Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

სანამ სერიოზული ხალხი მნიშვნელოვანი საკითხებით არის დაკავებული, მოდი, ჩვენ პატარ-პატარა პრობლემები გადავწყვიტოთ.

იმ მნიშვნელოვან რამეებს სხვები მიხედავენ. აი, ვთქვათ მედია და ჟურნალისტიკა... ხომ გამოჩნდა, როგორი უნდა იყოს კარგი ჟურნალისტი - უნდა იდგას სწორი ღირებულებების პლატფორმაზე, იდეური გარკვეულობა უნდა ჰქონდეს და მორალური სიცხადე. ამას, სხვათა შორის, გვეუბნება არა ”საბჭოთა ჟურნალისტის სახელმძღვანელო”, როგორც შეიძლება გეგონოთ, არამედ ნოდარ ლადარია (სტატიიდან ასევე ირკვევა, რომ ლადარიას გია ნოდია ჟურნალისტი ჰგონია).

ჰოდა, ჩვენ ისეთ პრობლემებზე გავამახვილოთ ყურადღება, რომლებიც ქვეყანას ეგზისტენციალური კრიზისის წინაშე არ აყენებს, არც ჩამოშლით ემუქრება და არც არაფრით, მაგრამ მაინც ნერვებს გვიშლის. ნეტა შეიძლებოდეს ამ პატარა რამე-რუმეების კანონით აკრძალვა. მე ჩემებს გეტყვით და თქვენ თქვენი დაამატეთ - კომენტარებში.

1. არ შეიძლება, რომ კანონით ავუკრძალოთ ტაქსისტებს გაკვირვებული სახის მიღება, როდესაც ხუთლარიანს მიაწვდი? გასაგებია, შეიძლება რომ ხურდა არ ჰქონდეს კაცს, მაგას კანონით ვერ აკრძალავ, მაგრამ, ეს ყალბი გაოცება იქნებ აღმოვფხვრათ. ხომ იცით, არა? აი, ხუთლარიანს რომ მიაწოდებ და ორი ლარი ხურდა რომ უნდა მოგცეს წესით და ისე რომ შეიცხადებს, გეგონება დუბლონები დაინახაო. აჰ, აი მაგის ხურდა ნამდვილად არა მაქვსო - იტყვის და ტაქსის რომელიღაც უჯრას გამოაღებს იმის საჩვენებლად, მართლა არაფერი მაქვსო (ვიცი, რომ მანქანისას უჯრა არ ჰქვია. ჩემი ბლოგია და როგორც მინდა, ისე დავწერ).

2. არ შეიძლება, რომ ქუჩაში გადაფურთხებაზე ჯარიმა თუ, რა ქვია, ადმინისტრაციული სასჯელი დავაწესოთ? ერთს და ორს აიტანს კაცი, მაგრამ სამი ბიჭი ან მეტი თუ დგას ერთად ხუთ წუთზე მეტს, ნამდვილ წარღვნას აწყობენ ხოლმე. ფუჰ. წარმოიდგინე, ახალდაშლილ ბირჟასთან რომ ჩაივლი და ფურთხის ზღვა რომ უნდა გადალახო. ისიც გასაგებია, რომ ხანდახან შეიძლება მოგაწვეს და გადააწიტო, მაგრამ ჩვენთან მგონი წესია ეგეთი - მეგობარს თუ მეორე მეგობრის ახალ მანქანაზე ელაპარაკები, უნდა იაქლემო.


3. არ შეიძლება, რომ კანონით შევზღუდოთ პრეზიდენტის უფლება, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ თავისი საქმიანობა წინამორბედისას შეადაროს? აი, რატომ - ყველამ იცის, რომ შევარდნაძე ცუდი პრეზიდენტი იყო. ამას, მგონი თვითონ შევარდნაძეც აღარ უარყოფს. იმდენ ხანს იყო ცუდი, რომ ბოლოს ყველას ყელში ამოუვიდა და რევოლუცია მოხდა. უკვე ექვსი წელია ის კაცი ქვეყნის მეთაური აღარ არის. უკვე ექვსი წელია, საშუალოდ კვირაში ერთხელ პრეზიდენტი გვიხსნის, რომ შევარდნაძეზე უკეთესია. ძალიან დაბლაა ხარიხა დაწეული (ძალიან მინდოდა ცხოვრებაში ერთხელ მაინც სიტყვა ”ხარიხა” გამომეყენებინა). წარმოიდგინე, ყოველ ჯერზე, როდესაც ჩაის დასალევად დასხდებით, მშობლებს რომ უმტკიცო - აი, რა კარგია მეზობელი ზეზვა რომ არა ვარ, რომელმაც 6 წლის წინ, სიმთვრალეში, მეორე მეზობელ ანტონს თავში ტაფა ჩაარტყა და ლამის მოკლა, რის გამოც 3 წელი ციხეში იჯდა, შემდეგ კი გამოვიდა და ძირითადად დრო იმაში გაჰყავს, რომ ტოტალიზატორს თამაშობს, ყოველდღე თვრება და ჰყვება კალაშოვზე ისტორიებს, რომლებიც არავის აინტერესებსო.

თუ კანონს არ მიიღებენ, იქნება ყველამ ერთად ვთხოვოთ. ვუთხრათ, გვჯერა, რომ შევარდაძე პრეზიდენტად არ ვარგოდა. მოდი, ახლა მხოლოდ იმაზე ვილაპარაკოთ ხოლმე, ასე, სამი წლის წინ რა იყო ცუდი და ახლა როგორ გაუმჯობესდა.

როგორც უკვე გითხარით, ეს მცირე პრობლემების ჩემი ვერსიებია. თქვენ თქვენი მიამატეთ კომენტარებში და ქვეყანაც აშენდება.
სიყვარულზე დაწერეო, მთხოვდნენ ამ ბლოგის მკითხველები. რომ იცოდეთ, რამდენჯერ ვცადე! არ გამოვიდა. მეტისმეტად ბევრი სიძულვილია საქართველოში. სიძულვილი კი, მოგეხსენებათ, გადამდებია.

მაგრამ მოვუსმინე ბარბრა სტრეიიზანდის ახალ ალბომს («Love Is The Answer» რომ დაარქვა ახლა უკვე 67 წლის მომღერალმა) და გამახსენდა, რომ სიძულვილის გარდა, სიყვარულიც გადამდებია.

მიუხედავად იმისა, რომ ბარბრამ არაერთხელ განაცხადა, კინოს და მუსიკას თავს ვანებებო, მაინც ვერ მოითმინა და ახალი დისკის გამოშვებაზე თანხმობა განაცხადა. კანადელ მომღერალს, დიანა კრალს სთხოვა დახმარება (ჯაზის ეს ახალი ვარსკვლავი დღეს ბარბრას პროდიუსერია), მოიწვია კვარტეტი, რომელიც კლასიკურ ჯაზს უკრავს და ჩაწერა ყველასთვის კარგად ცნობილი 12 სიმღერა, მათ შორის ”Smoke Gets in Your Eyes”, მიშელ ლეგრანის მელოდია ფილმიდან ”როშფორელი ქალიშვილები”, ჟაკ ბრელის ”არ მიმატოვო” ("Ne Me Quitte Pas"), დიდი ხანია კიტჩად, კარიკატურად რომ აქციეს მსოფლიო ესტრადაზე

ალბომის ყდას შეხედეთ და ”იუთუბზე” ნახეთ როგორ მღერის. http://www.youtube.com/watch?v=7-a0RXozSRU

ხედავთ, რა ლამაზია?

ეს ის ბარბრა სტრეიზანდია, ერთხელ, ყველაზე გაბრაზებულმა რომ თქვა, პრობლემა თქვენშია და არა ჩემში...ეს თქვენ გაქვთ ”გამრუდებული” წარმოდგენა სილამაზეზეო. პლასტიკურ ოპერაციებზე არც კი უფიქრია. დარჩა ასეთი - სქელი ტუჩებიით, პატარა და ელამი თვალებით, კეხიანი, გრძელი ცხვირითა და მოღუნული ფეხებით - სასაცილო გოგონა, რომელიც 15 თვის იყო მამა რომ გარდაეცვალა. მოგვიანებით კი, მართლაც რომ ცხოვრების ყველა ნომინაციაში გამარჯვებულმა, განაცხადა: ”როცა მითხრეს, ხმა გაქვსო, ეგრევე გავიფიქრე - გამოდის, რომ მამა არ მყავს... მაგრამ ხმა მქონია”

ჰოდა, რა ხდება იცით?

ბარბრა სტრეიზენდის ახალ დისკში, მომღერალს აღარ აქვს ძველებურად წკრიალა ხმა. ბზარი შეეპარა და ასაკი. ამან კი უფრო გაალამაზა. თითქოს ”ისტორიით” გაამდიდრა ბარბრას ვოკალი. "არ მიმატოვოს” როცა მღერის, ერთგან თითქოს ცრემლს ყლაპავს. ბარბრას კლასიკურ დევიზს ”იმღერე ისე, როგორც საუბრობ” ახალი ემატება: ”იმღერე ისე, როგორც ტირი”
ძნელია იმის თქმა რა ატირებს. პირადი ცხოვრება მოწყობილი აქვს. თავისი ერთადერთი ვაჟის მიმართ დანაშაული მას მერე ”გამოისყიდა”, რაც გეების უფლებების დაცვა დაიწყო (არადა, ხომ გახსოვთ, როგორ გაცოფდა, როცა შვილმა საიდუმლო გაუმხილა?). ბარბრა სტრეიზანდი ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და ყველაზე წარმატებულ არტისტად ითვლება ამერიკულ შოუ-ბიზნესში.

ასაკი?

არა. ბარბრას ასაკი სადა აქვს? იგი იმ ადამინების კატეგორიას მიეკუთვნება, ჩემმა მოსკოველმა მეგობარმა, კინორეჟისორმა და კინოკრიტიკოსმა თამრიკო დულარიძემ ”თაობებს მიღმა მყოფები” რომ უწოდა. ეს იშვიათი ჯიშია კაცობრიობის ისტორიაში; ხალხი, რომელიც დროს არ ემორჩილება. მაშინაც კი, როცა რაღაც პროცესის გააზრებას ცდილობს ( ”ყოველთვის მაინტერესებდა ადამიანის ზრდის პროცესი, ადამიანის შესაძლებლობების ზრდის პროცესი” - ეს ბარბრა სტრეიზენდის სიტყვებია). კაცობრიობა სულ მუდამ ცდილობს ასეთი ჯიშის ხალხის ”მითვისებას”. ზოგჯერ წარმატებითაც.

ისევ თამრიკო დულარიძე მომაგონდა ეხლა. მახსოვს, როგორი ცხარე კამათი გაიმართა რობერტ სტურუას ”რიჩარდ მესამის” პრემიერის შემდეგ. ვიღაცამ უთხრა, გენიალური სპექტაკლია. სტურუამ შექსპირი თანამედროვე გახადა. ჩვენამდე მოიტანაო. თამრიკოს პასუხმა არ დააყოვნა: ”ესაა ხელოვნების მიმართ მომხმარებლური დამოკიდებულება. იმის მაგივრად, რომ ჩვენ მივიდეთ შექსპირთან...აქეთ ”მოგვაქვს” მისი პიესები?”... აბა რა გინდათ, 16-ე საუკუნეში დავბრუნდეთო? - იკითხა ვიღაცამ.

რუსულად უპასუხა:

”Извини детка, но Шекспир плевать хотел на этот XVI век... Да и на ваш XX век тоже”

შექსპირს დრო საერთოდ არ ადარდებდაო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ჯიშის არტისტებს არც დაბერების ეშინიათ, არც სიკვდილის. ეს ჯიში ცხოვრობს ”განზომილებაში”, რომელსაც თავისუფლება ჰქვია.

მაგრამ ვინა თქვა, რომ თავისუფალთა ჯიში ბედნიერია? რომ სიცოცხლე ახარებს და არასდროს ტირის? იქნებ ბარბრას თუნდაც იმ ქალების ბედი ატირებს, კაცების ძალადობის მსხვერპლნი რომ გახდნენ? ხომ იცით, რამხელა თანხას ხარჯავს იგი ყოველწლიურად ასეთი ქალების, აგრეთვე იმ ბავშვების მხარდასაჭერად, რომელთაც მშობლები სცემენ? თავისუფლება ბედნიერება არ არის. თავისუფლება - ტვირთია. სხვა საქმეა, რომ ამ ტვირთის მუდმივ ზიდვას, ადრე თუ გვიან ჯილდო მოყვება ხოლმე.

უშნო და სასაცილო გოგონას დასცინოდნენ. უკვირდათ, რომ არ ჰქონდა სურვილი გამხდარიყო ისეთი, როგორიც სხვები არიან. უკვირდათ და ბრაზდებოდნენ.

ხალხს არ უყვარს ამ ჯიშის ადამიანები. ისინი ვინც შესძლო საკუთარი ცხოვრებით ცხოვრება. მათ აშინებენ. მათ ”გადაკეთებას” ცდილობენ. ყველაფერს აკეთებენ, რათა ”აქეთ წამოიღონ” და დაიმორჩილონ.

ბარბრამ ამას გაუძლო და დაჯილდოვდა.

ვერავინ წარმოიდგენდა, ალბათ, რომ 67 წლის მომღერლის ახალი ალბომი ჯერ შეერთებული შტატების ჰიტ-აღლუმებში გავიდოდა პირველ ადგილზე, ცოტა ხანში კი ბრიტანეთში აჯობებდა ყველას. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბარბრა, თავისი დისკით ”სიყვარული - პასუხია” ერთი დარტყმით დაამარცხებდა მადონას და მარაია კერის...და ახლადგამომცხვარ ნორჩ ვარსკვლავებს, ”თანამედროვე მუსიკას” რომ ანიჭებენ უპირატესობას, მოდას რომ ქმნიან...ე.ი. დროს რომ ემორჩილებიან

ეს წარმატება კი ხომ ხვდებით რასაც ნიშნავს?

სიკეთისთვის, სიყვარულისთვის, გამძლეობისთვის ადამიანი აუცილებლად დაჯილდოვდება. ადრე თუ გვიან... ეს კანონზომიერებაა, მათემატიკაა!

მაგრამ მთავარი ისაა, რომ არის შანსი, ”ერთნაირობა” - ერთნაირი სიმღერა, ერთნაირი აზრი, ერთნაირი კატლეტი მოდიდან გადავიდეს.

მთავარი ისაა, რომ ჩვენს ”უნიფიცირებულ დროში”, როცა ნელ--ნელა ყველა და ყველაფერი ემსგავსება ერთმანეთს, ”ჰიტ-აღლუმების” სათავეში უნიკალური, განსხვავებული ხვდება - ადამიანი, რომელმაც თავისი ცხოვრებით და თავისი ხმით იცხოვრა. ყველამ რომ შევძლოთ ეს... ერთ მშვენიერ დღეს რომ გავიღვიძოთ და ჩვენს თავს ვუთხრათ: ”მორჩა, მე აღარავის მივეკუთვნები. მე ჩემი ცხოვრებით უნდა ვიცხოვრო”, აზრზე ხართ, როგორი მრავალფეროვანი გახდება სამყარო? როგორი საინტერესო, როგორი ლამაზი, როგორი მდიდარი?

ესეც ჯილდო იქნება... ანუ პასუხი სიყვარულზე.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG