საქართველოს ახლად დანიშნული პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.
ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრისას ლიდერებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს.
„მშვიდობა და სტაბილურობა არის ის, რასაც სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ჩვენი ქვეყნის დამოკიდებულება ყოველთვის იყო ასეთი. ყოველთვის ვცდილობდით მაქსიმალური წვლილი შეგვეტანა ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში და, რა თქმა უნდა, მომავალშიც ამ მიდგომით გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ილჰამ ალიევის თქმით, კობახიძის, როგორც მეგობარი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი.
„დღეს ორივე ერი ერთობლივი ძალისხმევით არა მარტო უზრუნველყოფენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, არამედ რეგიონისა და, ზოგადად, ევრო-აზიური კონტინენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები ხდებიან როგორც საქართველო, ასევე აზერბაიჯანი“, - განაცხადა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი 2 თვეში დასრულდება.