ცვლილებები დაგეგმილია როგორც „პარლამენტის რეგლამენტში”, ასევე თანმდევ არაერთ კანონში - არასამთავრობო ორგანიზაციების ადგილს სხვები დაიკავებენ.
- მესამე სექტორის ჩართულობა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო - ევროკავშირში გაწევრიანებისთვის აუცილებელ რეკომენდაციებს შორის. ახლა - ევროინტეგრაციაც შეჩერებულია, ხოლო ბრიუსელთან ურთიერთობები უკიდურესად დაძაბულია.
- 2024 წლის 28 ნოემბერს, „ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შემდეგ ნაბიჯს [„გაწევრიანების მოლაპარაკებებს”] 4 წლით აპაუზებს. ამ გადაწყვეტილების გამო დაიწყო საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები.
რა იგეგმება?
28 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პარლამენტში, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ცვლილებების პაკეტის პირველი მოსმენით განხილვას 25 წუთი დასჭირდა. ამ პაკეტით, ცვლილებები შედის „პარლამენტის რეგლამენტში“ და არაერთ სხვა კანონში - ყველგან იშლება არასამთავრობო ორგანიზაციებთან სავალდებულო თანამშრომლობის ბერკეტები.
„პარლამენტის რეგლამენტში“ დაგეგმილი ცვლილებებით, უქმდება არასამთავრობო სექტორის სავალდებულო ჩართულობის შესაძლებლობები:
- 206-ე მუხლი - მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის შერჩევა;
- 207-ე მუხლი - პარლამენტის მიერ საპროკურორო საბჭოს 2 წევრის შერჩევა;
- 207-ე პრიმა მუხლი - საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის 2 წევრის პარლამენტის მიერ შერჩევა;
- 208-ე მუხლი - პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის შერჩევა.
209-ე მუხლში აკონკრეტებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევ საკონკურსო კომისიებში იქნებიან მხოლოდ აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
ამავე შინაარსის ცვლილებები შედის თანმდევ არაერთ კანონში - არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო მონაწილეობის გაუქმების მიზნით.
ეს შეეხება შემდეგ კანონებს:
- „იურიდიული დახმარების შესახებ“ ;
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;
- „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“;
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- „საქართველოს პენიტენციური კოდექსს“;
- საჯარო შესყიდვების შესახებ“;
- „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“;
- „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“;
- „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“;
- „დაზღვევის შესახებ“;
- „სახალხო დამცველის შესახებ“.
რას ემსახურება ცვლილებები?
„პარლამენტის რეგლამენტში“ შესატანი ცვლილებების განმარტებითი ბარათით: „არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილი უცხოეთიდან ფინანსდება”, „ისინი ემსახურებიან გარე ძალების პოლიტიკურ და ეკონომიკურ დღის წესრიგს” და „მათმა სავალდებულო ჩართულობამ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებასა და საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაში, შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქვეყნის სუვერენიტეტსა და დემოკრატიული პროცესების გამჭვირვალობას”.
„პარალელური ხელისუფლება ჩაგვისვეს, პირდაპირი გაგებით“, - თქვა არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ 28 თებერვალს, კომიტეტის სხდომაზე, „ოცნების“ განაყოფისა და მტკიცე მოკავშირე „ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა. „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად, გურამ მაჭარაშვილიც ცვლილებების თანაავტორთა ჩამონათვალშია.
და ვინ ჩაანაცვლებს არასამთავრობო ორგანიზაციებს?
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის - დავით მათიკაშვილის განმარტებით:
„იქ, სადაც კანონში უკვე იყო ალტერნატივა წარმოდგენილი, რომ ეს წევრები შერჩეული ყოფილიყვნენ ან საგანმანათლებლო აკადემიური წრეებისგან, ან არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების ამოღება და რჩება საგანმანათლებლო აკადემიური წრეები;
ხოლო სადაც იმპერატიულად იყო მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა, ან მთლიანად ხდება გაუქმება ამ კონკრეტული მოცემულობის, ან ხდება მათი ჩანაცვლება აკადემიური საგანმანათლებლო წრეების წარმომადგენლებით“.
მათიკაშვილმა სხდომაზე აღნიშნა, რომ „მცირე მოცულობის კეთილ საქმესთან ერთად, ე.წ. მდიდარი NGO-ები ჩვენი ქვეყნისთვის ანტიდემოკრატიულ და ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწეოდნენ” და, რომ ეს ყველაფერი „გაცხადდა ე.წ. USAID-ის სკანდალის ფონზე, როდესაც პირდაპირ დადასტურდა ყველა ის ეჭვი, რაც ჩვენს ხელისუფლებას უკვე რამდენიმე წელია აქვს”.
ის არ აკონკრეტებს, ვინ და როდის დაადასტურა ეს ბრალდებები. აშშ-ის ხელისუფლებაში ამ საკითხზე საქართველოსთან მიმართებით განცხადებები არ გაუკეთებიათ.
რას ცდილობს „ოცნება“?
არასამთავრობო სექტორის მიმართ მსგავსი შეფასებები და ბრალდებები უკვე დიდი ხანია აღარ უკვირთ საქართველოში.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელი, ზვიად ქორიძე გვეუბნება, რომ სამოქალაქო ორგანიზაციები წარმოადგენენ მოქალაქეების ხმას, რომელიც უნდა იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში - „რათა სრულყოფილად იყოს შეჯერებული ესა თუ ის გადაწყვეტილება”.
„ამ [არასამთავრობო] ორგანიზაციებში დაგროვილია მდიდარი პროფესიული ცოდნა, რადგან დონორების დახმარებით, ეს ორგანიზაციები ეცნობიან დასავლურ პრაქტიკას, მუშაობენ საკითხების ფართო სპექტრზე, ქმნიან გარკვეულ პოლიტიკის დოკუმენტებს, რომელთა დანერგვაც სასარგებლო იქნებოდა საქართველოსთვის”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ზვიად ქორიძე და განმარტავს, რომ „ქართულ ოცნება” „სწორედ ამ პრაქტიკის დანგრევას ცდილობს“.
„მას [“ქართულ ოცნებას”] მოქალაქეების მოსმენა აღარ უნდა და ფუთავს იმით, რომ უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციები თითქოს მტრულ საქმიანობას ეწევიან საქართველოში”, - ამბობს ქორიძე.
არჩევნები გაყალბებულად, ხოლო პარლამენტი არალეგიტიმურად არის გამოცხადებულია არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციისა და მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ. პატიმრებთან ერთად, არჩევნების ხელახლა ჩატარებას, უკვე მეოთხე თვეა, ითხოვს ქუჩაში გამოსული ხალხი. საერთაშორისო პარტნიორები, პირდაპირ თუ ირიბად, მიანიშნებენ - ახალი არჩევნების დანიშვნის საჭიროებაზე.
„ქართული ოცნების“ პარლამენტი მორიგი საკანონმდებლო ცვლილებებით უპირისპირდება არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც - ადამიანის უფლებების, არჩევნების, კორუფციისა თუ სასამართლო სისტემის საკითხებზე მუშაობენ და ხელისუფლების საქმიანობის მიმართ კრიტიკული ანგარიშებითა და შეფასებებით გამოირჩევიან. არასამთავრობო სექტორს დასავლურ დემოკრატიებში ერთ-ერთ ყველაზე ქმედით და სასარგებლო ქვაკუთხედად მიიჩნევენ.
ფორუმი