ოკუპირებული თამარაშენიდან დევნილი დათო ძაძამია დედასთან ერთად დიდი იმედით ელოდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“. თუკი 21 იანვარს სასამართლოს დიდი პალატა საქართველოსთვის სასურველ გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, გზა სტრასბურგში უკვე დათო ძაძამიას ოჯახის ინდივიდუალურ საჩივარსაც გაეხსნება. რუსეთს საქართველომ ერთხელ უკვე მოუგო სტრასბურგის სასამართლოში. რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ სახელმწიფოსგან განსხვავებით, ინდივიდუალური წესით მოსარჩელეებმა საკომპენსაციო თანხაც მიიღეს.
ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართული სოფელი თამარაშენი 2008 აგვისტოში ოსმა და რუსმა სამხედროებმა მიწასთან გაასწორეს. დათო ძაძამიამ და მისმა დედამ, ვალია აიდარაშვილმა სოფელი 11 აგვისტოს დატოვეს და სულ მალე ტყვედ ცხინვალის იზოლატორში აღმოჩნდნენ.
როგორც დათო ძაძამიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, 18 დღე გაუსაძლის პირობებში, წამებაში გაატარა. დედა ცოტა უფრო ადრე გაუშვეს.
„მე და დედაჩემი თამარაშენიდან როცა გამოვედით, იქ უკვე აღარავინ იყო დარჩენილი... შემოვლითი გზით მივედით სოფელ აჩაბეთში. იქ სხვადასხვა სოფლებიდან მოგროვილი ხალხი დაგვხვდა... ამბობდნენ - ერთად რომ მოვგროვდებით, ვითომ შეიძლება ხელი არ გვახლონ და გაგვიშვანო... მაგრამ არა, ოსებმა ყველანი წაგვიყვანეს ცხინვალის იზოლატორში, სადაც რუსი სამხედროებიც დაგვხვდნენ...
ვერ აღგიწერთ ეს რა იყო, რა სიტუაციაში ვიყავით - ყოველდღე გვცემდნენ გამეტებით... ცხინვალის ქუჩებში ქართველი სამხედროების გვამებს გვაგროვებინებდნენ, სპეციალურად გათხრილ ორმოსთან რომ მიგვეტანა... მერე ზოგიერთი ფოტოებზეც ამოვიცანით და გადმოასვენეს კიდეც წლების მერე... გვამუშავებდნენ საშინლად, ქუჩებსაც გვაგვევინებდნენ. რა ვიცი, რას აღარ გვაკეთებინებდნენ.
გვშიოდა, საჭმელი არ იყო, დასალევ წყალს არ გვაძლევდნენ... ხელების დაბანაზე აღარ ვამბობ. მიწისქვეშა ოთახში ვიყავით ყველანი... მერე თანდათან მეტი ხალხი მოიყვანეს - ბევრი მოხუციც იყო, სოფლებში შემორჩენილები... უჰაერობა იყო საშინელი. შუქი არ იყო.
მჯერა, რომ 21 იანვარს, სტრასბურგში საქართველო მოიგებს და მერე ჩვენც მოვიგებთ - ჩვენი ინდივიდუალური სარჩელებით... მჯერა... რა ვიცი, მჯერა, რომ სიმართლე გაიმარჯვებს“.
დათო ძაძამია და დედამისი რუსეთზე სამართლებრივ გამარჯვებას უკვე 12 წელია ელოდებიან. სხვების მსგავსად, საჩივრები მათაც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოამზადებინა. 350 ადამიანის ისტორია, დარღვევების მიხედვით - 53 საჩივარშია გაერთიანებული. მითითებულია, მაგალითად, შემდეგი სახის დარღვევები: სიცოცხლის უფლების დარღვევა; წამება; მონური შრომა თუ პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფა.
როგორც საია-ს წარმომადგენელი, ნინო ჯომარჯიძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ის ფაქტი, რომ რუსეთის წინააღმდეგ სახელმწიფოთაშორისი საჩივარიც არის შეტანილი, ინდივიდუალურ პირებს დამოუკიდებლად მოქმედების უფლებას არ ართმევს. თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკით, ინდივიდუალური საჩივრები ყოველთვის სახელმწიფოთაშორისი საჩივრის განხილვას ელოდებიან:
„პირველ რიგში, სასამართლო განიხილავს სახელმწიფოთშორის საჩივარს და როცა გადაწყვეტილება იქნება, უკვე ამის შემდეგ იწყებს ინდივიდუალური საჩივრების განხილვას. ასე იყო რუსეთიდან დეპორტირებულთა საქმეების შემთხვევაშიც“.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, აგვისტოს ომის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ევროპულმა სასამართლომ 21 იანვარს უნდა გამოაცხადოს. ლაპარაკია საჩივარზე, რომელიც, სასამართლოს ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, 2008 წლის 11 აგვისტოს შევიდა; პირველი სხდომა 2011 წლის სექტემბერში გაიმართა; დიდ პალატას საქმე 2012 წლის აპრილში გადაეცა; მოწმეებს სასამართლოში მოუსმინეს 2016 წლის ივნისში; ხოლო ბოლო განხილვა 2018 წლის მაისში შედგა.
საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს და ესენია:
- სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი);
- წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი);
- თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი);
- პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი);
- სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება (მე-13 მუხლი);
- საკუთრების დაცვა (1 დამატებითი ოქმის 1 მუხლი);
- განათლების უფლება (1 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი);
- მიმოსვლის თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, „სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება (მათ შორის, ვიდეო- და ფოტომასალები, რადარის მონაცემები, ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები, სატელიტური სურათები, მედიის მასალები, საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები, განაღმვის ანგარიშები, გორში აფეთქებული „ისკანდერის“ ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და სხვ.) და არაერთი დოკუმენტი შესაბამისი ანალიზითა და არგუმენტებით“.
ამ საქმეზე კომპენსაციის საკითხი სასამართლოს გადაწყვეტილების შინაარსზე იქნება დამოკიდებული.
სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ერთხელ უკვე გაიმარჯვა - 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების საქმესთან დაკავშირებით.
- ამ საქმის სახელმწიფოთაშორის საჩივარზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2014 წელს გამოაცხადა; ხოლო 2019 წლის იანვარში - რუსეთის ფედერაციას 10 მილიონი ევროს გადახდაც დაეკისრა.
- დეპორტირებულთა ინდივიდუალურ საჩივრებზე სასამართლოს გადაწყვეტილება 2016 წელს გამოცხადდა; ხოლო მათი კომპენსაციის საკითხი 2019 წლის მარტში გადაწყდა.
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 10 მილიონი ევრო სულ მცირე 1500 დაზარალებულზე უნდა გადანაწილდეს. ვადა 2019 წლის აპრილში ამოიწურა, მაგრამ ეს თანხა რუსეთს საქართველოსთვის ჯერ ისევ არ გადაუხდია.
სამაგიეროდ, როგორც რადიო თავისუფლებამ გაარკვია, საქართველოს სახელმწიფოსგან განსხვავებით, კომპენსაციები უკვე მიიღეს იმ დაზარალებულებმა, რომლებმაც დეპორტაციის საქმეზე რუსეთს ინდივიდუალური წესით უჩივლეს.
ეს ფაქტი რადიო თავისუფლებას 24 დეკემბერს ერთ-ერთმა დაზარალებულმა დავით ლაცაბიძემაც დაუდასტურა. მის შემთხვევაში საკომპენსაციო თანხა - 12 500 ევროს შეადგენდა. ევროპულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ დარღვეული იყო კონვენციის ოთხი მუხლი და, მათ შორის - არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.
დავით ლაცაბიძის ინტერესებსაც საია იცავდა. ნინო ჯომარჯიძემ გვითხრა, რომ დეპორტაციის საქმეზე ორგანიზაცია ადვოკატირებას უწევდა 13 დაზარალებულს, თუმცა ერთმა შემდეგ პროცესის გაგრძელებაზე უარი თქვა.
რაც შეეხება რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოსთვის 10 მილიონი ევროს გადახდას; როგორც იუსტიციის სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ეს საკითხი კვლავაც რჩება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების მაკონტროლებელი სტრუქტურის - ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ყურადღების ცენტრში.
სამინისტროს ინფორმაციით:
- დეკემბერის სხდომაზე კომიტეტმა მიიღო შუალედური რეზოლუცია, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთისთვის დაკისრებული ვალდებულების შესრულების აუცილებლობას;
- კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა, რომ რუსეთი დღემდე არ ასრულებს გადახდის უპირობო ვალდებულებას;
- შუალედური რეზოლუციის მიხედვით, რუსეთის მთავრობამ კონკრეტული შედეგით 2021 წლის 1 თებერვლამდე უნდა დაასრულოს მხარეთა შორის მიმდინარე კონსულტაციები.
სამინისტროში შედეგის იმედი აქვთ, რადგან წინა სხდომებისგან განსხვავებით, მათი თქმით, დეკემბრის სხდომაზე რუსეთი აღარ ამბობდა უარს თანხის გადახდაზე და ამის ნაცვლად ჩაერთო კონსულტაციებში, „რათა კომპენსაციის გადასახდელად ისარგებლოს ევროპის საბჭოს შუამავლობით“.