Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 8 ნოემბერი. See content from before

ორშაბათი, 7 ნოემბერი 2022

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

რა უნდა ვიცოდეთ?:

29 ოქტომბერს რუსეთმა მოულოდნელად განაცხადა, რომ აჩერებდა მონაწილეობას გაეროს მედიაციით მიღწეულ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში, რომლის მეშვეობითაც, ივლისის შემდეგ, უკრაინის პორტებიდან 10 მილიონი ტონა მარცვლეული გავიდა.

ეს შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აფრიკისთვის, სადაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სურსათის მწვავე დეფიციტია.

თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ მოსკოვმა თქვა, რომ ანკარასთან კონსულტაციის შემდეგ, განაახლებდა მონაწილეობას შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში.

შეთანხმება 19 ნოემბერს უნდა განახლდეს, უკრაინაში ვითარება კი შეიძლება სწრაფად და კარდინარულად შეიცვალოს. ამიტომ, ახლა ევროკავშირისგან ელიან უკრაინული პროდუქციის სახმელეთო დერეფნის გაფართოებას.

რა ალტერნატივა არსებობს?:

მაისში ბრიუსელმა გახსნა ეგრეთ წოდებული სოლიდარობის დერეფნები - ლოგისტიკური ქსელი ევროკავშირსა და უკრაინას შორის, რომელიც იყენებს რკინიგზას, გზებსა და ფარვატერებს და რომელშიც ჩართულია ყველა მონაწილე ქვეყნის საბაჟო სისტემა.

ეს დერეფანი, რომელიც უკრაინიდან პოლონეთსა და რუმინეთს გაივლის, საკმაოდ ეფექტიანი გამოდგა. მაისიდან 20 ოქტომბრამდე ამ გზით გავიდა 14 მილიონი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი (ხორბალი, სიმინდი, მზესუმზირის ზეთი) და კიდევ დამატებით 15 მილიონ ტონამდე არასასურსათო პროდუქცია - ძირითადად ფოლადი და ნავთობი.

შეიძლება ამ დერეფნების გაზრდა?:

ამ ქსლის ეფექტიანობის გასაზრდელად ზომები მაშინვე მიიღეს - უკრაინულ საქონელზე გაუქმდა დღგ, და ეს ძალაში წლის ბოლომდე იქნება. 2023 წლის ივლისამდე ამ პროდუქციას არ შეეხება დამატებითი ტარიფები და ცხოველურ პროდუქტს, რომელიც ევროკავშირისთვის არ არის განკუთვნილი, არ შეეხება ზოგიერთი სანიტარული შემოწმება.

თუმცა, უკრაინული პროდუქციის ტრანსპორტირება შავი ზღვის გავლით უფრო იაფიცაა და უფრო მარტივიც - გემს ბევრად მეტი ტვირთის გადატანა შეუძლია. სექტემბრის ბოლოს ევროკავშირმა განაცხადა, რომ ორი ძირითადი სახმელეთო დერეფანი მაქსიმალურად იყო გადატვირთული, ტვირთს დიდი ხანი უწევდა ლოდინი, რაც ტრანსპორტირების ღირებულებას საგრძნობლად ზრდიდა. ბრიუსელი ამბობს, რომ აუცილებელია მეტი ინვესტიცია ამ დერეფნების შესაძლებლობების გასაზრდელად.

რა არის გასაკეთებელი?:

ძირითადი პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირის 2022 წლის ბიუჯეტი თითქმის ათვისებულია და ბრიუსელს ჯერ არ მიუღწევია შეთანხმებისთვის 2023 წელს უკრაინის ფინანსურად მხარდასაჭერად. თუმცა, მოკლევადიანი წინსვლა შესაძლებელია უფრო მცირე ზომის ინვესტიციებითაც. ერთი შესაძლო გამოსავალია, რომ ევროკავშირის საბაჟოს თანამშრომლები პოლონეთში ჩავიდნენ და ტვირთის უფრო სწრაფად გატარებაში დაეხმარონ. ასევე, შეეცდებიან საზღვარზე ცალკე ზოლი დაემატოს კომერციული ტვირთებისათვის ან, სულაც ახალი, საგანგებო გამშვები პუნქტები შეიქმნას. ეს უკვე კეთდება კიდეც - შემოდგომაზე დასრულდება ახალი გამშვები პუნქტის რემონტი უკრაინისა და სლოვაკეთის საზღვარზე და კიდევ ორი პუნქტი უკრაინისა და რუმინეთის საზღვარზე მალე გაიხსნება.

ყველაზე მეტად საქმეს კი ის გაამარტივებს, რომ უკრაინა 1 ოქტომბერს საერთო ტრანზიტის კონვენციას შეუერთდა. ეს შეთანხმება საერთო პროცედურებს აწესებს ტვირთის საერთაშორისო გადაადგილებაზე და საგრძნობლად ამცირებს საჭირო დოკუმენტების რაოდენობას. ევროკავშირის ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ამან ტვირთის დრო საბაჟოზე შეიძლება შეამციროს „წუთებიდან წამებამდე“, თუმცა ამ სისტემის სათანადო ამოქმედებას გარკვეული დრო მაინც დასჭირდება.

საბოლოოდ, „სოლიდარობის დერეფნები“ გარკვეულწილად შეამსუბუქებს ვითარებას, თუ რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას კიდევ ერთხელ შეწყვეტს, თუმცა შავი ზღვის პორტების ჩანაცვლებას ის კიდევ დიდხანს ვერ მოახერხებს.

გველი თოკს ვერ გააჩენსო, წერდა პეტრონიუსი 20 საუკუნის წინ და, ცხადია, არ ცდებოდა, ყოველ შემთხვევაში ქართველ პოლიტიკოსებზე დაკვირვება საკმარისზე მეტ საფუძველს გვაძლევს იმისათვის, რომ წინასწარ ვიცოდეთ, ვინ რისი გამჩენია.

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის პარკის უფროს მებაღეს დევი მეზურნიშვილს, რომელმაც 13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევნის აუზიდან ბავშვები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ამოიყვანა, მშენებარე ბინა აჩუქა.

ვინც თბილისის მერის პოლიტიკურ ბიოგრაფიას იცნობს, ალბათ, ფიქრობდა, რომ პოლიტიკურად და ადამიანურად მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილი კახა კალაძე ბავშვების გადამრჩენელი მებაღის უბრალო მონახულებით და სასწაულებრივად გადარჩენილი ბავშვისთვის მაისურის ჩუქებით არ შემოიფარგლებოდა. ბევრს ემახსოვრება:

  • 2020 წლის 16 დეკემბერს კახა კალაძე აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ პატარა ამიკოსა და მის ოჯახს შეხვდა მას შემდეგ, რაც სახლების დემონტაჟის ფონზე გადაღებულ მამა-შვილის სევდიან ფოტოს დიდი გამოხმარება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. თბილისის მერი ამიკოსა და მის და-ძმას ბინის ჩუქებას დაჰპირდა. ოჯახთან შეხვედრის ფოტოები კალაძემ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა კომენტარით: "სინამდვილეში ამიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და საოცრად უხდება სიცილი. მინდა სულ ღიმილიანი იყოს“. არადა, აფრიკის დასახლებაში უკანონო მშენებლობების დემონტაჟი, რასაც სასოწარკვეთით უყურებდნენ არა მარტო ამიკო და მისი ოჯახი, არამედ ათეულობით სხვა ადამიანიც, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილება იყო.
  • 2018 წლის გაზაფხულზე 15 წლის გიგი ანთაძეს, რომელსაც ჯერ რუსთაველის გამზირზე წვენებით ვაჭრობა აუკრძალეს, შემდეგ კი, როცა „გიგის ისტორია“ მედიამ აიტაცა, დედაქალაქის მერმა მზიურის პარკში ჯიხური გადასცა. „გიგის მოვუწყვეთ პატარა სახლი მზიურში, რომ მან შეძლოს თავისი საქმიანობის წარმართვა და უახლოეს დღეებში ის შეუდგება საქმეს. მნიშვნელოვანია, რომ თვითონ გახარებული და კმაყოფილია და მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა წამოწყებაში“, - გთქვა მაშინ კახა კალაძემ ჩართული კამერების წინ. ცერებრალური დამბლით დაავადებული მოზარდის საქმიანობით დედაქალაქის მერი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაირკვა, რომ გარევაჭრობის შესახებ დადგენილი რეგულაციები გიგი ანთაძეს კომერციული საქმიანობის გაგრძელების უფლებას არ აძლევდა.
  • იმავე წელს, რამდენიმე თვით ადრე კახა კალაძემ თავშესაფრიდან აიყვანა ტიფანი - ძაღლი, რომელიც, როგორც ჟურნალისტები წერდნენ, „დღეს ცოცხალი არ იქნებოდა, რომ არა ბატონი კახი, რადგან მას ჰქონდა ჭირი. ბატონმა კახიმ წამოიყვანა თავშესაფრიდან, განკურნა და გადაარჩინა“. ძაღლი კახა კალაძემ მერიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან აიყვანა, სახელი კი სოციალური ქსელის დახმარებით შეურჩია. ერთი ხანობა ტიფანი თბილისის მთავრობის სხდომასაც ესწრებოდა.

ცხადია, ტიფანიც, გიგიც, ამიკოცა და ბატონი დევიც - ყოველივე საუკეთესოს იმსახურებენ და არავის ენა არ მოუბრუნდება მათ განსაკითხავად. მეტიც, აქ არც იმაზეა საუბარი, რამდენად მნიშვნელოვნად შეცვალა მათი ცხოვრება კახი კალაძემ (რა ბედი ეწია ტიფანის? როგორ გაგრძელდა გიგის საქმიანობა? სად ცხოვრობს ახლა ამიკო?), საუბარია პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის ქცევაზე, მის მოტივაციასა და მიზნებზე.

თუ არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ კარგ და ღირსეულ ადამიანს ეხმარები, ე.ი. შენც კარგი და ღირსეული ადამიანი ხარ?

ამ არარიტორიკული კითხვის პასუხი დადებითი იქნებოდა (ნაწილობრივ მაინც), შენ რომ კერძო პირი იყო და ქველმოქმედებას ეწეოდე თუნდაც სელექციურად, მხოლოდ შენთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებით (ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონიც ამბობს, რომ ქველმოქმედება კერძო პირების მიერ მატერიალური დახმარების გაწევაა უქონელთათვისო), მაგრამ კახა კალაძე კერძო კი არა, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირია და, შესაბამისად, მისი „კაი კაცობა“ არა გულუხვი „ქველმოქმედებით“, არამედ ნაკისრი ვალდებულებების პირნათლად შესრულებით იზომება.

ლოკალურად კახა კალაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ თბილისის მერიაში კორუფციის თუ სხვა მიზეზების გამო ტენდერები არაკომპეტენტურად არ ტარდებოდეს და ისე უხარისხოდ არ სრულდებოდეს საქმე, რომ ბავშვი შადრევანში იღუპებოდეს.

ფართო გაგებით კახა კალაძის, როგორც მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პასუხისმგებლობაა ის, რომ ქვეყანაში შექმნილია ისეთი გარემო, რომელშიც ცხოველები შიმშილით იხოცებიან, ხოლო ბავშვები, მათი მშობლები და ისეთი კეთილშობილი ადამიანებიც კი, როგორიც ბატონი დევია, თავს ვერ აღწევენ ღირსების შემლახავ ყოველდღიურობას.

საქართველო - ძაღლების ჯოჯოხეთი
please wait

No media source currently available

0:00 0:27:00 0:00

კარგი პოლიტიკოსი ცალკე აღებულ გულისამაჩუყებელ გამონაკლისებს კი არა, სამართლიან სისტემას უნდა ქმნიდეს, ერთნაირად ღირსეულ პირობებს უნდა უქმნიდეს ყველა ტიფანის, ყველა გიგის, ყველა ამიკოს და ყველა დევის (რაც იყო კიდეც თბილისის მერის საარჩევნო დაპირება), წინააღმდეგ შემთხვევაში ვიღაცას ხშირად მოუწევს თავის გმირულად გაწირვა, ხოლო მერს (ან სხვა რომელიმე პოლიტიკოსს) - „გულუხვი ქველმოქმედება“, რომელიც ქველმოქმედებაზე მეტად სოციალური კაპიტალის მათხოვრობას და სხვის გმირობაზე პარაზიტირებას უფრო ჰგავს.

სამწუხარო ის არის, რომ ქცევის ამ მოდელში ჩართვა გმირსაც აზიანებს, ნებით თუ უნებლიეთ, სიცოცხლეს უხანგრძლივებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის მატარებელ პირს და ჩრდილს აყენებს თავის თავგანწირვასა და გამბედაობას.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG