Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ჯიმშერ რეხვიაშვილი
ჯიმშერ რეხვიაშვილი

როგორც უმბერტო ეკო ამბობდა, სპორტი არის ადამიანი, სპორტი არის საზოგადოება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯერ ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ და შემდეგ პორტუგალიის ძალიან ძლიერ ნაკრებზე გამარჯვებამ, ფაქტობრივად, დაგვიბრუნა მრავალი ათეული წლის განმავლობაში (პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, კულტურული და სხვა არაერთი რამის გამო) შერყეული ეს რწმენა, რომ ჩვენ, ქართველებიც, თავისუფალი სამყაროს სხვა მოქალაქეების მსგავსად, ღირსეული ადამიანები და სრულფასოვანი საზოგადოება ვართ, რომ ჩვენც ვიმსახურებთ აღფრთოვანებასა და... სიყვარულს.

ცხადია, გვქონია წარმატება სპორტის სხვა, არაერთ სახეობაში, მაგრამ ფეხბურთი, როგორც იტყვიან, სულ სხვა სპორტია.

ფეხბურთი მსოფლიოში ორგანიზებული სპორტის ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობაა რამდენიმე გარემოების, მათ შორის - გავრცელების, მასობრიობისა და სიძველის თვალსაზრისით.

საქართველოშიც თუ სპორტის რომელიმე სახეობაზე ითქმის, ქართული საზოგადოებააო, პირველ რიგში - ფეხბურთზე. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ, როცა საქართველოს დაკარგული ჰქონდა დამოუკიდებლობა, თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთებას ყველაზე მეტად ქართველი ფეხბურთელები გამოხატავდნენ. ცნობილი ქართველი მწვრთნელი ანდრო ჟორდანია თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ასე იხსენებს გასული საუკუნის 20-იან წლებს (საქართველოს ოკუპაციის პირველი წლები - რ.თ.):

„ამ დროს თბილისში ორი ძლიერი გუნდი იყო: არმიის კლუბი და ქართული ნაწილების გუნდი. არმიის გუნდში იყვნენ გამოცდილი, ასაკოვანი ფეხბურთელები: სკოლზნევი, ფრეი, შიბოლდაევი, ლარიონოვი, კრავჩენკო, იზიუმსკი, შერშოვი, გოლოვკოვი, კულეევსკი და სხვ. ქართული ნაწილების გუნდში ძირითადად ახალგაზრდები თამაშობდნენ: მახათაძე, ამბოკაძე, ფრუიძე, ხოტივარი, ბეროზაშვილი, გაგუა, სანიშვილი, იმნაძე და სხვა“.

გუნდების შემადგენლობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ შეჯიბრებასა თუ თამაშში უმნიშვნელოვანესი იყო ეროვნულობის ფაქტორი, რომელიც საქართველოს განთავისუფლებამდე შენარჩუნდა ქვეყნის უპირველეს გუნდში, თბილისის „დინამოში“.

ქართველი ფეხბურთელები განსაკუთრებული თავგამოდებით სწორედ მოსკოვის (საბჭოთა კავშირის დედაქალაქის) გუნდების წინააღმდეგ თამაშობდნენ. ამის დასტურად, არაერთი შეხვედრისა და სტატისტიკური მონაცემების გახსენება შეიძლება, თუმცა ყველაზე თვალსაჩინოდ ქართველი ფეხბურთელების დამოკიდებულებას მოსკოვისადმი აღწერს გასული საუკუნის 50-60-იანი წლების თბილისის „დინამოს“ ვარსკვლავის, ვლადიმერ ბარქაიას მეტსახელი - „სტალიჩნი“, რომელიც მეგობრებმა და თანაგუნდელებმა დიდ სპორტსმენს იმის გამო შეარქვეს, რომ განსაკუთრებით კარგად თამაშობდა მოსკოვის, ე.ი. მაშინდელი საკავშირო დედაქალაქის (Столица), მეტროპოლიის გუნდების წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, ქართული სპორტიც ისევე იყო ოკუპირებული, როგორც კულტურა და მთელი საქართველო. შემთხვევით არ იყო, რომ, როცა საბჭოთა კავშირმა რღვევა დაიწყო, ქართულმა ფეხბურთმა პირველმა გადადგა ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ.

ისტორიული ფაქტია: 1990 წლის 15 თებერვალს საქართველო იყო პირველი, რომელმაც დატოვა საბჭოთა კავშირის ფეხბურთის ფედერაცია და დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

„ამჟამად არსებული სისტემა საკავშირო ჩემპიონატებისა ამცირებს ეროვნულ სპორტს, ანიჭებს მას პროვინციულ ელფერს, უქმნის არასრულფასოვნების კომპლექსს და ყოველივე ამით თრგუნავს ეროვნულ ფსიქიკასაც, - წერდა ცნობილი მწერალი და ეროვნული მოძრაობის აქტიური წევრი გურამ პეტრიაშვილი 1989 წლის 15 ივნისს, როცა საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ არ იყო დაშლილი, - ეროვნული ჩემპიონატი გაათანაბრებს ნიჭიერ ფეხბურთელთა შანსებს, რადგან მაშინ ყველას შეეძლება გამოიჩინოს თავი.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ჩემპიონი, თასის მფლობელი და სხვა ძლიერი გუნდები მონაწილეობას მიიღებენ ევროპულ ტურნირებში. და როცა ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე თელაველ, დუშელ თუ წალენჯიხელ ფეხბურთელს ექნება შანსი, რომ კარგი თამაშით ევროპული ფეხბურთის გრანდებსაც შეერკინოს, ცხადია, ქართველ ფეხბურთელს თამაშის სტიმული მიეცემა და ამით საქართველოს ყველა კუთხეში წინ წავა ფეხბურთი“.

ამ წერილის დაწერიდან ზუსტად 35 წლის თავზე წალენჯიხელმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ (გურჯაანელ ქოჩორაშვილთან, ქუთაისელ ზივზივაძესთან და სხვებთან ერთად), სწორედ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გრანდს, პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებს გაუტანა გოლი და მთელი სპორტული სამყარო (მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვანი სპორტული გამოცემა) აალაპარაკა საქართველოზე და არა მხოლოდ ქართველ სპორტსმენებს, არამედ მთელ ქართველ ერს მისცა სტიმული, რადგან, როგორც კულტურის მკვლევრები შენიშნავენ, ფეხბურთი არ იწყება და არ მთავრდება მინდორზე, „ფეხბურთი მიიჩნევა ხალხის შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლინებად, მისი ფიზიკური და სულიერი სიძლიერის ერთ-ერთ ნიშნად“.

„რაც უფრო ძლიერია ხალხში სპორტისადმი ინტერესი, შეჯიბრებისა და გამარჯვების ჟინი, მით უფრო ძლიერია მისი მისწრაფება არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი სრულყოფისადმი. სპორტული გამარჯვება არა მარტო სპორტით გატაცებულებს, არამედ სხვა საქმით დაკავებულებსაც უღვივებს გამარჯვების სურვილს. ვინც ხელს უშლის სპორტის განვითარებას, ის ახშობს ენთუზიაზმს, ქმნის გულგრილობისა და მიძინების ატმოსფეროს“, - წერია ჯერ კიდევ 1976 წელს გამოცემული წიგნის „ფიქრები ქართულ ფეხბურთზე“ შესავალში.

ხვიჩა კვარაცხელია (მარცხენა) და გიორგი მიქაუტაძე აღნიშნავენ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კარში გატანილ გოლს. 2024 წლის 26 ივნისი.
ხვიჩა კვარაცხელია (მარცხენა) და გიორგი მიქაუტაძე აღნიშნავენ პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კარში გატანილ გოლს. 2024 წლის 26 ივნისი.

26 ივნისის გამარჯვებამ მართლაც არა მარტო ფეხბურთით გატაცებულ ადამიანებს, არამედ ლამის ყველას გაუღვივა გამარჯვების სურვილი და სპორტის ამ სახეობის სიყვარული.

ცხადია, სიყვარულის მიუხედავად, ძნელია იმის თქმა, რომ ყველა გულშემატკივარს (განსაკუთრებით ნეოფიტს) ისევე ესმის ფეხბურთი, როგორც უყვარს, თუმცა ეს არც არის მნიშვნელოვანი: ეროვნული ნაკრების ქომაგი შეიძლება იყოს როგორც ფეხბურთის ზედმიწევნით კარგი მცოდნე, ასევე დილეტანტი, რომელსაც თავისუფალი დარტყმა საჯარიმო დარტყმისაგან ვერ განუსხვავებია.

ერთადერთი, რაც ქომაგს არ ეპატიება, გულგრილობა და საკუთარი გუნდის განსაცდელში მიტოვებაა. აი, რას წერს „ტრიბუნების“ როლსა და გავლენაზე ქართულად ფეხბურთზე დაწერილი მრავალი მნიშვნელოვანი წიგნის ავტორი, გურამ ფანჯიკიძე შორეულ 1961 წელს:

„ერთი მექსიკელი ტორეადორი ამბობდა, - როდესაც არენაზე გამოვდივარ, მე მყავს ორი მტერი - ხარი და მაყურებლები. მე ვიცი, როგორ ვებრძოლო პირველს, მაგრამ არ ვიცი, რა ვიღონო მეორის წინაშე. შეიძლება იგივე ითქვას ფეხბურთელებზეც“.

სწორედ ქომაგებისა და გულშემატკივრების პასუხისმგებლობაა ტრიბუნების მხარდაჭერა, მტრული გარემოს განეიტრალება, რომ შენმა გუნდმა მხოლოდ ერთ „მტერზე“ - მინდორზე მყოფ მოწინააღმდეგეზე იფიქროს. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ თამაშის (როგორ ერთი მთლიანის) ნაწილია როგორც მოედანი, ასევე ტრიბუნები. ტელევიზორშიც კი შეუძლებელია თამაშის ყურება და მისი აღქმა ტრიბუნების ხმაურის გარეშე. თამაშის ამ ნაწილზე პოეტ ნუგზარ ზაზანაშვილს ასეთი ჩანაწერი აქვს გაკეთებული 2016 წელს გამოცემულ კრებულში:

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩის რეპორტაჟი თბილისის ტელესტუდიიდან.
სამხრეთ აფრიკიდან მომავალი ხმა წუთით წყდება
კომენტატორი:
„იმედია, სტადიონის ხმაური მალე დაბრუნდება... მადლობა, დაბრუნდა ხმაური...“
ყოველდღიური მეტაფორები
ძნელია უხმაუროდ
ძალიან ძნელია

უხმაუროდ მართლა ძალიან ძნელია, შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელიც კია, რადგან ხმაური ანუ მაყურებელი ფეხბურთის უმთავრესი ნაწილია.

მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს (და, მაშასადამე, საქართველოს) შეზღუდული რაოდენობის მაყურებელი ჰყავდა, 26 მარტისა და განსაკუთრებით 26 ივნისის შემდეგ გაიზარდა როგორც მაყურებლის რიცხვი, ასევე მისი არეალი, რომელიც ლამის მთელ პლანეტამდე გაფართოვდა.

სინამდვილეში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეტიც შეძლო: მთელი მსოფლიო აქცია თავის არა მხოლოდ მაყურებლად, არამედ გულშემატკივრადაც.

ადრე თუ „ივერია“ (მხ.ფ. „პირველი მერცხალი“), „ლელო“ და „სარბიელი“ წერდნენ ქართულ ფეხბურთზე, ახლა The Guardian-ის, BBC-ის, The New York Times-ის, Kicker-ის, La Gazzetta dello Sport-ის და სხვა სპორტული და არასპორტული მედიაგიგანტების თვალსაწიერში მოხვდა.

კვლავ უმბერტო ეკოს რომ დავესესხოთ, თუ ფეხბურთი ადამიანია, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ეროვნული ნაკრები ქვეყანაა! როცა მსოფლიო აღფრთოვანებულია საქართველოს ეროვნული ნაკრებით, ესე იგი აღფრთოვანებულია საქართველოთი. ეს გააკეთეს ქართველმა ფეხბურთელებმა, რომლებმაც წინსვლისა და განვითარების მნიშვნელოვანი ბიძგი მისცეს მთელ ქვეყანას - თვისებრივად სხვა დონეზე აიყვანეს საქართველოს პოზიტიური აღქმა როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში. ამას ვერაფერი გააუქმებს, მათ შორის ვერც 30 ივნისის შეხვედრა ესპანეთის უძლიერეს გუნდთან.

უფრო ზუსტად, მოედანზე ვერაფერი მოხდება ისეთი, რაც საქართველოს წარმატებას გაახუნებს, თუმცა მთლიანობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების წლევანდელი ტრიუმფი ქვეყნისთვის მაინც მხოლოდ შესაძლებლობაა, რომლის გამოყენებისთვის საზოგადოების სულ სხვა ტიპის აქტიურობაა საჭირო.

P.S. ანგარიშს ფეხბურთში მაგიური ძალა აქვს. მხოლოდ ანგარიში რჩება ფეხბურთის ისტორიაში და არსად არ განმარტავენ, რომ ეს გუნდი ძლიერი იყო, მაგრამ თამაში ამა და ამ მიზეზით წააგოო. მხოლოდ ანგარიში და შედეგი ცვლის რეალობას. ასეა ფეხბურთში და არა მხოლოდ ფეხბურთში, გავიხსენოთ 1990 წლის ოქტომბერი, 2003 წლის ნოემბერი, 2012 წლის ოქტომბერი...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.​

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

როგორც ჩანს, ნატოშიც და ევროკავშირშიც საბოლოოდ გადაწყვიტეს, ვინ უხელმძღვანელებს ამ ორგანიზაციებს უახლოეს წლებში. ჯერ 26 ივნისს სამხედრო ალიანსის ელჩებმა დაადასტურეს ის, რაც უკვე რამდენიმე კვირაა ცნობილია - რომ 1 ოქტომბერს იენს სტოლტენბერგს ჩაანაცვლებს ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე.

მალევე ევროკავშირშიც განაცხადეს, რომ ურზულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე კიდევ ხუთ წელს დაჰყოფს, შარლ მიშელს პორტუგალიის ყოფილი პრემიერი ანტონიუ კოშტა შეცვლის ევროსაბჭოს პრეზიდენტის პოსტზე, ბლოკის საგარეო პოლიტიკას კი ჟოზეპ ბორელის ნაცვლად ესტონეთის ამჟამინდელი ლიდერი კაია კალასი უხელმძღვანელებს.

ფონ დერ ლაიენს და კალასს ჯერ ევროპარლამენტში უნდა უყარონ კენჭი. პირველს უკვე ივლისის შუა რიცხვებში, კალასს კი დამღლელი მოსმენები ელის შემოდგომაზე. მოსალოდნელია, რომ ორივეს აირჩევენ. უკრაინის, ევროკავშირის გაფართოებისა და ძლიერი ნატოს გულშემატკივრებისათვის ეს იდეალური შემადგენლობა იქნება.

ჯერ ეს უნდა ვთქვათ...

თანამდებობები მნიშვნელოვანია, თუმცა ისინი პოლიტიკას დამოუკიდებლად არ წყვეტენ. ევროკავშირში, ისევე როგორც ნატოში, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კვლავ მიიღება წევრი ქვეყნების მიერ ერთსულოვნებით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სანქციები და გაფართოება. ბევრი თვალსაზრისით რუტე, კოშტა და კალასი უხელმძღვანელებენ ლიდერების უმართავ ჯგუფს (კალასის შემთხვევაში - საგარეო საქმეთა მინისტრებს). მიუხედავად იმისა, რომ ისინი განასახიერებენ მათ შესაბამის ინსტიტუტებს, მათი მთავარი ამოცანა მაინც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ კონსენსუსის შექმნა იქნება. ამგვარად, ისინი შეიძლება ვერ იყვნენ ისეთი პირდაპირები, როგორც წინა თანამდებობებზე. ბრიუსელში პოზიციას აყალიბებენ ინსტიტუტები (და მათი ძალიან ძლიერი ბიუროკრატია) და არა პიროვნებები. ყოველ შემთხვევაში, ასე იყო აქამდე, რადგან სხვადასხვა დედაქალაქებს არ სურთ, რომ ინსტიტუციური ლიდერები იყვნენ ზედმეტად ძლევამოსილი და მიიპყრონ მეტისმეტი ყურადღება.

ურზულა ფონ დერ ლაიენი კვლავ ევროკომისიის პრეზიდენტი იქნება
ურზულა ფონ დერ ლაიენი კვლავ ევროკომისიის პრეზიდენტი იქნება

ძალაუფლება

ამ კვინტეტიდან ფონ დერ ლაიენს ყველაზე მეტი პოლიტიკური ძალაუფლება გააჩნია. ევროკომისია არის ბლოკის აღმასრულებელი ორგანო და ის ასევე წარადგენს ახალ კანონმდებლობას. მას შეუძლია წევრ ქვეყნებს სასამართლოში უჩივლოს, სავაჭრო გარიგებებზე მოლაპარაკება აწარმოოს და ევროკავშირის საერთო ბაზარი აკონტროლოს. ის ზედამხედველობას უწევს ორი ტრილიონი ევროს ბიუჯეტს და საკმაო თავისუფლება გააჩნია ამ თანხების განკარგვისას.

ურზულა ფონ დერ ლაიენმა აჩვენა, რომ შეუძლია ევროკომისიისთვის დამატებითი თანხების მოზიდვა. მან დაარწმუნა ევროკავშირის ლიდერები, რომ სწორედ ეს ინსტიტუტი უნდა ყოფილიყო პასუხისმგებელი კოვიდის შემდგომი რეკონსტრუქციის ფონდებზე. ის ახლო მომავალში ევროპის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად იქცევა, რადგან კონტინენტს ახლა ძალაუფლების ვაკუუმი ემუქრება. ელიან, რომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ივლისში საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდება და 2027 წელს ძალაუფლებას გამოემშვიდობება. სავარაუდოა, რომ მომავალ წელს თანამდებობის დათმობა მოუწევს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსაც. ფონ დერ ლაიენს მოუწევს იყოს საყრდენი მზარდი პოპულისტური ძალების წინააღმდეგ როგორც ბლოკის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

თუმცა, სამეზობლო მისით კმაყოფილი უნდა იყოს, განსაკუთრებით კი - უკრაინა. ის მუდმივად უჭერდა მხარს კიევს მაშინაც კი, როდესაც კლუბის სხვა ნაწილებში "უკრაინით დაღლილობა" იგრძნობოდა. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ ქვეყნის (ასევე საქართველოსა და მოლდოვის) კანდიდატის სტატუსის უზრუნველყოფაში, გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნაში და ასევე დიდი გავლენა ჰქონდა უკრაინის გრძელვადიანი დაფინანსების უზრუნველყოფის საქმეში. წელს მან ასევე მხარი დაუჭირა 6 მილიარდი ევროს გამოყოფას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის. ევროკავშირის ახალი გაფართოება მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მოსალოდნელი არ არის, თუმცა სწორედ მან შექმნა საფუძველი, მან ნამდვილად ჩამოაყალიბა საფუძველი კლუბში ახალი წევრების დასამატებლად მაშინ, როდესაც მისი მანდატი დასრულდება.

ფონ დერ ლაიენის ერთ-ერთი პრობლემა იყო, რომ ცუდად ეწყობოდა ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს. ბრიუსელში მუდამ ჭორაობდნენ მათი ეგოების ჭიდილზე. ახლა საქმე ალბათ გაუმარტივდება, რადგან ყველამ იცის, რომ ახალ პრეზიდენტთან მას კარგი ურთიერთობა აქვს.

ანტონიუ კოშტა, პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კიევი, 21 მაისი, 2022
ანტონიუ კოშტა, პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კიევი, 21 მაისი, 2022

ყველაზე პოპულარული

ანტონიუ კოშტა, როგორც ჩანს, მოსწონს ევროკავშირის სახელმწიფოების ყველა თუ არა, უმეტესობა ლიდერს მაინც. კარგად იცის ინგლისური და ფრანგული. ასაკიც პლუსში ეთვლება - 62 წლისაა და მიიჩნევა, რომ უფრო ახალგაზრდა წინამორბედზე ნაკლებად ამბიციური იქნება ამ საქმეს მაღალ პოლიტიკაში თავის საბოლოო წვლილად მიიჩნევს. მამამისი ნახევრად გოაელია, ნახევრად კი მოზამბიკელი. ამგვარად, კოშტა იქნება ევროკავშირის ინსტიტუტის პირველი არათეთრკანიანი ლიდერი.

თუმცა მის ირგვლივ გარკვეული კითხვის ნიშნებიც არსებობს. ის შარშან გადადგა პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, რადგან მისი თანაშემწეები მონაწილეობდნენ საეჭვო საინვესტიციო გარიგებებში. მის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა, თუმცა ყველა შეკითხვას პასუხი ჯერაც არ გასცემია. ასევე გაურკვეველია, თუ რამდენად ერთგულია ის უკრაინისა და გაფართოების მიმართ. თუმცა, მისი მხარდამჭერები აღნიშნავენ, რომ მას შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ზელენსკისთან, განსაკუთრებით პორტუგალიაში დიდი უკრაინული დიასპორის არსებობის გამო. ასევე, მისი ქვეყანა, ევროკავშირის სხვა სამხრეთი წევრი ქვეყნებისგან განსხვავებით, როგორიცაა იტალია და ესპანეთი, ყოველთვის მხარს უჭერდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და კლუბის შემდგომ გაფართოებას.

კაია კალასი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი
კაია კალასი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი

ქორი

მივედით კალასამდე. ის ისეთი ქორია, რომ მოსკოვმა ძებნილთა სიაში ჩასვა. კრემლი მისთვის იმდენად მიუღებელია, რომ დასავლეთის ქვეყნებში ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე შეუფერებელი გახადა - ის ამ პოსტისთვისაც იბრძოდა. ის ასევე ხმამაღლა აკრიტიკებს საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას და მიუხედავად იმისა, რომ გაფართოების მხარდამჭერია, მოსალოდნელია, რომ ბევრად უფრო მკაცრი იქნება სერბეთთან მიმართებით, ვიდრე ევროკავშირის წინა უმაღლესი დიპლომატები.

ბევრს აინტერესებს, როგორ იქნება თავსებადი მისი ეს ტონი ევროკავშირის დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელობასთან. მან ბოლო თვეებში საგრძნობლად შეარბილა ტონი, იცოდა რა, რომ ამ თანამდებობას ასე სჭირდებოდა. მეორე მხრივ, ჟოზეპ ბორელს ბევრი პრობლემა შეხვდა, რადგან არაერთხელ გამოთქვამდა ტრიბუნიდან მოსაზრებებს, რომლებიც უფრო ასახავდა მისი მშობლიური ესპანეთის პოზიციას, ვიდრე ბრიუსელისას. განსაკუთრებით ეს ღაზაში მიმდინარე ომს და ისრაელის კრიტიკას შეეხება. აღმოსავლეთის წევრ ქვეყნებს 2019 წელს ნატოსა და ევროკავშირში არცერთი წამყვანი პოზიცია არ ერგოთ. მაშ, რატომ არ უნდა მიეღოთ მათ საგარეო პოლიტიკის მესვეურის პოსტი? როგორც ერთმა აღმოსავლელმა დიპლომატმა თქვა: „ხომ გაფრთხილებდით რუსეთის შესახებ და არ მოგვისმინეთ. იქნებ მოვიდა დრო, ახლა მოგვისმინოთ?“

მარკ რუტე, ნედერლანდის პრემიერ-მინისტრი
მარკ რუტე, ნედერლანდის პრემიერ-მინისტრი

ნატოში რა ხდება?

რუტე, მრავალი თვალსაზრისით, იენს სტოლტენბერგის გაგრძელებაა - სამხედრო ალიანსის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გენერალური მდივნისა, რომელიც ნატოს ათი წლის განმავლობაში უძღვებოდა. ის გამოცდილია (ნიდერლანდის პრემიერი იყო 14 წლის განმავლობაში!). ის მოსწონთ დიდ მოთამაშეებს, როგორიცაა საფრანგეთი, გერმანია, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები. არაერთხელ დაამტკიცა, რომ კარგად შეუძლია კომპრომისების გამონახვა, სტოლტენბერგის მსგავსად, ასევე ძალიან კარგად ეწყობა უკრაინის ხელმძღვანელობას და არის ერთ-ერთი იშვიათი დასავლელი პოლიტიკოსი, რომელსაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პატივს სცემს. რამდენიმე ადამიანის ცნობით, პირად ცხოვრებაში კარგ იუმორს ავლენს, მაგრამ პროცესის უწყვეტობის მომხრეა - ყოველთვის დადის ერთსა და იმავე სასტუმროებსა და რესტორნებში, უკვეთავს ერთსა და იმავე კერძებს. როგორც ჩანს, ნატო უსაფრთხო ხელში იქნება.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG