2024 წლის 16 თებერვალს, უკრაინის დიდი ომის მეორე წლისთავამდე რამდენიმე დღით ადრე, მსოფლიო შეიტყობს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტპატიმრის, 47 წლის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შესახებ.
კრიმინალურ საძმოებს, ნარკოკარტელებს მოწინააღმდეგის მოკვლის ორი მეთოდი აქვთ: ერთი - სწრაფი და თვალსაჩინო, სხვების დასაშინებლად; მეორე - ნელი, წამებით, პირადი შურისძიების დასაკმაყოფილებლად. პირველ მეთოდს განაპირობებს კრიმინალური კარტელის ინტერესები, მეორე მხოლოდ და მხოლოდ კარტელის ლიდერის პირადი შურისძიების დაკმაყოფილების მიზნით ხდება. თუ ანა პოლიტკოვსკაიას, ნატალია ესტემიროვას, ანასტასია ბაბუროვას, სტანისლავ მარკელოვის, მკვლელობა წააგავს პირველ მეთოდს, სერგეი მაგნიტსკის ნელი წამებით განადგურება უფრო პირადი შურისძიების შედეგია. ნავალნის შემთხვევაში ორივე მეთოდი იქნა გამოყენებული: ჯერ არაერთხელ სცადეს მოწამვლა და, მრავალჯერადი მარცხის შედეგად, გადაწყვიტეს, ნელი სიკვდილით მოეკლათ.
რატომ მოკლა პუტინმა ნავალნი? ნავალნის ციხეში გამომწყვდევის შემდეგ რუსეთში მისი ცნობადობა ხომ შაგრენის ტყავივით პატარავდებოდა: თუ 2021 წელს რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 13% აცხადებდა, რომ არასდროს გაეგონა ნავალნის შესახებ, 2023 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 23-24% გახდა. და მიუხედავად ამისა, პუტინი გადაწყვეტს, ის მოათავსოს ისეთ პირობებში, სადაც მისი ნელი სიკვდილი გარდაუვალი იყო. ეს მითუმეტეს საკვირველია, რომ პუტინმა მშვენივრად იცოდა: ამ მკვლელობით ის ნავალნისგან გოლგოთას გზაზე დამდგარ პერსონაჟს გამოძერწვადა, რაც გარდაუვალს ხდიდა მომავალში მის „გალაზარებას“, მის მკვდრეთით აღდგომას.
რომელი ირაციონალური ძალა ამოძრავებდა პუტინს? შეიძლება დავუშვათ, რომ პუტინი ნავალნის ფიგურაში ხედავდა საკუთარი აღსასრულის აჩრდილს? ხომ ნიშანდობლივია, რომ რუსეთის მმართველი წლების მანძილზე ამბობდა უარს საჯაროდ მისი სახელის ხსენებაზე?! რა იყო ამის მიზეზი? როგორც ჭეშმარიტი ტირანი, ის თვლიდა, რომ რეალობის უარყოფა საკმარისია რეალობის გასაუქმებლად? თუ ეს იყო პოლიტიკური ეგზორციზმი, რომლის შედეგადაც კრემლი უნდა განთავისუფლებულიყო „დემონ“ ნავალნის აჩრდილისგან? მე მგონი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა „პუტინ-დემონის განმდევნელ“ იაკუტიელ შამან ალექსანდრ გაბიშევსაც კი გაუჭირდება.
ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ცხადზე ცხადია - ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებით ნავალნი იყო რუსეთში პუტინიზმთან ეფექტიანი ბრძოლის ერთადერთი არქიტექტორი. ნავალნი იყო ადამიანი, რომელიც „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ წარმომადგენლობის დაარსებით რუსეთის თითოეულ ურბანულ ცენტრში, „სპაიდერმენივით“ გაახვევს პუტინის სამეფოს თავის ქსელში (სხვათა შორის, ქართველ ვაიპოლიტიკოსებს, ლეხ ვალენსასთან ერთად, ალექსეი ნავალნის ბრძოლის ეს მეთოდიც წაადგებოდა). ბეჭდური თუ სატელეკომუნიკაციო მედიის არქონის ფონზე ალექსეი ნავალნი ასევე მოახერხებს სოციალური ქსელების საშუალებით მასობრივად მოიგოს ახალგაზრდების გულები. ამასთან, ის საკუთარ პოლიტიკურ ბრძოლას ძალიან მარტივ ლოზუნგამდე თუ ტაქტიკამდე დაიყვანს: 1. „დაასრულეთ ქურდული და კორუმპირებული ძალაუფლება“; 2. „არჩევნებზე ხმა მიეცით ყველაზე მეტი შანსის მქონე არასამთავრობო კანდიდატს“.
ის, რომ მორიგი მოწამვლის შემდეგ რუსეთში დაბრუნებით ის დიდი ალბათობით მაგნიტსკის ბედს გაიზიარებდა, ეს თვით ალექსეი ნავალნიმ იცოდა ყველაზე კარგად. და, მიუხედავად ამისა, 2021 წლის 17 იანვარს ის დაბრუნდა. რატომ მიიღო ნავალნიმ მოსკოვში დაბრუნების გადაწყვეტილება? დაბრუნდა, რადგან იცოდა, რომ კრემლისთვის ბრძოლაში ემიგრანტი ვერასდროს გაიმარჯვებდა. და მაინც, დაბრუნების შეგნებული გადაწყვეტილებით, აცნობიერებდა რა, თუ რა დაუნდობელი ბედი ელოდა მას, ნავალნი განასახიერებს გოლგოთას, რომელიც აღდგომის ეპოსის ავტორების - დოსტოევსკის თუ ტოლსტოის - ქვეყანაში, შეიძლება ბიბლიურ ლაზარედ იქცეს.
ერთი წელი გავიდა ნავალნის სიკვდილიდან და რატომ არ ჩანს ლაზარეს ხატი რუსების წარმოსახვაში? ნავალნის ლაზარესეულ დაბრუნებას დრო სჭირდება. დოსტოევსკი და ტოლსტოი ვახსენე როგორც ავტორები აღდგომის ეპოსისა... თუმცა ამ სიისთვის შემეძლო „კაპიტნის ქალიშვილის“ ავტორიც დამემატებინა. სწორედ ალექსანდრ პუშკინი იქნება ის, ვინც ემელიან პუგაჩოვის ამბოხიდან 60 წლის თავზე მას მკვდრეთით აღადგენს და მითიურ იერსახეს შესძენს.
აღმოცენდება გოლგოთაზე ნებსით წასული ამ კაცის ბიბლიური ხატი რუსების კოლექტიურ მეხსიერებაში? გადაჭრით დღეს ამის თქმა ძნელია. ერთი რამ კი ცხადია: თუ ალექსეი ნავალნი ოდესმე რუსულ ეპოსში დაიდებს ბინას, ეს იქნება ლაზარესეული უმწიკვლო გმირის ადგილი, რომელიც დღეს ვაკანტურია.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.