რა უნდა ვიცოდეთ?:
29 ოქტომბერს რუსეთმა მოულოდნელად განაცხადა, რომ აჩერებდა მონაწილეობას გაეროს მედიაციით მიღწეულ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაში, რომლის მეშვეობითაც, ივლისის შემდეგ, უკრაინის პორტებიდან 10 მილიონი ტონა მარცვლეული გავიდა.
ეს შეთანხმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აფრიკისთვის, სადაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში სურსათის მწვავე დეფიციტია.
თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ მოსკოვმა თქვა, რომ ანკარასთან კონსულტაციის შემდეგ, განაახლებდა მონაწილეობას შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივაში.
შეთანხმება 19 ნოემბერს უნდა განახლდეს, უკრაინაში ვითარება კი შეიძლება სწრაფად და კარდინარულად შეიცვალოს. ამიტომ, ახლა ევროკავშირისგან ელიან უკრაინული პროდუქციის სახმელეთო დერეფნის გაფართოებას.
რა ალტერნატივა არსებობს?:
მაისში ბრიუსელმა გახსნა ეგრეთ წოდებული სოლიდარობის დერეფნები - ლოგისტიკური ქსელი ევროკავშირსა და უკრაინას შორის, რომელიც იყენებს რკინიგზას, გზებსა და ფარვატერებს და რომელშიც ჩართულია ყველა მონაწილე ქვეყნის საბაჟო სისტემა.
ეს დერეფანი, რომელიც უკრაინიდან პოლონეთსა და რუმინეთს გაივლის, საკმაოდ ეფექტიანი გამოდგა. მაისიდან 20 ოქტომბრამდე ამ გზით გავიდა 14 მილიონი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი (ხორბალი, სიმინდი, მზესუმზირის ზეთი) და კიდევ დამატებით 15 მილიონ ტონამდე არასასურსათო პროდუქცია - ძირითადად ფოლადი და ნავთობი.
შეიძლება ამ დერეფნების გაზრდა?:
ამ ქსლის ეფექტიანობის გასაზრდელად ზომები მაშინვე მიიღეს - უკრაინულ საქონელზე გაუქმდა დღგ, და ეს ძალაში წლის ბოლომდე იქნება. 2023 წლის ივლისამდე ამ პროდუქციას არ შეეხება დამატებითი ტარიფები და ცხოველურ პროდუქტს, რომელიც ევროკავშირისთვის არ არის განკუთვნილი, არ შეეხება ზოგიერთი სანიტარული შემოწმება.
თუმცა, უკრაინული პროდუქციის ტრანსპორტირება შავი ზღვის გავლით უფრო იაფიცაა და უფრო მარტივიც - გემს ბევრად მეტი ტვირთის გადატანა შეუძლია. სექტემბრის ბოლოს ევროკავშირმა განაცხადა, რომ ორი ძირითადი სახმელეთო დერეფანი მაქსიმალურად იყო გადატვირთული, ტვირთს დიდი ხანი უწევდა ლოდინი, რაც ტრანსპორტირების ღირებულებას საგრძნობლად ზრდიდა. ბრიუსელი ამბობს, რომ აუცილებელია მეტი ინვესტიცია ამ დერეფნების შესაძლებლობების გასაზრდელად.
რა არის გასაკეთებელი?:
ძირითადი პრობლემა ისაა, რომ ევროკავშირის 2022 წლის ბიუჯეტი თითქმის ათვისებულია და ბრიუსელს ჯერ არ მიუღწევია შეთანხმებისთვის 2023 წელს უკრაინის ფინანსურად მხარდასაჭერად. თუმცა, მოკლევადიანი წინსვლა შესაძლებელია უფრო მცირე ზომის ინვესტიციებითაც. ერთი შესაძლო გამოსავალია, რომ ევროკავშირის საბაჟოს თანამშრომლები პოლონეთში ჩავიდნენ და ტვირთის უფრო სწრაფად გატარებაში დაეხმარონ. ასევე, შეეცდებიან საზღვარზე ცალკე ზოლი დაემატოს კომერციული ტვირთებისათვის ან, სულაც ახალი, საგანგებო გამშვები პუნქტები შეიქმნას. ეს უკვე კეთდება კიდეც - შემოდგომაზე დასრულდება ახალი გამშვები პუნქტის რემონტი უკრაინისა და სლოვაკეთის საზღვარზე და კიდევ ორი პუნქტი უკრაინისა და რუმინეთის საზღვარზე მალე გაიხსნება.
ყველაზე მეტად საქმეს კი ის გაამარტივებს, რომ უკრაინა 1 ოქტომბერს საერთო ტრანზიტის კონვენციას შეუერთდა. ეს შეთანხმება საერთო პროცედურებს აწესებს ტვირთის საერთაშორისო გადაადგილებაზე და საგრძნობლად ამცირებს საჭირო დოკუმენტების რაოდენობას. ევროკავშირის ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ ამან ტვირთის დრო საბაჟოზე შეიძლება შეამციროს „წუთებიდან წამებამდე“, თუმცა ამ სისტემის სათანადო ამოქმედებას გარკვეული დრო მაინც დასჭირდება.
საბოლოოდ, „სოლიდარობის დერეფნები“ გარკვეულწილად შეამსუბუქებს ვითარებას, თუ რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებას კიდევ ერთხელ შეწყვეტს, თუმცა შავი ზღვის პორტების ჩანაცვლებას ის კიდევ დიდხანს ვერ მოახერხებს.