Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთში დაიწყო სომხურ-ამერიკული სამხედრო წვრთნა


სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნის მონაწილეები. 6 სექტემბერი, 2023.
სომხურ-ამერიკული ერთობლივი სამხედრო წვრთნის მონაწილეები. 6 სექტემბერი, 2023.

სომხეთში დაიწყო სომხურ-ამერიკული წვრთნა Eagle Partner. ამის შესახებ AFP წერს ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის არმიის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნები მიზნად ისახავს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში აშშ-ის ძალებთან „ოპერატიული თავსებადობის დონის ამაღლებას“ და მოწინავე გამოცდილების გაზიარებას.

წვრთნები სომხეთის სამშვიდობო ბრიგადას ასევე დაეხმარება „ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილებაში“, წერს AFP.

წვრთნები, რომლებიც „ზარისა“ და „არმავირის“ პოლიგონებზე ტარდება, 20 სექტემბრამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 85 ამერიკელი და 175 სომეხი სამხედრო მოსამსახურე.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ სომხეთის გადაწყვეტილება, არ ჩაატაროს წვრთნები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ОДКБ) და სანაცვლოდ ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან, „ძალიან ღრმა ანალიზს“ მოითხოვს, წერს AFP.

„რა თქმა უნდა, ჩვენ შევეცდებით, გავიაზროთ და გავიგოთ ეს ყველაფერი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ამას გავაკეთებთ სომხურ მხარესთან მჭიდრო პარტნიორულ დიალოგში“, - განაცხადა პესკოვმა.

გასულ კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოსკოვში სომხეთის ელჩი ვაღარშაკ ჰარუთუნიანი დაიბარა. მას „მკაცრად ესაუბრნენ“, კრემლის აზრით, ერევნის მიერ გადადგმული „არამეგობრული ნაბიჯების სერიისთვის“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვი, მიუხედავად პრეტენზიებისა, კვლავაც მოკავშირედ მიიჩნევს სომხეთს.

XS
SM
MD
LG