Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30 ათასი წესაუგებელი?


24 წლის ახალგაზრდა, რომელიც 5 ნოემბერს, ავტოავარიაში დაიღუპა, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ მიერ დაფუძნებული რელიგიური ორგანიზაციის, „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახური იყო. ის სამტრედიის რაიონში, სოფელ მთისძირში, მართლმადიდებლური წესის აგების გარეშე, 12 ნოემბერს დაკრძალეს.​

რელიგიური გაერთიანების მოწმობა დაახლოებით ერთი წლის წინ აიღო. ამ მოწმობის დახმარებით მოახერხა მან სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადება. ჯარისგან თავის დახსნა იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ის „ბიბლიურ თავისუფლებაში“ გაწევრიანდა.

მას შემდეგ, რაც გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა მოძღვარს შეატყობინეს, რომ ის „ბიბლიური საზოგადოების“ წევრი იყო, საპატრიარქომ და ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ, მიცვალებულისთვის წესის აგებაზე უარი თქვა. მათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს განუმარტეს, რომ „ბიბლიური საზოგადოების“ წევრებს ეკლესია წესს ვერ აუგებდა.

ლევან ჯგერენაია, „ბიბლიური თავისუფლების“ მთავარი მღვდელმსახური, რადიო თავისუფლებას უყვება, რომ 9 ნოემბერს, შაბათს საღამოს, გარდაცვლილის ახლობლები დაუკავშირდნენ ორგანიზაციის წევრებს და სთხოვეს, რომ მიეცათ ცნობა, რომლის თანახმადაც, 24 წლის ახალგაზრდის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა უქმდებოდა და გარდაცვლილი აღარ ირიცხებოდა „ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურად. ლევან ჯგერენაიამ გარდაცვლილის ახლობლებს მეორე დღესვე გაატანა ცნობა, თუმცა, საპატრიარქოსთვის ეს მოწმობა არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ მისთვის წესი აეგოთ.

ორგანიზაცია „გირჩმა“ 11 ნოემბერს, საღამოს გაავრცელა განცხადება, სადაც წერდა, რომ ოჯახს გარდაცვლილი შაბათს უნდა დაეკრძალა, თუმცა, იმის გამო, რომ მას წესი არ აუგეს, დაკრძალვა გადაიდო და ოჯახი ეძებდა მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც წესს აუგებდა გარდაცვლილს.

„გირჩის“ განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში კი გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა საპასუხო წერილი გაავრცელეს. წერილში ნათქვამია, რომ გარდაცვლილის ოჯახი კატეგორიულად ემიჯნება პოლიტიკური ორგანიზაცია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, ოჯახმა დაკრძალვის თარიღი გადადო იმის მოლოდინში, რომ იპოვიდა სხვა მოძღვარს, რომელიც თანხმობას განაცხადებდა მიცვალებულისათვის წესის აგებაზე. მათი განცხადებით, დაკრძალვის თარიღი დაიგეგმა მიცვალებულის გარდაცვალების დღეს, ანუ სამშაბათს, 12 ნოემბერს:

„ოჯახი სრულად იზიარებს მართლმადიდებლური დიდი სჯულის კანონის ყველა მოთხოვნას მიცვალებულის წესის აგებასთან დაკავშირებით, ვართ მორწმუნე მართლმადიდებელი ქრისტიანები. გვინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ხონი-სამტრედიის მთავარეპისკოპოსს მეუფე საბას ოჯახის ტრაგედიის მაქსიმალურად გაზიარებისა და გვერდში დგომისათვის. მიცვალებულის სულისათვის წესის აგების საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი. გვსურს გამოვთქვათ მკაცრი პროტესტი, ოჯახის უდიდესი ტრაგედიის პირადი პოლიტიკური მიზნებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციის გამოყენების მცდელობის გამო. გვსურს მოვუწოდოთ საქართველოს ახალგაზრდობას, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდოს „გირჩის“ მიერ დარეგისტრირებულ ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხს. არასოდეს გახდეთ მსხვერპლი ბრმა მოწოდებებისა“.

არ დაახანა მიტროპოლიტ საბას განცხადებამაც, რომელიც მან ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში, 12 ნოემბერს გააკეთა:

„არ უნდა ამას ზედმეტი ვნებათაღელვა. ოჯახი ღამე მოვიდა ჩემთან ბოდიშის მოსახდელად, ჩვენ “გირჩის” მიერ აგორებულ კამპანიაში არანაირი წვლილი არ მიგვიძღვისო და ვემიჯნებით ამ ყველაფერსო. “გირჩი” ხომ ამბობს, ჩვენ ვართ ეპისკოპოსები, მღვდლები და ეკლესია, როცა ჯარში არ უნდათ წაყვანა, მაშინ ეკლესიას ვინ ჰკითხავსო და როცა გარდაიცვლება, ეკლესიამ მიხედოს ახლაო და პასუხისმგებლობის არიდება არ არი ეს?“

ლევან ჯგერენაია, „ბიბლიური თავისუფლების“ მთავარი მღვდელმსახური, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ საპატრიარქო გარდაცვლილის ოჯახის ტრაგედიით მანიპულირებს:

„საპატრიარქოს არ ადარდებს ადამიანებზე ზრუნვა და კონკრეტული ადამიანების ბედი. იციან, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სწამს და სჯერა ყველა იმ სიტყვის, რასაც საპატრიარქო ქადაგებს და თუკი ისინი იტყვიან, რომ წესს არ ავუგებთ ადამიანს, რომელიც „ბიბლიური საზოგადოების“ წევრია, ამან შეიძლება ვიღაცაზე გავლენა იქონიოს. ეს არის ამორალური საქციელი. გარდაცვლილი ადამიანისა და მისი ოჯახის წევრებით მანიპულირებენ“.

ლევან ჯგერენაია განმარტავს „ბიბლიური თავისუფლების“ მთავარ იდეასაც და ამბობს, რომ მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი კონფესიის ადამიანი ერთიანდება მათ რიგებში, მთავარია, რომ ის არ იყოს მოძალადე და სწამდეს ადამიანის თავისუფლების იდეის. მისი თქმით, „ბიბლიური თავისუფლების“ წევრები არიან როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები, ისე პროტესტანტები, მუსლიმები, კათოლიკეები და ა.შ.

„ჩვენ არასდროს ვეკითხებით მათ, რომელ რელიგიას მიეკუთვნებიან ისინი. ცხადია, არავინ სთხოვს მათ, უარი თქვან საკუთარ რელიგიაზე. მთავარია, რომ ისინი სცემდნენ პატივს ადამიანის თავისუფლებას“.

"სამწუხაროა, რომ ეკლესია ოჯახს ართმევს ნუგეშს"

დავით თინიკაშვილი, მართლმადიდებელი თეოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განმარტავს გარდაცვლილისთვის წესის აგების მნიშვნელობას და ამბობს, რომ ის სხვა არაფერია, გარდა იმ ნუგეშისა, რომელსაც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამ წესის აღსრულების შემდეგ იღებენ:

„ეს არის თანაგრძნობისა და თანადგომის გამოხატულება გარდაცვლილის ახლობლებისთვის. წესის აგება არ გულისხმობს ადამიანის სულის მდგომარეობის განსაზღვრას საიქიოში. ეს ღმერთზე და თავად ამ ადამიანზეა დამოკიდებული. ეკლესიის მსახური, რომელიც მოწოდებულია იყოს ნუგეშინისმცემელი და მოწყალე, ვალდებულია წესი აუგოს ყველა გარდაცვლილს, მათ შორის თვითმკვლელსაც. თუმცა ორგანიზაცია "გირჩის" გარდაცვლილი წევრის შემთხვევაში სუიციდთან არ გვაქვს საქმე“.

გოჩა ბარნოვი, სულხან საბა ორბელიანის ინსტიტუტის თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მოძღვარმა შეიძლება უარი უთხრას გარდაცვლილის ოჯახს წესის აგებაზე, ეს არის თავად გარდაცვლილის რელიგიური კუთვნილება. ის თვლის, რომ სხვა მიზეზი მიცვალებულისთვის წესის აგებაზე უარის თქმისა, არ უნდა არსებობდეს:

„აქ არაფერია გაუგებარი. „ბიბლიურ თავისუფლებაში“ ადამიანები ძირითადად წევრიანდებიან იმისათვის, რომ თავი დაიხსნან სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან. აბსურდია იმაზე ლაპარაკი, რომ ამ ორგანიზაციის წევრებს გარდაცვალების შემთხვევაში წესი არ უნდა აუგონ. მაგალითად, საბერძნეთი ეკლესია წესს თვითმკვლელებსაც კი უგებს. ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ, ადამიანის ცხონება წესის აგება - არ აგებაზე არ არის დამოკიდებული. ეს ღმერთის ნებაა. სამწუხაროა, რომ ეკლესია ოჯახს ართმევს ნუგეშს, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც გარდაცვლილი ახალგაზრდა რელიგიურ ორგანიზაციაში, მხოლოდ და მხოლოდ, იმის გამო გაწევრიანდა, რომ არ წასულიყო ჯარში“.

„ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმსახურისთვის წესის აგების საკითხს, სოციალურ ქსელში ეხმაურება რუსუდან გოცირიძე, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი. ის წერს, რომ „ღვთის საამებლად შექმნილი ყველაზე მნიშვნელოვანი წესიც კი, თუკი ის უიმედობასა და სასოწარკვეთილებაში მარტოს ტოვებს ადამიანს, არც ღვთისათვისაა საამო“:

„წესის აგება სხვა არაფერია, თუ არა ნუგეში და იმედი მგლოვიარეთათვის. ერთ-ერთი ყველაზე საშური და აუცილებელი საქმე ღვთისმსახურისათვის... სიკვდილი არ ემორჩილება არც ერთ კანონს. მისთვის არ არსებობს მოყმე და მხცოვანი, სუსტი და ძალგულოვანი. ამისი ყველაზე ნათელი დადასტურება ისაა, რომ ამ ყველაფერს ვსაუბრობთ 24 წლის ახალგაზრდა ყმაწვილის მოულოდნელი სიკვდილის გამო. და ჩვენ მაინც ვახერხებთ, წესებისა და კანონების მოშველიებით, ნუგეშზე უარს ვეუბნებით მის ოჯახს“.

სოციალურ ქსელში ეხმაურება 24 წლის შაკო ბარამიძისათვის წესის აგებაზე უარის თქმის მიზეზებს დეკანოზი თამაზ ლომიძე, რომელიც გერმანიაში მიუნხენის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიაში მსახურობს. ის წერს:

„თუ ამ ორგანიზაციის წევრობა მხოლოდ ფორმალურია და არავითარი რელიგიური დატვირთვა არ აქვს, მხოლოდ ჯარიდან გასათავისუფლებლად იყენებენ მას ახალგაზრდები და, ამასთან, თუ მასში გაწევრიანებისას ადამიანებს ხაზგასმით არ განუცხადებიათ მართლმადიდებელი ეკლესიის და მისი მრწამსის დატოვების შესახებ, მაშინ არავითარი დაბრკოლება არ არსებობს წესის ასაგებად. მართლმადიდებელიც შეიძლება რაიმე ორგანიზაციის წევრი იყოს, სადაც რელიგიური სათაურია გამოყენებული, თუმცა ეს არ იყოს სარწმუნოება და ეკლესია. ასე უნდა მიუდგნენ ამ საკითხს და გადაწყვიტონ, ნუგეშს მისცემენ თუ არა მგლოვიარე ოჯახს. ეს თანადგომა განსაცდელში მყოფი ადამიანებისადმი ეკლესიის პირდაპირი მოვალეობაცაა და ოჯახისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა ეცადონ, რომ მონახონ გამოსავალი“.

საეკლესიო სამართლის თანახმად, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია უარს ამბობს წესი აუგოს თვითმკვლელებსა და მოუნათლავებს. შაკო ბარამიძის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, მათ რიგებს შეუერთდებიან „ბიბლიური თავისუფლების“ წევრებიც. რელიგიურ ორგანიზაციაში, რომელიც 2017 წელს იმ მიზნით შეიქმნა, რომ ახალგაზრდები სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან დაეხსნათ, 30 ათასამდე, 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდა გაერთიანდა.

2018 წლის 21 ივნისის სინოდის სხდომაზე დღის წესრიგში დადგა ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების საკითხიც.

როგორც რადიო თავისუფლებას განუმარტა საპატრიარქოს პრესსპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ, ასეთი შემთხვევებისთვის საერთო წესი არ დადგენილა: გადაწყდა, რომ ეპარქიაში, ყოველ კონკრეტულ შემთხვევას განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს ადგილობრივი მღვდელმთავარი“.

XS
SM
MD
LG