Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

„ნაპოლეონის დესპოტიზმისგან კი გავთავისუფლდით, სამაგიეროდ მოვხვდით მისი ხსოვნის დესპოტიზმის ქვეშ“ - დაწერს შატობრიანი 1848 წელს. ბონაპარტეს სიკვდილიდან 27 წლის შემდეგ დაწერილი ეს სიტყვები წინასწარმეტყველური აღმოჩნდება - კორსიკელი დღემდე მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ისტორიულ პერსონაჟად რჩება როგორც ისტორიკოსებისთვის, ისე ისტორიის მოყვარულთა შორის. როგორც ნაპოლეონის სპეციალისტებს უყვართ თქმა, უფრო მეტია წიგნი დაწერილი ნაპოლეონის შესახებ, ვიდრე დღე, გასული მისი სიკვდილიდან.

და აი ნაპოლეონის სიკვდილიდან 200 წლის თავზე (გარდაიცვალა 1821 წლის 5 მაისს) ქართველმა ისტორიკოსმა ალექსანდრე მიქაბერიძემ თავისი ნაშრომით „ნაპოლეონის ომების გლობალური ისტორია“, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტმა დაბეჭდა, მოხიბლა როგორც ფრანგი მკითხველი, ისე ნაპოლეონის მკვლევრები.

ალექსანდრე ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის პროფესორია. ათობით წიგნისა და მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს წვლილი აქვს შეტანილი აშშ-ის სამხედრო ისტორიის ოფიციალური სახელმძღვანელოს შექმნაში, რომელიც ამერიკის სამხედრო-საზღვაო აკადემიაში ისწავლება, ხოლო წიგნები ნაპოლეონის შესახებ მრავალი ჯილდოთია აღნიშნული.

მას ახლახან რამდენიმე კითხვა დავუსვით, რას ფიქრობს, რა არის მისი ბოლო ნაშრომის მთავარი ხიბლი?

90-იანი წლების ბოლოს შენ ამთავრებ თბილისის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს და საგარეო საქმეთა სამინისტროში იწყებ მუშაობას. დღეს ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ისტორიას ასწავლი და მსოფლიოში ნაპოლეონის აღიარებული მკვლევარი ხარ... როგორ მოახერხე აკადემიურ წრეებში აღიარებული სპეციალისტი გამხდარიყავი?

– ზოგადად ისტორიით, და კონკრეტულად ნაპოლეონით, ყოველთვის ვიყავი გატაცებული! 1998 წელს შემთხვევით წავაწყდი კანადელი მკვლევრის და ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოებას ხელმძღვანელ ბენ ვეიდერის ახალ წიგნს ნაპოლეონზე. წიგნი 80 დოლარი ღირდა, რაც ჩემთვის ასტრონომიული თანხა იყო. ავტორს მივწერე, ვთხოვე თუ შეეძლო ჩემთვის ერთი ეგზემპლარი უფასოდ გამოეგზავნა. ერთი თვე არც იყო გასული, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში მოვიდა უზარმაზარი ყუთი სავსე წიგნებით ნაპოლეონზე. წარმოგიდგენია რაოდენ უსაზღვრო იყო ჩემი სიხარული?! ასე მე და ბენ ვეიდერმა მიმოწერა გავაბით ნაპოლეონის შესახებ. 1999 წელს მან მიმიწვია იერუსალიმში კონფერენციაზე, რომელიც ნაპოლეონის ეგვიპტეში შეჭრის 200 წლის თავზე იმართებოდა. იერუსალიმის უნივერსიტეტში გამოვედი სიტყვით ახლო აღმოსავლეთში ქართველ მამლუქებსა და ღულამებზე, რომლებიც მე-18 საუკუნის მიწურულისათვის ბატონობდნენ ახლო აღმოსავლეთს არაერთ მხარეში. ჩემი ლექციის შემდეგ, ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორმა შემომთავაზა, რომ სადოქტორო დისერტაცია გამეკეთებინა მათთან. ამ წინადადებამ ძალიან მომხიბლა, თუმცა სწავლის მაღალი საფასურის გაგების შემდეგ უარის თქმა მომიწია. ამ ამბიდან ერთი კვირის თავზე კი შევიტყვე, რომ ბენ ვეიდერის წყალობით, ჩემს ამერიკაში სწავლას ნაპოლეონის ინსტიტუტი სრულად დააფინანსებდა.

–​ შენ ფრანგი მკითხველი მოხიბლე ნაპოლეონის ომებზე გლობალური მიდგომით. როგორ მიხვედი ამ იდეამდე?

– ჯერ კიდევ 2000 წელს, როცა ამერიკაში გავემგზავრე, მინდოდა დისერტაციის ამ თემაზე დაცვა. თუმცა ჩემმა ხელმძღვანელმა მირჩია უფრო ვიწრო თემა ამეღო დასამუშავებლად. მეც ჩემი დისერტაცია საფრანგეთ-რუსეთის სამხედრო ურთიერთობებს მივუძღვენი. ამის შემდეგ კიდევ ოციოდე წიგნის გამოქვეყნება დამჭირდა ნაპოლეონზე, რომ გარკვეული სახელი მომეპოვებინა აკადემიურ წრეებში და მხოლოდ ამის შემდეგ გავბედე და ოქსფორდის გამომცემლობას შევთავაზე ნაპოლეონის ომების გლობალური ისტორია. ამ წიგნს დიდი შრომა შევალიე, მოვიძიე წყაროები სხვადასხვა ენაზე (შვედურიდან და ნორვეგიულით დაწყებული, სპარსულით დამთავრებული) რათა უფრო ფართოდ და მრავალფეროვნად გამეშალა ეს საინტერესო თემა.

ალექსანდრე მიქაბერიძე
ალექსანდრე მიქაბერიძე

–​ რითაა შენი კვლევა გამორჩეული, უნიკალური?

– მიუხედავად ნაპოლეონის ისტორიოგრაფიის მრავალფეროვნებისა, იგი მაინც ძალზედ ევროცენტრისტულია. მაგრამ თუ ჩვენ პერსპექტივას გავაფართოებთ, დავინახავთ, რომ ნაპოლეონის ომებმა არანაკლები ზეგავლენა იქონიეს სხვა კონტინენტებზე, ვიდრე თავად ევროპაზე. დღემდე მიკვირს, რომ 1812 წლის შეერთებულ შტატებსა და ინგლისს შორის კონფლიქტს არ განვიხილავთ როგორც ნაპოლეონის ომების შემადგენელ ნაწილს. ერთი პერიოდი მწყინდა რომ ნაპოლეონის ომებზე საუბრისას საერთოდ არ ახსენებდნენ საქართველოში და ზოგადად კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს, არადა ისინიც ხომ ევროპაში არსებულ ვითარების ანარეკლი იყო. ნაპოლეონის ომებმა ასევე უდიდესი როლი ითამაშეს სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის ბედში. ან კიდევ ავიღოთ აზია: ფრანგული ექსპანსიონიზმის შიში უბიძგებს ბრიტანეთის ხელისუფლებას, ოსტ ინდოეთის კომპანიის მეშვეობით, გააფართოოს კოლონიები როგორც ინდოეთის სუბკონტინენტზე ასევე სამხრეთ და დასავლეთ აზიაში. ასე მაგალითად, ნაპოლეონის ინდოეთისკენ ექსპანსიის შესაკავებლად, ბრიტანული საექსპედიციო კორპუსი გაიგზავნა იემენში, მასკარენის კუნძულებზე, დღევანდელ ინდონეზიაში, ვიეტნამში, და ჩინეთში! იაპონიაც აღმოჩნდა ჩათრეული ამ დაპირისპირებაში - ცალკე რუსები უტევდნენ 1804-1806 წლებში, და ცალკე ბრიტანელები, რომლებმაც 1808 წელს ნაგასაკიზე მოაწყვეს რეიდი.

–​ მოკლედ შენ აჩვენებ რომ ევროპის შუაგულში „ამოხეთქილი ვულკანის“ სიძლიერე იგრძნობა მთელ მსოფლიოში... და რა ზეგავლენას ახდენს ეს „ვულკანი“ საქართველოზე?

– ამ წიგნის დაწერისკენ სწორედ არსებულ ისტორიოგრაფიაში ქართული კვალის არ დანახვამ მიბიძგა. კავკასიაში მიმდინარე მოვლენები უშუალო კავშირში იყო ევროპაში მომხდარ გარდატეხებთან. რუსეთთან საქართველოს დაახლოვება და გეორგიევსკის ხელშეკრულება ყველა ჩვენგანისათვის ცნობილია. იმავე პერიოდში ყაჯართა დინასტია სამხრეთ კავკასიაზე ბატონობისთვის რუსეთს ებრძოდა. სპარსელები ეძებდნენ მოკავშირეებს ევროპაში, ხოლო იქ არსებულმა პოლიტიკურმა ვითარებამ დიდი როლი ითამაშა ამ „დიდი თამაშის“ კავკასიაზე განვრცობაში. აზიაში ფრანგული ექსპანსიის შიშით, ინგლისელებმა ირანთან დაახლოვება სცადეს და 1798-1800 წლებში სამხედრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეკრულებებიც გააფორმეს. მაგრამ 1801-1802 წლებში ევროპაში ომის (დროებითი) დასრულების შემდეგ ლონდონმა დაკარგა ინტერესი ამ ალიანსის მიმართ. არადა სწორედ ამ დროს რუსეთი იწყებს აქტიურ ექსპანსიას კავკასიაში - ქართლ-კახეთის სამეფოს ანექსია, პავლე ციციანოვის სამხედრო კამპანიები სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიაში, რუსეთ-სპარსული ომის დაწყება 1804 წელს. ამავე დროს, ევროპაში იფეთქა ნაპოლეონის ომებმა. ბუნებრივია, რომ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლმა სპარსეთის შაჰმა ფათ ალიმ და ნაპოლეონმა მალე საერთო ინტერესი დაინახეს და 1807 წელს გააფორმეს კიდევაც ანტირუსული ალიანსი, რომლითაც ნაპოლეონმა სცნო სპარსეთის ზეგავლენა საქართველოში და გაგზავნა სამხედრო მისია სპარსული ჯარის ევროპულ ყაიდაზე გასაწვრთნელად და კავკასიის რუსეთისგან დასახსნელად. მაგრამ სპარსელებს ბედმა უღალატა - რუსეთმა მალე მიაღწია შეთანხმებას საფრანგეთთან და ტილზიტში ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულებით ნაპოლეონმა სცნო უკვე რუსეთის ზეგავლენა კავკასიაში. ამით განრისხებულმა სპარსეთის შაჰმა განდევნა ფრანგული სამხედრო მისია და მოლაპარაკებები გააბა ბრიტანელებთან, რომლებიც მხოლოდ მოხარულები იყვნენ ფრანგული საფრთხის თავიდან ასაცილებლად, გაეფორმებინათ სამხედრო თანამშრომლობა სპარსეთთან. ასე რომ 1812 წლისათვის იქმნება საინტერესო ვითარება: ნაპოლეონის რუსეთში შეჭრის შემდეგ, პეტერბურგსა და ლონდონს შორის ახალი ალიანსი იქმნება და ევროპაში ისინი ერთად ებრძვიან საფრანგეთს, მაგრამ ამავე დროს სამხრეთ კავკასიაში რუსული ჯარების წინააღმდეგ, სპარსეთის ჯარს ბრიტანელი ოფიცრები მიუძღოდნენ!

–​ შენი წიგნის წაკითხვის შემდეგ იქმნება შთაბეჭდილება, რომ მე -19 საუკუნის დასაწყისში საფრანგეთისა და ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტა გლობალურად ფიქრობდა. მეორეს მხრივ, 200 წლის განმავლობაში ისტორიოგრაფიული მიდგომა საკმაოდ პროვინციულად ჩანს ... როგორ ავხსნათ ეს?

– დიახ, და ეს მით უფრო გასაკვირია, რომ ფრანგმა რევოლუციონერებს საფრანგეთში მიმდინარე მოვლენები მიაჩნდათ მსოფლიო მნიშვნელობის და არა მხოლოდ ფრანგულ ან ევროპულად! ამ ისტორიოგრაფიულ სივიწროვეს რამდენიმე მიზეზი აქვს: ასეთ ფართო ისტორიულ ტილოზე ერთდროულად რამდენიმე ძაფის ჩაქსოვის სირთულე, ენობრივი პრობლემა, ვიწრო ეროვნული მსოფლმხედველობა, ინტელექტუალური სიზარმაცე...

–​ რა როლი ითამაშეს ნაპოლეონის ომებმა თანამედროვე სამყაროს ფორმირებაში?

– რეფორმაციასა და პირველ მსოფლიო ომის სამსაუკუნოვან პერიოდში ნაპოლეონის ომები იყო სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების ყველაზე ძლიერი ფაქტორი. განსაკუთრებით დიდია ნაპოლეონის ომების გავლენა მე-19 საუკუნეზე. ამ ომებმა შეცვალეს მთელი რეგიონების ბედი, შეარყიეს ცხოვრების ტრადიციული სტილი და ისეთი ინსტიტუციების ლეგიტიმურობა, როგორიცაა მონარქია, არისტოკრატია, მონობა. მათ ძირეულად გარდაქმნეს პოლიტიკური სუვერენიტეტის ბუნება. ამ კონფლიქტებმა აიძულეს ევროპული სახელმწიფოები დაეწყოთ რეფორმირებისა და მოდერნიზაციის მტკივნეული პროცესი, რომელმაც შეცვალა ძალთა ბალანსი და საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე მსოფლიოს.

–​ ამჟამად რაზე მუშაობ?

– ამჟამად რამდენიმე ვრცელ თემაზე ვწერ კვლევებს. ოქსფორდის უნივერსიტეტის დაკვეთით ვასრულებ სახელგანთქმული რუსი გენერლის მიხეილ კუტუზოვის ახალ ბიოგრაფიას რომელიც ახლებურად წარმოაჩენს ამ „ჩრდილოეთის მელას“, როგორც მას ნაპოლეონი უწოდებდა. იმავე უნივერსიტეტის გამომცემლობის თხოვნით ასევე ვმუშაობ ლუიზიანის შესყიდვის ახალ, საერთაშორისო, ისტორიაზე. მაგრამ ჩემთვის ყველაზე საინტერესო პროექტია წიგნი ახლო აღმოსავლეთში ქართველთა მოღვაწეობაზე. დიდი იმედი მაქვს რომ მკითხველს მალე მიეცემა საშუალება გაეცნოს მას.

ეს კვირა ჩეხეთისთვის სეისმურად აქტიური გამოდგა და რყევები უკვე ბრიუსელშიც იგრძნობა.

ევროკავშირი და ნატო ჯერაც აანალიზებენ, თუ რა მოხდა სინამდვილეში აღმოსავლეთ მორავიაში შვიდი წლის წინ. დასკვნების გაკეთება კი ნაადრევია, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლეთის რეაქცია ამ დრომდე საკმაოდ სუსტია. ცხადია, ამაში როლი ითამაშა ჩეხების ორაზროვანმა პოზიციამ და ზოგი ქვეყნის უარმა, რუსეთთან საქმე სერიოზულად დაიჭიროს. მაგრამ საკითხავი ისაა, ამის მიღმა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დიდი გახლეჩა ხომ არ დგას.

2014 წელს ქალაქ ვრბეტიცეში, საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებას ყველაზე მეტად რუსეთის ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულიას გაზ ნოვიჩოკით მოწამვლა გავს, რომელიც 2018 წელს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოხდა.

ორივე ინციდენტი ევროკავშირისა და ნატოს ტერიტორიაზე მოხდა, ორივეს უკან სავარაუდოდ ერთი და იგივე რუსი აგენტები დგანან და ორივე შემთხვევაში უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ. ბრიტანეთში - ქალი, რომელიც შეეხო სუნამოს ბოთლს, სადაც ნერვული აგენტი ინახებოდა. ჩეხეთში კი ორი მუშა, რომლებიც საწყობში მუშაობდნენ.

მთავარი განსხვავება ისაა, რომ სოლსბერიში 4 მარტს მომხდარი თავდასხმა ლამის პირდაპირ ეთერში გაშუქდა, მომდევნო კვირებში კი ტელევიზიებმა დიდი დრო დაუთმეს მის დეტალებსა და შემდეგ გაკეთებულ აღმოჩენებს. ჩეხეთში ახალი ამბები 17 აპრილს, შაბათს საღამოს გავრცელდა, რამაც სრულიად ახლებურად წარმოაჩინა მოვლენები, რომელიც უმეტესობას უკვე დავიწყებული ჰქონდა.

ისიც, რომ სკრიპალზე თავდასხმა ლონდონის შორიახლოს მოხდა, შესაძლოა ხსნიდეს , თუ რატომ დაინტერესდა მედია სოლსბერითი იმაზე გაცილებით მეტად, ვიდრე ვრბეტიცეთი. ორშაბათს, 19 აპრილს, როდესაც ევროკომისიის პრეს გუნდი მედიის კითხვებს პასუხობდა, ბევრმა იკითხა Covid-19-ის ვაქცინებისა და იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს ბრიუსელი ევროპული საფეხბურთო სუპერლიგის იდეეაზე. მხოლოდ ერთი კითხვა დაისვა პრაღაში გაკეთებულ აღმოჩენაზე, რომლის თანახმადაც მოსკოვმა თავდასხმა ბლოკის სიღრმეში განახორციელა და ევროკავშირის ორი მოქალაქე მოკლა. აქ ევროკავშირი, ნატოს მსგავსად, შაბლონური პასუხით შემოიფარგლა.

ისიც უნდა ითქვას, რომ შოკისმომგვრელი აღმოჩენიდან ხუთ დღეში ნატომაც და ევროკავშირმაც სრულფასოვანი განცხადებები გააკეთეს, აღუთქვეს რა პრაღას სოლიდარობა და ასევე “ღრმა შეშფოთება”გამოხატეს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. ვიღაცას შეიძლება კითხვა გაუჩნდეს, რატომ დასჭირდა ორივე ორგანიზაციას ამდენი დრო ასეთ “ცხელ” ამბავზე განცხადების გასაკეთებლად, მაგრამ სოლსბერის შემთხვევაში ეს დრო კიდევ უფრო დიდი იყო - იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებას თავდაპირველად არც თუ ისე ბევრი საქმე ჰქონდა.

მთავარი კითხვა ახლა ისაა, რამდენი დამთხვევა იქნება ამ ორ ინციდენტს შორის. სკრიპალების შემთხვევაში, სხვა ქვეყნებს მთელი სამი კვირა დასჭირდათ იმისთვის, რომ სოლიდარობის ნიშნად რუსი დიპლომატები გაეძევებინათ. მაშინ ევროკავშირის 16-მა წევრმა 33 ადამიანი გააძევა, აშშ-მა - 60, სხვა ქვეყნებმა (ავსტრალია, კანადა, საქართველო, უკრაინა) კი ჯამში 27 დიპლომატი გააბრუნეს მოსკოვში. ნატომ ასევე გააძევა შვიდი რუსი და სამხედრო ორგანიზაციაში აკრედიტაციის მიმღებთა რაოდენობა 20 ადამიანამდე დაიყვანა. ათი თვის შემდეგ, ევროკავშირმა აქტივები გაუყინა და მის ტერიტორიაზე შემოსვლა აუკრძალა რუსეთის ორ აგენტს და რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის (გრუ-ს) უფროსსა და მის მოადგილეს.

Ახლა კი სლოვაკეთმა არ დააყოვნა და მალევე გააძევა ქვეყნიდან 3 რუსი დიპლომატი, ბალტიის ქვეყნებმა კი განაცხადეს რომ ერთობლივი ძალებით 4 ადამიანს გააძევებენ. არ არის გამორიცხული, მომდევნო დღეებში მათ სხვა ქვეყნებმაც მიბაძონ. თუმცა ჯერაც უცნობია, იქნება კი რეაქცია ისეთი მასშტაბური, როგორ სოლსბერის შემთხვევაში. Მაშინ, როგორც კი დიდმა ბრიტანეთმა დაადგინა, რომ თავდასხმის უკან რუსეთი იდგა, მან სწრაფად და ხისტად იმოქმედა მოკავშირეებისგან მხარდაჭერის მისაღებად.

ჩეხები ოდნავ უფრო ფრთხილობენ. საქმე იმანაც არია, რომ ამ კვირაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მეთაურმა ჯოზეპ ბორელმა განაცხადა, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირსგან რუსი დიპლომატების კოორდინირებული გაძევება არ მოუთხოვიაო. ამ უკანასკნელმა შემდეგ საპირისპირო რამ თქვა, დიახაც, კოლეგა მინისტრს ამაის განხილვა ვთხოვეო. მსგავსი მესიჯი ნატოშიც გავრცელდა, ამასთან, გაისმა მოწოდება წევრ ქვეყნებში რუსეთის ელჩების დაბარებასა და მოსკოვში ჩეხეთის საელჩოს განახევრებული შემადგენლობისთვის დახმარების გაწევის თაობაზე.

გერმანიამ და შვედეთმა უკვე გამოთქვეს მზაობა, დაეხმარონ ჩეხეთის საელჩოს. მაშინ, როდესაც სხვები, შესაძლოა, ელჩების დაბარებას დასჯერდნენ, რათა მოსკოვი გაძევებებით არ გააღიზიანონ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც.

ამ უმოქმედობას დასავლელი დიპლომატები სხავდასხვაგვარად ხსნიან. ზოგი ამბობს, რომ ახლა არ არის საუკეთესო დრო დიპლომატების გასაძევებლად, განსაკუთრებით უკრაინის გარშემო არსებული დაძაბული ვითარების გათვალისწინებით და რომ აფეთქება ჩეხეთში დიდი ხნის წინ მოხდა. იმასაც ამბობენ, (თან სრულიად სამართლიანად), რომ ჩეხეთს საკუთარი პოზიცია მკაფიოდ არ დაუფიქსირებია. საგარეო საქმეთა მინისტრი შუა კვირაში შეიცვალა, პრემიერ-მინისტრმა ჯერაც ვერ გადაწყვიტა, თუ რა დაარქვას ვრბეტიცეში მომხდარ ინციდენტს, პრეზიდენტი კი ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს.

უმრავლესობამ ის თქვა, რომ ვითარებას დააკვირდება და შემდგომ მოქმედებებზე მაშინღა დაფიქრდება, როდესაც მოსკოვსა და პრაღას შორის ვნებები ოდნავ ჩაცხრება. ამ დროისთვის საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები ჩეხეთის შიგნით მოხდება. სხვები კი, ევროკავშირისა და ნატოს რამდენიმე აღმოსავლელი წევრის გამოკლებით, რუსეთთან საქმეებს ჩვეულებრივად გააგრძელებენ. მოვლენების მსგავსმა განვითარებამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გაამყაროს უკვე არსებულ რწმენას იმის თაობაზე, რომ კონტინეტის დასავლეთ ნაწილს ჯერაც სხვა პრიორიტეტები და სხვაგვარი რეაქციები აქვს აღმოსავლეთთან შედარებით.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG