Accessibility links

ბლოგები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 24 თებერვალი. See content from before

ორშაბათი, 17 თებერვალი 2025

სილის გაწნა არის სიმბოლურად ძალიან დამუხტული, ყოველთვის დრამატიზებული, ზოგჯერ თეატრალური ჟესტი, რომლის ფუნქცია არა ტკივილის მიყენება, არამედ დამცირებაა.

ამის გამო ეს ჟესტი საუკუნეების მანძილზე ინარჩუნებდა განსაკუთრებულ სტატუსს. მე-20 საუკუნემდე საჯარო სილა იყო სისხლიანი დუელის გამომწვევი მიზეზი. დუელის დაწყების სიგნალსაც, ჩვეულებრივ, შეურაცხყოფილის ხელთათმანით აძლევდნენ.

მეოცე საუკუნეში სისხლიანი დუელი პოლიტიკურმა ჩაანაცვლა. ასე რომ, სილის გაწნა უკვე დიდი ხანია, რაც უაღრესად პოლიტიკურ ჟესტად იქცა.

პატრიარქალურ-ავტორიტარულ საზოგადოებაში ქალის მიერ გაწნულ პოლიტიკურ სილას განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. მე პირადად მქონდა პატივი ერთ-ერთ ასეთ სიმამაცით გამორჩეულ ამორძალ ქალთან, ელენა ბონერთან ნაცნობობისა. ელენა ბონერისათვის კგბ-ს ოფიცრებისათვის აქა-იქ სილის გაწნა ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლის ჩვეულებრივი ატრიბუტი გახლდათ. სხვათა შორის, კგბ-ს ოფიცრებისათვის სილის გაწვნისათვის საბჭოთა სასამართლო მას მხოლოდ 30 მანეთით აჯარიმებდა და ამ ჯარიმის გადახდის შემდეგ ბონერი ყოველთვის ახერხებდა დამცირებული ოფიცრისათვის ეთქვა, რომ 30 მანეთი სულ არ ეძვირებოდა, როცა საქმე ასეთ დიდ სიამოვნებას ეხებოდა.

თუმცა ელენა ბონერის სილა ყოველთვის სპონტანური იყო. უფრო საინტერესოა გერმანელ-ფრანგ ჟურნალისტ ბეატე კლარსფელდის მიერ წინასწარ დაგეგმილი აქტი, როცა 29 წლის ახალგაზრდა ქალი სილას გააწნავს დასავლეთ გერმანიის კანცლერ კურტ გეორგ კიზინგერს.

1968 წლის 2 ნოემბერს, ვერმახტის ჯარისკაცის ქალიშვილმა ბეატე კლარსფელდმა, პარიზში ქმარს დაუტოვა სამი წლის შვილი, თვითონ კი ბერლინში გაემგზავრა ერთადერთი მისიით - როგორმე მოხვედრილიყო გერმანიის კანცლერის გარემოცვაში, რათა სილა გაეწნა მისთვის.

ბერლინში გამგზავრებამდე - ვაითუ მცდელობა ფატალურად დამთავრებულიყო - ბეატე მოკლე აუდიოანდერძს ჩაწერს: კანცლერ კიზინგერისთვის სილის გაწვნით მინდოდა მეჩვენებინა, რომ გერმანელი ხალხის ნაწილი და განსაკუთრებით ახალგაზრდობა, აღშფოთებულია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის სათავეში ნაცისტის ყოფნით, ადამიანისა, რომელიც ჰიტლერის საზღვარგარეთ პროპაგანდის ხელმძღვანელის მოადგილე იყო („საგარეო საქმეთა გებელსი“ კურტ გეორგ კიზინგერის მეტსახელი იყო მესამე რაიხში).

7 ნოემბერს, ბეატე კლარსფელდი, ყალბი პრესის ბარათის საშუალებით მოახერხებს შეაღწიოს გერმანიის ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე, რომელშიც მონაწილეობდა დასავლეთ გერმანიის კანცლერი კურტ გეორგ კიზინგერი. გამხდარი, სუსტი აღნაგობის ბეატე მიუახლოვდება 1,90 სიმაღლის ამ ახოვან 65 წლის მამაკაცს და ყვირილით „კიზინგერ, ნაცისტო, გადადექი“, სილას გააწნავს მას. ბეატე კლარსფელდის სასამართლო პროცესი გაიმართება 8 ნოემბერს. მას მიუსჯიან ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას და... იმავე დღეს გაათავისუფლებენ. სასამართლო დარბაზიდან ბეატე გაეშურება პირდაპირ ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, სადაც მას ათასობით სტუდენტი ოვაციით შეხვდება, რაც პირველი ნიშანი იქნება იმისა, რომ ახალგაზრდებისათვის კლარსფელდი ნაციზმის გადმონაშთებთან ბრძოლის სიმბოლო ხდებოდა.

„მე არ ვუჩივი ქალბატონებს, რომლებიც ხელს მირტყამენ“, განაცხადებს კიზინგერი და ამ ინციდენტის მიჩქმალვას შეეცდება. მიუხედავად ამისა ბეატე კლარსფელდის სილა ეროვნული მასშტაბის ვნებათაღელვას გამოიწვევს: „თუ კაცს სურს შეურაცხყოს არა პირადად ადამიანი, არამედ კანცლერის თანამდებობა, მხოლოდ ერთი გზა არსებობს: სილის გაწნა. სილას სიმბოლური ძალა აქვს. (...) პანჩურის ამორტყმას კი ეს სიმბოლურობა აკლია“, - დაწერს მეორე დღეს ჟურნალი „შტერნი“.

„წარსულში სილა დუელის საფუძველს წარმოადგენდა და ძალიან ძველმოდურ წრეებში დღემდე ასე განიხილება. ალბათ ქალბატონი კლარსფელდიც ამ ორთაბრძოლაზე ფიქრობდა“, დაწერს სებასტიან ჰაფნერი, იმ პერიოდის გერმანიის ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი და ჰიტლერის ყველაზე ორიგინალური ბიოგრაფიის ავტორი.

მალე ჟურნალისტებს და ისტორიკოსებს მწერლებიც დაემატებიან: ბეატე კლარსფელდის სილა მიზეზი გახდება იმ პერიოდის ორ ყველაზე ცნობილ მწერალს - გიუნტერ გრასსა და ჰაინრიხ ბიოლს - შორის დებატებისა. ჩვენ არ მოვისურვეთ, თვალი გაგვესწორებინა იმ ფაქტისთვის, რომ კიზინგერის კანცელარიაში ყოფნის ყოველი დღე არის სილის გაწნა ნაციზმის მსხვერპლისათვის. ამიტომაც პარიზიდან ახალგაზრდა ქალი ჩამოვიდა და სილა გააწნა კანცლერს. (...) და მაინც, ამ აქტისათვის მე ბეატე კლარსფელდს ყვავილების თაიგულს არ გავუგზავნიდი, - განაცხადებს გიუნტერ გრასი კარლ ფონ ოსიეცკის სახელობის პრიზის მიღების ცერემონიაზე (ნობელის პრემიის ლაურეატი, ჟურნალისტი კარლ ფონ ოსიეცკი გახლდათ ნაციზმის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი და ამიტომაც გრასის შეფარული კრიტიკა განსაკუთრებით უადგილო ჩანდა). გიუნტერ გრასის საპასუხოდ ჰაინრიხ ბიოლი გაზეთ „ცაიტში“ გამოაქვეყნებს სტატიას სათაურით „ყვავილები ბეატე კლარსფელდისათვის“: გიუნტერ გრასმა, მოსამართლის მბრძანებლური ტონით განაცხადა, რომ არ არსებობდა მიზეზი, რომ ვარდები გაეგზავნა ბეატე კლარსფელდისთვის. მისი ეს განცხადება მეჩვენება საკმაოდ თავხედურად, უხერხულად და თან სრულიად უადგილოდ. მაინტერესებს, გიუნტერ გრასის გადასაწყვეტია, მაქვს თუ არა უფლება, ქალბატონს ყვავილები გავუგზავნო? რა თქმა უნდა მე მაქვს ამის უფლება (...) და პარიზში დაბრუნებულ ბეატე კლარსფელდს სახლში დახვდება ჰაინრიხ ბიოლისგან გაგზავნილი თაიგული წარწერით „დიდი მადლობა“.

ბეატე კლარსფელდის ეს სილა გადამწყვეტ როლს ითამაშებს როგორც თვით სუბიექტის, ისე ობიექტის ცხოვრებაში: 7 ნოემბრის ინციდენტის მერე კიზინგერი ვერცერთ საერთაშორისო ფორუმზე ვერ ჩნდებოდა ისე, რომ ვინმეს მისთვის არ ეყვირა „ნაცისტო, გადადექი“. და ძალიან მალე ის ძალაუფლებასაც დაკარგავს. ბეატე კლარსფელდი კი ამ სილის მერე მთელ მსოფლიოში ნაცისტებზე მონადირე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მწევარი გახდება. ბეატეს ეს ნადირობა ოცდაათ წელზე მეტხანს გასტანს და ის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მონადირედ შევა. 2018 წელს, სილის გაწვნიდან 50 წლის თავზე, პარიზის შოას (ჰოლოკოსტის) მუზეუმი გამოფენას მიუძღვნის ბეატე კლარსფელდსა და მის მეუღლე სერჟს, მათი წვლილისათვის ნაციზმის ნარჩენების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ორ თვეზე მეტია, რაც მზია ამაღლობელი ციხეშია და მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება იმ ჟესტისთვის, რომლისთვისაც საბჭოთა სასამართლო 30 მანეთზეც ყაბულს იყო (ყოფილი ნაცისტებით გატენილ დასავლეთ გერმანიის სასამართლოზე აღარაფერს ვამბობ...). რა არის ამის მიზეზი? ან რატომ არ ეყო ჭკუა თვით მამრ დგებუაძეს, რომ კიზინგერივით საქმე მიეჩქმალა? ბევრ მიზეზს შორის, რომელიც ზოგადად ავტორიტარული რეჟიმისა და მისი რეპრესიული მანქანისათვის არის დამახასიათებელი, მე მგონი არის ერთი სპეციფიკურად ქართულიც: პატრიარქალურ საზოგადოებაში, მამრ ინდივიდს განსაკუთრებული სტატუსი უნდა გააჩნდეს. სტატუსის შებღალვისას კი მამრი მისდაუნებურად უპირისპირდება საკუთარ კლანს, რომელიც მას მოკვეთით ან გარიყვით ემუქრება. ასეთ თემში სუსტად ან მშიშარად აღქმის უზენაესი შიში მამრისთვის იძენს ეგზისტენციალურ მნიშვნელობას. სწორედ რომ ამ შიშით შეიძლება აიხსნას მხდალ მამრ დგებუაძის რეაქცია მზია ამაღლობელის სილაზე.

ასეა თუ ისე, პატრიარქალურ საზოგადოებაში მხდალი მამრების მიერ ნაფურთხი გულადი ქალების ისტორია თუ თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ბინძურ და საზიზღარ ფურცლად რჩება, „სუსტი“ ამორძალების მიერ „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ სილის გაწვნით დამცირება მსოფლიო მატიანის ერთ-ერთი ყველაზე საამაყო ფურცელს წარმოადგენს.

ამიტომაც, დღეს საქართველოში სახალხო ბრძოლას აქვს სახე და ეს სახე მზია ამაღლობელია. ერთადერთი საკითხავი რჩება როდის და რომელი მუზეუმი მიუძღვნის გამოფენას იმ უთანასწორო ჭიდილს, რომელსაც დღეს მზია ამაღლობელი განასახიერებს.

ჰო, და რაც მთავარია, როგორც ინგლისელები იტყვიან, last but not least: ყვავილები მზია ამაღლობელისათვის, ყვავილები წარწერით „დიდი მადლობა“ არ დაგავიწყდეთ...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

2024 წლის 16 თებერვალს, უკრაინის დიდი ომის მეორე წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე, მსოფლიო შეიტყობს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტპატიმრის, 47 წლის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ.

კრიმინალურ საძმოებს, ნარკოკარტელებს მოწინააღმდეგის მოკვლის ორი მეთოდი აქვთ: ერთი - სწრაფი და თვალსაჩინო, სხვების დასაშინებლად; მეორე - ნელი, წამებით, პირადი შურისძიების დასაკმაყოფილებლად. პირველ მეთოდს განაპირობებს კრიმინალური კარტელის ინტერესები, მეორე მხოლოდ და მხოლოდ კარტელის ლიდერის პირადი შურისძიების დაკმაყოფილების მიზნით ხდება. თუ ანა პოლიტკოვსკაიას, ნატალია ესტემიროვას, ანასტასია ბაბუროვას, სტანისლავ მარკელოვის, მკვლელობა წააგავს პირველ მეთოდს, სერგეი მაგნიტსკის ნელი წამებით განადგურება უფრო პირადი შურისძიების შედეგია. ნავალნის შემთხვევაში ორივე მეთოდი იქნა გამოყენებული: ჯერ არაერთხელ სცადეს მოწამვლა და, მრავალჯერადი მარცხის შედეგად, გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოეკლათ.

რატომ მოკლა პუტინმა ნავალნი? ნავალნის ციხეში გამომწყვდევის შემდეგ რუსეთში მისი ცნობადობა ხომ შაგრენის ტყავივით პატარავდებოდა: თუ 2021 წელს რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 13% აცხადებდა, რომ არასდროს გაეგონა ნავალნის შესახებ, 2023 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 23-24% გახდა. და მიუხედავად ამისა, პუტინი გადაწყვეტს, ის მოათავსოს ისეთ პირობებში, სადაც მისი ნელი სიკვდილი გარდაუვალი იყო. ეს მითუმეტეს საკვირველია, რომ პუტინმა მშვენივრად იცოდა: ამ მკვლელობით ის ნავალნისგან გოლგოთას გზაზე დამდგარ პერსონაჟს გამოძერწვადა, რაც გარდაუვალს ხდიდა მომავალში მის „გალაზარებას“, მის მკვდრეთით აღდგომას.

რომელი ირაციონალური ძალა ამოძრავებდა პუტინს? შეიძლება დავუშვათ, რომ პუტინი ნავალნის ფიგურაში ხედავდა საკუთარი აღსასრულის აჩრდილს? ხომ ნიშანდობლივია, რომ რუსეთის მმართველი წლების მანძილზე ამბობდა უარს საჯაროდ მისი სახელის ხსენებაზე?! რა იყო ამის მიზეზი? როგორც ჭეშმარიტი ტირანი, ის თვლიდა, რომ რეალობის უარყოფა საკმარისია რეალობის გასაუქმებლად? თუ ეს იყო პოლიტიკური ეგზორციზმი, რომლის შედეგადაც კრემლი უნდა განთავისუფლებულიყო „დემონ“ ნავალნის აჩრდილისგან? მე მგონი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა „პუტინ-დემონის განმდევნელ“ იაკუტიელ შამან ალექსანდრ გაბიშევსაც კი გაუჭირდება.

ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ცხადზე ცხადია - ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით ნავალნი იყო რუსეთში პუტინიზმთან ეფექტიანი ბრძოლის ერთადერთი არქიტექტორი. ნავალნი იყო ადამიანი, რომელიც „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ წარმომადგენლობის დაარსებით რუსეთის თითოეულ ურბანულ ცენტრში, „სპაიდერმენივით“ გაახვევს პუტინის სამეფოს თავის ქსელში (სხვათა შორის, ქართველ ვაიპოლიტიკოსებს, ლეხ ვალენსასთან ერთად, ალექსეი ნავალნის ბრძოლის ეს მეთოდიც წაადგებოდა). ბეჭდური თუ სატელეკომუნიკაციო მედიის არქონის ფონზე ალექსეი ნავალნი ასევე მოახერხებს სოციალური ქსელების საშუალებით მასობრივად მოიგოს ახალგაზრდების გულები. ამასთან, ის საკუთარ პოლიტიკურ ბრძოლას ძალიან მარტივ ლოზუნგამდე თუ ტაქტიკამდე დაიყვანს: 1. „დაასრულეთ ქურდული და კორუმპირებული ძალაუფლება“; 2. „არჩევნებზე ხმა მიეცით ყველაზე მეტი შანსის მქონე არასამთავრობო კანდიდატს“.

ის, რომ მორიგი მოწამვლის შემდეგ რუსეთში დაბრუნებით ის დიდი ალბათობით მაგნიტსკის ბედს გაიზიარებდა, ეს თვით ალექსეი ნავალნიმ იცოდა ყველაზე კარგად. და, მიუხედავად ამისა, 2021 წლის 17 იანვარს ის დაბრუნდა. რატომ მიიღო ნავალნიმ მოსკოვში დაბრუნების გადაწყვეტილება? დაბრუნდა, რადგან იცოდა, რომ კრემლისთვის ბრძოლაში ემიგრანტი ვერასდროს გაიმარჯვებდა. და მაინც, დაბრუნების შეგნებული გადაწყვეტილებით, აცნობიერებდა რა, თუ რა დაუნდობელი ბედი ელოდა მას, ნავალნი განასახიერებს გოლგოთას, რომელიც აღდგომის ეპოსის ავტორების - დოსტოევსკის თუ ტოლსტოის - ქვეყანაში, შეიძლება ბიბლიურ ლაზარედ იქცეს.

ერთი წელი გავიდა ნავალნის სიკვდილიდან და რატომ არ ჩანს ლაზარეს ხატი რუსების წარმოსახვაში? ნავალნის ლაზარესეულ დაბრუნებას დრო სჭირდება. დოსტოევსკი და ტოლსტოი ვახსენე როგორც ავტორები აღდგომის ეპოსისა... თუმცა ამ სიისთვის შემეძლო „კაპიტნის ქალიშვილის“ ავტორიც დამემატებინა. სწორედ ალექსანდრ პუშკინი იქნება ის, ვინც ემელიან პუგაჩოვის ამბოხიდან 60 წლის თავზე მას მკვდრეთით აღადგენს და მითიურ იერსახეს შესძენს.

აღმოცენდება გოლგოთაზე ნებსით წასული ამ კაცის ბიბლიური ხატი რუსების კოლექტიურ მეხსიერებაში? გადაჭრით დღეს ამის თქმა ძნელია. ერთი რამ კი ცხადია: თუ ალექსეი ნავალნი ოდესმე რუსულ ეპოსში დაიდებს ბინას, ეს იქნება ლაზარესეული უმწიკვლო გმირის ადგილი, რომელიც დღეს ვაკანტურია.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG