდა?

ჯეფრი ფიშერი: პირველ რიგში, ალბათ უნდა გავიხსენოთ რა ვიცით ამ 20 წლის ახალგაზრდაზე: მეგობრები არ ჰყავდა, მარტოსული იყო, სკოლაში ჩაგრავდნენ. მშობლებთან ერთად ცხოვრობდა, მამის იარაღი მოიპარა, საკუთარი არ ჰქონია. ეს ნამდვილად არ გვიხატავს პროფესიონალი სნაიპერის სურათს, ისეთი კაცისას, რომელიც დიდხანს ამზადებდა ნიადაგს ამ ყველაფრისთვის, ყველა დეტალი გათვალა და ა.შ. ეს უფრო ემოციისა და ენთუზიაზმის ნიადაგზე ჩადენილი მკვლელობის მცდელობაა, მაგრამ იყო ერთი დეტალი, რამაც მას საქმე გაუადვილა: ეს შტატი წითელი, რესპუბლიკელების მხარდამჭერების შტატია, იქ ტრამპი უყვართ და, როგორც ჩანს, დიდად არავის არ გაუკვირდა, რომ ვიღაც სახურავზე მიფორთხავდა, რათა პრეზიდენტისთვის კარგად შეევლო თვალი და მოესმინა. ვფიქრობ, ამან თავისი როლი ითამაშა სპეცსამსახურების და ადგილობრივი პოლიციის დაუდევრობაში, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მათ ჩავარდნას ვერანაირად ვერ ამართლებს.

რადიო თავისუფლება: გადავიდეთ ამ ამბის ზოგად მნიშვნელობაზე - რას გვეუბნება ეს დღევანდელ ამერიკაზე? მსროლელი გაანეიტრალეს, მაგრამ ეს ხომ ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სროლის ფაქტი, ასე არაა?

ჯეფრი ფიშერი: დიახ, ასეა, და როდესაც ამერიკელი ხალხი შეთქმულების თეორიების განხილვით გულს იჯერებს, ალბათ ზოგი მაინც დაფიქრდება და დასვამს კითხვას: რა ხდება? ეს რას ვაკეთებთ? პრეზიდენტი ბაიდენი ორშაბათს ტელევიზიით გამოვიდა და თქვა: პოლიტიკური რიტორიკის ტემპერატურას უნდა დავუწიოთო, ყველანი ამერიკელები ვართ, მემარცხენე იქნება თუ მემარჯვენე, მეზობლები ვართ, მეგობრები, ოჯახის წევრები და ჩვენს პოლიტიკურ უთანხმოებებს საარჩევნო ყუთებთან უნდა ვწყვეტდეთ და არა ტყვიებითო. ბაიდენმა კი თქვა ეს, მაგრამ საინტერესოა, ტრამპი და მისი ხალხი რას იტყვიან, რადგან ამ კვირაში ვისკონსინში რესპუბლიკელები თავიანთ კანდიდატს წარადგენენ - ყველამ იცის, რომ ეს დონალდ ტრამპი იქნება, მაგრამ ეს აუცილებელი ფორმალობაა და ამავდროულად შანსი, ტრამპმა და მისი გუნდის წევრებმა სრულიად ამერიკელ ხალხს მიმართონ, მიუხედავად მათი პოლიტიკური სიმპათიებისა. [დონალდ ტრამპი რესპუბლიკური პარტიის კანდიდატად 15 ივლისს. Მილუოკიში გამართულ ყრილობაზე დაასახელეს. ის სიტყვით დელეგატების წინაშე 18 ივლისს გამოვა - რ.თ.] ძალიან მაინტერესებს, რას იტყვის დონალდ ტრამპი. მან უკვე თქვა, რომ მკვლელობის მცდელობის შემდეგ, ამ გამოსვლისთვის წინასწარ მომზადებული სიტყვა დახია და ახალს ამზადებს. ვნახოთ, დაყაბულდება თუ არა ტონის დაწევას და ამ ყველაფრის ტრადიციული საპრეზიდენტო კამპანიის ჩარჩოებში დაბრუნებას.

მხოლოდ გიჟი თუ ეცდება გამოიცნოს, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი.

რადიო თავისუფლება: და რა უფრო მოსალოდნელია - რომ ექსპრეზიდენტი ტრამპი და მისი გარემოცვა დათანხმდებიან, ამ „დუღილის ტემპერატურას“ დაუწიონ თუ პირიქით - მაქსიმალურად ეცდებიან ამ ყველაფრის კაპიტალიზებას?

ჯეფრი ფიშერი: მე ვიტყოდი, რომ ფრთხილი ოპტიმიზმით ვარ განსმჭვალული. ვიტყოდი იმასაც, რომ ის იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ მხოლოდ გიჟი თუ ეცდება გამოიცნოს, რას გააკეთებს დონალდ ტრამპი. ორი დღის წინ რომ გეთქვათ, ტრამპს ესვრიან, ის კი წამოდგება, სპეცსამსახურების ხალხს „ჩამოიბერტყავს“ და ცაში მუშტშემართული ხალხს მიმართავსო, გეტყოდით, რომ გიჟი ხართ და ბოდავთ. არადა, ზუსტად ასე მოიქცა.

რა გზაც არ უნდა აირჩიოს ტრამპმა, მაინც გამოჩნდება ხალხი, ვინც იტყვის, აი, ესაა ჩემი ჯილა, ესაა კაცი, რომელსაც ქვეყანას მივანდობ.

რადიო თავისუფლება: კარგია, რომ ეს მომენტი ახსენეთ - სისხლით მოსვრილი, მაგრამ მაინც მხნედ მდგარი ტრამპი, ცაში მოღერებული მუშტით - ეს ხომ პოლიტიკური ოქროა, არა? თანაც წამებში მოგებული.

ჯეფრი ფიშერი: იცით, თადარიგში გასვლის შემდეგ ევროპაში ვცხოვრობ, ავსტრიაში. და ევროპელებს, რბილად რომ ვთქვათ, დიდად გულზე არ ეხატებათ ტრამპი. მაგრამ იცით, როგორი იყო ჩემი ევროპელი, ლიბერალი მეგობრების რეაქცია ტრამპის ამ ფოტოზე? მათ აღმოხდათ: ოჰ, ღმერთო ჩემო, ის ჭეშმარიტი პრეზიდენტივით გამოიყურება, ჭეშმარიტი ლიდერივით. იცით, ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს, რომ რა გზაც არ უნდა აირჩიოს ტრამპმა, მაინც გამოჩნდება ხალხი, ვინც იტყვის, აი, ესაა ჩემი ჯილა, ესაა კაცი, რომელსაც ქვეყანას მივანდობ. და როდესაც საქმე ე.წ. ქანქარებზე მიდგება - იმ ამომრჩევლებზე, რომლებსაც ვერ გადაუწყვეტიათ ვის მისცენ ხმა, რესპუბლიკელს თუ დემოკრატს და ხშირად ამ გადაწყვეტილებას ბოლო დღეებში, პანიკის ფონზე იღებენ, ვფიქრობ, როდესაც ისინი უყურებენ ჯო ბაიდენს ახლა, ისინი ხედავენ, შესაძლოა, კარგ სამთავრობო პოლიტიკას რიგ სფეროებში, და თავად ჯო ბაიდენსაც, ვერ დავწამებთ, რომ ქარიზმა არ აქვს, ის კარგი ტიპია, ტყუილად კი არ ეძახიან ძია ჯოს. მაგრამ როდესაც თავისუფალი სამყაროს ლიდერი ხარ, და სხვა ქვეყნები შენ შემოგცქერიან, როგორც ლიდერს.... და ისინი, შეიძლება ითქვას, დაღონებულები და შეფიქრიანებულები არიან, იმიტომ რომ ბაიდენი ამ ლიდერის მუხტს ისეთივე დონეზე ვეღარ ასხივებს, როგორც ადრე. ახლა შევხედოთ ტრამპს - და მოდით, ეს უკვე იკონური ფოტო გვერდზე გადავდოთ ცოტა ხნით. ახლახან გამოვიდა პოდკასტი, სადაც ორი კონგრესმენი ტრამპზე საუბრობდა, და მათ აი, ასეთი ისტორია მოგვითხრეს - დონალდ ტრამპი თალიბანის ერთ-ერთ ლიდერს ეუბნება: ავღანეთიდან გასვლა მინდა, ოღონდ ჩემი პირობებით. და თუ თმის ერთი ღერი მაინც ჩამოვარდება რომელიმე ამერიკელი სამხედროს თავიდან, იცოდე, მოგკლავ. თარჯიმანი გაოგნებული უყურებს - ტრამპი კი თავს უქნევს, გადაუთარგმნეო. მერე მშვიდად იღებს ჯიბიდან სატელიტით გადაღებულ ფოტოს, რომელზეც თალიბანის ამ ლიდერის სახლია ასახული და მას უწვდის. თალიბანის კაცი ოთახიდან გადის. შემდეგი 18 თვის განმავლობაში, აშშ-ის არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ მოუკლავთ ავღანეთში. აი, ესაა ტრამპი. კი, ის, ცოტა არ იყოს და, უხეშია და მჩაგვრელი, და ბლომადაა ხალხი, ვინც ვერ იტანს. დიდად არც მე მეხატება გულზე - ალბათ მეგობრები ვერასოდეს ვიქნებოდით, თვითონ კიდევაც რომ მოეწადინებინა ჩემთან მეგობრობა, ვფიქრობ, ისეთი ტიპი არაა, ვისთანაც ვიმეგობრებდი. მაგრამ ესაა მისი მოდუს ოპერანდი - ის ასე მოქმედებს, ასე მუშაობს. და ეს ეფექტურია.

რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს არჩევნების ბედზე? ბევრი თვლის, რომ ტრამპის გამარჯვება ამ აცდენილმა ტყვიამ თითქმის გარდაუვალი გახადა - ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

ჯეფრი ფიშერი: არჩევნები რომ ხვალ იმართებოდეს, ორი აზრი არ არსებობს, რომ ტრამპი გაიმარჯვებდა. მაგრამ ამერიკაში 24-საათიანი მედიაციკლები გვაქვს. და მეეჭვება, ტრამპმა და მისმა გუნდმა შეძლონ ამ მოვლენის რელევანტურად შენარჩუნება მთელი ოთხი თვის განმავლობაში. ეს ძალიან დიდი დროა. და ნოემბრის მოახლოებასთან ერთად, საინტერესო იქნება, როგორ გამოიყენებს ამას ტრამპის გუნდი ახალ ამბებში, ტელევიზიებსა და საარჩევნო კამპანიის სლოგანებში.

პუტინის მთავარი მიზანია გახლიჩოს ამერიკელი ხალხი და ამერიკის მთავრობა, გაყოს ისინი, დათესოს შიში, გაურკვევლობა და ეჭვები ამერიკის მოსახლეობაში, რომ მთავრობა უსუსურია, მას არ ძალუძს ქვეყნის მართვა.

რადიო თავისუფლება: საშინაო ფრონტიდან საერთაშორისოზე გადავინაცვლოთ - კრემლში არ დაახანეს და განაცხადეს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ „შექმნა ატმოსფერო“, რამაც გამოიწვია კიდეც ეს თავდასხმა. როგორც კრემლის მკვლევარი, რას ფიქრობთ, რისი ამოკითხვა შეიძლება კრემლის ამ განცხადების სტრიქონებს შორის?
ჯეფრი ფიშერი: პირველ რიგში იმის, რომ რუსეთს არ ანაღვლებს, რას ფიქრობ მასზე, მთავარია, რომ ფიქრობ. ფუნდამენტურად, რუსეთისთვის მეტწილად სულერთია, ვინ გაიმარჯვებს ნოემბრის არჩევნებში, ამით მათი მთავარი მიზანი არ იცვლება. მთავარი მიზანი კი ასეთია - პუტინის მთავარი მიზანი: გახლიჩოს ამერიკელი ხალხი და ამერიკის მთავრობა, გაყოს ისინი, დათესოს შიში, გაურკვევლობა და ეჭვები ამერიკის მოსახლეობაში, რომ მთავრობა უსუსურია, მას არ ძალუძს ქვეყნის მართვა. უმარტივესი ჭეშმარიტებაა ის, რომ ტრადიციულ, კინეტიკურ ომში რუსეთს ამერიკის დამარცხება არ შეუძლია, არანაირი შანსი არ აქვს. ერთადერთი გზა, რითაც რუსეთს შეუძლია ამერიკა დაამარცხოს, არის ის, რომ ამერიკამ თავად დაამარცხოს საკუთარი თავი. თუ ამერიკა დაემხობა და ძირი გამოეთხრება, ეს იქნება ერთადერთი გზა, რითაც რუსეთი გამარჯვების მოპოვებას შეძლებს. და სწორედ ამას ცდილობენ.

ტრამპს ალბათ სწამს, რომ შეუძლია უკრაინა აიძულოს, მიწები დათმოს. და თუ ის ნოემბერში არჩევნებს წააგებს, სწორედ მისი ეს მიდგომა, სწორედ უკრაინა იქნება მისი დამარცხების მიზეზი.

რადიო თავისუფლება: უკრაინაზე გადავინაცვლოთ, სადაც ბევრს ეშინია ტრამპის დაბრუნებისა, განსაკუთრებით მისი ცნობილი ფრაზის თუ გეგმის გამო - 24 საათში უკრაინის ომს მშვიდობით დავასრულებო. ამის გათვალისწინებით, რას მოასწავებს ტრამპის დაბრუნება უკრაინისთვის?

ჯეფრი ფიშერი: დონალდ ტრამპი ჯერ არ გვიმხელს, რას მოიცავს მისი გეგმა, რომლის მიხედვითაც უკრაინაში მშვიდობას 24 საათში დაამყარებს. მან თქვა ის, რისი გაკეთებაც, თვითონ ფიქრობს, რომ შეუძლია, რომ 24 საათში გარიგებას გაჩარხავს და საქმეს მოამთავრებს. არავინ იცის, როგორ გამოიყურება ეს გეგმა, მაგრამ რეალობა ასეთია: უკრაინის პრეზიდენტს არ სურს, სამშვიდობო მოლაპარაკებებს ტერიტორიები შესწიროს. ამის საპირისპიროდ, პუტინს არ სურს, რაიმე ნაკლებს დასჯერდეს - რაც მივიტაცე, ჩემია - ასეთია მისი მიდგომა. ამ ყველაფრის ფონზე, რა ხიდის გადებას აპირებს დონალდ ტრამპი უთანხმოების ამ უფსკრულზე, არ ვიცით და უნდა აგვიხსნას. და იმედია, რესპუბლიკელების ყრილობაზე, ამას იზამს. გავრისკავ და ვიწინასწარმეტყველებ, რომ ექსპრეზიდენტ ტრამპს ალბათ სწამს, რომ შეუძლია უკრაინა აიძულოს, მიწები დათმოს. და თუ ის ნოემბერში არჩევნებს წააგებს, სწორედ მისი ეს მიდგომა, სწორედ უკრაინა იქნება მისი დამარცხების მიზეზი. მე რესპუბლიკელი ვარ, კონსერვატორი - ჩემნაირი კიდევ ბევრია - და დონალდ ტრამპს არ აქვს ჩემი ხმა, და ამის ერთადერთი მიზეზი უკრაინაა, ეს რომ არა, ხმას მივცემდი. სამართლიანობა მოითხოვს, ვთქვა, რომ არც ჯო ბაიდენს აქვს ჩემი ხმა, მაგრამ ამ მომენტისთვის, იმის გამო, თუ რა პოზიციასაც იკავებს ტრამპი უკრაინასთან მიმართებით, გამჭვირვალობის ნაკლებობის გამო - რადგან არ გვიმხელს, მაინც როგორი გარიგების დადებას აპირებს - ამის გამო მას ჩემი ხმა არ აქვს.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG