Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამბულატორიები, რომელთა მშენებლობაზეც 275 ათასი ლარი დაიხარჯა, არ მუშაობენ


ამბულატორია სოფელ თამარიანში
ამბულატორია სოფელ თამარიანში

ამბულატორიები, რომელთა მშენებელობაზეც, ჯამში, ლაგოდეხის მერიამ 275 000 ლარი დახარჯა, მუშაობას ვერ იწყებენ.

მშენებლობა 5 თვის წინ დასრულდა, თუმცა შენობებში არ არის არანაირი ინვენტარი და ავეჯი. მოსახლეობას კვლავ ან ამორტიზებულ შენობაში უხდება პირველადი მომსახურების მიღება, ან რაიონულ ცენტრში უწევს წასვლა, რომელიც სოფლებიდან შორს არის. ადგილობრივები თვითმმართველობის უყურადღებობაზე ჩივიან.

„ეს ამბულატორია სულ დაკეტილია. ხანდახან მოდის ხოლმე ერთი ბიჭი და ოთახებს ანიავებს, რომ არ დაინესტოს და არ ჩამოიშალოს. შიგნით, მგონი, არაფერი არ დგას“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნინო ზურაბაშვილი. ის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანში ცხოვრობს. შენობა, რომელზეც ნინო გვიყვება, ამბულატორიაა, რომელიც ნინოს სახლის წინ ხუთი თვის წინ ააშენეს. სოფელს ამბულატორია მანამდეც ჰქონდა, მაგრამ ერთოთახიანი, ამორტიზებული და ნგრევის პირას მისული. ექიმი ამ ამბულატორიაში კვირაში მხოლოდ ერთი დღით ჩადის. ადგილობრივ მცხოვრებთა ეს პრობლემა მერიამ გაითვალისწინა და ახალი ამბულატორია ააშენა, თუმცა შენობაში ინვენტარი არ შეიტანა და მისი გახსნა, უკვე 5 თვეა, ვერ ხერხდება, უფუნქციო შენობაში კი ბინა დაიდეს მერცხლებმა.

ამბულატორია სოფელ თამარიანში
ამბულატორია სოფელ თამარიანში

თამარიანში 700-მდე ადამიანი ცხოვრობს. სოფლის მოსახლეობას იმედი ჰქონდა, რომ, როგორც დაჰპირდნენ, ამბულატორიაში რამდენიმე პროფილის ექიმი იმუშავებდა, მაგრამ ეს დაპირება ჯერ არ შეუსრულებიათ.

„ასე ამბობენ, არ ვიცით, ვინ უნდა შეიტანოს ინვენტარიო. არადა, დაგვპირდნენ, რომ ამ ამბულატორიაში იქნებოდა პედიატრი, გინეკოლოგი და სტომატოლოგი. გაგვიხარდა, რადგან ქალაქის საავადმყოფოში ყოველთვის ვერ მივდივართ და აქ ადგილზე დანიშნულებას მაინც მოგვცემდა ექიმი. ეს ამბულატორია ნამდვილად საჭიროა, მაგრამ რეალურად ის ჯერ არ არის“.

თამარიანის გარდა, ახალი ამბულატორიები აშენდა სოფელ არეშფერანსა და მაწიმშიც. საერთო ჯამში, სამი ამბულატორიის მშენებლობა მერიას 275 ათას ლარზე მეტი დაუჯდა, თუმცა მშენებლობის დასრულებიდან 5 თვის შემდეგ არც ერთ სოფელში ამბულატორია არ მუშაობს. შენობებში არ არის არც სამედიცინო და არც სხვა სახის ავეჯი. მოსახლეობა, ვისაც ამბულატორიული მომსახურება სჭირდება, იძულებულია ქალაქის სამედიცინო ცენტრს მიაშუროს. სოფელი არეშფერანი რაიონული ცენტრიდან 25, სოფელი თამარიანი კი 14 კილომეტრით არის დაშორებული. ადგილობრივთა ვარაუდით, რომ არა უყურადღებობა, პირველადი სამედიცინო მომსახურების ცენტრები მაშინვე გაიხსნებოდა, როგორც კი მშენებლობა დასრულდა და მერიამ ობიექტები ჩაიბარა.

ამბულატორია სოფელ თამარიანში
ამბულატორია სოფელ თამარიანში

„მე ასაკიანი ადამიანი ვარ და პირადად ჩემთვის ეს ობიექტი თითქმის ყოველდღიურ საჭიროებას წარმოადგენს. ლაგოდეხი აქედან 14 კილომეტრშია და იქ ყოველთვის ვერ ვახერხებ წასვლას, მათ შორის ტრანსპორტის მიზეზით. ტაქსს ერთ გზაზე სამი ლარი უნდა და მე, პენსიონერმა, ჩემი შემოსავლით წამალიც ვიყიდო და გზაშიც თანხა დავხარჯო, ეს შეუძლებელია. ის, რომ ამბულატორიები ჯერ კიდევ არ მუშაობს, ეს არის უყურადღებობა და სხვა არაფერი“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დემურ ცერცვაძემ.

„შენდება ობიექტები, რომლებიც შემდეგ არ მუშაობენ. ეს ლაგოდეხისთვის უკვე დამკვიდრებული ტენდენციააო“, - ამბობს ევა ლომთაძე, ადგილობრივი საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“. ამის დასტურად ლომთაძე იხსენებს სხვა პროექტებსაც, რომლებზეც ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობით თანხა დაიხარჯა, მაგრამ არ მუშაობს - მაგალითად, უფასო აბანო სოციალურად დაუცველებისთვის, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი და სამკერვალო საამქრო.

„თამარიანისთვის და არეშფერნისთვის ამ ამბულატორიების დროულად ამუშავება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს დასახლებები საკმაოდ მოშორებულია რაიონული ცენტრიდან, მაგრამ ადგილობრივი მერია არ აქტიურობს, რომ ცენტრალური მთავრობა შეაწუხოს და გააკეთონ ის, რაც გასაკეთებლია“.

ამბულატორია სოფელ თამარიანში
ამბულატორია სოფელ თამარიანში

ჩვენ ლაგოდეხის მერიას რამდენჯერმე მივმართეთ შეკითხვით, როდის აღიჭურვება ამბულატორიები შესაბამისი ინვენტარით და როდის დაიწყებს მუშობას მოსახლეობისთვის აშენებული ობიექტები, თუმცა მერიაში ამ თემაზე საუბარი არ ისურვეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა კახეთში, როცა კონკრეტული პროექტი შესრულდა, მაგრამ არ მუშაობს. უფუნქციოა თელავის სპორტის სასახლე, ასევე ლაგოდეხში სოციალურად გაჭირვებული ადამიანებისთვის აშენებული უფასო აბანო, სადაც მშენებელობა-აღჭურვაზე 40 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.

არ მუშაობს ლაგოდეხის მერიის თანადაფინანსებით შექმნილი სამკერვალო და ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG