საბოლოო ამოცანა კი კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და მოსახლეობის უსაფრთხოებისა და მედეგობის სისტემის შექმნაა, რომელშიც ყველა მხარე იქნება ჩართული და თითოეულს ექნება საკუთარი კომპეტენციის ზუსტი ცოდნა. რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა გამოკვლევა - „კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისა და მედეგობის პოლიტიკა საქართველოში - არსებული მდგომარეობა და პერსპექტივა“. ნაშრომი მომზადდა PMCG-ს მიერ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცულობისა და მედეგობის საკითხების მსოფლიოში ცნობილი მკვლევრისა და პრაქტიკოსის, - ალესანდრო ლაზარის მონაწილეობით. პროფესორ ლაზარის ექსპერტიზას იყენებს მათ შორის, ევროკომისია ევროკავშირში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვის ეფექტიანი პოლიტიკისა და სისტემების განსავითარებლად. კოვიდპანდემიის დროს ის ჩართული იყო იტალიის სამუშაო ჯგუფში, რომელიც საგანგებო რეგულაციებს ადგენდა. ალესანდრო ლაზარიმ თბილისში ყოფნისას რადიო თავისუფლებას გაუზიარა თავისი მოსაზრებები საქართველოში არსებულ მდგომარეობასა და იმ დიდ სამუშაოზე, რომელიც ქვეყანამ კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისა და მედეგობის მისაღწევად, მოსახლეობის ეფექტიანად დასაცავად უნდა გასწიოს.
ყველაფერი, რითაც გარემოცულები ვართ, არის კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ცხადია, პრიორიტეტულობის მიხედვით უნდა დახარისხდეს.
რადიო თავისუფლება: დოქტორო ლაზარი, დიდი მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის.
ალესანდრო ლაზარი: ჩემთვისაც სასიამოვნოა.
რადიო თავისუფლება: თემა, რომელიც უნდა განვიხილოთ, არ არის აღქმული ძალიან მნიშვნელოვნად საქართველოს ყოველდღიურ ცხოვრებაში, საფრთხეებისა და მისი რეალური მნიშვნელობის მიუხედავად. თუ შეიძლება, დავიწყოთ კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცულობის მნიშვნელობისა და მისი ყოვლისმომცველი ბუნების განმარტებით?
ალესანდრო ლაზარი: ცხადია, სიამოვნებით. კრიტიკული ინფრასტრუქტურა არის ჩვენი საზოგადოების ხერხემალი. საზოგადოება დიდწილად ეყრდნობა კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელიც მოიცავს ენერგოსექტორს, ტრანსპორტის სექტორს, საბანკო და საფინანსო სისტემას, ჯანდაცვას. ასე რომ ყველაფერი, რითაც გარემოცულები ვართ, არის კრიტიკული ინფრასტრუქტურა. ცხადია, პრიორიტეტულობის მიხედვით უნდა დახარისხდეს - რამდენად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის ესა თუ ის ნაწილი სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის, მისი კეთილდღეობისთვის. მიზეზი, რატომაც ეს თემა ხშირად მნიშვნელოვნად არ აღიქმება მოსახლეობის მიერ, არის ის, რომ ამ სერვისებს თავისთავადად თვლიან. წარმოიდგინეთ, სახლში მიდიხართ, უბრალოდ აჭერთ ღილაკს, როცა გსურთ შუქის ანთება, წყალს უშვებთ, ტელევიზორს რთავთ.
რადიო თავისუფლება: საქართველოს საკმაოდ მძიმე გამოცდილევა აქვს ამ ყველაფრის არქონის.
ალესანდრო ლაზარი: მაგრამ მაინც, არის მოლოდინი, რომ ეს სერვისები რაღაცნაირად განგრძობადად მოგეწოდებათ. ამიტომაც, დიდად არ განიხილება კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება იმის მიუხედავად, რომ, ცხადია, არსებობს უამრავი უწყება, მონაწილე და კერძო კომპანია, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ, ამ ინფრასტრუქტურის დასაცავად, მრავალ განზომილებაში, რომლებიც შეგვიძლია დავიყვანოთ ფიზიკურ განზომილებამდე - რომ დაცული იყოს საკუთრების, შენობის ხელშეუხებლობა თავდასხმებისგან;
ბევრ ქვეყანაზე ზეგავლენას ახდენს იმ რეგიონის სტატუსი, რომელშიც ის მდებარეობს. საფრთხეები და ინციდენტები შესაძლოა მეზობლებთან ურთიერთობითაც იყოს გამოწვეული.
კიბერგანზომილებამდე - ვიღაც შესაძლოა თავს დაესხას ქსელს, საინფორმაციო სისტემას, რომლითაც ამ კომპანიებს სერვისები მიეწოდება და რომლებიც ფლობენ სამთავრობო საშუალებებს. ანდა სხვა - უფრო ჰიბრიდული ტიპის საფრთხეებად - როგორიცაა ეკონომიკური ომი და ეკონომიკური ოპერაციები, რომელთა მიზანიც არის არა რეალური ინვესტირება, არამედ ცალკეული კომპანიის ქმედუნარიანობისა და ფინანსური სტაბილურობის შესუსტება, სხვა ინტერესებით მათი ბაზრიდან განსადევნად. ერთ-ერთი განზომილებაა ყალბი ინფორმაცია და პროპაგანდა. ეს არის, ასე ვთქვათ, საყოველთაო საფრთხისთვის მზადყოფნის მიდგომა, რომელიც მოიცავს კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების, დაცულობისა და მედეგობის ფიზიკურ, კიბერ, ეკონომიკურსა და ინფორმაციულ განზომილებებს.
რადიო თავისუფლება: კრიტიკული ინფრასტრუქტურა სხვადასხვაგვარად გამოიყურება. ვგულისხმობ იმას, რომ ობიექტებისა და ორგანიზაციების ნუსხა ხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს, არა
ალესანდრო ლაზარი: დიახ, რა თქმა უნდა.
რადიო თავისუფლება: პრიორიტეტებიც, არა?
ალესანდრო ლაზარი: დიახ და ეს დიდად არის დამოკიდებული ეროვნულ კონტექსტზე, სახელმწიფოს ეკონომიკაზე, კულტურაზე, უსაფრთხოების მიმართ მოლოდინებზე, სპეციფიკური სერვისების განვითარებაზე; აგრეთვე იმაზე, თუ როგორ არის განვითარებული ელექტრომომარაგების სისტემა ან სატელეკომუნიკაციო სერვისები და ასე შემდეგ. ასე რომ, ეს დიდწილად დაკავშირებულია ადგილობრივ კონტექსტთან და აგრეთვე რეგიონულ კონტექსტთან, ვინაიდან, ცხადია, ბევრ ქვეყანაზე ზეგავლენას ახდენს იმ რეგიონის სტატუსი, რომელშიც ის მდებარეობს. საფრთხეები და ინციდენტები შესაძლოა მეზობლებთან ურთიერთობითაც იყოს გამოწვეული.
მე მონაწილეობა მივიღე იტალიის სამუშაო ჯგუფში, რომელიც ცდილობდა კოვიდის დროს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ოპერატორებისთვის რაღაც გზამკვლევი შეექმნა იმისთვის, რომ მოეხდინათ ჯგუფების დაყოფა ცალკეულ გარემოებებში.
რადიო თავისუფლება: ეს უფრო თვალსაჩინოა, როცა გვესმის, ვკითხულობთ და თვალს ვადევნებთ ამბებს უკრაინიდან, რომელიც ომშია, თავს იცავს რუსეთის აგრესიისგან. თუმცა, რა შეიძლება ითქვას ვითარებაზე, როცა ქვეყანაში არ მიმდინარეობს აქტიური ომი? რა სახის საფრთხეებზე გვმართებს ფიქრი?
ალესანდრო ლაზარი: ის, რაც ვიხილეთ ბოლო თვეებში, ბოლო წელიწადს, განსაკუთრებით - კოვიდის შემდეგ, არის არაერთ საკითხი, რომელიც კრიტიკულ ინფრასტრუქტურას უკავშირდება. მოდით, დავიწყოთ კოვიდიდან, მაგალითად, რომელმაც ჩვენი ქვეყნების კრიტიკული ინფრასტრუქტურა კომფორტის ზონიდან გამოიყვანა, ვინაიდან საბოლოოდ ყველა მიხვდა, რომ, დიახ, ეს ინფრასტრუქტურა შედგება შენობებისგან, ქარხნებისგან და ჩვენი საინფორმაციო სისტემების ქსელებისგან, მაგრამ ისინი შედგება ადამიანებისგან. და თუკი, ადამიანები ავად ხდებიან და ვერ მიდიან სამსახურებში, ეს ინფრასტრუქტურა ან მომსახურების ნაწილი, რომელსაც ისინი აწვდიან, უმართავი ხდება, რადგან არ გყავს დირექტორები, არ გყავს ამ სერვისების უზრუნველმყოფი კადრები, არ გყავს მუშები. ეს ძალიან მძიმე პერიოდი იყო. მე მონაწილეობა მივიღე იტალიის სამუშაო ჯგუფში, რომელიც ცდილობდა კოვიდის დროს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ოპერატორებისთვის რაღაც გზამკვლევი შეექმნა იმისთვის, რომ მოეხდინათ ჯგუფების დაყოფა ცალკეულ გარემოებებში, რომლებშიც ისინი მიჩვეულები იყვნენ გუნდურ მუშაობას. იმ პირობებში მაქსიმუმ ერთი ადამიანი ან წყვილი უნდა წასულიყო, რომ დაწესებული ფიზიკური დისტანცია დაეცვა. ეს იყო ერთ-ერთი გამოწვევა, რამაც მოგვიანებით ერთგვარი საფრთხე შეუქმნა ჩვენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. სხვა საფრთხეებიც არსებობს - არის ტერორიზმი. ეს დამოკიდებულია ქვეყანაზე - ქვეყნებს უდგათ გარედან მომდინარე ტერორიზმის საფრთხე, აგრეთვე შიდა ამბოხისა და სოციალური მღელვარების საფრთხეები. ამ ყველაფერმა შესაძლოა მიგვიყვანოს სახელმწიფო კრიტიკული ინფრასტრუქტურის საბოტაჟამდე. ამიტომაც,
კიბერთავდასხმები სულ უფრო სერიოზულ სახეს იღებს და თავდამსხმელები სულ უფრო მეტად იყენებენ ახალ-ახალ სუსტ წერტილებს. ეს სისუსტეები კი ადამიანური სისუსტეებიცაა.
საჭიროა ფიზიკურად დაიცვა ეს ინფრასტრუქტურა. ჩვეულებრივ, ეს ხერხდება დაცვისა და პოლიციის ძალების, მედეგობის - კრიტიკული ინფრასტრუქტურის ფიზიკური ზედამხედველობის გზით. გვაქვს აგრეთვე კიბერგანზომილება, რომელიც მეტად გავრცელებულია ორი მიზეზის გამო: ის თითქმის არაფერი ჯდება და თავდამსხმელისთვის ანონიმურობის შესაძლებლობას იძლევა. ვგულისხმობ იმას, რომ, თუკი ვინმეს შესაბამისი უნარები გააჩნია, შეუძლია თავს დაესხას ქვეყნისთვის სასიცოცხლო სისტემას ისე, რომ ვერც კი ამოიცნონ. ეს ქმნის ასეთი პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების სერიოზულ პრობლემასაც, რადგან არ იცი, ვინ გესხმის თავს და ყოველდღიური გამოცდილება გვაჩვენებს, რომ შესაძლებლობები განუზომლად იზრდება. კიბერთავდასხმები სულ უფრო სერიოზულ სახეს იღებს და თავდამსხმელები სულ უფრო მეტად იყენებენ ახალ-ახალ სუსტ წერტილებს. ეს სისუსტეები კი ადამიანური სისუსტეებიცაა, როცა მათ ჰგონიათ, რომ უნდა დააწკაპუნონ ბმულზე, რომელსაც თავდამსხმელები ფიშინგისთვის იყენებენ. ადამიანები მიდრეკილები არიან იფიქრონ, რომ უნდა დააწკაპუნონ ამა თუ იმ ბმულზე და გარკვეულ ინსტრუქციებსაც მიჰყვნენ, მაგრამ იქნებ, ეს ინსტრუქციები არ მოდის კომპანიისგან, არამედ გარედან?
რადიო თავისუფლება: როცა კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებსა და მედეგობაზე ვლაპარაკობთ - ამის უზრუნველყოფაზე, ეს გულისხმობს სხვადასხვა მხარის მონაწილეობას. ვინ არიან ეს მონაწილეები? ვინაიდან, ხშირად ადამიანი ფიქრობს, რომ სახელმწიფოა პასუხისმგებელი, შეიძლება კომპანიებიც, მე რატომღა ვიდარდო ამაზე? როგორ ნაწილდება პასუხისმგებლობები სინამდვილეში?
ალესანდრო ლაზარი: დიახ, აბსოლუტურად სწორია თქვენი ვარაუდი. ცხადია, სახელმწიფოა პასუხისმგებელი, მაგრამ ის პასუხისმგებელია ეროვნულ უსაფრთხოებაზე, მთავარი კანონებისა და რეგულაციების მიღებაზე იმ ჩარჩოს შესაქმნელად, რომელშიც ყველა მხარემ უნდა იურთიერთოს. თუმცა, სახელმწიფო განზომილების გარდა, მხედველობაში მისაღებია კერძო განზომილებაც: კომპანიები, რომლებიც ფლობენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, კრიტიკულ ობიექტებს, პირველ რიგში არიან პასუხისმგებლები უსაფრთხოებაზე, რადგან ისინი არიან ამ ინფრასტრუქტურის ოპერატორები. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ საჯარო-კერძო თანამშრომლობაზე, თუმცა საჭიროა ბევრი სხვა მონაწილის ჩართვაც: ადგილობრივი თემების, ადგილობრივი ძალების. ჩავრთავდი აგრეთვე აკადემიურ სფეროს, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აქვს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვაში - მაგალითად, საუნივერსიტეტო კვლევით ცენტრს, რომელსაც შეუძლია იმოქმედოს, როგორც ერთგვარმა ნდობის შრემ, ნდობის გარემომ, სადაც სპეციფიკური ტექნოლოგიის გამოცდა შეიძლება, ვიდრე ის ხმარებაში შევა. ასე რომ, ეს მოითხოვს ძალიან დიდი ძალისხმევას მრავალი მიმართულებით. ცხადია, იტყვით, რომ უპირველესი
ცხადია, სახელმწიფოა პასუხისმგებელი, მაგრამ ის პასუხისმგებელია ეროვნულ უსაფრთხოებაზე, მთავარი კანონებისა და რეგულაციების მიღებაზე იმ ჩარჩოს შესაქმნელად, რომელშიც ყველა მხარემ უნდა იურთიერთოს.
მაინც სახელმწიფოა - ანუ, მთავრობა და ადგილობრივი თემები, სხვადასხვა სახის საპოლიციო ძალები და პირველადი დახმარების სამსახურები. მეორე მხარეს კი დგას ეროვნული მნიშვნელობის კრიტიკული ინფრასტრუქტურა და კომპანიები, რომლებიც მას მართავენ. ასეთებია მაგალითად, ელექტროენერგიის ქსელი, გაზსადენები და ა.შ.. არის აგრეთვე უსაფრთხოების მულტინაციონალური განზომილება, რადგან ზოგიერთი ინფრასტრუქტურა, მაგალითად - ტრანს-ანატოლიური მილსადენი ან ტრანს-ადრიატიკის მილსადენი, რომელიც 14 კილომეტრშია იმ ადგილიდან, სადაც მე დავიბად. ამ მილსადენების დაცვას მულტინაციონალური თანამშრომლობა სჭირდება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოების ზომების მინიმალური პაკეტი მთელი გაზსადენის გასწვრივ და იმავდროულად კონტექსტუალიზებული იყოს ცალკეული ქვეყნის მიხედვით, რომელზეც ესა თუ ის მილსადენი გადის, იმის მიხედვით - რომელ ქვეყანაში რა ტიპის საფრთხეებია.
რადიო თავისუფლება: თქვენს ანგარიშში - PMCG-ს ანგარიშში, რომლის თანაავტორიც ხართ, ისე მოჩანს, რომ საქართველოში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცულობისთვის სათანადო, როგორც თქვენ უწოდეთ, ჩარჩოს ან პოლიტიკის არსებობის მხრივ მძიმე მდგომარეობაა. საიდან უნდა დაიწყოს საქართველომ ან საიდან უნდა გააგრძელოს? რა მდგომარეობაა ახლა ქვეყანაში, მოკლედ რომ აღწეროთ?
ალესანდრო ლაზარი: მდგომარეობა შორს არის განუვითარებლობისგან. მოდით, აქედან დავიწყოთ. როგორც ვთქვი, არიან მხარეები, რომლებიც ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს სახელმწიფოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად. თუმცა, ეს ხდება სპონტანურად, ფრაგმენტულად - რომელი სექტორებიც მეტად განვითარებულია, მაგალითად გაზსადენები, იქ მეტი აქტივობაა. ძალიან სპეციფიკური ადმინისტრაცია ზრუნავს ამაზე. თუმცა, საქართველოსგან - როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან, მოელიან, რომ შეიქმნება ჩარჩო. ვიდრე ის შეიქმნება, საჭიროა სამოქმედო გეგმა ან სტრატეგია, რომელიც მოიცავს საქართველოს მიზნებს, რომელთა მიღწევაც მას სურს მოკლე, საშუალო და გრძელ ვადაში სახელმწიფოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცულობისა და მედეგობის გასაუმჯობესებლად - ისეთი ჩარჩოს შესაქმნელად, რომელიც მოიცავდა ყველა სექტორს, რომელიც ჩვეულებრივ განსაზღვრულია კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ რეგულაციით.
ახლა თქვენ გაქვთ იზოლირებული მიდგომა - თითოეული ინფრასტრუქტურა ზრუნავს საკუთარ დომენზე, საკუთარ ნიშაზე. ისინი ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდნენ, ვინაიდან ძალიან ურთიერთდამოკიდებულები არიან.
საიდან დავიწყებდი, ქართველი რომ ვიყო და ამ პროცესის ინიცირების უფლებამოსილება მქონდეს? - ეჭვგარეშეა, დავაშენებდი არსებულზე. ვინაიდან, სახელმწიფოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ჩარჩოს შექმნა არ ნიშნავს არსებულის წაშლას. თქვენ უკვე გაქვთ უწყებები, რომლებიც მუშაობენ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე და იმის მიუხედავად, რომ მათ ოფიციალურად არ ეწოდება კრიტიკული ინფრასტრუქტურა, უკვე ატარებენ ზომებს. თუმცა, თქვენ გჭირდებათ ყოვლისმომცველი მიდგომა, საჭიროა ეს იყოს ინტერსექტორული და ჰარმონიზებული. ასე რომ, კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებისა და მედეგობისადმი მყარი მიდგომის უზრუნველსაყოფად არის საჭირო ჩარჩოს დადგენა, რომელშიც ყველა სექტორს ექნება თანაბარი ვალდებულება, ანგარიშგების თანაბარი ვალდებულება, მედეგობის თანაბარი ვალდებულება, აგრეთვე - კონკრეტული მოვლენის პირობებში რეაგირებისა და აღდგენის უნარი, ვინაიდან პრევენცია ზოგჯერ არასაკმარისია. ასე რომ, ერთ უბედურ დღეს, როცა შეიძლება მოხდეს თავდასხმა და შენი რომელიმე ინფრასტრუქტურა განადგურდეს - ეს შეიძლება იყოს საწარმოო ავარია, რომელიც არაა აუცილებელი ვინმეს ბრალი იყოს, მაგრამ მოწყობილობა გამოვიდეს მწყობრიდან და სანამ ეს ზეგავლენას მოახდენს სისტემაზე, გჭირდება აღდგენა.
ახლა თქვენ გაქვთ იზოლირებული მიდგომა - თითოეული ინფრასტრუქტურა ზრუნავს საკუთარ დომენზე, საკუთარ ნიშაზე. ისინი ერთმანეთს უნდა ელაპარაკებოდნენ, ვინაიდან ძალიან ურთიერთდამოკიდებულები არიან. ჩარჩომ უნდა შექმნას კოორდინაციისა და მონიტორინგის მექანიზმები საქართველოს ყველა სასიცოცხლო ინფრასტრუქტურისთვის.
რადიო თავისუფლება: ახლა რასაც აღწერთ, ეს არის ევროკავშირის სტანდარტები, რომელსაც საქართველომ უნდა მისდიოს?
ალესანდრო ლაზარი: საქართველო იხილავს არაერთ ვარიანტს, ვინაიდან ძალიან დიდი ლიტერატურა არსებობს. კარგით, არ მოვიტყუები, მე ევროპელი ვარ და გეტყვით, რომ კანდიდატის სტატუსის ფლობის პირობებში, რა თქმა უნდა, ძირითადად ისეთ რეგულაციებს უნდა მისდიოთ, როგორიც ევროკავშირს აქვს. ამ თვალსაზრისით გექნებათ „კრიტიკული ერთეულის მედეგობის შესახებ დირექტივა“ და “ქსელისა და საინფორმაციო სისტემების შესახებ“ (NIS) დირექტივა. ეს დირექტივები სულ ახლახან, 2022 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები თავადაც ამ დირექტივების ეროვნულ კანონებში გადატანის პროცესში არიან, რისთვისაც ვადა აქვთ მიმდინარე წლის 24 ოქტომბრამდე. ასე რომ, ეს არის
თუკი ძალიან ბევრი სექტორი და ათასი კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაქვთ და თან ყველაფერი „კრიტიკულია“, აღარაფერი გამოდის კრიტიკული.
ევროკავშირის რეგულაციების კუთხით უახლესი ქვაკუთხედები - კიბერ და ფიზიკური უსაფთხოების ჩარჩოს შესაქმნელად. ვიცი, რომ საქართველო განიხილავს მათ კვლევაში, რომელიც PMCG-სთან ერთად წარმოვადგინეთ. ჩვენ ეს დირექტივები მხედველობაში მივიღეთ იმ ზღვა ლიტერატურასთან ერთად, რომელიც მსოფლიოში არსებობს - ძირითადად, აშშ-ში, ვინაიდან შეერთებული შტატები იყო პირველი, ვინც შეუდგა ზრუნვას კრიტიკული ინფრასტრუქტურის კონცეფციაზე, როცა მათ სურდათ საკუთარი ბირთვული ობიექტების დაცვა. ანუ, ისტორიულად, ყველაფერი დაიწყო აშშ-ის ბირთვული ობიექტების დაცვის მიზნით და ამის შემდეგ ნელ-ნელა მოიცვა სხვა სექტორები, როგორც კი ისინი მიჩნეული იქნა ეროვნული უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო და სტრატეგიულ სექტორებად და [2001 წლის] 11 სექტემბრის შემდეგ აშშ ასეთად მიჩნეულ იქნა 18-20 სექტორი, ვინაიდან გაჩნდა ყველაფრის დაცვის მიდგომა. შემდეგ ისინი კვლავ მიუბრუნდნენ პრიორიტიზაციას და შეზღუდეს სექტორები, ვინაიდან ძალიან ბევრი იყო. უსაფრთხოების დაცვა კი ეფექტიანი და მართვადი უნდა იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელმწიფო ვალდებულია აწარმოოს მონიტორინგი, იყოს საქმის კურსში, უზრუნველჰყოს, რომ ყველა ასრულებს კანონს. ამიტომ, თუკი ძალიან ბევრი სექტორი და ათასი კრიტიკული ინფრასტრუქტურა გაქვთ და თან ყველაფერი „კრიტიკულია“, აღარაფერი გამოდის კრიტიკული. ასე რომ, ეს მოითხოვს [პრიორიტიზაციას].
რადიო თავისუფლება: როცა პატარა ქვეყანა, პატარა ეკონომიკა ხარ, სავალდებულო არა, მაგრამ გარდაუვალია თუ არა გქონდეს რეგიონული თანამშრომლობა, მაგალითად, მცირე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში?
ალესანდრო ლაზარი: დიახ, ზუსტად. ამჟამად მე საკმაოდ ჩართული ვარ ევროკავშირის მეორე გაფართოების დღის წესრიგში, რაც ძირითადად მოიცავს დასავლეთ ბალკანეთს. საკმაოდ ხშირად ვმოგზაურობ იქ და ვეხმარები ზოგიერთ ქვეყანას იმგვარი პოლიტიკის შექმნაში, როგორის შექმნაც საქართველოს სურს. ასე რომ, ჩემთვის უკვე ცნობილია ეს რაც არის, ცოტათი ადრე ვნახე. და, დიახ, ისინი ცდილობენ, როგორც კი ეს
საქართველომ უნდა შექმნას საკუთარ თავზე მორგებული პოლიტიკა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის სწორედ საქართველოზე უნდა იყოს მორგებული. მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, რა არგებს საქართველოს.
შესაძლებელი იქნება, ასეთი პოლიტიკის შექმნას, ვინაიდან მათ რთული სამეზობლო ურთიერთობები აქვთ ერთმანეთთან. თუმცა, ისინი ქმნიან ძალიან მყარ ჩარჩოს და უნდა ვთქვა, რომ შთამბეჭდავია მათი მონდომების ხარისხი. ასეთივე მონდომება დავინახე საქართველოში გამართულ ღონისძიებაზე, რომელშიც ბევრი მხარე მონაწილეობდა. ისინი სვამდნენ შეკითხვებს, აკეთებდნენ განცხადებებს თავიანთ აღქმებზე. დისკუსია დაწყებულია და დაწყება არასდროს არის ადვილი. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ესენი პატარა ქვეყნებია, საქართველოზე პატარებიც კი და ქმნიან ძალიან მყარ ჩარჩოს. ისინი ცდილობენ შექმნან ძალიან გამარტივებული, მსუბუქი, მათი სახელმწიფო ადმინისტრაციების შესაძლებლობების შესაბამისი ჩარჩო. ისინი ახორციელებენ ამას, საქართველოსაც შეუძლია სრულად მიჰყვეს მათ მაგალითს და შექმნას საკუთარ თავზე მორგებული [პოლიტიკა]. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის სწორედ საქართველოზე უნდა იყოს მორგებული. მხოლოდ ქართველებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, რა არგებს საქართველოს.
რადიო თავისუფლება: ასეა. სხვა სახის ინციდენტების გარდა, გვქონია არაერთი კიბერთავდასხმა სახელმწიფოს კიბერინფრასტრუქტურაზე - მათ შორის, სხვადასხვა სამინისტროს ინფრასტრუქტურაზე. იყო კოვიდპანდემიის დროსაც და უფრო ახლო წარსულშიც. თუმცა, მოგვიანებით, არ მახსენდება (ჩემს კოლეგებთანაც გადავამოწმე) გვქონოდეს საკმარისი ინფორმაცია შედეგებზე. ვგულისხმობ, სახელმწიფოს რეაქციას მას შემდეგ, რაც გამოაცხადეს, რომ მაგალითად, ეს თავდასხმა გარკვეული ალბათობით განხორციელდა რუსეთის მხრიდან ან ამოუცნობი აქტორების მიერ და ა.შ.. როგორ უნდა მიმდინარეობდეს ეს პროცესი? არ უნდა ჰქონდეს საზოგადოებას სრული ინფორმაცია მსგავს თავდასხმებზე სახელმწიფოს რეაგირების შესახებ?
საქართველოც აგროვებს გამოცდილებას, მათ შორის კიბერგანზომილებაში. უნდა ითქვას, რომ თქვენ საკმაოდ განვითარებული კიბერრეგულაცია გაქვთ ფიზიკურ რეგულაციასთან შედარებით.
ალესანდრო ლაზარი: ჩვეულებრივ, ასე ხდება ხოლმე.
რადიო თავისუფლება: აი, რომ იყო გამოძიება, არის შედეგი, რომ ამა და ამ პირებსა და ორგანიზაციებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა და ა.შ.
ალესანდრო ლაზარი: დიახ, ჩვეულებრივ ასეა. თუმცა, საჭიროა გავიაზროთ, რომ ამა თუ იმ დროს კონკრეტული თავდასხმისას გადასადგმელ ნაბიჯებზე მკაფიო წარმოდგენის შექმნას დრო სჭირდება. საქართველოც აგროვებს გამოცდილებას, მათ შორის კიბერგანზომილებაში. უნდა ითქვას, რომ თქვენ საკმაოდ განვითარებული კიბერრეგულაცია გაქვთ ფიზიკურ რეგულაციასთან შედარებით. გაქვთ რეგულაცია კიბერ-საინფორმაციო ინფრასტრუქტურაზე. ასე რომ, ისინი ამაზე მუშაობენ. ყოველთვის ადვილი არ არის ინციდენტის შემდგომი ვითარების აღწერა, რადგან შესაძლოა გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობდეს ანდა, როგორც უკვე ვთქვი, ამას შეიძლება ართულებდეს მთავრობაზე თავდასხმის განმახორციელებელი სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორის ანონიმურობა, რასაც მას ინტერნეტი ანიჭებს და ოფიციალურად ვერავის დაადანაშაულებ. კიდევ ერთ განზომილებას მივადექით - ანუ, ერთია, როცა მოქალაქეს აწვდი ინფორმაციას შემთხვევის შემდგომი ეტპის შესახებ და მეორეა ინფორმაცია, რომელსაც მოქალაქეს აწვდი შემთხვევის დროს და ეს არის მოსახლეობისთვის შეტყობინება. ეს სრულიად სხვა თემაა.
რადიო თავისუფლება: ასეთი შემთხვევა სულ ახლახან გვქონდა ერთ-ერთ საკომუნიკაციო კომპანიასთან დაკავშირებით.
ალესანდრო ლაზარი: დიახ და ეს არ გულისხმობს მოქალაქის ინფორმირებას თავდასხმის განმახორციელებელზე, არამედ საკუთრივ პრობლემაზე და ეუბნები მოქალაქეს როგორ მოიქცეს.
რადიო თავისუფლება: საფრთხეზე.
მოქალაქის რეაქცია ძალიან უარყოფითია ხოლმე. შეიძლება თქვას - ოჰ, მთავრობა მაკონტროლებს! საიდან იციან ჩემი ტელეფონის ნომერი და როგორ მაფრთხილებენ?! - სინამდვილეში კი ეს სისტემა ტელეფონის ნომრების ცოდნის გარეშე მუშაობს.
ალესანდრო ლაზარი: ზუსტად. ამას მოიტანს საკანონმდებლო პაკეტი, რომლის შესრულებაც ერთ დღესაც საქართველოს მოუწევს, ვინაიდან ევროკავშირის წევრ ქვეყანას, ევროპის ელექტრონული კომუნიკაციის კოდექსის 110-ე მუხლის შესაბამისად, მათ უნდა ჰქონდეთ მოსახლეობის გაფრთხილების სისტემა, რომელიც სერიოზული ინციდენტების დროს მოქალაქესთან კომუნიკაციის შესაძლებლობა ჰქონდეს, მისი ევეკუაცია განახორციელოს, მოუწოდოს სახლში დარჩენისკენ, ფანჯრის დაკეტვისკენ, რადიოს ან სხვა მედიასაშუალების ჩართვისკენ, რომ იცოდეს რა ვითარებაა. სხვადასხვანაირი გზავნილები შეიძლება მიაწოდო მოქალაქეებს. ასე რომ, ამისი დანერგვა საქართველოსაც მოუწევს. განხორციელება რთული იქნება და ამის თქმის საფუძვლეს მაძლევს ის, რაც ახლახან იტალიაში გამოვცადე. იტალია ახლა განხორციელების ბოლო - ექსპერიმენტულ ეტაპზეა. ჩვეულებრივ, თუკი სათანადოდ ინფორმირებული არ არის და (იტალიაში მოქალაქეებს მიეწოდათ საკმარისი ინფორმაცია), უსაფრთხოების სისტემასა და კრიზისების მენეჯმენტში გაუთვითცნობიერებლობის გამო, მოქალაქის რეაქცია ძალიან უარყოფითია ხოლმე. შეიძლება თქვას - ოჰ, მთავრობა მაკონტროლებს! საიდან იციან ჩემი ტელეფონის ნომერი და როგორ მაფრთხილებენ?! - სინამდვილეში კი ეს სისტემა ტელეფონის ნომრების ცოდნის გარეშე მუშაობს - როგორც მაუწყებლობა, როგორც რადიომაუწყებლობა და ყველა მობილურ ტელეფონზე, რომელიც კონკრეტულ ზონაშია, ირეკება. სულ ეს არის. მათ არ იციან ვიღაცების ნომრები, ტელეფონის მფლობელის ვინაობა. ასეთი საფუძვლის შექმნას დიდი მომზადება სჭირდება, რომ უზრუნველვყოთ მოქალაქემ კარგად ირეაგიროს გზავნილებზე. ისინი სათანადოდ უნდა იყოს გამოყენებული, მოქალაქეები უნდა იყვნენ სათანადოდ ინფორმირებულები. ამის ერთ-ერთი მაგალითია ბელგია. მე ნანახი მაქვს მათი სისტემა მოქმედებაში. მათ ადრევე დაიწყეს, პიონერები არიან. 10 წლის წინ დაიწყეს. ახლა მოქალაქეები მოითხოვენ შეტყობინებებს მთავრობისგან. როცა რაღაც ხდება - დიდი წყალდიდობა, ან რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, ისინი მოელიან შეტყობინებებს, ვინაიდან მათ ეს ნასწავლი აქვთ.
ადამიანები ტელეფონებს შესაფუთ ქაღალდსა და ფოლგაში ახვევდნენ და გამორთულ მიკროტალღურ ღუმელში დებდნენ.
რადიო თავისუფლება: ახლა ვფიქრობ და იმდენი შემთხვევა მახსენდება საქართველოს გამოცდილებიდან, სულ ცინცხალი შემთხვევებიც, ბოლო რამდენიმე წელიწადიც საკმარისია [გასახსენებლად] - ზოგიერთი მათგანი ტრაგიკული იყო და რაოდენ მნიშვნელოვანია და ვფიქრობ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა სათანადო კომუნიკაცია და ადამიანების ინფორმირება.
ალესანდრო ლაზარი: ის სიცოცხლეებს გადაარჩენს. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება. თუმცა, ამას სჭირდება... მესმის ზოგიერთის რეაქცია მოსახლეობის გაფრთხილების სისტემაზე, მაგრამ ეს არის გრძელვადიანი პროცესი. ერთ დღესაც საქართველო მივა აქამდე. ეს მნიშვნელოვანია. გარკვეულ მომენტში ეს სავალდებულო იქნება, ვინაიდან, გვესმის, ეს ეხება საერთო ჩარჩოს და ა.შ.. თუმცა, ამას სჭირდება დრო, ვინაიდან მოქალაქის მიერ ეს აღიქმება დიდი სკეპტიციზმით. იტალიაში ვათვალიერებდი იტალიის ხელისუფლების პოსტების ქვეშ კომენტარებს. ამ პოსტებში იყო შეტყობინებები, რომ აი, ამა და ამ დღეს, ამა და ამ დროს თქვენი ტელეფონი დარეკავს და რომ ეს იქნება სატესტო შეტყობინება, ვინაიდან შესაძლოა ეს დაგვჭირდეს კაშხლის დაზიანების ან
თავიდან უნდა გააუმჯობესო შენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, შემდეგ - ადრეული გაფრთხილების სისტემის მექანიზმი.
მიწისძვრის დროს, შეიძლება ვეზუვი ამოიფრქვეს. ჩვენ ამაზე ძალიან ვღელავთ და ეს თუ მოხდება, გაგაფრთხილებთო. ჰოდა, ვათვალიერებდი კომენტარებს, რომლებშიც ეწერა, რომ ადამიანები ტელეფონებს შესაფუთ ქაღალდსა და ფოლგაში ახვევდნენ და გამორთულ მიკროტალღურ ღუმელში დებდნენ. კომენტარებში წერდნენ აგრეთვე, არანაირი შეტყობინების მიღება არ გვსურს ჩვენი მთავრობისგანო. არადა, ეს შეტყობინებები სიცოცხლის გადასარჩნად იგზავნება. ასე რომ, საჭიროა ზრუნვა მოქალაქეების მომზადებაზე, რომ მათ მისდიონ შეტყობინებით მიღებულ ინტრუქციას. ეს უნდა გაკეთდეს ნაბიჯ-ნაბიჯ. თავიდან უნდა გააუმჯობესო შენი კრიტიკული ინფრასტრუქტურის მდგომარეობა, შემდეგ - ადრეული გაფრთხილების სისტემის მექანიზმი იმისათვის, რომ თავდაპირველად იცოდე - რა ხდება, რა სახის შეტყობინება და როგორ უნდა მიაწოდო მოქალაქეს და შემდეგ დაუკავშირდე მას. კომუნიკაცია რთული საქმეა.
რადიო თავისუფლება: რა ეტაპზეა ახლა საქართველო?
ალესანდრო ლაზარი: იცით, არ მაქვს სრულყოფილი ცოდნა სამოქალაქო დაცვის მექანიზმზე, ვინაიდან...
რადიო თავისუფლება: ანუ, ის არ არის განხილვის ეტაპზე, არამედ რაღაც არსებობს, არა?
ალესანდრო ლაზარი: ფაქტი, რომ ეს დისკუსია მიმდინარეობს, ამაზე მეტყველებს.
რადიო თავისუფლება: თუმცა, მეტი დისკუსიაა საჭირო და დიდი შრომა.
ალესანდრო ლაზარი: ცხადია.
რადიო თავისუფლება: თქვენ ახლა ტოვებთ საქართველოს, მაგრამ აპირებთ დაბრუნებას და თქვენი კომპეტენციის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელებას?
როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში არის უამრავი ადამიანი, რომელიც ზრუნავს ამ ქვეყნის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებაზე - დაუგეგმავად, არაჰარმონიზებულად, არაკოორდინირებულად, თუმცა აკეთებენ ამას.
ალესანდრო ლაზარი: აუცილებლად. მე მთხოვეს დახმარება და დიდი სიამოვნებით გავაკეთებ ამას. ამ საქმით ვარ დაკავებული მთელი ცხოვრება.
რადიო თავისუფლება: რომელიმე ორგანიზაციამ გთხოვათ?
ალესანდრო ლაზარი: ჩვენ ვფიქრობთ, რომ აზრების რეალური მოძრაობისა და შეკრებისთვის, მნიშვნელობა არ აქვს ისინი საჯარო სექტორიდან მოდის თუ კერძოდან. ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჭიროა შექმნათ ფორუმი ან ფორუმები, სადაც გაიმართება ამ საკითხზე მსჯელობა და კამათი. ეს შექმნის საქართველოს შემთხვევას, საქართველოს ნებას, არა იმიტომ, რომ ეს სავალდებულოა და ვიღაცამ ასე დაადგინა. ასე რომ, ეს იყო პირველი ღონისძიება და მან ბიძგი მისცა არაერთ იდეას, რომლებიც ახლა განიხილება, რომ მომზადდეს სხვა შეხვედრა, სხვა ღონისძიებები, სადაც ისინი განიხილება. ყველა ნაბიჯი, რომლის გადადგმაც საქართველოს სჭირდება, ამ შეხვედრებზე განიხილება. ბევრი ნაბიჯია ასეთი. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს 45-გვერდიანი კვლევა, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ საბოლოო გადაწყვეტილებებამდე მისასვლელად საჭიროა შუალედური ნაბიჯების გადადგმა. ამას სჭირდება დრო, თავშეკავება და სიფრთხილე. ვინაიდან, ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ახლა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში არის უამრავი ადამიანი, რომელიც ზრუნავს ამ ქვეყნის ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებაზე - დაუგეგმავად, არაჰარმონიზებულად, არაკოორდინირებულად, თუმცა აკეთებენ ამას. კანონში გათვალისწინებული უნდა იყოს, რაც უკვე არსებობს, რადგან, თუკი შემოიღებ რაღაცას, რაც არასწორ გზავნილად მივა ამ ადამიანებამდე, ამან შეიძლება ამ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანების ყურადღება საქმეს მოაცილოს. საჭიროა, ისინი ფოკუსირებულები იყვნენ კანონსა და თავიანთ მოვალეობებზე. ამიტომ, კანონმა უნდა მოიცვას უკვე არსებული, გადაიყვანოს განვითარების შემდეგ ეტაპზე, მოახდინოს მისი კონსოლიდაცია და დააშენოს არსებულზე.
რადიო თავისუფლება: ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი პროცესის კოორდინაციაზე?
ალესანდრო ლაზარი: ჩვეულებრივ, ეს ხელისუფლებას ევალება.
რადიო თავისუფლება: ამ ვიზიტისას დაინახეთ თუ არა ხელისუფლების სათანადო ინტერესი საკითხის მიმართ?
ალესანდრო ლაზარი: როგორც ჩანს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის ამაში საკმაოდ აქტიურად ჩართული, მსგავსად სხვა ქვეყნებისა, როგორიც, მაგალითად, იტალიაა, სადაც სახელმწიფოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის სამდივნო პრემიერმინისტრის დაქვემდებარებაშია, მისი ოფისის სტრუქტურის ნაწილია. ხორვატიაში, მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტროშია. ეს დამოკიდებულია ცალკეული ქვეყნის ნომენკლატურასა და მმართველობაზე. თუმცა, ჩვეულებრივ არსებობს შესაბამისი უწყება.
რადიო თავისუფლება: უზარმაზარი სამუშაოა წინ. დიდი მადლობა.
ალესანდრო ლაზარი: პატივი იყო თქვენთან საუბარი.