Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავტომობილის გატაცება და პოლიციის სამმართველოზე შეიარაღებული თავდასხმა კახეთში


საპატრულო პოლიციის ჩალაუბნის განყოფილება
საპატრულო პოლიციის ჩალაუბნის განყოფილება

ავტომობილის გატაცება და პოლიციის სამმართველოზე შეიარაღებული თავდასხმა - ეს არის ბრალდებები, რომელთა გამოც სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 30 წლის მამაკაცი დააკავეს. თუ ბრალს დაუმტკიცებენ, მას 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მომხდარის მოტივებზე საუბარი უჭირს დაკავებულის მამას, თუმცა ხაზს უსვამს შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. დაკავებულს ამჟამად წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.

შევედი აფთიაქში და უკან გამოსულს მანქანა ადგილზე აღარ დამხვდა. ალბათ, დაქოქა და წაიყვანა, თუმცა დაუკითხავად. ისეთი რამ არ არსებობს, რომ მე ვინმეს მანქანა ვათხოვო.
რემო ხუნაშვილი

კახეთში ავტომობილის ქურდობისა და იარაღის გამოძალვის ბრალდებით დაკავებულ 30 წლის მამაკაცს 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, სოფელ ბოდბეში გურამ კაღაშვილმა მეზობელს ავტომობილი მოჰპარა, შემდეგ კი მოპარული მანქანით ჩალაუბნის საპატრულო პოლიციის განყოფილებაში შეიჭრა და, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, განყოფილების მორიგისთვის იარაღის წართმევა სცადა, მაგრამ მორიგე პოლიციელმა შეიარაღებული პირი დაარწმუნა, რომ ჩალაუბნის განყოფილებაში იარაღის საცავი არ ჰქონდათ, არსებული იარაღი კი პატრულ ინსპექტორებს ჰქონდათ გატანილი. შეიარაღებულმა პირმა პოლიციის განყოფილება მალევე დატოვა, რის შემდეგაც მორიგემ მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.

რემო ხუნაშვილი ის პირია, ვინც ამბობს, რომ მეზობელმა გურამ კაღაშვილმა ავტომობილი იმ დროს მოჰპარა, როცა ის აფთიაქში წამლის საყიდლად იყო შესული.

„შევედი აფთიაქში და უკან გამოსულს მანქანა ადგილზე აღარ დამხვდა. ალბათ, დაქოქა და წაიყვანა, თუმცა დაუკითხავად. ისეთი რამ არ არსებობს, რომ მე ვინმეს მანქანა ვათხოვო“.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ კაღაშვილმა სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში ერთ-ერთ მოქალაქეს კუთვნილი ავტომანქანა გასტაცა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ჩალაუბნის განყოფილებაში შეიჭრა და, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, განყოფილების მორიგისთვის იარაღის გამოძალვა სცადა. სამართალდამცველებმა მას ამის საშუალება არ მისცეს...

გამოძიების ოფიციალური ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის ჩალაუბნის განყოფილებიდან კაღაშვილი სოფელ ბაკურციხეში გაზგასამართ სადგურზე მივიდა, სადაც რამდენიმე წუთი გაჩერდა. მან საწვავის ავზის შევსება ვერ მოასწრო, რადგან, როგორც სადგურზე მომუშავე ერთ-ერთი პირი ამბობს, უკან საპატრულო პოლიცია მოჰყვებოდა.

„ხმა არ ამოუღია, საერთოდ. შემოვიდა გაზგასამართ სადგურზე და მალევე წავიდა. გაზი უნდოდა, მაგრამ პოლიცია მოსდევდა უკან და გაიქცა“.

გურამ კაღაშვილის მამა, გოჩა კაღაშვილი, ამბობს, რომ იარაღი, რომლითაც შვილი გადაადგილდებოდა, მას ეკუთვნის. დაკავებულის მამას მომხდარის მოტივზე საუბარი უჭირს, თუმცა შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ადრე დამწვრობა ჰქონდა ძლიერი და მისთვის ალკოჰოლის დალევა არ შეიძლებოდა. როცა სვამდა, ქუჩაში გადიოდა ხოლმე ფეხით, მაგრამ მსგავსი დანაშაული არასდროს არ ჩაუდენია. ის თოფიც ჩემია, მაგრამ მიკვირს, რატომ გააკეთა ასეთი რამ. მას იარაღი ხელში არასდროს სჭერია. რაღაცა სჭირს, არ შეიძლებოდა დალევა“.

გურამ კაღაშვილი პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი სპეციალური განცხადება გაავრცელა:

გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ კაღაშვილმა სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბეში ერთ-ერთ მოქალაქეს კუთვნილი ავტომანქანა გასტაცა, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის ჩალაუბნის განყოფილებაში შეიჭრა და, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, განყოფილების მორიგისთვის იარაღის გამოძალვა სცადა. სამართალდამცველებმა მას ამის საშუალება არ მისცეს. გურამმა საპატრულო პოლიციის განყოფილებიდან გაქცევა მოახერხა. პოლიციელებმა ბრალდებული, მიმალვის მცდელობისას, სოფელ ბაკურციხეში დააკავეს. სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომანქანა და სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. გამოძიება ძარცვის, ასევე, იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მისაკუთრების მიზნით მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ან გამოძალვის ფაქტებზე მიმდინარეობს”.

გურჯაანის სასამართლომ გურამ კაღაშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო სხდომა 25 მაისს ჩაინიშნა.

  • 16x9 Image

    გიორგი ალადაშვილი

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი კახეთში 2012 წლიდან. ამზადებს ახალ ამბებს, სტატიებს, ვიდეო- და ფოტორეპორტაჟებს, ასევე სიუჟეტებს გადაცემისთვის „საღამოს თავისუფლება“. მუშაობს თემებზე: სოფლის მეურნეობა, თვითმმართველობა, პოლიტიკა, ეკონომიკა, ადამიანის უფლებები, კულტურა. 

XS
SM
MD
LG