Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბაი ფაშაევი დაინიშნა რელიგიის საკითხთა სააგენტოს ქვემო ქართლის წარმომადგენლად


პრეზენტაციას ქვემო ქართლში წარმოდგენილი ყველა კონფესიის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციას ქვემო ქართლში წარმოდგენილი ყველა კონფესიის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 11 მარტს რუსთავში, მერიის შენობაში, ქვემო ქართლის წარმომადგენლობა გახსნა, რომლის ხელმძღვანელად აბაი ფაშაევი დანიშნა. რუსთავის ეპარქიას პოსტფაქტუმ შეატყობინეს რუსთავში რელიგიის საკითხთა სააგენტოს რეგიონალური წარმომადგენლის დანიშვნა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ სააგენტოს ადგილობრივი წარმომადგენლობის პრეზენტაციის დროს განაცხადა, რომ სააგენტოს რეგიონალური სტრუქტურის მიზანია მულტიეთნიკურ და მულტირელიგიურ რეგიონში კონფესიათა შორის კომუნიკაციისა და დიალოგის გაღრმავება, ასევე სახელმწიფოსა და კონფესიებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა.

„ეს არის სააგენტოს პირველი რეგიონული წარმომადგენლობა. ერთ კვირაში ანალოგიურ სამსახურს აჭარაში გავხსნით, მარტის ბოლოს კი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“, თქვა ზაზა ვაშაყმაძემ.

აბაი ფაშაევს დამთავრებული აქვს პედაგოგიური ინსტიტუტი ქართული და აზერბაიჯანული ენების მიმართულებით. მარნეულში მუშაობდა ქართული ენის მასწავლებლად. კარგად ფლობს ქართულ, რუსულ და თურქულ ენებს. 2013 წლიდან იყო თბილისის 212-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

„ძალას არ დავიშურებ რელიგიურ თემებთან ურთიერთობის გაღრმავებაში და შექმნილი პრობლემების მოგვარებაში. დიდ ყურადღებას მივანიჭებ რელიგიასა და მთავრობას შორის ურთიერთობას“, თქვა აბაი ფაშაევმა, რომლის შესახებ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილემ ზაურ დარგალმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ "აბაი ფაშაევი რელიგიური ადამიანია".

„ქვემო ქართლის რეგიონი საკმაოდ ჭრელია ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით, ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ჩვენი რელიგიური წარმომადგენლობა ხელს შეუწყობს კონფესიათა შორის პრობლემების მოგვარებას, ასეთი პრობლემების არსებობის შემთხვევაში“, თქვა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა ვაშაყმაძემ.

რადიო თავისუფლების კითხვას, პრობლემებში ხომ არ გულისხმობს იმ ტიპის დავას, რომელიც რუსთავში 2 წლის წინ კათოლიკური ეკლესიის გახსნის დროს წარმოიშვა, როცა მისი მშენებლობის დაწყება მხოლოდ სასამართლოს ძალით გადაწყდა, ზაზა ვაშაყმაძემ უპასუხა, რომ ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია და კათოლიკური ეკლესიაც ფუნქციონირებს. მანვე დასძინა, რომ სააგენტოს წარმომადგენლობის მეშვეობით ხელისუფლება ოპერატიულად და დაუყოვნებლივ იმოქმედებს მსგავსი დავების შემთხვევაში.

პრეზენტაციას ქვემო ქართლში წარმოდგენილი ყველა კონფესიის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, რომლებსაც არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ.

შეხვედრის შემდეგ საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ სააგენტოს რეგიონალური წარმომადგენელი ხელს შეუწყობს რელიგიურ ორგანიზაციებს რიგი საკითხების მოგვარებაში:

„ჩვენ აღარავინ გვავიწროებს და რუსთავის კათოლიკური ეკლესიაც ნორმალურად ფუნქციონირებს, ჰყავს მრევლი და წირვასაც ვატარებთ“, თქვა ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ.

ჩვენ არც კი ვიცნობთ სააგენტოს ადგილობრივ წარმომადგენელს. ის სახელმწიფომ დანიშნა, ჩვენ კი სახელმწიფოს საქმეებში ვერ ჩავერევით...
მეუფე იოანე

რუსთავის ეპარქიის წინამძღვარმა მეუფე იოანემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ წარმომადგენლობის გახსნის შესახებ მათ პოსტფაქტუმ გაიგეს.

„ჩვენ არც კი ვიცნობთ სააგენტოს ადგილობრივ წარმომადგენელს. ის სახელმწიფომ დანიშნა, ჩვენ კი სახელმწიფოს საქმეებში ვერ ჩავერევით“, თქვა მეუფე იოანემ. მან ისიც დასძინა, რომ თავად სააგენტოს წარმომადგენლობის ფუნქცია მისთვის მთლად ნათელი არ არის, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ აბაი ფაშაევი დაკისრებულ მოვალეობას თავს გაართმევს.

რუსთავის ეპარქიის ერთ-ერთმა სასულიერო პირმა კი რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აბაი ფაშაევის დანიშვნა, სავარაუდოდ, ხელისუფლებასთან მისი მჭიდრო კავშირით აიხსნება. მისივე თქმით, ქვემო ქართლში, რელიგიური თვალსაზრისით, არაერთგვაროვანი ვითარებაა, თუმცა არ დააკონკრეტა, რას გულისხმობდა „არაერთგვაროვნებაში“.

  • 16x9 Image

    დავით მჭედლიძე

    რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ქვემო ქართლში 1998 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ეკონომიკის, ეკოლოგიის, თვითმმართველობისა და სოციალურ საკითხებს; ადამიანის უფლებებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს.

XS
SM
MD
LG