რამდენიმე დღის წინ, ღამის სამის ოცდარვა წუთზე, ფეისბუკის მეგობარმა David Dobo-მ, რომელსაც პირადად არ ვიცნობ, ასეთი შეკითხვა გამოგზავნა ჩემს კედელზე: „ია, მაინტერესებს: რა არის თავისუფლება? თუ შეგიძლია, 2 სიტყვით“.
კარგია, როცა შუაღამისას ისე შეგაწუხებს ეს შეკითხვა, რომ მეორე ადამიანთან დალაპარაკებას მოგანდომებს. მაგრამ ორი სიტყვით ახსნა ნამდვილად არ შემეძლო.
არადა, შეკითხვა ამეკვიატა და ვგრძნობდი, რომ პასუხისგან თავს ვერ დავიხსნიდი. სხვა დროს, შესაძლოა, ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ აქ და ახლა რომ გკითხავენ, თავისუფლება რა არისო, თუ პასუხს გაექეცი, ესე იგი, ეგუები იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობ.
მე კი მგონია, რომ ვერ ვეგუები.
როცა ვფიქრობ – რას ვერ ვეგუები? – ერთი შემთხვევა მახსენდება. შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლები იყო. ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ გიგა ბოკერია და ასლან აბაშიძის გუნდის ახალგაზრდა წევრი – არ მახსოვს, ცოტნე ბაკურია თუ სანდრო ბრეგაძე. გიგას ინტელექტუალური უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა, როდესაც მან ოპონენტს საბოლოო, „მომაკვდინებელი“ შეკითხვით მიმართა: „აი, მე შემიძლია, მწვავედ გავაკრიტიკო შევარდნაძე, ჟვანია, სააკაშვილი და ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც დამისახელებ; შენ შეგიძლია, გააკრიტიკო ასლან აბაშიძე? აბა, ცადე... იქნებ, ქვეყანა არ დაიქცეს?!“
ეს ეპიზოდი ბოლო წლებში ხშირად მახსენდება, როდესაც გიგა ბოკერიას ვუსმენ. ადამიანი, რომელიც აშკარა ინტელექტუალურ უპირატესობას ფლობდა ოპონენტის წინაშე, ტკბებოდა არა საკუთარი ცოდნით, არამედ – თავისუფლებით. დღეს კი ცოტნე ბაკურიას და სანდრო ბრეგაძეს შეუძლიათ, გააკრიტიკონ სააკაშვილიც, აბაშიძეც და სხვებიც, ხოლო გიგა ბოკერიას – აღარ შეუძლია! თავისუფალი ადამიანი ნებაყოფლობით გადაიქცა არათავისუფალ ადამიანად და მთელი თავისი ინტელექტით აძლიერებს ხელისუფლებას, რომელიც სხვების თავისუფლებას თრგუნავს.
ამბობენ, რომ ძალაუფლების ხიბლი ადამიანებს ცვლის. მაგრამ რა არის ამ ხიბლის შინაარსი – ძალა? გადაწყვეტილებების მიღების უპირატესობა? სიტუაციის მართვა? იქნებ, ეს ყველაფერი ილუზიაა?.. სინამდვილეში, ვინ არის ძლიერი? ვინ წყვეტს? ვინ მართავს პროცესს? ის, ვინც ძალაუფლებას ფლობს, თუ ის, ვინც თავისუფლებას ირჩევს? რომელია ძლიერი – ვარსქენ პიტიახში თუ შუშანიკი? კრეონტი თუ ანტიგონე? მეფე შარლ VII თუ ჟანა დ’არკი? რომელია მათ შორის გადაწყვეტილების მიმღები? რომლის ხელშია პროცესის მართვა?
2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც ხელისუფლებამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, ახალგაზრდა ქალი, პროტესტის ნიშნად, პირდაპირ ასფალტზე წინ ჩაუჯდა მანქანას, რომელიც ჭავლს აფრქვევდა და ხალხისკენ მიიწევდა. ასევე მოიქცა ახალგაზრდა ვაჟი ბათუმში, რევოლუციის წინა დღეებში – იგი წინ გადაუდგა წყლის ჭავლის მფრქვევ მანქანას, რომელიც აბაშიძის რეჟიმს განასახიერებდა.
რეჟიმის განმახორციელებელ პირებს თუ მანქანებს თავისუფალი ნების პირისპირ მხოლოდ ერთი არჩევანი აქვთ – სასჯელი. თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების დასჯა კი შეუძლებელია საკუთარი თავისუფლების, საკუთარი ღირსების დათმობის გარეშე.
ვარსქენ პიტიახშს ძალიან არ უნდოდა, რომ შუშანიკის ჭკუაზე ევლო, მაგრამ სხვა არჩევანი აღარ დაიტოვა: უნდა ეცემა, თმით ეთრია და ციხეში გამოეკეტა დედოფალი. თუმცა, ერჩია, მორჩილი ცოლი ჰყოლოდა და სასახლეში მშვიდად ეცხოვრა მასთან ერთად. ვარსქენს ერჩია, მაგრამ საკუთარ ბედს შუშანიკი წყვეტდა, პიტიახში კი მხოლოდ რეაგირებდა. კრეონტი ხომ სულაც ეხვეწებოდა ანტიგონეს: შემიბრალე! შენი ძმის ცხედარი, ჩემი ფანჯრების წინ რომ ლპება, საკმარისი საფასურია წესრიგის აღსადგენად; ნუ მაიძულებ, შენი თავიც მსხვერპლად გავიღოო. ანტიგონე კი უპასუხებდა: რადგან ერთხელ დასთანხმდი ძალაუფლებას, მსხვერპლის გაღებაც განუწყვეტლივ მოგიწევს; თუმცა ხელებზე ნაბორკილარი მეტყობა და შიშისგან გული მიმდის, მაინც მე ვმეფობ და არა შენო! (ჟან ანუი). ამ შემთხვევაშიც ანტიგონე წყვეტდა, კრეონტი კი – რეაგირებდა.
ბარემ, იმასაც ვიტყვი, რომ, ჩემი აზრით, ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლება მანამდეა ძლიერი, სანამ თავისუფალ ადამიანებს გადააწყდება. საკმარისია, რომელიმე ძალაუფალი რომელიმე თავისუფალ ადამიანს გადაეყაროს და მორჩა, იქ მთავრდება ძალაუფლების ზეობა. არჩევანი ქრება და რჩება უალტერნატივო ძალადობა, რომლის მიზეზიც და შედეგიც უძლურებაა. რადგან – თავისუფალი ადამიანი წყვეტს პრინციპებზე, ღირებულებებზე დაყრდნობით; არათავისუფალი კი რეაგირებს პრინციპების და ღირებულებების იგნორირებით.
სწორედ ამიტომ, ბევრი ფიქრის შემდეგ, ასე ჩამოვაყალიბე მოკლე პასუხი ჩემი უცნობი მეგობრის, David Dobo-ს შეკითხვაზე, თუ რა არის თავისუფლება: ჩემთვის თავისუფლება არის მუდმივი მზაობა, რომ არჩევანი ღირსების სასარგებლოდ გააკეთო; არათავისუფლება (მონობა) კი არის მუდმივი მზაობა, რომ არჩევანი გააკეთო ღირსების ხარჯზე.
არჩევანი ღირსების სასარგებლოდ, ან არჩევანი ღირსების ხარჯზე.
ამაზე მნიშვნელოვანი არჩევანი, უბრალოდ, არ არსებობს.