ძნელია იყო უდივიზიო ვატიკანის მეთაური დიდი ომის დროს: არ გაუმართლა არც ბენედიქტე XV-ს (პაპს პირველი მსოფლიო ომის დროს), არც პიუს XII-ს (პაპს მეორე მსოფლიო ომის დროს) და არც ფრანცისკეს.
8 წლის წინ, წარმოშობით არგენტინელ პაპ ფრანცისკეს თბილისში ვიზიტის წინ, ვწერდი, რომ თუ იოანე-პავლე II იყო პოლიტიკური, ბენედიქტე XVI - დოგმატიკური, ფრანცისკეს სახით მსოფლიოს მოევლინა სოციალური პაპი. ვატიკანის ჯუჯა სახელმწიფოსათვის სოციალური ფუნქცია და მორალური ავტორიტეტი ზედგამოჭრილია საერთაშორისო ასპარეზზე ლეგიტიმაციისათვის და ამ მხრივ ფრანცისკე უბადლო იყო - გახდა რა დაჩაგრულთა და უმწეოთა მთავარი დამცველი, ფრანცისკემ დიდი პატივისცემა და სიყვარული დაიმსახურა მსოფლიოში.
მაგრამ ევროპაში დაიწყო დიდი ომი და სოციალურ პაპსაც მოუწია იოანე-პავლე მეორის პოლიტიკური კვერთხი აეღო ხელში... ამის შემდეგ უდივიზიო ვატიკანშიც ყველაფერი აირია... „რა ბზიკმა უკბინა პაპს, როცა თეთრ დროშაზე ალაპარაკდა“ - დაწერა კათოლიკური გამოცემა La Croix-ს (ჯვარი) მთავარმა რედაქტორმა.
თუმცა ეს პირველი ბზიკი არ არის: 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული, რომის პაპი აკეთებს ძალზედ ორაზროვან განცხადებებს მორალურად ყველაზე ცხად კონფლიქტზე (თუმცა ფრანცისკეს არც ის უნდა დავუკარგოთ, რომ დიდი ომის დასაწყისში მან რუსეთის პატრიარქ კირილეს „პუტინის საკურთხევლის ბიჭი“ უწოდა. სამწუხაროდ, ეს არაორაზროვანი განცხადება წვეთია ფრანცისკეს შეფასებების ორაზროვან ზღვაში).
არგენტინელი პაპის დამცველების აზრით, ფრანცისკეს მიზანია, რომ მსოფლიომ იგი არ აღიქვას „დასავლეთის კაპელანად“, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნებს, მათთვის დამახასიათებელი ანტი(ჩრდილო)ამერიკანიზმის გამო, ამ ომის მიმართ ორაზროვანი დამოკიდებულება აქვთ. თუ ეს ასეა, მაშინ ფრანცისკეს უნდა ახსოვდეს ბენედიქტ XV-ის ბედი, რომელსაც პირველი მსოფლიო ომის დროს მოუწია პაპობა და რომლის ეკვილიბრისტული პოზიციის გამო - არც გერმანულ შამფურს წვავდა და არც ფრანგულ მწვადს - ვერც გერმანელების და ვერც ფრანგების პატივისცემა ვერ დაიმსახურა.
არადა, 100 წლის წინანდელ ომსა და დღევანდელ ომს შორის დიდი გასხვავებაა: ამ ომისგან განსხვავებით პირველ მსოფლიო ომში არ არსებობდა მორალური სიცხადე. ასე რომ, ფრანცისკემ შეიძლება ბენედიქტ XV-ზე უფრო უარესი, პიუს XII-ის ბედი გაიზიაროს.
რვა წლის წინ დაწერილ სტატიაში პაპ ფრანცისკეს წმინდა ფრანცისკე ასიზელს ვადარებდი, რაც ასევე გულისხმობდა, რომ არგენტინელ პაპსაც ასიზელი სეხნიის ბედი ელოდა სიკვდილის შემდეგ. თუმცა, თუ სოციალური პაპი დაჟინებით გააგრძელებს ევროპის ამ ომზე ამორალური განცხადებების გაკეთებას, მან შეიძლება პიუს XII-ის გვერდით დაიმკვიდროს ადგილი ისტორიაში.
დიახ ამორალური, რადგან ის, რომ პაპს მშვიდობა უნდა - გასაგებია. მაგრამ ის, რომ თეთრი დროშის აწევა მშვიდობას კი არ მოუტანს უკრაინას, არამედ ამ ქვეყანას ერთ დიდ და მშვიდ სასაფლაოდ აქცევს - ესეც ხომ ნათელი უნდა იყოს მისთვის?!
დღეს პიუს XII-ს (პაპი იყო 1939-1958 წლებში) ზოგი სარკასტულად „ებრაელების პაპს“, ზოგი კი ზიზღით „ჰიტლერის პაპს“ უწოდებს. სინამდვილეში კი ის იყო „თავისიანების პაპი“: მოყვა რა მეორე მსოფლიო ომის მორევში, ნაცვლად იმისა, რომ ჰიტლერის რეჟიმის მსხვერპლი - პირველ რიგში ებრაელები - დაეცვა, მან ამჯობინა ეკლესიისა და კათოლიკეების ინტერესების გამყარება მსოფლიოში, რითაც „წმინდა საყდრის“ მფლობელმა მორალური და ეთიკური სრული უსუსურობა გამოავლინა.
ორმა მსოფლიო ომმა, კომუნიზმის, ფაშიზმისა და ნაციზმის აღზევებამ, XX საუკუნის ამ უდიდესმა გამოწვევებმა, განსაკუთრებული სიმკვეთრით წარმოაჩინეს უდივიზიო ვატიკანის როგორც პოლიტიკური უძლურება, ისე მისი მორალური პოტენციალი (ის რომ პოლიტიკური პაპი იოანე-პავლე II ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენდა, ამის მიზეზი შეიძლება ისიც არის, რომ ომი მაშინ „ცივი“ იყო).
1963 წელს, რომის პაპმა იოანე XXIII-მა ძალიან კარგად დაწერა ენციკლიკაში Pacem in Terris (მშვიდობა დედამიწაზე) : „არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“. იმ დროს საუბარი იყო კოლონიზებული ქვეყნების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, სწორედ ისეთი ქვეყნების, როგორიც დღეს უკრაინაა და ფრანცისკემაც ალბათ იოანე XXIII-ისგან უნდა აიღოს მაგალითი.
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.