Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანელი მინისტრის "მნიშვნელოვანი და დროული" ვიზიტი თბილისში


საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები - ილია დარჩიაშვილი და  ჯეიჰუნ ბაირამოვი თბილისში. 27 ივნისი, 2024 წელი.
საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები - ილია დარჩიაშვილი და  ჯეიჰუნ ბაირამოვი თბილისში. 27 ივნისი, 2024 წელი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ძალიან მნიშვნელოვანი და დროული“ უწოდა აზერბაიჯანელი კოლეგის, ჯეიჰუნ ბაირამოვის სტუმრობას თბილისში, სადაც ჯერ ისევ არ დამცხრალა საფეხბურთო ნაკრების ევროპული გამარჯვებით გამოწვეული ეიფორია.

ორმხრივი, მრავალმხრივი ურთიერთობებისა და ერთობლივი პროექტების გარდა, თბილისში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა უსაფრთხოება და მშვიდობა იყო.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ განსახილველ თემებს შორის იქნებოდა თბილისსა და დასავლელ პარტნიორებს შორის, მოსალოდნელი სანქციების ფონზე, მზარდი დაძაბულობა.

აზერბაიჯანელი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს - შალვა პაპუაშვილსაც შეხვდა.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირისპირი და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ, მინისტრებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. მედიას შეკითხვების დასმის შესაძლებლობა არ ჰქონდა.

ერთობლივ ბრიფინგზე აზერბაიჯანელმა მინისტრმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვება მიულოცა და ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ფაქტს „ისტორიული“ უწოდა.

დღეს, როდესაც თბილისში ჩამოვედი, აეროპორტიდან დაწყებული ქალაქში მოსვლამდე, ყველგან ეს ატმოსფერო იგრძნობოდა. მინდა მოგილოცოთ თქვენ და მთლიანად ქართველ ხალხს“, - საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს ჯეიჰუნ ბაირამოვი მჭიდროსა და „ძალიან მრავალმხრივად და ინტენსიურად“ განვითარებულს უწოდებს და ხაზს უსვამს სტრატეგიული თანამშრომლობის ფართო სპექტრს - პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული თუ ჰუმანიტარული მიმართულებებით.

ხაზი ესმება ასევე საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობასაც, მათ შორის - გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის მიმართულებებით. „აზერბაიჯანი და საქართველო ყოველთვის მხარს უჭერს ერთმანეთის ინიციატივებს, ეს ფუნდამენტურ დონეზე მნიშვნელოვანია, - ამბობს ბაირამოვი.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „გაცვალეს მოსაზრებები შემდგომი თანამშრომლობის შესახებ სხვადასხვა რეგიონულ და საერთაშორისო ფორმატებში“. ილია დარჩიაშვილმა, 27 ივნისს, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის არა მხოლოდ „კარგი მეგობარი“, არამედ „სანდო სტრატეგიული პარტნიორია“ და, რომ ორ ქვეყანას ერთმანეთთან ბევრი მნიშვნელოვანი რამ აკავშირებს - როგორც ორმხრივი, მრავალმხრივი ფორმატების, ასევე რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ჭრილში.

მინისტრმა ილაპარაკა საერთო ეკონომიკურ ინტერესებზე და კვლავ ჩამოთვალა საერთაშორისო პროექტები: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბუნებრივი აირის სამხრეთ დერეფნის პროექტები. საგანგებოდ აღინიშნა ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი და ჩინეთთან დაკავშირებული „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა ორივე ქვეყნისთვის.

„დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ჩვენი რეგიონის მიმზიდველობა და ფუნქცია კიდევ უფრო გაიზრდება და ხელს შეუწყობს დასავლეთისა და აღმოსავლეთის დაკავშირებადობის ზრდას“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

აზერბაიჯანი, უკვე წლებია, საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში შედის.

თანამშრომლობის ასპარეზზე საუბრისას მინისტრმა დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე ქვეყანაა [6 ქვეყანას შორის] და თანამშრომლობა ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანია. თუმცა მას აღარ დაუკონკრეტებია, რომ ამ ჯგუფიდან - უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირმა უკვე გაუხსნა გაწევრიანების მოლაპარაკებები; ხოლო საქართველოსთან მიმართებით - ბრიუსელი ევროინტეგრაციის გაყინვას და სხვა საგანგებო ზომებს განიხილავს, „აგენტების კანონთან“ და მის თანმდევ მოვლენებთან დაკავშირებით.

კიდევ რას განიხილავდნენ

ექსპერტებისთვის ცხადია, რომ საჯაროდ დასმული აქცენტები მხოლოდ ერთი ნაწილია მაღალი დონის შეხვედრებზე განსახილველი საკითხების ჩამონათვალიდან და ყველაფრის გახმაურება არ ხდება.

ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი გვეუბნება, რომ აზერბაიჯანს შეიძლება აფიქრებდეს - საქართველოს ხელისუფლების დაძაბული ურთიერთობები ევროკავშირთან და აშშ-სთან - მოსალოდნელი სანქციები და იზოლაცია, მიუხედავად იმისა, რომ - მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ბაქო თავადაც დაპირისპირებულია დასავლელ პარტნიორებთან.

„საქართველო დასავლეთის გარეშე, პირდაპირ ხდება რუსეთზე ჩამოკიდებული და შესაძლოა იარაღად იქცეს მათ შორის - თურქეთთან და აზერბაიჯანთან მიმართებით და პრობლემები შეექმნათ მათ, მათ შორის - ტრანსპორტირებასთან, ვაჭრობასთან დასავლეთთან დამაკავშირებელ სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებით“, - ზურაბ ბატიაშვილი ამბობს, დასავლეთთან უთანხმოების პირობებში, ბაქოსა და ანკარის პოზიციები თვისებრივად განსხვავდება თბილისის მდგომარეობისგან, რადგან აზერბაიჯანსა და თურქეთს, მეტი რესურსისა და თვითკმარი კონდიციის გათვალისწინებით, ბალანსის შენარჩუნება არ გაუჭირდებათ.

დამატებით, აზერბაიჯანის ძლიერი მოკავშირე - თურქეთი - ნატოს წევრია და, შესაბამისად, ამ ქვეყნებს, ანალიტიკოსის თქმით, დასავლეთთან უფრო მდგრადი არხები აკავშირებთ.

ჯეიჰუნ ბაირამოვმა 27 ივნისს გაიხსენა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის თანამშრომლობის სამმხრივი ფორმატი, რომელსაც „ძალიან სასარგებლო“ უწოდა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში მხოლოდ კოლეგასთან სალაპარაკოდ არ ჩამოსულა.

დაიგეგმა შეხვედრები პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე - შალვა პაპუაშვილთან.

„მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება პოლიტიკური, ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული მიმართულებებით და სტრატეგიულად მნიშვნელოვან კიდევ ბევრ სფეროში“, - დაწერა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ X-ზე, ჯეიჰუნ ბაირამოვისა და ირაკლი კობახიძის შეხვედრის შემდეგ.

2024 წლის მარტში, როცა ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაქოს სტუმრობდა, პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ - განსაკუთრებული ყურადღება მშვიდობასა და სტაბილურობას სჭირდება და ილაპარაკა საქართველოს მუდმივ მზადყოფნაზე - ამ მხრივ წვლილი შეიტანოს რეგიონის მასშტაბითაც.

ხოლო პრეზიდენტმა ალიევმა მაშინ თქვა, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივი ძალისხმევით უზრუნველყოფენ არა მხოლოდ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, არამედ მნიშვნელოვანი მოთამაშეები ხდებიან ევრო-აზიური კონტინენტისთვის.

27 ივნისს, თბილისში, მინისტრმა დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ კოლეგას - ბაქოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

კვლავ არაფერი თქმულა დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული საკითხების შესახებ - რაც, 2020 წელს, "ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო და რის გამოც კარტოგრაფები დააკავეს. სასამართლო განხილვა ჯერ ისევ მიმდინარეობს.

საქართველოს და აზერბაიჯანს შეთანხმებული აქვთ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3. ერთ-ერთი სადავო მონაკვეთი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსთან არის.

მშვიდობა და სტაბილურობა

მშვიდობა და სტაბილურობა - 27 ივნისს, თბილისში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, რაც, ექსპერტების შეფასებით, დიდწილად დამოკიდებულია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებაზე, რომელსაც დასავლელი პარტნიორები უწყობენ ხელს და მოუთმენლად მოელიან.

ზურაბ ბატიაშვილი გვეუბნება, რომ თუკი შეთანხმებაზე ხელმოწერა უახლოეს თვეებში არ მოხდება, რეგიონში შესაძლოა - ახალი სამხედრო კონფლიქტის საფრთხე გაჩნდეს.

„მინისტრმა ბაირამოვმა [თბილისში] აღნიშნა, რომ როგორც ჩვენი ქვეყნის სამშვიდობო დღის წესრიგის ინიციატორი - მზად არის გააგრძელოს მუშაობა რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის წინ წასაწევად.

სამშვიდობო შეთანხმების ტექსტთან დაკავშირებით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, სამშვიდობო პროცესის ძირითად წინააღმდეგობას წარმოადგენს - სომხეთის კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო აქტებში კვლავ ასახული პრეტენზიები აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით“, - ვკითხულობთ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 27 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამასობაში, ბაქოსა და ერევანს შორის დაპირისპირებისთვის ახალ-ახალი გამოწვევა იჩენს თავს.

დაახლოებით 10 დღის წინ, ბაქოს ბრაზი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სომხეთმა შეიარაღება საფრანგეთში შეისყიდა. ამჯერად ლაპარაკია ფრანგული წარმოების თვითმავალ ჰაუბიცებზე, თუმცა ბოლო პერიოდში სომხეთმა საფრანგეთის დახმარებით, ჯავშანტრანსპორტიორები და სხვა სახის სამხედრო ტექნიკა მიიღო და, როგორც იტყობინებიან - მიმდინარეობს მოლაპარაკებები „მისტრალის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვაზე. საფრანგეთი წვრთნის სომეხ ჯარისკაცებსაც.

19 ივნისს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ „ომის ახალი აკვნის გაჩენაზე“ მთელი პასუხისმგებლობა სომხეთსა და საფრანგეთს დააკისრა. განცხადებაში პარიზი „მაკრონის დიქტატორულ რეჟიმად“ არის მოხსენიებული.

ამ ფაქტის გამო აღშფოთდა რუსეთიც - საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ პარიზი ომის პროვოცირებაში დაადანაშაულა. მან თქვა, რომ მაკრონის ხელისუფლებას სომეხი ხალხის ინტერესები არ ადარდებს.

მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის აზერბაიჯანის მიერ დაბრუნების შემდეგ, სომხეთი, აზერბაიჯანის შესაძლო სამხედრო ოპერაციების საპასუხოდ, სამხედრო შეიარაღების აღდგენა-მომარაგებაზე ზრუნავს. ბოლო პერიოდში შეინიშნება კავშირების განმტკიცება ერევანსა და დასავლელ პარტნიორებს შორის.

საფრანგეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობები უკვე წლებია დაძაბულ რეჟიმშია და ეს ერევანთან პარიზის ურთიერთობების სულ უფრო გაღრმავებით არის განპირობებული. სომხეთის მიმართ ცალმხრივ მიდგომაში აზერბაიჯანი აშშ-საც ხშირად ადანაშაულებს.

თბილისის მსგავსად, ბაქოშიც უტევენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ს.

ოფიციალური ცნობებით, ჯეიჰუნ ბაირამოვმა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და ასევე, პატივი მიაგო აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ჰეიდარ ალიევის მემორიალს.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG