Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ხუთშაბათი, 14 ოქტომბერი 2010

რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოკავკასიელი ხალხებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებით, საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი, რომელიც თბილისს ავალდებულებს, იმოქმედოს ძალიან ფრთხილად, რათა არ აღმოჩნდეს ხაფანგში, საიდანაც თავის დაძვრენა ძვირად დაუჯდება.

ამ შემთხვევაში მთავარ საფრთხედ არ მიმაჩნია მხოლოდ ანტიქართულად განწყობილი საზოგადოება „დარიალის“ წევრების შემოღწევა საქართველოს ტერიტორიაზე, თრუსოს ხეობაში. ბოლოს და ბოლოს, ამ საზოგადოების აქტივისტების ვინაობა ცნობილია და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუჭირდება, უთვალთვალოს მათ საზღვრის გადაკვეთის მომენტიდან მთელი 90 დღის განმავლობაში.

ნაწილობრივ ვიზიარებ იმ მოსაზრებასაც, რომ ტერორისტული და დივერსიული ჯგუფები არ მოძრაობენ სპეციალური დეტექტორებით აღჭურვილი სასაზღვრო ტერმინალების გავლით და რომ, თუ რუსეთმა მოისურვა, ასეთი შეიარაღებული ჯგუფების შემოგზავნა არ უნდა გაუჭირდეს ჩრდილოეთ კავკასიასთან დამაკავშირებელი სასაზღვრო უღელტეხილებიდან. მაგრამ საქმე ისაა, რომ თუ აქამდე ამისათვის რუსეთს დასჭირდებოდა გარკვეული ძალისხმევა, მეგზურების დაქირავება, სხვა მიმართულებით ყურადღების გადატანა, ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების გაღება, ამჯერად კრემლის სპეცსამსახურებს საქმე გაუიოლდებათ. მეტიც, სამომავლოდ, არ არის გამორიცხული, პოტენციური ტერორისტები და დივერსანტები საქართველოში გულთბილად და სტუმარმასპინძლობის წესების სრული დაცვითაც მიიღონ.

„ჩრდილოეთ კავკასიის მცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ საქართველოში იმოგზაურონ, დაკავდნენ ბიზნესით, მიიღონ განათლება, დაისვენონ და ისარგებლონ ყველა იმ სიკეთით, რომელსაც კორუმპირებული და რეპრესიული ფედერალური რეჟიმის პირობებში მოკლებული არიან სამშობლოში“, - წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 13 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში.

„კორუმპირებული და რეპრესიული რეჟიმი“ ასეთ შეურაცხყოფაზე პასუხს არ დააყოვნებს და არაფრის წინაშე უკან არ დაიხევს. თანაც, საქართველოს ხელისუფლებამ, სულ მცირე, ექვსი წლით დაიგვიანა. ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მოსკოვმა შექმნა საქართველოსადმი მტრულად განწყობილი რეჟიმები, განავითარა მძლავრი აგენტურული ქსელი. შესაბამისად, მოსკოვის მითითებით, სწორედ ასეთი ელემენტები იმოძრავებენ, ალბათ, უფრო ინტენსიურად საზღვარზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებული სიკეთეების მისაღებად. მეტიც: რუსეთის სპეცსამსახურები შეეცდებიან, შესაბამისი საფარველის ქვეშ (ბიზნესმენი, ტურისტი, პაციენტი), საქართველოში საგანგებო დავალებით შეგზავნონ ტერორისტთა საერთაშორისო სიაში შეტანილ ჯგუფებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი პირები, შეასრულებინონ მათ რაიმე „ბნელი საქმე“ და მერე საქართველოს ტერორისტების მფარველობა დააბრალონ.

იტყვიან, ამის გაკეთება რუსეთს ხომ აქამდეც შეეძლოო. დიახ, შეეძლო, მაგრამ გავიმეორებ, რომ აქამდე ამას დასჭირდებოდა ბევრად უფრო მეტი ძალისხმევა. თანაც, როცა ორ ქვეყანას შორის საზღვარი დაგმანულია და, ამავე დროს, ოკუპაციის შესახებ მკაცრი კანონი მოქმედებს, რუსეთის ქმედება იოლად გაიშიფრებოდა და დასავლეთიც უფრო ირწმუნებდა საქართველოს უცოდველობას, როგორც ეს იყო 2001-2002 წლებში, როდესაც პანკისის ხეობა ჯერ ჩეჩენი მეამბოხეების, შემდეგ კი საერთაშორისო ტერორისტების თავშესაფრად იქცა. 11 ოქტომბრის ხმაურიანი დადგენილებით კი, საქართველოს ხელისუფლებამ ძალაუნებურად კიდევ ერთხელ ახადა თავი პანდორას ყუთს, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ავად თუ კარგად, დახუფული იყო.

აქ ნახსენები შესაძლო საფრთხეების განჭვრეტა და პრევენცია, ალბათ, არ გაუჭირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. ბოლოს და ბოლოს, ევროპაში აპრობირებულია, დაავალდებულო ნებისმიერი სტუმარი, განსაზღვროს საკუთარი სამართლებრივი სტატუსი, რაც აუცილებლად გულისხმობს აღრიცხვაზე დადგომას პოლიციის განყოფილებაში. ოღონდ ეგაა, რომ ქვეყანას მოუწევს, კიდევ უფრო დიდი თანხები გამოყოს უსაფრთხოების სისტემის გასაძლიერებლად იმ პირობებში, როდესაც ბიუჯეტის თითქმის ნახევარი ისედაც პოლიციასა და არმიაზე იხარჯება.
დღეს მინდა გესაუბროთ ერთ პოლიტიკურ დილემაზე, რომელზეც ბოლოხანს ბევრჯერ მიფიქრია.

საიდუმლო არ არის, რომ ძალიან არ მომწონს ჩვენი დღევანდელი ხელისუფლების მართვის სტილი. ეს სტილი მიმაჩნია არადემოკრატიულად, არაჰუმანურად, ხშირ შემთხვევაში, არარაციონალურად.

სხვათა შორის, თავად ხელისუფლებაც არ უარყოფს, რომ დემოკრატიული მართვა სამომავალო ამოცანაა, მანამდე კი სხვა პრობლემებია გადასაჭრელი, რომელთა მოგვარებას დემოკრატია ხელს ვერ შეუწყობს: მაგალითად, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, სტაბილურობა, მოდერნიზაცია, დასაქმება, სიღატაკის აღმოფხვრა.

სინამდვილეში, უშლის თუ არა ხელს დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერე ზემოთ ჩამოთვლილი რომელიმე პრობლემის მოგვარებას, ცალკე საუბრის თემაა. ოღონდ, ხელისუფლების მომხრეები ხსნიან, რომ ახლა სახელმწიფოს განვითარებისთვის სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დაუსრულებელი კამათი თითოეული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობაზე.

საქართველოში არის მოსახლეობის ნაწილი (ძნელი სათქმელია, რა ნაწილია), რომელიც ენდობა ხელისუფლებას და მართვის მის მიერ არჩეულ სტილსაც ეთანხმება. ამავდროულად, არც მე ვარ მარტო და, ცხადია, ჩემნაირადაც არაერთი ადამიანი ფიქრობს. შესაბამისად, საზოგადოება გაყოფილია, სულ მცირე, სამ ნაწილად: ისინი, ვინც ძლიერი პრეზიდენტის მომხრეებად შეგვიძლია მივიჩნიოთ; ისინი, ვისთვისაც ანტიდემოკრატიული ხელისუფლება პრინციპულად მიუღებელია; და ისინი, ვისაც ეს საკითხი ნაკლებად აღელვებს (ესე იგი, ვისთვისაც სულ ერთია, როგორ ქვეყანაში ცხოვრობს).

დემოკრატიული მართვა სამყაროს იმ ნაწილის ცხოვრების წესია, საითკენაც საქართველოს სახელმწიფო მიისწრაფვის, ყოველ შემთხვევაში, დეკლარირებულად. ევროპის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები სწორედ ამ წესით ცხოვრობენ. მეორე მხრივ, აქვეა რუსეთი, რომლის ხელისუფლებაც, ჩვენი ხელისუფლების მსგავსად, ათას მიზეზს პოულობს აღმასრულებელი ვერტიკალის გასაძლიერებლად და დემოკრატიული ინსტიტუტების დასასუსტებლად.

თუმცა, დემოკრატიის მიმართ დამოკიდებულების მიუხედავად, დასავლეთის სახელმწიფოების ოფიციალური პოზიცია არის პირადად მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი. ეს დასტურდება როგორც საქართველოში ჩატარებული არჩევნების დადებითად შეფასებით, ისე ომისშემდგომი უპირობო ფინანსური დახმარებით, ისე თვალის დახუჭვით დემოკრატიული ინსტიტუტების – პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის, სასამართლოს, მედიის, ოპოზიციის – სისუსტეზე. საქართველოს სახელმწიფო არის აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი და საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი, თავისი სუსტი და ძლიერი მხარეებით – თუ სიმართლეს ვიტყვით – მთლიანად მისაღებია აშშ-ისთვის. მისაღებია, იმის მიუხედავად, რომ 7 წელიწადია, ქვეყანას მართავს ერთი პარტია, რომელსაც მუდმივად ჰყავს საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში, უმრავლესობა – აბსოლუტურად ყველა საკრებულოში და ათიათასობით მომიტინგე – ქუჩაში.

ამიტომ, ნებისმიერი სამოქალაქო თუ პოლიტიკური განცხადება, რომელშიც გამოხატული იქნება მიხეილ სააკაშვილის, როგორც პრეზიდენტის, პრინციპული მიუღებლობა, თავისი არსით გამოდის ანტიამერიკული. ლოზუნგი „არ გვინდა მიშა! არ გვინდა რუსეთი!“ გამოხატავს ძალიან გულუბრყვილო პოზიციას, რომელსაც ორიოდე გულშემატკივარიც არ ეყოლება საქართველოს საზღვრებს მიღმა და რომელიც, ამის გამო, მარცხისთვის არის განწირული.

ირაკლი ალასანია იმ პოლიტიკოსს ჰგავს, რომელიც ცდილობს, მრავალი რისკის ფასად დარჩეს დასავლურ ორბიტაზე და იმ შემთხვევაში, თუკი მიხეილ სააკაშვილი მიუღებელი აღმოჩნდება ძლიერი პარტნიორისთვის, მისი ჩანაცვლება სცადოს. ამიტომ, ალასანიას მხრიდან სააკაშვილის კრიტიკა ყოველთვის კონსტრუქციულია და, კრიტიკაზე მეტად, მხარდაჭერას ჰგავს. ხოლო ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამჟამინდელ ხელისუფლებას გულიანად აკრიტიკებენ, ადრე თუ გვიან, ვლადიმირ პუტინის კაბინეტში აღმოჩნდებიან ხოლმე.

შევაჯამოთ: იმის გამო, რომ დასავლეთი არათუ ხელს უშლის, პირიქით, ხელს უწყობს მასთან საქართველოს დღევანელი ხელისუფლების იდენტიფიკაციას, „ანტიმიშას“ ნებისმიერი გამოვლენა თავად დასავლეთის პოზიციიდან აღიქმება, როგორც ანტიდასავლური გამოხტომა. ის მოქალაქეები და პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მართვის არადემოკრატიული სტილი ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, ნებსით თუ უნებლიეთ, განდევნილნი არიან პრორუსულ ბანაკში. ვისაც არ უნდა, პრორუსული ბანაკის ნაწილი აღმოჩნდეს, ადრე თუ გვიან, იძულებული იქნება, ზომიერ კალაპოტში მოაქციოს ამჟამინდელი ხელისუფლების კრიტიკა (როგორც ამას ირაკლი ალასანია აკეთებს).

კიდევ ვამბობ: მე კატეგორულად არ მომწონს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ანტიდემოკრტიული, ანტიჰუმანური მმართველობა; მაგრამ მთლიანად ვემხრობი საქართველოს პროდასავლურ ვექტორს. ჩვენი სახელმწიფოს დასავლელი პარტნიორები კი სრულად უჭერენ მხარს მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის პოსტზე.

შესაბამისად, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ასეთი ალტერნატივა მაქვს:

1. ან ხმას ვაძლევ პროდასავლურ ორიენტაციას და, ესე იგი, მიხეილ სააკაშვილის გუნდის გაძლიერებას;
2. ან ხმას ვაძლევ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და ვაძლიერებ პრორუსულ ბანაკს;
3. ან არ მივდივარ არჩევნებზე და ამ ნაბიჯითაც ირიბად ვაძლიერებ ამჟამინდელ ხელისუფლებას.

დილემა არის ვითარება, როდესაც ორი არასასურველი შესაძლებლობიდან აუცილებელია ერთ-ერთის არჩევა. ჩემი არჩევანი პროდასავლური ორიენტაციაა.

ახლა ძალიან სერიოზული, ჯერჯერობით უპასუხო შეკითხვა მაქვს ჩვენი ბლოგის მკითხველებთან და კომენტატორებთან: რა არის ის დასავლური ფასეულობა, რომლის ერთგულების გამო, იძულებული ხდები, შენს საკუთარ სამშობლოში გააძლიერო არსებითად ანტიდასავლური შინაარსის ხელისუფლება?

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG