საფრანგეთი ამაყობს, რომ დეკარტის სამშობლოა და დარწმუნებულია, რომ ქვეყნის მოქალაქეები კარტეზიანელები არიან. Cogito ergo sum დევიზის ქვეშ გაზრდილ ფრანგებს საუკუნეებია სჯერათ, რომ ცივი გონებით და არა ცხელი ემოციებით მოქმედებენ.
თუმცა საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნებმა დაგვანახვა, რომ ამომრჩეველი არა მარტო განრისხებული, არამედ იმპულსური და არათანმიმდევრული, ხოლო მისი პოლიტიკური არჩევანი სრულიად ირაციონალურია. ერთი სიტყვით - ის ვნებებითაა შეპყრობილი.
დიახ, ისეთი ვნებებით, რომლებმაც ამომრჩეველი აიძულა, საკუთარი ეკონომიკური ინტერესისა თუ გეოპოლიტიკური მიზნების წინააღმდეგ მიეცა ხმა. მაგალითად, მუშათა კლასმა მასობრივად მისცა ხმა მემარჯვენე ეთნოპოპულისტებს, რომელთა დემაგოგიური ეკონომიკური პროგრამა კიდევ უფრო გააღაკატაკებს მათ; ხოლო პარიზისა და სხვა დიდი ქალაქების საშუალო კლასმა მასობრივად მისცა ხმა მემარცხენე და ულტრამემარცხენე პარტიების გაერთიანებას, რომლების საგადასახადო პოლიტიკა პირველ რიგში მათ ჯიბეს მიაყენებს მძიმე დარტყმას.
უსაფრთხოების პრობლემებით შეწუხებულმა მოსახლეობამ ხმა მისცა რუსეთის მიერ დაფინანსებულ და რუსი აგენტებით გავსებულ მემარჯვენე პოპულისტების პარტიას, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინაში სამხედროების გაგზავნას, თუმცა შარშან პრეზიდენტს მოუწოდებდა, ჯარი გამოეყენებინა გარეუბნებში მასობრივი არეულობების ჩასახშობად.
ე.წ. ფრანგმა სუვერენისტებმა ხმა მისცეს ისეთ პარტიას, რომლის თავდაცვის პოლიტიკური პროგრამის მიხედვით საჭიროა „რუსეთთან დიპლომატიური კავშირების და თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ საკითხებში, როგორიცაა ევროპის უსაფრთხოება“ (Sic!). ამ ეთნოპოპულისტური პარტიის პროგრამა ე.წ. სუვერენისტ ამომრჩეველს ასევე ჰპირდება ნატოს ინტეგრირებული სამხედრო სარდლობიდან გამოსვლას და გერმანიასთან სამხედრო თანამშრომლობის შეჩერებას. არადა პარიზი-ბერლინის სამხედრო თანამშრომლობის პროგრამა ითვალისწინებს ახალი თაობის საბრძოლო ტანკებისა და მოიერიშე თვითმფრინავების წარმოებას (ისე ეს ე.წ. ფრანგი სუვერენისტები ვინმეს ხომ არ გაგონებთ საქართველოში?).
ფრანგმა ე.წ. ანტიკოლონიალისტებმა კი ხმა მისცეს მულტიკულტურალისტ მემარცხენე პოპულისტებს, რომლებიც, ერთის მხრივ, ჰამასის წევრებს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირებად მოიხსენიებენ, ხოლო, მეორე მხრივ, პარლამენტში ბლოკავენ სამხედრო დახმარებას, რომელიც უკრაინას ანტიკოლონიალური ომის წარმოებაში უნდა დაეხმაროს.
რაც შეეხება ფრანგ პაციფისტებს - მათ ხმა ისეთ ულტრამემარცხენე პოპულისტებს მისცეს, რომელთა ტროცკისტი ლიდერიც ღიად აცხადებს, რომ კრემლის სასარგებლო იდიოტის სტატუსი მისი საგარეო პოლიტიკის ნაწილია.
თუმცა რახანია ვიცით, რომ ამომრჩეველი ხმის მიცემისას ძირითადად ემოციით ხელმძღვანელობს! მაგალითად, აშშ-ის 1992 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ამომრჩეველთა მხოლოდ 15%-მა იცოდა, ჯორჯ ბუში მამის დამოკიდებულება სიკვდილით დასჯასთან, ამერიკული პოლიტიკის ამ ერთ-ერთ ეგზისტენციალურ საკითხთან დაკავშირებით. სამაგიეროდ ამომრჩეველთა 86%-მა იცოდა, რომ ჯორჯ ბუშის ძაღლს მილი ერქვა... 2004 წელს გამოკითხული რესპუბლიკელების 90%-ზე მეტმა ამომრჩეველმა იცოდა, რომ ჯორჯ ბუში შვილის ძაღლს ბარნი ერქვა; სამაგიეროდ იმავე რაოდენობის რესპუბლიკელ ამომრჩეველს, რომელიც აცხადებდა, რომ უთუოდ ბუშს მისცემდა ხმას, გაუჭირდა დაესახელებინა თავისი რჩეული პრეზიდენტის მიერ გატარებული ერთი რეფორმა მაინც. მაგრამ მამა-შვილი ბუშების მერე ბევრმა წყალმა ჩაიარა და, ბევრი პოლიტიკური მიმომხილველის აზრით, Facebook-ისა და Fox News-ის ტიპის ტელევიზიების „პოლიტიკურ გეტოში“ გამომწყვდეულმა ამომრჩეველმა პოლიტიკის ტრამპიზაცია გამოიწვია.
თუმცა იქნებ ჩვენი განსჯისა თუ გათვლის შესაძლებლობა ყოველთვის შეზღუდული იყო? იქნებ ჩვენი უნარი გაცნობიერებისა, თუ რა არის ხელსაყრელი, მწირია, ხოლო ჩვენი შესაძლებლობა, დავეყრდნოთ გამოცდილებას და ის გამოვიყენოთ მომავალი გადაწყვეტილებების მისაღებად, უზომოდ მცირეა?
გონიერება არის და ყოველთვის იქნება ვნებებისა და ემოციების მონა და მას არასდროს უნდა ჰქონდეს სხვა ამბიცია, გარდა იმისა რომ ემსახუროს და დაემორჩილოს მათ, - დაწერს მეთვრამეტე საუკუნის ერთი დიდი შოტლანდიელი ფილოსოფოსი. ვნებათა მიერ გონიერების დამონება? გონების ცხელი ვნების სამსახურში ჩაყენება? ეს ხომ მკრეხელური განცხადებაა, რომელიც სრულიად უარყოფს თანამედროვე კარტეზიანულ „რწმენის კრედოს“ ინდივიდის შესახებ?
მაგრამ ვაითუ ეს შოტლანდიელი ფილოსოფოსი მართალია? ვაითუ ფრანგები ან ამერიკელები არაფერ შუაში არიან, ვინაიდან დედამიწაზე ძნელად თუ მოიძებნება ისეთი დეკარტისეული ჰომუნკულუსი, რომელიც საკუთარ მიზნებს აანალიზებს და ისინი საკუთარ ქმედებებთან შესაბამისობაში მოჰყავს... სწორედ ასე ფიქრობდნენ საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის დამაარსებელი მამები და სწორედ ამიტომ გადაიყვანეს არჩევნები ეროვნულ ასამბლეაში პროპორციულიდან მაჟორიტარულ ორტურიან სისტემაზე, რომელიც რადიკალებს გზას უხერგავს. ამჯერადაც ასე მოხდა და თუ შედარებით ნაკლები ადგილი მიიღეს რადიკალებმა ეროვნულ ასამბლეაში - მხოლოდ და მხოლოდ 34%! - ეს პირველ რიგში საარჩევნო სისტემის (და არა ფრანგი ხალხის) დამსახურებაა.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.