პოლიტიკური კრიზისის, კოვიდ-19 პანდემიისა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ეროვნული გამოწვევების ფონზე, ძნელია პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოიტანო და შეინარჩუნო ისეთი საკითხები, როგორებიცაა არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების ჩაგვრა, გარიყვა და დისკრიმინაცია. მით უფრო, რომ ნეგატიური და პრობლემური საკითხების იმგვარად წარმოჩენა, რომ ისედაც უკიდურესად დაძაბული ყოფით გადაღლილი და გაღარიბებული მოსახლეობის კეთილგანწყობა და მხარდაჭერა მოიპოვო, შეუძლებელ მისიას ჰგავს. თუმცა, როცა სხვა გზა არ გაქვს, იძულებული ხარ, მაინც ისაუბრო.
რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ფერადკანიანი ამერიკელი საზოგადო მოღვაწის, W.E.B. Du Bois-ის ბიოგრაფიის კითხვისას, საინტერესო ფაქტს გადავაწყდი. უილიამ ედვარდ ბარგჰარდტ დუ ბოისი პირველი ფერადკანიანი ამერიკელი იყო, რომელმაც ჰარვარდის უნივერსიტეტში დოქტორის ხარისხი მიიღო. დაჯილდოების ცერემონიალზე მან დამსწრე საზოგადოებას ასე მიმართა: „პატივი, გარწმუნებთ, რომ ჰარვადისაა.“
შესაძლოა გაიფიქროთ, რომ დუ ბოისის სიტყვები მის ამპარტავნობაზე და ზედმეტ თავმოყვარეობაზე მიუთითებს, სინამდვილეში კი, მისი ეს სიტყვები ამერიკის მაშინდელ განათლების სფეროში არსებული სეგრეგაციის, სტრუქტურული რასიზმის და სისტემური დისკრიმინაციის გაშიშვლება და მეინსტრიმული ნარატივების თავდაყირა დაყენებაა. „პატივი ჰარვარდისაა“ ნიშნავს, რომ აქამდე ფერადკანიანებს შორის დოქტორის ხარისხის მქონე პირების არარსებობა, პირველ რიგში, სწორედ ჰარვარდისა და ჰარვარდის მსგავსი უნივერსიტეტების ბრალია და არა ფერადკანიანი ამერიკელების ჩამორჩენილობის ან/და გაუნათლებლობის.
ჩვენს კონტექსტს რომ დავუბრუნდეთ, საქართველოში ყოველწლიურად 1000-მდე სხვადასხვა არადომინანტური ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდა სტუდენტი ხდება და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ამ ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობა ქართულ უმაღლეს განათლებაში 1+4 პროგრამის საშუალებით ხვდება. ეს პროგრამა არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის საშეღავათო პოლიტიკას ითვალისწინებს: ეროვნულ გამოცდაზე მშობლიურ ენაზე ჩაბარებული უნარების შემდეგ, ერთი წლის (1+4 პროგრამის პირველი წელი) განმავლობაში სტუდენტები ემზადებიან მხოლოდ ქართულ ენაში. ხოლო ქართული ენის გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, 4-წლიან საბაკალავრო პროგრამას იწყებენ. მოსამზადებელ კურსზე ქართულის ენის სწავლა ფასიანია: ახალგაზრდები ქართულ ენაში მომზადებისთვის 2250 ლარს იხდიან, იმავე თანხას, რასაც ბაკალავრის სტუდენტები.
დღეს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ამ პროგრამასთან დაკავშირებით პრობლემურია. ჩვენი მთავრობის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის და განათლების სამინისტროს აზრით, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებმა მადლობა უნდა გადაუხადონ სისტემას, რომ 1+4 პროგრამა არსებობს და მათ უმაღლესი განათლების შესაძლებლობა აქვთ.
მთავრობის დეკლარირებული პოზიციის მიხედვით, არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებისთვის ქართული ენის სწავლა ქვეყნის პრიორიტეტია. და მაინც, ქართული ენის სწავლაში ამ ახალგაზრდებმა 2250 ლარი უნდა გადაიხადონ.
1+4 პროგრამის არსებობას მრავალი სტრუქტურული და ფუნდამენტური მიზეზი აქვს. ქვეყნის მასშტაბით, სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა 70%-ია მაშინ, როდესაც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა მხოლოდ 25.5%. არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებით დასახლებულ რეგიონებში სკოლების უმრავლესობა მძიმე მდგომარეობაშია, არსებობს კვალიფიციური მასწავლებლების, ბაზისური ინფრასტრუქტურის და ამორტიზებული შენობების პრობლემაც კი. 30-წლიანი დამოუკიდებლობის მიუხედავად, სახელმწიფო ვერ ავსებს იმ უფსკრულს, რომელიც ზოგად განათლებაში არადომინანტურ ეთნიკურ ჯგუფებსა და დომინანტ ჯგუფს შორის არსებობს. PISA-ს ბოლო შედეგების მიხედვით, საქართველოში 100 ქულით ჩამოუვარდება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების შედეგები დანარჩენებს. ხშირად ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციას ეთნიკური ქართველების დიდი ნაწილი არ ფლობს, ხოლო ქართული ენის არცოდნის საკითხს თავად უმცირესობებს აბრალებენ.
ასეთ რეალობაში Du Bois-ის პერსპექტივას თუ დავესესხებით, მადლობა სისტემამ, მთავრობამ და საზოგადოებამ უნდა გადავუხადოთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ასეთ ჩაგრულ და უთანასწორო პირობებში, ირჩევენ ქართულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებას. ნამდვილად, ამ ახალგაზრდების წინაშე ბოდიში და მადლობა ჩვენ გვეკუთვნის.
უფრო მეტიც, ქართული ენის სწავლისთვის შენი მოქალაქისთვის 2250 ლარის გადახდის დავალდებულება სირცხვილია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.