„მოდი, შევეშვათ ანაკლიას... რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!“, - მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს დღემდე დაუვიწყარი სიტყვები მან ბიძინა ივანიშვილისგან 2017 წელს მოისმინა. საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი ახლა ამ სიტყვებს ანაკლიის პორტის მშენებლობის გაჩერების რეალურ საფრთხეს უკავშირებს და აკეთებს დასკვნას, რომ - საქართველო მიდის არა დასავლეთისკენ, არამედ - ჩრდილოეთისკენ. ახლა, როცა ანაკლიის პორტის პროექტი რეალური ჩაშლის საფრთხის წინაშეა, ხაზარაძის მონათხრობი დამაჯერებელია პოლიტიკური ოპოზიციისთვის. საზოგადოებას ისინი უყვებიან სხვა ამბებსაც. ხელისუფლება ხაზარაძეზე ბრაზობს და ამბობს, რომ ამერიკელების ადგილი არის შავ ზღვაზე.
არის თუ არა ამერიკის ადგილი და ინტერესები შავი ზღვის რეგიონში? რა განაპირობებს ამერიკის მხარდაჭერას ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ?
ანაკლიის პორტი, ამერიკა და ბიძინა ივანიშვილი
„არ დამავიწყდება ძალიან ცუდი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან, 2017 წელს...“, - ასე დაიწყო მამუკა ხაზარაძემ პასუხი შეკითხვაზე - „შეგიძლია თქვა, რომ ანაკლიის პორტი არ აგაშენებინათ რუსეთმა ბიძინა ივანიშვილის ხელით?“
ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „ღამის მთავარში“ ხაზარაძემ გაიხსენა შეხვედრა მთაწმინდის ბიზნეს-ცენტრში, სადაც ბიძინა ივანიშვილისგან მან მოისმინა შემდეგი:
- „მოდი, შევეშვათ ანაკლიას... შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი... რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!“;
- „ვფიქრობდი, რომ სახელმწიფო ჩინური კომპანია უნდა ყოფილიყო (ინვესტორი) და ახლა ამის პერსპექტივას ვეღარ ვხედავ...“.
ამ და სხვა დეტალების გათვალისწინებით, მამუკა ხაზარაძეს გამოაქვს დასკვნა, რომ საქართველო მიდის არა დასავლეთისკენ, არამედ მიექანება ჩრდილოეთისკენ და რომ სწორედ ანაკლიის პორტის პროექტს შეეწირა ექს-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი.
მამუკა ხაზარაძის მონათხრობი სავსებით დამაჯერებელია პოლიტიკური ოპოზიციისთვის, მათ შორის - საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე. „ლელოს“ დამფუძნებლის ნათქვამი სულ ცოტა ხანში, ერთგვარად შეავსო რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
ბერძენიშვილმა, ივანიშვილის სიტყვების გახსენებისას, ნატოსა და აფხაზეთის გაცვლის იდეაც ახსენა და ასევე თქვა:
- „2014 წლის მაისში, ივნისში მას (ბიძინა ივანიშვილს) უთქვამს ასეთი რამ ჩემთვის (და არა მარტო ჩემთვის) - ნატოში მაინც არ მიგვიღებენ და ამიტომ, მოდი, ნატო აფხაზეთში გავცვალოთო... ანუ ნატოზე თუ უარს ვიტყვით, რუსეთს მოველაპარაკებით, რომ აფხაზეთი დაგვიბრუნოსო“;
- „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ყირიმის ანექსიის საკითხზე ლევან (ბერძენიშვილი) და თინა (ხიდაშელი) ორჯერ გამოვიდნენ და რუსები მოთხარეს... ბიძინამ მაშინ თქვა - მე პუტინს ბოდიში მოვუხადე, რომ ჩემი დეპუტატები გაცხარდნენო“.
დავით ბერძენიშვილის თქმით, კოალიცია „ქართული ოცნების“ შექმნის დროს, ბიძინა ივანიშვილს რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები "პროდასავლურ ფარად" სჭირდებოდა... მაგრამ შემდეგ უკვე - მან სულ უფრო გააძლიერა დისტანცირების პოლიტიკა დასავლეთთან და განსაკუთრებით - ნატოსთან მიმართებით.
„მისი მიდგომა იყო - ევროკავშირისკენ სვლა, ასოცირება და ვიზალიბერალიზაცია - კი, (რადგან) ეს არ არის რუსეთისთვის კოშმარი... მაგრამ ნატოსკენ სვლა მინიმალისტური და ფორმალური“.
„ბიძინა ივანიშვილს გეოპოლიტიკურად არ მოსწონს ანაკლიის პროექტი. მას არ მიაჩნია, რომ ამერიკელები უნდა იყვნენ შავ ზღვაში და ეს რომ არ იყოს ძალიან ლოგიკური ჯაჭვის ნაწილი, რაც ხდებოდა ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ, შეიძლება არც ღირდეს საუბარი - ვინ ვის რა უთხრა“, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი, დეპუტატი ელენე ხოშტარია.
მართალია ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს წლის ბოლომდე „ბოლო შანსი“ მისცა, მაგრამ, ბევრის მსგავსად, ხოშტარიასთვისაც ნათელია, რომ წერტილი უკვე დაისმულია - „ნაკუწ-ნაკუწ დაამსხვრიეს ანაკლიის პროექტი... რაღა უნდა ქნან ამ ორ თვეში?! დაანგრიეს უკვე“. ნგრევის ერთ-ერთ უმთავრეს ხელშემწყობ ფაქტორად სახელდება - „კრიტიკულ მომენტებში ორკესტრირებული თავდასხმა ხაზარაძეზე“.
ხაზარაძის მონათხრობს მძაფრად გამოეხმაურა „ქართული ოცნება“. მაგალითად, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თქვა, რომ ხაზარაძე ფულის გათეთრების სავარაუდო დანაშაულისა და შეუსრულებელი ვალდებულებების გადაფარვას ცდილობს.
„ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, ხაზარაძემ ამ პროექტის განხორციელება შეძლოს, მას ამის არც ფინანსური რესურსი აქვს და არც გონებრივი შესაძლებლობები..."ნაციონალური მოძრაობის" ნარატივში ჯდება - დააბრალე სხვას ის, რასაც აფუჭებ შენ", - თქვა კახა კალაძემ.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი 16 ოქტომბერს ცდილობდა აეხსნა, რომ ამერიკელები ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან და შავ ზღვაზე ნამდვილად არის მათი ადგილი.
- „რა თქმა უნდა, ამერიკელების ადგილი არის არა მარტო შავ ზღვაში, არამედ, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი და აშშ-ის ურთიერთობა გაცდა სტრატეგიული ურთიერთობის ფარგლებს - ეს არის გრძელვადიანი ისტორიული ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის“;
- „რა თქმა უნდა, ასეთ პროექტში, როგორიც არის პორტი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, ამერიკელი ინვესტორები არიან მისასალმებელი“.
მაია ცქიტიშვილის თქმით, ერთმანეთთან შეუთავსებელია, ერთი მხრივ, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ბრალდება, რომ მინისტრმა (ანუ მან) გააგდო ყაზახურ-ჰონგ-კონგური კომპანიის წარმომადგენელი, რადგან ის არ წარმოადგენდა ამერიკულ კომპანიას და, მეორე მხრივ, მამუკა ხაზარაძის ნათქვამი, რომ ხელისუფლებას არ უნდოდა ამერიკელების ხილვა შავ ზღვაზე.
თუმცა, 15 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა ისიც თქვა, რომ - მთავრობამ არ აღირსა მისასალმებელი წერილი ამერიკელ ინვესტორს, რომელიც მზად იყო ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტში ჩართვისთვის - „დაგვპირდა მთავრობა, რომ გაუგზავნიდა ამ წერილს, მაგრამ ეს წერილი არასოდეს მიუვიდა ადრესატს“.
არის თუ არა ამერიკელების ადგილი შავ ზღვაში?
როდესაც მამუკა ხაზარაძემ ილაპარაკა ბიძინა ივანიშვილის სურვილზე - ანაკლიის პორტი ჩინურ კომპანიას აეშენებინა, ბევრმა გაიხსენა 2017 წლის ივნისი და შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის განცხადებები.
მაიკ პომპეომ ანაკლიის პორტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა და გამოწვევებზე ლაპარაკისას, სწორედ ჩინეთი ახსენა.
პომპეომ თქვა:
- იმედი მაქვს, რომ საქართველო დაასრულებს (ანაკლიის) პორტის პროექტს;
- ეს პროექტი დაეხმარება საქართველოს განავითაროს ურთიერთობები თავისუფალ ეკონომიკებთან;
- ეს პროექტი საქართველოს დაეხმარება იმაში, რომ არ მოექცეს რუსეთისა და ჩინეთის გავლენის ქვეშ, რომლებიც არ გამოხატავენ საქართველოს ინტერესებს.
მაიკ პომპეომ ეს განცხადებები პრესკონფერენციაზე, ვაშინგტონში გააკეთა. მის გვერდზე იდგა აწ უკვე ექსპრემიერი მამუკა ბახტაძე. შემდეგ, საზოგადოებამ უკვე თბილისში დაბრუნებული ბახტაძისგან მოისმინა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ანაკლიის პორტის მშენებლობაში ამერიკული კომპანიების მონაწილეობას.
მამუკა ხაზარაძემ 15 ოქტომბერს ისიც თქვა, რომ სწორედ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებების შემდეგ გაუმჯობესდა საქართველოს მთავრობის თანამშრომლობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან. მაგრამ გამოდარება დროებითი იყო.
მაიკ პომპეოს განცხადებები მტკივნეულად მიიღო რუსეთმა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იმდროინდელმა მოადგილემ, გრიგორი კარასინმა თქვა, რომ არ მოსწონს აშშ -ის სახელმწიფო მდივნის ტონი.
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი სტრატეგიულ პარტნიორად ასახელებს უმსხვილეს ამერიკულ კომპანიას - „ესესეი მარინს“ (“SSA Marine”). მასთან შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის აგვისტოში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის თბილისში სტუმრობის დროს.
„ეჭვგარეშეა, რომ ამერიკა დაინტერესებულია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების და კერძოდ - საქართველოს სტაბილური და უსაფრთხო განვითარებით. არავის სჭირდება აქ რუსეთის აგრესიული კბილების კრაჭუნი... შავი ზღვის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაძლიერდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და რეგიონში სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდის შემდეგ“, - უთხრა რადიო თავისუფლებას სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორმა, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი მენაღარიშვილმა.
ის ამბობს, რომ ამერიკის მხრიდან ანაკლიის პორტის მიმართ გამოხატული მხარდაჭერაც სწორედ შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობიდან გამომდინარეობს:
- „უაზრობაა ანაკლიისა და შავი ზღვის საკითხების ერთმანეთისგან მოწყვეტით განხილვა... ანაკლიის პორტის სიმძლავრის შექმნა შავი ზღვის პოტენციალის ბევრად უფრო ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა“;
- „საქართველოს შავი ზღვის სანაპირო მხოლოდ ჩვენი შიდა ეკონომიკური სამზარეულოსთვის არ არის. ის ძალიან ფართო გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური სივრცის მნიშვნელოვანი ელემენტია“;
- „შეერთებული შტატები შავი ზღვის რეგიონის ქვეყნის - საქართველოს მიმართ ინტერესს იჩენს, როგორც ცალკე, ასევე - ნატოს ფარგლებშიც... ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიის ჭრილში, საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად განიხილავს“.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მასშტაბურ პროექტს ანალიტიკოსები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ნატოსთან თავსებადობის თვალსაზრისითაც.
„ნებისმიერ მსხვილსტრატეგიულ ინფრასტრუქტურას სამოქალაქო დანიშნულებაც აქვს და სამხედროც... არსებობს სამხედრო ხომალდები (მაგალითად - ავიამზიდი), სამოქალაქო გემები და ტანკერები, რომლებსაც სჭირდებათ სწორედ ასეთი მასშტაბის ღრმაწყლოვანი პორტები“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, „არსენალის“ მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.
„თუკი ანაკლიის პორტი აშენდება დასავლური და კერძოდ - ამერიკული ინვესტიციით, დასავლეთი უფრო დაინტერესებული იქნება სტაბილურობით საქართველოში... შესაბამისად, ეს ხელს შეუწყობს ნატოში საქართველოს სულ უფრო წარმატებულ ინტეგრაციას... ეს იქნება დასავლური ვექტორის განმტკიცება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე.
მისი შეფასებით, ის, რაც ახლა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ხდება, შესაძლოა ორ სცენარზე მიანიშნებდეს:
- პირველი - „ქართულ ოცნება“ რუსეთის წნეხის შიშითა და მისადმი მაამებლობით ცდილობს არ დაუშვას ანაკლიის პორტის დასავლური, ამერიკული ინვესტიციებით აშენება და ჩაშალოს კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულება“;
- მეორე - „ქართული ოცნება“ დაინტერესებულია იმით, რომ ანაკლიის პორტი ხელისუფლებასთან უფრო დაახლოებულმა კომპანიებმა ააშენონ და არ ჩაითვალოს საქმედ, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილის დროს.
„წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია, რატომ ფერხდება საქართველოსთვის ასეთი ძლიერი სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის განხორციელება“.