ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, როგორ აფასებს ჩემს საქმიანობას საზოგადოების რომელიმე წევრი. თქვენ – კომენტარების ავტორებს – არ გაქვთ (არ შეიძლება გქონდეთ) ანგარებიანი მიზნები ჩემთან დაკავშირებით, არც ჩემი დაცენზურება შეგიძლიათ და არც სამსახურიდან გაშვება. ერთადერთი, რასაც ჩემგან მოითხოვთ, კეთილსინდისიერი ინფორმაციაა. და თუ არ მოგწონთ ის, რასაც ვაკეთებ, ჩემი პრობლემაა.
ამიტომ ვკითხულობ ერთგვარი ღელვით და შიშით თითოეულ კომენტარს.
მთავარი წინააღმდეგობა ის არის, მაქვს თუ არა უფლება მე, როგორც ჟურნალისტს, საკუთარი აზრი გამოვხატო ზოგადად და, კერძოდ, პოლიტიკურ მოვლენებზე? მაქვს თუ არა უფლება, გულწრფელად ვთქვა, რომ ჩემი საქართველო ჩემს ცნობიერებაშია და რეალობაში რა საქართველოა, არ ვიცი? იმ ფონზე, რომ საკუთარ აზრებს გამოვთქვამ, მაქვს თუ არა უფლება, ვიმუშაო რადიო თავისუფლებაში, რომელსაც 50-წლიანი ობიექტური მაუწყებლობის ისტორია და გამოცდილება აქვს? თუნდაც, სუბიექტურ მოსაზრებებს ვწერდე ბლოგზე, რაც, ფაქტობრივად, ჩემი პირადი დღიურია, ოღონდ, საჯარო სივრცეში გატანილი.
ახლა იმას ვიტყვი, რასაც ამბიციური ჟურნალისტები ამბობენ ხოლმე: ვიღაცის მხარეს კი არ ვარ, ღირებულებების მხარეს ვარ. ჟურნალისტს არათუ უფლება აქვს, ევალება კიდეც ღირებულებების ერთგულება. საკითხავი ისაა, ხომ არ ცდილობს ესა თუ ის ჟურნალისტი – მათ შორის, მეც – საზოგადოების მოტყუებას, აქაოდა, ღირებულებების ერთგული ვარო და სინამდვილეში, მისი პროფესიის მიმართ არსებულ ნდობას რომელიმე პიროვნების, იდეის ან ძალის პროპაგანდისთვის ხომ არ იყენებს?
საზოგადოების ნდობას იწვევს ჟურნალისტის მიერ სტანდარტის დაცვა ხანგრძლივად. სტანდარტი კი მოვლენების კეთილსინდისიერ, სამართლიან გაშუქებას გულისხმობს. შესაბამისად, ჟურნალისტი ღირებულებების ერთგულია თუ პიროვნებების, მისივე ქცევის მიხედვით გაირჩევა. ნდობის მოპოვებას წლები სწორედ იმიტომ სჭირდება, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ხანგრძლივი საქმიანობით უნდა ვაჩვენოთ, ვისი და რისი ერთგული ვართ.
საქართველოში ხშირად ღვივის დაპირისპირების მუხტი და პოლიტიკური ძალებიც ხშირად ცდილობენ, საზოგადოების ცნობიერებაზე გავლენა ჟურნალისტების მეშვეობით მოახდინონ; ცდილობენ, იმგვარად გააშუქებინონ და შეაფასებინონ მათ ფაქტები, როგორც თავად თვლიან საჭიროდ. პოლიტიკური დაძაბულობის მომენტებში ჟურნალისტი ყველაზე უკეთ იცდება: საზოგადოება მისგან მიუკერძოებელ ინფორმაციას ელოდება, პროცესში ჩართული „მოთამაშეები“ კი, სადამდეც ხელი მიუწვდებათ, ჟურნალისტებს მათთვის მომგებიანი ინფორმაციის გავრცელებისკენ უბიძგებენ. ასეთ დროს განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქმება ნებისმიერი სუბიექტური აზრი, ნებისმიერი კერძო მოსაზრება. ეს ჩემთვის გასაგები და მისაღებია.
მეორე მხრივ, ყოველთვის, როდესაც პოლიტიკური პროცესი რადიკალიზაციის ეტაპზე გადადის, ავტომატურად დგება ღირებულებების საკითხი: ვისი პოზიციაა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი? ვისი პოზიციაა სამართლიანი და ჰუმანური? ვინ ამბობს სიმართლეს და ვინ – ტყუილს? ვინ არის ორიენტირებული მომავალზე და ვინ – წარსულზე? ვინ მოქმედებს „სკამის“ მოტივაციით და ვინ – სამშობლოს სიყვარულით?
ამ კითხვებზე პასუხის მოსმენის სურვილი ყოველთვის ახლავს დაძაბულ პოლიტიკურ პროცესებს. და არ არის გასაკვირი, ჟურნალისტი, რომელიც, თავისი პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად ესაუბრება საზოგადოებას, ამ და სხვა კითხვებზე საკუთარი პასუხების საჯაროდ გაცხადებას ცდილობდეს.
საშიშია თუ არა ეს ბუნებრივი სწრაფვა საზოგადოებისთვის?
ხომ ხდება, რომ ჟურნალისტი ამბობს, ნეიტრალური ვარო და, სინამდვილეში, დაპირისპირებულ მხარეთაგან რომელიმესთან ანგარებით არის დაკავშირებული? ხომ ხდება, რომ ჟურნალისტი, რომელიმე უწყების პირველ პირთან ურთიერთნდობის ნიადაგზე, ამ უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელად ინიშნება? ხომ ხშირად ხედავენ რომელიმე ჟურნალისტს რომელიმე საჯარო პირის გარემოცვაში? ხომ არიან ჟურნალისტები, რომლებიც არჩევნების პერიოდში პოლიტიკოსის შტაბში აღმოჩნდებიან ხოლმე ჩასახლებულები?
მეორე მხრივ, ისეთი ჟურნალისტებიც ხომ არიან, რომელთა მიმართაც არ არსებობს უწესობის ეჭვი? ხომ არიან ჟურნალისტები, რომლებსაც კრიტიკულ მომენტში გავლილი აქვთ კეთილსინდისიერების ტესტი?
ჰოდა, თუკი ჟურნალისტი – თავისი პასუხისმგებლობით თუ უპასუხისმგებლობით – პროცესების გულისგულში ტრიალებს და, თანაც, პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად ესაუბრება საზოგადოებას, უნდა მოვუწოდოთ თუ არა მას, საკუთარი აზრები თავისთვის შეინახოს და მხოლოდ საბეჭდი მანქანის ფუნქცია შეასრულოს? უნდა ვაიძულოთ თუ არა იგი, რომ საკუთარი მოსაზრებები დააბალანსოს მაშინაც კი, როდესაც სინდისი ბალანსის რესურსს ვერ სთავაზობს?
ძვირფასო კომენტატორებო, გვაქვს თუ არა ჩვენ – მე და ჩემს კოლეგებს – უფლება, რომ ჩვენი საერთო სამშობლოს შესახებ და იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც საქართველოს ბედს წყვეტენ, ჩვენი პირადი მოსაზრებები გაგიზიაროთ?
მოდით, ვილაპარაკოთ...