ღამის პირველი საათი იყო, როცა ცენტრალური ავღანეთის სოფელში ერთ-ერთი სახლის კარზე დააბრახუნეს. 15 წლის ყამარ გული შეშინებული წამოხტა ლოგინიდან და თავის უმცროს ძმას ჩაავლო ხელი. მეორე ოთახში მშობლებსაც გაეღვიძათ და ფრთხილად მიუახლოვდნენ კარს. გარეთ თალიბები იყვნენ.
მოსულებმა გულის დედას და მამას კარის გაღება მოსთხოვეს.
მათ უარი უთხრეს. შეიარაღებული კაცების ჯგუფმა კარი შეამტვრია.
"მათ გარეთ ძალით გაიყვანეს დედაჩემი, ესროლეს და მოკლეს", თქვა გულმა რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბრისას. "შემდეგ მამაჩემიც - და ისიც მოკლეს".
როცა დაინახა, რომ მშობლები დაუხვრიტეს, გულმა ხელი დაავლო „კალაშნიკოვის“ ავტომატს. ამ დროს თალიბებმა კვლავ დააპირეს სახლში შესვლა, გულმა მათ ცეცხლი გაუხსნა და ორი მოკლა, მესამე - დაჭრა.
"ორის მოკვლა მოვახერხე", თქვა გულმა და დასძინა, რომ რაიონში მყოფმა მთავრობის მომხრე სამხედროებმა თალიბანის დანარჩენი მებრძოლები განდევნეს.
"მე ვამაყობ, რომ მოვკალი თალიბები“, თქვა გულმა, რომელიც პროვინციის მთავრობამ 12 წლის ძმასთან ერთად უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. "მე ჩემი მშობლების მკვლელები დავხოცე. თალიბანის წინააღმდეგ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლებ".
გმირები"
ეს შემთხვევა ღურის პროვინციაში, თაივარას რაიონში მოხდა 16 ივლისს. ეს მთიანი, შორეული პროვინციაა ავღანეთის ცენტრალურ რეგიონში. მომხდარის შესახებ მთავრობამ მხოლოდ 20 ივლისს გააკეთა განცხადება.
ეს პროვინცია ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი და არასტაბილური რეგიონია ქვეყანაში. პროვინციული მთავრობის ძალაუფლება ბევრად ვერ სცილდება დედაქალაქს, ფიროზ კოჰს.
გულმა თქვა, რომ მისი ოჯახი თალიბანმა თვალში ამოიღო, რადგან ის მთავრობის მომხრე უხუცესი იყო.
თალიბანი რეგულარულად ხოცავს ავღანელებს, რომლებზეც ეჭვი აქვს, რომ მთავრობის ან უშიშროების ძალების მხარეს არიან ან ინფორმაციას აწვდიან მათ.
გულმა მთავრობას მიმართა, უკეთ დაიცვან მოსახლეობა თალიბანის ასეთი თავდასხმებისგან.
"ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტს, უზრუნველყოს ჩვენი უსაფრთხოება, რომ კარგი ცხოვრება და მომავალი გვქონდეს", თქვა მან.
თაივარას რაიონის გამგებელმა, მოჰამად რაფიქ ალამმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ გული და მისი ძმა ჯერ რაიონის ცენტრში არიან, მაგრამ მათ მალე დედაქალაქ ფიროზ კოჰში წაიყვანენ.
"ჩვენ გვეამაყება ეს ორი გმირი", თქვა ალამმა. "მათ თავდამსხმელებს ჭკუა ასწავლეს“.
ალამმა მთავრობას მოსთხოვა, რომ გულს გადასცენ მალალაის მედალი, ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი სამოქალაქო ჯილდო.
21 ივლისს, კაბინეტის სხდომისას, პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ მაღალი შეფასება მისცა გულის სიმამაცეს.
"ყამარ გული გმირი ქალია", დაწერა თარიღ არიანმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, 20 ივლისს ტვიტერში. "კაბინეტმა მაღალი შეფასება მისცა ყამარ გულის სიმამაცეს".
სოციალურ მედიაში ავღანელები გულს, როგორც გმირს, ისე მიესალმებიან. მისი ფოტო, სადაც მას თავსაფარი ახურავს და ხელში კალაშნიკოვის ავტომატი უჭირავს, სწრაფად გავრცელდა.
თალიბანის ძალადობა
თაივარა ხშირად ყოფილა სასტიკი შეტაკებების ადგილი ავღანეთის უშიშროების ძალებსა და თალიბანს შორის, რომელმაც არაერთხელ ააოხრა ეს რაიონი.
თალიბანი და ათობით უკანონო შეიარაღებული დაჯგუფება აქტიურად მოქმედებს ღურის პროვინციაში, რომელზეც იარაღისა და ოპიუმის გადაზიდვის საკვანძო სატრანზიტო გზა გადის. თალიბანი კვლავაც აგრძელებს რეგულარ თავდასხმებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში ხელი მოაწერა სამშვიდობო მოპალარაკების პირველ ნაწილს შეერთებულ შტატებთან.
ამ შეთანხმებას გზა უნდა გაეკვალა პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის მეამხობეებსა და ავღანეთის მთავრობას შორის ცეცხლის საბოლოოდ შეწყვეტისა და სამომავლოდ ძალაუფლების განაწილების თაობაზე.
მაგრამ ეს მოლაპარაკებები შეჩერდა იმის გამო, რომ ქაბულს განსხვავებული პოზიცია აქვს პატიმრების დიდი რაოდენობით გათავისუფლების საკითხზე.
მზარდი დაძაბულობის მთავარი სიმძიმე - როგორც საერთოდ ხდება ხოლმე - აქ მშვიდობიანი მოსახლეობის მხრებზე გადადის.
ადამიანის უფლებათა დაცვის ავღანეთის დამოუკიდებელმა კომისიამ გასულ კვირას განაცხადა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ქვეყანაში ყოველდღე საშუალოდ 16 ადამიანია მოკლული ან დაჭრილი.
კომისიის თანახმად, 2020 წლის პირველ ნახევარში 1213 მშვიდობიანი პირი მოკლეს და 1744 დაჭრეს 880 სხვადასხვაგვარი ინციდენტის დროს.