Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 15 ივლისი. See content from before

პარასკევი, 12 ივლისი 2024

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

შესაძლოა, უკრაინა ნატოს მიუახლოვდა ამ კვირას ვაშინგტონში ჩატარებულ სამხედრო ალიანსის სამიტზე, მაგრამ ძნელია გაექცე იმ განცდას, რომ მიუხედავად დაპირებებისა, ყველაფერი არც ისე კარგადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. კიევი ნატოსგან ჯერ კიდევ შორსაა, აშშ-ში კი მალე უმნიშვნელოვანესი არჩევნები ჩატარდება.

ამ სამიტზე უკრაინას ნატოში არავინ მიიწვევდა. ეს ვერ მოხდება, ვიდრე ქვეყანაში ომი მძვინვარებს. თანაც, ამასთან დაკავშირებით ჯერ 32 უნდა შეთანხმდეს, - ეს კონსენსუსი კი დღეს უბრალოდ არ არსებობს.

სანაცვლოდ ნატოს დიპლომატები დაკავებულნი იყვნენ სამიტის კომუნიკეს შემუშავებით, რომელიც კიევისთვის უფრო დამაიმედებელი უნდა ყოფილიყო, ვიდრე წინა. მართლაც, ვაშინგტონის ტექსტი უკრაინისთვის ოდნავ უკეთესია, ვიდრე ვილნიუსის ტექსტი, რომელიც გასულ ზაფხულს, ლიეტუვაში შეათანხმეს.

2023 წლის მსგავსად, ნათქვამია, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები გააგრძელებენ რეფორმების მცდელობების შეფასებას და, რომ „ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გავუგზავნოთ უკრაინას ალიანსში გაწევრიანების მოწვევა, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულდება”.

სიახლე, როგორც წინასწარ იყო ცნობილი, არის სიტყვები "ხიდი" და "შეუქცევადი". აღინიშნა, რომ „ნატოს სამიტის და ნატო-უკრაინის საბჭოს გადაწყვეტილებები, მოკავშირეების მიმდინარე მუშაობასთან ერთად, წარმოადგენს ხიდს უკრაინის ნატოში გაწევრიანებისკენ“. შეხვედრამდეც და მის დროსაც ოფიციალური პირები მსჯელობდნენ, თუ რას გულისხმობს ეს "ხიდი" სინამდვილეში. კითხულობდნენ, ნეტა გრძელია თუ მოკლე და რამდენად მყარია ის.

უფრო მნიშვნელოვანი წინადადება ეს იყო: „მაშინ, როდესაც უკრაინა აგრძელებს ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეს, ჩვენ გავაგრძელებთ მის მხარდაჭერას სრული ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ მიმავალ შეუქცევად გზაზე, მათ შორის, ნატოში გაწევრიანებამდე“. რჩება კითხვა, არის თუ არა ეს შეუქცევადობა მხოლოდ სიტყვა და სინამდვილეში უკრაინის ბედი ნატოსკენ მიმავალ გზაზე საბოლოოდ მაინც გადაწყდება ბრძოლის ველზე ან მოლაპარაკებების მაგიდასთან. უკრაინას ვაშინგტონში ჯერაც არ აუნთეს მწვანე შუქი რუსეთის ტერიტორიაზე უფრო ღრმა დარტყმების განხორციელებაზე და დასავლეთის მხარდაჭერის საზღვრები - და უკრაინის ომში გამარჯვების შანსები - კვლავაც შეზღუდულია.

რაც შეეხება კონკრეტულ შედეგებს - ამერიკელმა მასპინძლებმა საზეიმოდ აღნიშნეს, რომ F-16-ები დანიიდან და ნიდერლანდებიდან უკვე გზაშია და ისინი ამ ზაფხულს უკრაინის ცაზე გამოჩნდებიან. ეს, ცხადია, კარგია, თუმცა მანამდე იმედოვნებდნენ, რომ ისინი კიევში უკვე გაზაფხულზე ჩავიდოდა. უკრაინა ხომ მათ მიღებას უკვე ორი წლის განმავლობაში ითხოვს. ასევე ნათელია, რომ ომით განადგურებული ქვეყანა მხოლოდ 2027 წლისთვის მიიღებს მათ მიერ მოთხოვნილი 128 თვითმფრინავის ნახევარს.

ანალოგიურად, გამოცხადდა, რომ უკრაინა მიიღებს ხუთ ახალ საჰაერო თავდაცვის სისტემას, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე უკვე ცნობილი იყო ოთხი მათგანის შესახებ. კიევის ბავშვთა საავადმყოფოზე რუსეთის განხორციელებული დარტყმის ფონზე გაჩნდა განცდა, ეს არასაკმარისი და დაგვიანებულია.

საბოლოოდ გააფორმეს ნატოს საწვრთნელი მისია, რომელიც მოკავშირეთა ტერიტორიაზე უკრაინის ჯარისკაცებს გაწვრთნის. ალიანსი აცხადებს, რომ ეს გაზრდის უკრაინის მასთან თავსებადობას, თუმცა, ამავე დროს, ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს ნატოს „კონფლიქტის მხარედ“ არ აქცევს.

შემდეგ იყო დაპირება, რომ მომავალ წელს უკრაინას სხვადასხვა სახის სამხედრო დახმარებისთვის 40 მილიარდი ევრო მიეწოდება. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეს არის მინიმალური საბაზისო მაჩვენებელი. თუ გავითვალისწინებთ, რომ დახმარება ბევრნაირად შეიძლება იყოს გაგებული, ამ მიზანს ნატოს წევრები იოლად შეასრულებენ. მაგალითად, ქვეყნებს ამ პირობაში შეუძლიათ შეიტანონ ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია უკრაინის აღჭურვილობის მოვლა-პატრონობასა და ტრანსპორტირებასთან, მისი ჯარისკაცების წვრთნასთან, ინვესტიციებთან უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში და ქვეყნისთვის ნატოს უკრაინის ფონდებში გადარიცხულ ფულს.

თუმცა, ამჯერად კიევს პრეტენზია არ გამოუხატავს. ორგანიზატორებს სურდათ თავიდან აეცილებინათ ვილნიუსის სცენები, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღიად დააყენა ეჭვქვეშ დახმარების მასშტაბები. ამჯერად მან ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობა, გამოეხატა თავისი „მადლიერება“, იცოდა რა, რომ ზედმეტი არ უნდა მოეთხოვა.

უკრაინის გარდა, თვალშისაცემი იყო, რომ საქართველო, რომელიც 2008 წლიდან გაწევრიანების მსურველია, დეკლარაციაში საერთოდ არ უხსენებიათ, გარდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებისა. მოლდოვამაც კი, რომელიც კონსტიტუციურად ნეიტრალურია, უფრო მეტი ხსენება და პოზიტიური ფორმულირება მიიღო, ვიდრე საქართველომ. ეს კარგად ასახავს, თუ რამდენად დაშორდა თბილისი დასავლურ ინსტიტუტებს.

სამიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა ამიტომაც ჩინეთთან დაკავშირებული ფორმულირება ჩვეულებრივზე მკვეთრი იყო. პეკინი ნატოს დეკლარაციაში პირველად 2019 წელს ახსენეს და მას შემდეგ ვაშინგტონი პოზიციების კიდევ უფრო გამკაცრებას მოითხოვდა. ამჯერად ალიანსმა აღნიშნა, რომ ”ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გახდა ხელშემწყობი ძალა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში მისი ეგრეთ წოდებული ”უსაზღვრო” პარტნიორობით და რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიული ბაზის ფართომასშტაბიანი მხარდაჭერით” და დასძინა, რომ პეკინს არ შეუძლია ევროპის უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი ომის წარმოებას შეუწყოს ხელი ისე, რომ ამან უარყოფითად არ იმოქმედოს მის ინტერესებსა და რეპუტაციაზე. მიუხედავად ამისა, როდესაც ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს ჰკითხეს, თუ რა კონკრეტულ შედეგებს მოიმკიდა ჩინეთი, მან პასუხს მოხდენილად აარიდა თავი.

ამ სამიტისგან დიდ, ისტორიულ შედეგებს არავინ ელოდა ეს იყო ნატოს 75 წლის იუბილეს აღნიშვნა, რომელიც ამერიკის გადამწყვეტ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე ჩატარდა. ამ მხრივ, სამიტი დაჩრდილა ჯო ბაიდენის ცუდად ჩატარებულმა დებატებმა რესპუბლიკელი კანდიდატისა და ნატოს სკეპტიკოსი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენმა ამ სამიტზე თავის მოვალეობებს ზოგადად კარგად გაართვა თავი, შეცდომები მაინც დაუშვა. მან პრეზიდენტი ზელენსკი წარადგინა, როგორც „პრეზიდენტი პუტინი“, თუმცა შეცდომა თავადვე გამოასწორა, უკრაინის ლიდერმა კი ვითარება განმუხტა ხუმრობით, რომ ის პუტინზე ბევრად უკეთესი იყო. დასკვნით პრესკონფერენციაზე მან ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისისა და მთავარი კონკურენტის, ტრამპის სახელები აურია. იმ ბრიფინგზე კითხვების უმეტესობა ეხებოდა არჩევნებს და იმას, თუ რამდენად შეძლებდა ის საპრეზიდენტო მოვალეობებისათვის თავის გართმევას.

ამ სამიტის მემკვიდრეობაც ალბათ სწორედ ეს შეკითხვები იქნება და, ასევე ბაიდენის თანაპარტიელების მოწოდებები, რომ ის განზე გადგეს.

საფრანგეთი ამაყობს, რომ დეკარტის სამშობლოა და დარწმუნებულია, რომ ქვეყნის მოქალაქეები კარტეზიანელები არიან. Cogito ergo sum დევიზის ქვეშ გაზრდილ ფრანგებს საუკუნეებია სჯერათ, რომ ცივი გონებით და არა ცხელი ემოციებით მოქმედებენ.

თუმცა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებმა დაგვანახვა, რომ ამომრჩეველი არა მარტო განრისხებული, არამედ იმპულსური და არათანმიმდევრული, ხოლო მისი პოლიტიკური არჩევანი სრულიად ირაციონალურია. ერთი სიტყვით - ის ვნებებითაა შეპყრობილი.

დიახ, ისეთი ვნებებით, რომლებმაც ამომრჩეველი აიძულა, საკუთარი ეკონომიკური ინტერესისა თუ გეოპოლიტიკური მიზნების წინააღმდეგ მიეცა ხმა. მაგალითად, მუშათა კლასმა მასობრივად მისცა ხმა მემარჯვენე ეთნოპოპულისტებს, რომელთა დემაგოგიური ეკონომიკური პროგრამა კიდევ უფრო გააღაკატაკებს მათ; ხოლო პარიზისა და სხვა დიდი ქალაქების საშუალო კლასმა მასობრივად მისცა ხმა მემარცხენე და ულტრამემარცხენე პარტიების გაერთიანებას, რომლების საგადასახადო პოლიტიკა პირველ რიგში მათ ჯიბეს მიაყენებს მძიმე დარტყმას.

უსაფრთხოების პრობლემებით შეწუხებულმა მოსახლეობამ ხმა მისცა რუსეთის მიერ დაფინანსებულ და რუსი აგენტებით გავსებულ მემარჯვენე პოპულისტების პარტიას, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინაში სამხედროების გაგზავნას, თუმცა შარშან პრეზიდენტს მოუწოდებდა, ჯარი გამოეყენებინა გარეუბნებში მასობრივი არეულობების ჩასახშობად.

ე.წ. ფრანგმა სუვერენისტებმა ხმა მისცეს ისეთ პარტიას, რომლის თავდაცვის პოლიტიკური პროგრამის მიხედვით საჭიროა „რუსეთთან დიპლომატიური კავშირების და თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ საკითხებში, როგორიცაა ევროპის უსაფრთხოება“ (Sic!). ამ ეთნოპოპულისტური პარტიის პროგრამა ე.წ. სუვერენისტ ამომრჩეველს ასევე ჰპირდება ნატოს ინტეგრირებული სამხედრო სარდლობიდან გამოსვლას და გერმანიასთან სამხედრო თანამშრომლობის შეჩერებას. არადა პარიზი-ბერლინის სამხედრო თანამშრომლობის პროგრამა ითვალისწინებს ახალი თაობის საბრძოლო ტანკებისა და მოიერიშე თვითმფრინავების წარმოებას (ისე ეს ე.წ. ფრანგი სუვერენისტები ვინმეს ხომ არ გაგონებთ საქართველოში?).

ფრანგმა ე.წ. ანტიკოლონიალისტებმა კი ხმა მისცეს მულტიკულტურალისტ მემარცხენე პოპულისტებს, რომლებიც, ერთის მხრივ, ჰამასის წევრებს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირებად მოიხსენიებენ, ხოლო, მეორე მხრივ, პარლამენტში ბლოკავენ სამხედრო დახმარებას, რომელიც უკრაინას ანტიკოლონიალური ომის წარმოებაში უნდა დაეხმაროს.

რაც შეეხება ფრანგ პაციფისტებს - მათ ხმა ისეთ ულტრამემარცხენე პოპულისტებს მისცეს, რომელთა ტროცკისტი ლიდერიც ღიად აცხადებს, რომ კრემლის სასარგებლო იდიოტის სტატუსი მისი საგარეო პოლიტიკის ნაწილია.

თუმცა რახანია ვიცით, რომ ამომრჩეველი ხმის მიცემისას ძირითადად ემოციით ხელმძღვანელობს! მაგალითად, აშშ-ის 1992 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამომრჩეველთა მხოლოდ 15%-მა იცოდა, ჯორჯ ბუში მამის დამოკიდებულება სიკვდილით დასჯასთან, ამერიკული პოლიტიკის ამ ერთ-ერთ ეგზისტენციალურ საკითხთან დაკავშირებით. სამაგიეროდ ამომრჩეველთა 86%-მა იცოდა, რომ ჯორჯ ბუშის ძაღლს მილი ერქვა... 2004 წელს გამოკითხული რესპუბლიკელების 90%-ზე მეტმა ამომრჩეველმა იცოდა, რომ ჯორჯ ბუში შვილის ძაღლს ბარნი ერქვა; სამაგიეროდ იმავე რაოდენობის რესპუბლიკელ ამომრჩეველს, რომელიც აცხადებდა, რომ უთუოდ ბუშს მისცემდა ხმას, გაუჭირდა დაესახელებინა თავისი რჩეული პრეზიდენტის მიერ გატარებული ერთი რეფორმა მაინც. მაგრამ მამა-შვილი ბუშების მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა და, ბევრი პოლიტიკური მიმომხილველის აზრით, Facebook-ისა და Fox News-ის ტიპის ტელევიზიების „პოლიტიკურ გეტოში“ გამომწყვდეულმა ამომრჩეველმა პოლიტიკის ტრამპიზაცია გამოიწვია.

თუმცა იქნებ ჩვენი განსჯისა თუ გათვლის შესაძლებლობა ყოველთვის შეზღუდული იყო? იქნებ ჩვენი უნარი გაცნობიერებისა, თუ რა არის ხელსაყრელი, მწირია, ხოლო ჩვენი შესაძლებლობა, დავეყრდნოთ გამოცდილებას და ის გამოვიყენოთ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად, უზომოდ მცირეა?

გონიერება არის და ყოველთვის იქნება ვნებებისა და ემოციების მონა და მას არასდროს უნდა ჰქონდეს სხვა ამბიცია, გარდა იმისა რომ ემსახუროს და დაემორჩილოს მათ, - დაწერს მეთვრამეტე საუკუნის ერთი დიდი შოტლანდიელი ფილოსოფოსი. ვნებათა მიერ გონიერების დამონება? გონების ცხელი ვნების სამსახურში ჩაყენება? ეს ხომ მკრეხელური განცხადებაა, რომელიც სრულიად უარყოფს თანამედროვე კარტეზიანულ „რწმენის კრედოს“ ინდივიდის შესახებ?

მაგრამ ვაითუ ეს შოტლანდიელი ფილოსოფოსი მართალია? ვაითუ ფრანგები ან ამერიკელები არაფერ შუაში არიან, ვინაიდან დედამიწაზე ძნელად თუ მოიძებნება ისეთი დეკარტისეული ჰომუნკულუსი, რომელიც საკუთარ მიზნებს აანალიზებს და ისინი საკუთარ ქმედებებთან შესაბამისობაში მოჰყავს... სწორედ ასე ფიქრობდნენ საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის დამაარსებელი მამები და სწორედ ამიტომ გადაიყვანეს არჩევნები ეროვნულ ასამბლეაში პროპორციულიდან მაჟორიტარულ ორტურიან სისტემაზე, რომელიც რადიკალებს გზას უხერგავს. ამჯერადაც ასე მოხდა და თუ შედარებით ნაკლები ადგილი მიიღეს რადიკალებმა ეროვნულ ასამბლეაში - მხოლოდ და მხოლოდ 34%! - ეს პირველ რიგში საარჩევნო სისტემის (და არა ფრანგი ხალხის) დამსახურებაა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG