სომხეთი ემზადება სამხედრო სწავლებისთვის, რომელიც სავარაუდოდ, გამოიწვევს რუსეთის გაღიზიანებას.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებსაიტზე დღეს, 6 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მზადების ფარგლებში, 11-20 სექტემბერს ჩატარდება სომხეთისა და აშშ-ის სწავლება EAGLE PARTNER 2023.
თავდაცვის სამინისტროს თანახმად, სწავლების მიზანია საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების ოპერატიული თავსებადობის ამაღლება, მართვის და ტაქტიკური კომუნიკაციის სფეროში თანამედროვე გამოცდილების გაზიარება და სომხეთის ქვედანაყოფების მზადყოფნის გაზრდა ნატოს პროგრამით, „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ გათვალისწინებული გეგმური შეფასებისთვის. სომხურ-ამერიკული სწავლება ჩატარდება სომხეთის სამშვიდობო ბრიგადის სასწავლო ცენტრ „ზარსა“ და თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრში.
თავდაცვის სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებისთვის მზადების ფარგლებში, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ხშირად მონაწილეობენ მსგავს ერთობლივ სწავლებებში, რომლებიც პარტნიორ ქვეყნებში ტარდება.
- სომხეთში 1995 წლიდან დისლოცირებულია რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზა.
- 2020 წლის ნოემბერში, რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტაზე.
- ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა დაიბრუნა ყარაბაღის რაიონებზე 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის "სამშვიდობო კონტინგენტი".