Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წითელმა ჯვარმა ცხინვალის იზოლატორში მოინახულა ხვიჩა მღებრიშვილი


წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცხინვალის ოფისის წარმომადგენლებმა, დღეს, 3 სექტემბერს იზოლატორში მოინახულეს სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი, რომელსაც დე ფაქტო სასამართლომ ე.წ საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავა და 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, მღებრიშვილს ოჯახის მიერ დაწერილი ბარათი გადასცეს და უკან საპასუხო წერილიც გამოიტანეს. რადიო თავისუფლება დაკავებულის ბიძაშვილს ლეილა მღებრიშვილს დაუკავშირდა. მან ჩვენგან შეიტყო, რომ საერთაშორისო ორგანიზაციამ უკვე მოინახულა ხვიჩა მღებრიშვილი. ოჯახი უკვე ელოდება საპასუხო წერილის მიღებას.

50 დღეზე მეტია, საერთაშორისო ორგანიზაცია ცდილობს ცხინვალის იზოლატორში მყოფი საქართველოს მოქალაქეების მონახულებას. რამდენიმე დღის წინ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცხინვალის ოფისის წარმომადგენლები დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს შეხვდნენ და კიდევ ერთხელ მოითხოვეს პატიმრების მონახულება.

ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, ზაზა გახელაძის მონახულებას, რომელიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაკავებისას ფეხში დაჭრეს.

წითელი ჯვარი ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მუშაობს.

XS
SM
MD
LG