სამართალდამცავები სოფელში აქციების დაწყების მოლოდინში იყვნენ. ორღობეში გაჩერებული პოლიციელები ამბობდნენ, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად მივიდნენ და სხვა განზრახვა არ ჰქონიათ. მეჯვრისხევში აქცია აღარ შედგა. ცხინვალის იზოლატორში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილის ნათესავებს „კეთილისმსურველები“ აქციის ჩატარებას არ უწონებდნენ. ოჯახმა ეს მუქარად აღიქვა.
დაკავებულის ნათესავებს ათი დღის წინ ხელისუფლების წარმომადგენლები ჰპირდებოდნენ, რომ ხვიჩას მალე გაათავისუფლებდნენ. მაშინ ნათესავებმა 10 დღით მოცდა გადაწყვიტეს და ხელისუფლება გააფრთხილეს, რომ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციებს საოკუპაციო ხაზთან დაიწყებდნენ. ათი დღე გავიდა, მღებრიშვილის ნათესავების ტელეფონზე კი გამაფრთხილებელი ზარები არ წყდებოდა. ლეილა მღებრიშვილი მათ ვინაობას არ ასახელებს, თუმცა ამბობს:
„აქამდე მეგონა, რომ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობდი, სადაც პროტესტის გამოხატვა ნორმალური მოვლენა მეგონა; მეგონა, რომ თავისუფალი ქვეყნის მოქალაქე ვიყავი და მეგონა, რომ თავისუფალი ქვეყნის მოქალაქეს თავისუფალი სიტყვის თქმა შემეძლო, მაგრამ ვცდებოდი. მეტს არაფერს არ ვიტყვი, ჯერჯერობით ვერ გავამხელ, ვინ გვირეკავდნენ“.
ხვიჩა მღებრიშვილის ძმა, ჯუმბერ მღებრიშვილი, ამბობს, რომ ცხინვალში შექმნილი მძიმე ვითარება მათ აფიქრებინებს, რომ დაკავებულების გათავისუფლება უფრო გართულდება, ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში დაკავებული პირების მიმართ ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ კი ვარაუდობენ, რომ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობაც შერყეულია.
„აქედან თუ ვერ შედიან, იქ ხომ აქვთ კონტაქტი, რომ დაუკავშირდნენ და გაიგონ, რა მდგომარეობაა, როგორ არის? არავითარ ინფორმაციას ჩვენ არ გვაძლევენ. ფიზიკურად ხომ არაფერი სჭირს, ხომ არაფერი მოხდა იქა, არ ვიცით არაფერი და, აბა, სულ გავჩუმდეთ? სულ გაჩუმებულები რომ ვიყოთ, ეგეც ხომ არ შეიძლება, არა? თავის ხალხს რას უშვრებიან ცხინვალში და ამათ რას უზამდნენ?“ - ამბობს დაკავებულის ძმა, ჯუმბერ მღებრიშვილი.
ხვიჩა მღებრიშვილის ძმამ, ჯუმბერ მღებრიშვილმა, და ბიძაშვილმა, ლეილა მღებრიშვილმა, ვიდეომიმართვა იუთუბის მეშვეობით წუხელ გაავრცელეს. მათ საზოგადოებას მხარდაჭერა და მასშტაბური აქციის დასაწყებად თანადგომა სთხოვეს. ლეილა მღებრიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასაც მიმართა და მოსთხოვა, რომ მეტი გულისხმიერება გამოიჩინოს ცხინვალის იზოლატორში მყოფთა ოჯახების მიმართ. იუთუბზე ატვირთული განცხადების ტექსტში მღებრიშვილის ნათესავები რადიკალური ზომების შესახებაც საუბრობდნენ. მღებრიშვილის ნათესავები იხსენებენ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების დროს საზოგადოების კონსოლიდაციას და მისი გათავისუფლების საქმეში საერთაშორისო ჩართულობას.
„თუ ხელისუფლებას არ აინტერესებს მეჯვრისხევის მოქალაქე, მაშინ მეჯვრისხევში არჩევნები არ ჩატარდება, სანამ ხვიჩა არ გამოვა. ახლა გვეუბნებიან, 14 ოქტომბერს გამოვაო. მე მინდა, რომ მანამდე გამოუშვან; მინდა, მანამდე გამოვიდეს, რომ ამას პოლიტიკური სარჩული არ დაედოს. ხომ გვეუბნებიან, ვმუშაობთ, რომ გავათავისუფლოთო და რაღას მუშაობენ? ოქტომბერში ისედაც მისჯილი ვადა გადის და თუ თვითონ ადებენ პოლიტიკურ სარჩულს, მაშინ ოქტომბერში არჩევნები არ ჩატარდება“, - ამბობს ხვიჩა მღებრიშვილის ბიძაშვილი, ლეილა მღებრიშვილი, 2 სექტემბერს ჩაწერილ ვიდეომიმართვაში.
მეჯვრისხეველი ხვიჩა მღებრიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 3 ივლისს დააკავეს და 21 აგვისტოს ე. წ. სასამართლომ მას 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. დე ფაქტო ცხინვალის მტკიცებით, დაკავებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რომელთა რეალიზაციასაც აშშ-ის მოქალაქეებთნ აპირებდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოგვიანებით ვერსია შეცვალეს და ახლა მღებრიშვილს მხოლოდ ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავებიან.
ცხინვალის იზოლატორში, 50 დღეზე მეტია, ზაზა გახელაძეც იმყოფება. მის ოჯახსაც დაკავებულის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია არა აქვს. ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაჭრეს და დააკავეს. ამის შემდეგ ის ჯერ ორკვირიან კარანტინში იმყოფებოდა, იქიდან კი ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დე ფაქტო პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზაზა გახელაძეს ბრალად ედება სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. დაკავებულის მეუღლე, ირმა ბუთხუზი, ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მათ ხშირად ეკონტაქტებიან, მაგრამ ახალს ვერაფერს ეუბნებიან.
„ზაზას გამოძიების საქმე როგორ მიდის, არაფერი ვიცით. გუშინაც იყო მინისტრი თეა ახვლედიანი მოსული. დაგვპირდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და უმოკლეს დროში გაათავისუფლებენ. არ ვიცი“.
ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცხინვალთან კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით აქვთ და დაკავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. გარდა ამისა, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები დაკავებულთა ოჯახებს ეუბნებიან, რომ ცხინვალის იზოლატორში მყოფთა გასათავისუფლებლად მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათი დაბრუნება ოჯახებში სწრაფად მოხდეს, თუმცა ეს განცხადებები საქართველოს დაკავებულ მოქალაქეთა ოჯახის წევრებს, 50 დღეზე მეტია, ესმით. ცხინვალის იზოლატორში ბოლო წლებში ყველაზე დიდხანს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი იჯდა, მან იქ 48 დღე გაატარა, მღებრიშვილს და გახელაძეს კი მალე ორი თვე შეუსრულდებათ.