ამ შეთანხმების შემდეგ შესაძლებელია, საფრანგეთმა სომხეთის სამხედრო დახმარება კიდევ გაზარდოს.
ამ სტატიაში აგიხსნით,
- რა შეისყიდა სომხეთმა საფრანგეთისგან და რას ნიშნავს ეს ქვეყნისათვის.
- რატომ ეწინააღმდეგებიან რუსეთი და აზერბაიჯანი ამ ნაბიჯს.
ახალი იარაღი საფრანგეთისგან
სომხეთი ყარაბაღის მეორე ომში მარცხისა და, ასევე, შემდგომ პერიოდში აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციების საპასუხოდ, სამხედრო შეიარაღების აღდგენაზე ზრუნავს.
ორშაბათს, 2024 წლის 17 ივნისს, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ საფრანგეთში უმასპინძლა სომხეთის თავდაცვის მინისტრ სურენ პაპიკიანს.
მათ არაერთ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, მათ შორის იარაღის მწარმოებელ ფრანგულ კომპანიასთან, KNDS France-თან.
მეორე დღეს, 18 ივნისს, მინისტრმა ლეკორნუმ განაცხადა, რომ სომხეთმა შეიძინა ამ კომპანიის წარმოებული ფრანგული საარტილერიო სისტემები, - CAESAR-ები.
„კეისარი“ ფრანგული წარმოების თვითმავალი ჰაუბიცაა.
სწორედ ეს იარაღი გადასცეს გასულ წელს დანიამ და საფრანგეთმა უკრაინას.
ჰაუბიცა საარტილერიო იარაღის ტიპია, მას დახურულ საცეცხლე პოზიციაზე იერიშის მიტანისას იყენებენ.
საფრანგეთის სენატმა ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში მოუწოდა საფრანგეთის მთავრობას, შეესწავლა CAESAR-ის სომხეთისთვის დაუყოვნებლივ გადაცემის შესაძლებლობა, - და იქვე მიუთითა, რომ „თავდაცვით“ და „თავდასხმით“ იარაღებს შორის განსხვავების ძიება არაპრაქტიკულია.
„დიდი მოვლენა“
სომხეთის საგარეო პოლიტიკის მიმომხილველი ტიგრან გრიგორიანი მიიჩნევს, რომ CAESAR-ების შესყიდვა „დიდი“ მოვლენაა.
იგი პლატფორმა X-ზე წერს, რომ საფრანგეთია ერთადერთი დასავლელი მოთამაშე, რომელსაც ნამდვილად ესმის, თუ რა არის სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისთვის საჭირო.
ბოლო პერიოდში პარიზმა გააძლიერა სომხეთის სამხედრო დახმარება:
- საფრანგეთი წვრთნის სომეხ ჯარისკაცებს;
- აფორმებს ხელშეკრულებებს თავდაცვის სფეროში;
- მიაწოდა ფრანგული კომპანია Thales-ის წარმოებული საჰაერო რადარები (GM 200);
- მიმდინარეობს მოლაპარაკებები „მისტრალის“ საზენიტო-სარაკეტო სისტემების შესყიდვაზე;
- 2023 წლის ნოემბერში საფრანგეთმა სომხეთს 24 ჯავშანტრანსპორტიორი (ARQUUS-ის „ბასტიონი“) გაუგზავნა (საქართველოს გავლით).
ედუარდ არაკელიანი, სომხეთის „დემოკრატიისა და უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის“ (RCDC) ანალიტიკოსი, 18 ივნისს გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში წერს, რომ CAESAR-ების გადაცემა აჩვენებს, რომ საფრანგეთის სომხეთისადმი სამხედრო დახმარება არ შემოიფარგლება მხოლოდ საჰაერო სივრცის რადარების, სათვალთვალო და სადაზვერვო აღჭურვილობისა და სამხედრო საგანმანათლებლო პროგრამებით.
არაკელიანი ასევე წერს, რომ სომხეთი საბჭოთა კავშირში წარმოებული 152 მმ-იანი ქვემეხებიდან თანდათან გადადის მსოფლიოში უფრო ფართოდ გავრცელებულ 155 მმ-იან ქვემეხებზე. სწორედ ასეთებს იყენებს ახალი CAESAR-ი.
ამასთან, ანალიტიკოსის თანახმად, ახალი ფრანგული ჰაუბიცების მიწოდება ჰარმონიულად შეავსებს სომხეთის მიერ შეძენილი იმავე კალიბრის ინდური წარმოების ჰაუბიცებს - ამ იარაღს სომხეთი დღედღეზე ელოდება.
რუსეთი: „პროვოკაციაა“
სომხეთის მეტოქე აზერბაიჯანსა და ყოფილ პარტნიორ რუსეთს საფრანგეთის მხრიდან იარაღის გადაცემა ცუდად ენიშნათ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ 19 ივნისს გააკრიტიკა სომხეთისა და საფრანგეთის შეთანხმება და პარიზი „პროვოკაციაში“ დაადანაშაულა.
მარია ზახაროვა ამტკიცებს, რომ პარიზი „სამხრეთ კავკასიაში სამხედრო დაპირისპირების მორიგი რაუნდის პროვოცირებას ახდენს“.
მისი განცხადებით, საფრანგეთის ხელისუფლებას არ ამოძრავებს არც სომხეთის და არც სომეხი ხალხის ინტერესები.
„პარიზი მოწადინებულია, რომ ქვეყნებში ან ქვეყნებს შორის უთანხმოებები გამოიყენოს, როგორც იარაღი მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ოპორტუნისტული მიზნების მისაღწევად“.
რუსეთი, რომელიც სომხეთის სტრატეგიულ პარტნიორად და მისი უსაფრთხოების გარანტორად მიიჩნეოდა, ათწლეულების განმავლობაში თავად აწვდიდა კონფლიქტის ორივე მხარეს იარაღს.
ამჟამად სომხეთსა და რუსეთს შორის, სხვადასხვა მოვლენის გამო ვითარება დაძაბულია.
გასულ კვირას ნიკოლ ფაშინიანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სომხეთს სურს, რუსეთის გარშემო გაერთიანებული სამხედრო ალიანსის, „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ ოფიციალურად დატოვება.
ურთიერთობების დაძაბვის ფონზე, ანალიტიკოსების ნაწილი სომხეთში მიმდინარე ანტისამთავრობო დემონსტრაციების უკან სწორედ რუსეთის ინტერესებს ხედავს.
ახალი საგარეო პოლიტიკა, ახალი იარაღი
ნიკოლ ფაშინიანმა, რომელიც 2018 წელს ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად მოვიდა ხელისუფლებაში, ბოლო წლებში, - ყარაბაღის მეორე ომისა და უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის შედეგად შექმნილი ვითარების შესაბამისად - სომხეთის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა შეცვალა.
საგარეო პოლიტიკის, - როგორც ერევანში უწოდებენ, - „დივერსიფიკაციის“ პოლიტიკის ფარგლებში, სომხეთმა აქტიურად დაიწყო იარაღის შესყიდვა არა მხოლოდ საფრანგეთისგან, არამედ ინდოეთისგანაც.
ინდოეთისგან შესყიდული იარაღი მოიცავს საჰაერო თავდაცვის საშუალებებს: Pinaka-ს სარაკეტო სისტემას, რასაც მედიაში „ინდურ ჰაიმარსებს“ უწოდებენ, ასევე, დრონების საწინააღმდეგო სისტემა ZEN-ებს.
სომხეთის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად ქვეყნის დახმარებას განიხილავს ევროკავშირიც.
ამასთან, შეერთებული შტატები, რომელიც თანდათანობით აღრმავებს ურთიერთობებს სომხეთთან, ასევე განიხილავს თავდაცვის სფეროში დახმარებას.
სომხეთში აშშ-ის ელჩმა კრისტინა კვიენმა რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს აპრილში უთხრა, რომ ქვეყნებს „ძალიან აქტიური დისკუსიები“ აქვთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში.
აზერბაიჯანი: „ომის ახალი აკვანი“
ახალი ფრანგულ-სომხური კონტრაქტის დადებიდან მეორე დღეს, 19 ივნისს, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მხოლოდ სომხეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და „მაკრონის დიქტატორული რეჟიმი“ იქნებიან სრულად პასუხისმგებელნი რეგიონში „ომის ახალი აკვნის გაჩენაზე“.
აზერბაიჯანს სომხეთისთვის ნებისმიერი ტიპის შეიარაღების გადაცემაზე მწვავე რეაქცია აქვს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებული სიმწვავით აკრიტიკებს საფრანგეთს - სომხეთის სამხედრო დახმარების გამო.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს 19 ივნისის განცხადებაში წერია:
„ფაქტი, რომ საფრანგეთმა, მიუხედავად აზერბაიჯანული მხარის გაფრთხილებებისა, სომხეთს ლეტალური და თავდასხმითი საარტილერიო დანადგარები მიაწოდა, სხვა ტიპის იარაღთან ერთად, სამხრეთ კავკასიის რეგიონში საფრანგეთის პროვოკაციული ქმედებების კიდევ ერთი მტკიცებულებაა“.
ბაქოს ხედვით, ამ რეგიონში „მაკრონის რეჟიმი მილიტარიზაციისა და გეოპოლიტიკური ინტრიგების პოლიტიკას ატარებს“, რაც ხელს უშლის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციასა და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას.
ბაქომ გაიხსენა, რომ საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია და განაცხადა, რომ მისი მხრიდან სომხეთის შეიარაღება და „სომხეთის რევანშისტული მთავრობის მხარდაჭერა ახალი ომისკენ გაკვალულ გზას წარმოადგენს“.
ახალი კალედონია: საფრანგეთი vs აზერბაიჯანი
საფრანგეთსა და სომხეთს წლებია, თბილი ურთიერთობები აქვთ.
ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, - სადაც სომხეთმა მარცხი იწვნია, რომლის შემდეგაც აღიარა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა, და რომლის შედეგადაც ეთნიკური სომხები იძულებულნი გახდნენ, რეგიონი თითქმის სრულად დაეტოვებინათ, - ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა.
სომხეთისადმი საფრანგეთის მხარდაჭერის პარალელურად, იზრდებოდა აზერბაიჯანის მტრული რიტორიკა პარიზისადმი.
ვითარება იქამდეც კი მივიდა, რომ 2024 წლის გაზაფხულზე საფრანგეთმა რუსეთი და აზერბაიჯანი ახალ კალედონიაში - საფრანგეთის ტერიტორიაზე - შიდა საქმეებში ჩარევასა და ანტიფრანგული, ძალადობრივი ქმედებების წახალისებაში დაადანაშაულა.
- ახალი კალედონიის კუნძულები წყნარ ოკეანეში, ავსტრალიასა და ფიჯის შორის მდებარეობს;
- ადგილობრივ მოსახლეობას, კანაკებს, დამოუკიდებლობა სურთ;
- კუნძულების სხვა მცხოვრებლები, რომლებსაც ევროპული ფესვები აქვთ, ტერიტორიის საფრანგეთის ნაწილად დარჩენას ამჯობინებენ.
- დამოუკიდებლობის საკითხზე რამდენიმე რეფერენდუმში კანაკების მოძრაობა დამარცხდა. თუმცა პროტესტს არ წყვეტს.
2024 წლის მაისში დაპირისპირებულ მხარეებს შორის ვითარება დაიძაბა. საფრანგეთის პოლიციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. შეტაკებებისას რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
მოგვიანებით, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანინმა განაცხადა, რომ ძალადობა, - რასაც სამი კანაკი მცხოვრებლის და ერთი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა, - აზერბაიჯანის მიერ იყო „აქტიურად მხარდაჭერილი“.
აზერბაიჯანი ბრალდებას უარყოფს.
თუმცა რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის ჟურნალისტურმა გამოძიებამ აჩვენა, რომ აზერბაიჯანის მმართველ პარტიასთან დაკავშირებული არაერთი ადამიანი იყო ჩართული სოციალურ მედიაში კოორდინირებულ კამპანიაში. გამოძიების თანახმად,
- ეს იყო ანტიფრანგული კამპანია, რომლის სამიზნეც ახალი კალედონია იყო.
- შეცდომაში შემყვანი ფოტოებისა და ვიდეოების გავრცელების გამო არაერთი ასეთი აზერბაიჯანული ანგარიში „მეტამ“ წაშალა კიდეც.
- 2023 წელს აზერბაიჯანმა, - საფრანგეთის სომხეთისადმი დახმარების ზრდის პარალელურად, - უმასპინძლა საერთაშორისო კონფერენციას „ფრანგული ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ“.
- კონფერენციაზე ახალი კალედონიის წარმომადგენელი კანაკებიც იყვნენ მიწვეულები.
- აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მისი ინტერესია, საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიებზე მცხოვრებ ადგილობრივებს დაეხმაროს „ორგანიზებასა და კოლონიალიზმის აღმოფხვრის სისტემატურ ძალისხმევაში“;
- 2024 წლის აპრილში, ამ კონფერენციების შედეგად შექმნილი „ბაქოს საინიციატივო ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, აბას აბასოვმა, - ახალი კალედონიელელი კანაკების დროშის ფონზე, - მხარი დაუჭირა კანაკების მოძრაობას;
- 2024 წლის გაზაფხულზე ახალ კალედონიაში გამართულ საპროტესტო დემონსტრაციებზე აზერბაიჯანის დროშები ჩანდა.
დაძაბულია ურთიერთობა პარიზსა და მოსკოვს შორისაც.
ამას უკრაინაში რუსეთის ომის გაჭიანურება და აფრიკის კონტინენტზე საფრანგეთის ინტერესების შევიწროება განაპირობებს.
პარიზი აძლიერებს მოსკოვის საწინააღმდეგო რიტორიკას და ამკვეთრებს სტრატეგიულ ფოკუსს ევროპის აღმოსავლეთით.
პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ვლადიმირ პუტინის „სახის შენარჩუნების საჭიროებაზე“ საუბრობდა, ახლა არ გამორიცხავს ფრანგი ჯარისკაცების გაგზავნას უკრაინაში და მტკიცედ ემხრობა ევროკავშირის გაფართოებას.
ფორუმი