საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინა, მთავარი კითხვაა, როგორ მოიქცევა ამომრჩეველთა ის 10 %, ვინც ხმა არც სალომე ზურაბიშვილს მისცა, არც გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირა მხარი და არც დავით ბაქრაძის სასარგებლო არჩევანი გააკეთა?
და კიდევ, რას გადაწყვეტს ბაქრაძის მხარდამჭერი ამომრჩევლის 10 %?
„განმსაზღვრელი მნიშვნელობა ექნება აქტიურობას, სხვა კანდიდატებისთვის მიცემული დაახლოებით 10 %-ის ქცევას მეორე ტურში“, - დაწერა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელ ფეისბუკზე ერთ-ერთი დისკუსიის დროს. მისი შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი მაღალი შედეგი 2012 წლის შემდეგ, არჩევნებზე არ ჰქონია, ხოლო სალომე ზურაბიშვილის სავარაუდო 605-615 ათასი ხმა, ყველაზე დაბალი შედეგია, რაც კი „ოცნებას“ აქამდე მიუღია. დავით ბერძენიშვილის ანალიზის თანახმად, ხელისუფლებას დაუხავსდა „მტრის ხატის ტაქტიკა“ - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებით ხალხის დაეჭვება-დაშინება. ამ ფონზე, ვაშაძის კანდიდატურა ამომრჩეველმა აღიქვა როგორც „ხელისუფლებასთან რეალურად შემჭიდებელი კანდიდატი, რომელიც საკუთარ კანდიდატადაც მიიჩნიეს“.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დავით ბაქრაძის ამომრჩევლების ხმების იმედი ექნება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერ გრიგოლ ვაშაძეს, რადგან „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისთანავე თქვა, რომ მეორე ტურის შემთხვევაში, ის მხარს დაუჭერს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს. ბაქრაძემ საკუთარ ამომრჩეველსაც იმავეს გაკეთებისკენ მოუწოდა.
არჩევნების მეორე ტურში, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭერენ მხარს „რესპუბლიკელებიც“ - პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრებმა 28 ოქტომბერსაც მას მისცეს ხმა.
ამ მხარდაჭერისთვის მადლიერია თავად ვაშაძე, რომელიც იმავეს მოელის სხვა ოპოზიციური პარტიებისგანაც: „ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ დანარჩენი პარტიებიც ამას გააკეთებენ და ეს იქნება ყველა მინუს ერთი“, - განაცხადა მან.
თუმცა ვაშაძის მოწოდებას, სავარაუდოდ, არ გაიზიარებს „ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელში უკვე დაწერა გაბრაზებული პოსტი:
„ნაცების ხელმძღვანელებმა (რიგითებს არაფერს ვერჩი) ედისონ რისერჩით თვეებია იმდენი მიყალბეს რეიტინგები, რომ ჩემი ამომრჩეველი ქვეცნობიერად დაარწმუნეს არჩევნებში მოსვლის უაზრობაში, უფრო მეტიც ეგზიტ-პოლში ჩემზე წინ, ნარკოტიზმის მთავარი პროპაგანდისტი დაწერეს, რათა უფრო მეტად დავთრგუნულიყავი. ასეთი რამ ბიძინასაც კი არ მოსვლია აზრად. ჩემი თავი ჯანდაბას და ამით მთელ ერს მოსჭრეს თავი მსოფლიოში, რომ აი, ნარკოპარტიაც კი წინაა თურმე. გაიგეთ, ჩემს წაქცევას ვერ მოესწრებით ვერა!“.
„გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ვაშაძის მხარდაჭერისგან ასევე თავი შეიკავეს, რაც ნიშნავს, რომ თავიანთ 2-2 % ამომრჩეველს არ მოუწოდებენ მეორე ტურში ვაშაძის მხარდაჭერისაკენ.
რას აკეთებს ასეთ დროს ეს ამომრჩეველი?
დავით ბერძენიშვილის შეფასებით, მათი ნაწილი სახლში დარჩება, მეორე ნაწილი კი ისევ წავა არჩევნებზე. პოლიტიკაში ასეთი უამრავი შემთხვევაა, როდესაც დამარცხებული კანდიდატი არ მოუწოდებს თავის ამომრჩეველს გამარჯვებულის მხარდაჭერისკენ, თუმცა იგივე ამომრჩეველი თავად იღებს გადაწყვეტილებას. დავით ბერძენიშვილი იხსენებს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებს, როდესაც ფრანსუა ბაირუ მესამე ადგილზე გავიდა, მისი ამომრჩეველი იხრებოდა ნიკოლა სარკოზის კანდიდატურისკენ, თუმცა ბაირუმ მათ არ მოუწოდა სარკოზის მხარდაჭერისკენ. ამომრჩეველმა მისგან დამოუკიდებლად მაინც აირჩია სარკოზი პრეზიდენტად.
დავით ბერძენიშვილის პროგნოზით, დღეს ვაშაძეს აქვს მეორე ტურში გამარჯვების უფრო მეტი პერსპექტივა, ვიდრე სალომე ზურაბიშვილს, რადგან მისი რესურსი, ფაქტობრივად, ამოწურულია.
თუ დამარცხებულ კანდიდატს მეორე ტურში გადასულის მხარდაჭერის სურვილი აქვს, ის:
- საჯარო განცხადებებით მოუწოდებს თავის მხარდამჭერებს შესაბამისი არჩევანის გაკეთებას (ამ შემთხვევაში ვაშაძის მხარდაჭერას);
- შესთავაზებს საკუთარ მატერიალურ თუ ადამიანურ რესურსს მეორე ტურში გასულ კანდიდატს - საბოლოო გამარჯვებისთვის.
პოლიტოლოგი და დირექტორი ორგანიზაციისა „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD) ლევან ცუცქირიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ 28 ოქტომბრის შედეგით ამომრჩეველმა უთხრა უარი სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერაზე და სხვა კანდიდატებს მისცა ხმა - ეს ზურაბიშვილის წინააღმდეგ წასული საარჩევნო ხმებია, რომლებიც ერთი კანდიდატის სასიკეთოდ თავმოყრის შემთხვევაში, მეორე ტურის შედეგს განსაზღვრავს.
ამ შედეგით, „ოცნებამ“ ამომრჩევლისგან მიიღო მკაფიო გზავნილიც, გვითხრა ლევან ცუცქირიძემ, რომ ამ პარტიის მართვის მოდელი და შედეგები მიუღებელია ამომრჩევლისთვის. მთავრობას ხალხმა უთხრა, რომ ფული ყოველთვის ყველაფერს ვერ დაალაგებს. შესაბამისად, დიდია ალბათობა იმისა, რომ ამ ხალხის არჩევანი მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატისკენ გადაიხრება.