Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ეს უკვე ტრადიციაა - კანის ფესტივალი კარგად იწყება, მერე ტემპი უვარდება, მაგრამ დახურვამდე და შედეგების გამოცხადებამდე საუკეთესო ფილმებს უჩვენებს.. ასე მოხდა, მაგალითად, 2008 წელს, როცა ბოლო სეანსისთვის შემონახულმა ფრანგულმა ფილმმა “კლასი” ფესტივალის “პალმა” მოიპოვა.

ჩვეულებრივი “პიარ-ხერხია”, რომელიც, როგორც ჩანს, კარგად მუშაობს, რადგან მას წელსაც მიმართეს, პანდემიის პირობებში ჩატარებულ კინფორუმზე - ფესტივალის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ კონკურსის ყველაზე სუსტი სურათები ერთმანთს მიაყოლეს. სამწუხაროდ, წარუმატებელ ფილმებს შორის ვხედავთ დიდი ავტორების ნამუშევრებსაც.

“ფრანგული მაცნე” (აშშ, რეჟისორი უეს ანდერსონი)

ლამაზი, მაგრამ მეტისმეტად ზედაპირული კომედია, რომელშიც “მაიმუნობენ” ჰოლივუდის ყველაზე სახელგანთქმული კინოვარსკვლავები. ერთგვარი “ნეილონის კინო”, რომელიც ბრწყინავს, თვალს გჭრის, მაგრამ საერთოდ არაფერს გიტოვებს. როგორც ჩანს, მე პირადად ვერ მოვესწრები იმ დღეს, როცა ანდერსონი გაფერადებული ნახატებიდან კინოს გადაღებაზე გადავა, ანდა, უბრალოდ, ხატვას დაიწყებს.

მანქანის მართვისას” (იაპონია, რეჟისორი რიუსუკე ჰამაგუში)

სამსაათიანი ამბავი რეჟისორზე, რომელიც ჰიროსიმის თეატრში “ძია ვანიას” რეპეტიციებს გადის, მთლიანად აგებულია გრძელ, სტატიკურ კადრებსა და დაუსრულებელ დიალოგებზე, რომელთა სრულფასოვან აღქმას დასვენებული ტვინი სჭირდება. თუმცა მაყურებელი იმასაც მიხვდება, რომ დიალოგების სიჭარბე თავისებური ხერხია “დანახვის უნარის” გასაძლიერებლად; ფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი ყრუ-მუნჯი ქალია, კორეელი მსახიობი, რომელიც ყველაზე ეფექტურად განასახიერებს ჩეხოვის პიესის პერსონაჟს. ამ მხრივ ჰამაგუში, რომელსაც, კარგა ხანია, “იაპონელი რომერი” შეარქვეს, თავის თავს არ ღალატობს - ფილმის გმირებს მხოლოდ იმიტომ უნდა დააკვირდე, მხოლოდ იმიტომ უნდა “დაათვალიერო”, რომ კარგად გაიგო რას ამბობენ სინამდვილეში, როცა ერთმანეთს ელაპარაკებიან.

სამი სართული” (იტალია, რეჟისორი ნანი მორეტი)

მექსიკური სერიალები გახსოვთ? მგონი, ნაკლებად უჩვენებენ ჩვენში. ახლა თურქულია, ხო, მოდაში? ნანი მორეტიმ დაგვაბრუნა ლათინურ ამერიკული “საპნის ოპერების” ეპოქაში. ერთი სახლის 3 ოჯახის ამბავი ზუსტად ისე ვითარდება, როგორც ჩემი ახალგაზრდობის საყვარელ სერიალში “მდიდრებიც ტირიან”. ფილმის ბოლომდე, ვისაც ჩემსავით გიყვართ მორეტი, იმის იმედი გექნებათ, რომ დიდი რეჟისორი საინტერესოდ შეატრიალებს თხრობას, ანდა ოდნავ მაინც ჩართავს მისთვის დამახასიათებელ თვითირონიას. ამაო იქნება ეს იმედი და აუცილებლად გაიფიქრებთ, “როგორ საყვარლად დაბერდა ნანი მორეტი”

“წითელი რაკეტა”(აშშ, რეჟისორი შონ ბეიკერი)

საუკეთესო ფილმი ფესტივალის მეორე ნახევრის საკონკურსო პროგრამაში. ამბავი ყოფილ პორნოვარსკვლავზე, რომელიც ჰოლივუდიდან მშობლიურ ტეხასს უბრუნდება ახალი ცხოვრების დასაწყებად, გაგახსენებთ ჰოლივუდის “ოქროს ხანას”, გასული საუკუნის 60-70-იან წლებს, კარგ სოციალურ კინოს, რომელიც ნელ-ნელა, მგონი, მართლა უბრუნდება ამერიკას. საიმონ რექსი, ცხოვრებაშიც პორნოვარსკვლავი, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ფილმში, პირადად ჩემთვის “პალმის” პირველი კანდიდატია.

“პეტროვებს გრიპი აქვთ”(რუსეთი, რეჟისორი კირილ სერებრენიკოვი)

კირილ სერებრენიკოვი, რომელიც აბსურდულ სასჯელს შინაპატიმრობაში იხდის, ისევ არ გამოუშვეს კანში. მაგრამ “პეტროვების” შემთხვევაში პოლიტიკური კონტექსტი არა მგონია საკმარისი გახდეს იმისთვის, რომ ეს ფილმი კანის ფესტივალის ჟიურიმ დააფასოს. მეტისმეტად პლაკატური და სწორხაზოვანია თანამედროვე რუსეთის კრიტიკა, მეტისმეტად ბევრი კლიშეა ფილმში. უფრო მეტიც, ამ კლიშეებით თამაში აძლიერებს ზედაპირულობას და არაფერს ეუბნება ახალს იმას, ვინც იცის, რა არის პუტინის რუსეთი. “ქვეყანა ავადაა”, “რუსეთს გრიპი აქვს” - ამის მტკიცება არაა საკმარისი მხატვრული ნაწარმოებისთვის. რუს კოლეგებს კანში “პეტროვებმა” გული მოჰფხანა, თუმცა ისინიც აღიარებენ, რომ სერებრენიკოვის ახალი ნამუშევარი ახლოსაც ვერ მივა მის წინა ფილმთან, “ზაფხულთან”.

“ტიტანი”(საფრანგეთი, რეჟისორი ჯულია დუკორნო)

საინტერესო ფსიქოჰორორი გენდერულ ვარიაციულობაზე, იმაზე, რომ “21-ე საუკუნეა. რა დროს ქალი და კაცია”… ყველაფერი ძალიან ხმაურიანად და ეფექტურად იწყება, თუმცა ფილმის მეორე ნაწილში ავტორს არ ჰყოფნის ოსტატობა შეინარჩუნოს “კინოატრაქციონების” ზემოქმედების ძალა. მიუხედავად ამისა, “ტიტანს” აქვს შანსი აღინიშნოს ჟიურის რომელიმე პრიზით - შეგახსენებთ, რომ კანის ფესტივალის წლევანდელი ჟიური ფემინისტების ნაკლებობას არ განიცდის.

“დროშის დღე”(აშშ, რეჟისორი შონ პენი)

ამ ფილმის მოხვედრა კანის ფესტივალის კონკურსში ან დირექციის ხუმრობაა, ანდა, უბრალოდ, სურვილი პანდემიის დროს ვიხილოთ ჰოლივუდის რომელიმე კინოვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე. სამწუხაროა, რომ თავად შონ პენი ვერ მიხვდა ამას, ისევე როგორც ამდენი ხანი ვერ მიხვდა, რომ ფილმის გადაღებას თავი უნდა დაანებოს და დაუბრუნდეს მსახიობის პროფესიას. თუმცა “დროშის დღეში”, სადაც შონ პენს თავის შვილთან ერთად ვიხილავთ, ის ყველაფერთან ერთად ძალიან ცუდად თამაშობს.

“გმირი”(ირანი, რეჟისორი ასგარ ფარჰადი)

ირანული კინოს იგავური ენა უკვე ძალიან მოსაბეზრებელი ხდება. ნახევრად თქმული სიმართლე ზოგჯერ ტყუილზე უარესია - განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოხატვის ფორმა არ იცვლება. ფარჰადის ფილმი 10-15 წლის წინ რომ ეჩვენებინათ კანში, დარწმუნებული ვარ “გმირს” გამარჯვებულებს შორის ვიხილავდით. ახლა აღარ მგონია.

“ბერგმანის კუნძული”(საფრანგეთი, რეჟისორი მია ჰანსენ-ლევე)

ამერიკელი ცოლ-ქმარი (ქმრის როლში ტიმ როტს ვიხილავთ) - კინემატოგრაფისტები - ჩადის ინგმარ ბერგმანის კუნძულზე, რათა იქ, სიმშვიდეში, დიდი ოსტატის “აურის” დახმარებით თავიანთი პროექტები დაასრულონ. ბერგმანის მუზები, მართლაც, ჩნდებიან, მაგრამ ამ ორი ადამიანის ურთიერთობა ზუსტად ისე ცივდება, როგორც ბერგმანის ფილმებში. ფილმის იდეა ნამდვილად საინტერესოა, თუმცა ეს კუნძული ფორე, სადაც ბერგმანმა თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი გაატარა, “საექსკურსიოდ” სულაც არ ყოფილა მიმზიდველი და საინტერესო. ყოველ შემთხვევაში, ჰანსელ-ლევის ფილმით თუ ვიმსჯელებთ, ბერგმანის კუნძულზე არც არაფერი ყოფილა სანახავი.

“პარიზი, მე-13 რაიონი” (საფრანგეთი ჟაკ ოდიარი)

სრულიად გაუგებარია, რისი თქმა უნდა ამ ფილმით კანის ფესტივალის “ოქროს პალმის” ლაურეატს (უნდა ვაღიარო - ერთ-ერთი ყველაზე საეჭვო “პალმის” ფესტივალის ისტორიაში). თავის ახალ შავ-თეთრ სურათში ოდიარი გვიამბობს პარიზელ ახალგაზრდებზე (რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - განსხვავებული რასის წარმომადგენლებზე), რომლებიც პრინციპულად ცდილობენ გაემიჯნონ მონოგამიას და გამოსცადონ თავი განსხვავებულ პარტნიორებთან. ეგ არის და ეგ.

2 წლის მანძილზე (შარშან მსოფლიოს ნომერი პირველი კინოფორუმი ვერ ჩატარდა პანდემიის გამო) დაგროვდა ძალიან ბევრი ფილმი და უზარმაზარ პროგრამაში გარკვევა აშკარად რთული გახდა. განსხვავებული ჟანრების, განსხვავებული სტილის ამ ლაბირინთში ჟიურის ნამდვილად გაუჭირდება გადაწყვეტილების მიღება.

“ანეტ”(რეჟისორი ლეო კარაქსი, საფრანგეთი)

ლეო კარაქსის ახალმა ფილმმა, რომელსაც თითქმის 10 წელი ელოდნენ მისი თაყვანისმცემლები, ნამდვილად გაამართლა. სახელგანთქმული კომიკოსის (ადამ დრაივერი) და მისი ცოლის, ასევე სახელგანთქმული მომღერლის (მარიონ კოტიარი) სიყვარულის ისტორია აუცილებლად გაგახსენებთ “პონტ-ნოფის შეყვარებულებს”. თუმცა ახალგაზრდა კარაქსისთვის დამახასიათებელი რომანტიკულობა აქ იცვლება ტრაგიზმით და თავისებური თვითგვემითაც - რჩება შთაბეჭდილება, რომ ადამ დრაივერის გმირი რეჟისორის ალტერ-ეგოა, მთელი ფილმი კი აღსარება ხელოვანისა, რომლისთვისაც ძალადობა პროფესიული მოღვაწეობის, საერთოდ, ცხოვრების წესის განმსაზღვრელი გახდა.

“აჰედის მუხლი”(რეჟისორი ნადავ ლაპიდი, ისრაელი)


ბერლინის კინოფესტივალის “ოქროს დათვის” ლაურეატის სურათი გვიამბობს კინორეჟისორზე, რომელიც ისრაელის ერთ მიყრუებულ სოფელში ჩადის მაყურებელთან შესახვედრად და თავისი ახალი ნამუშევრის საჩვენებლად. აქ მას მასპინძლობას უწევს ახალგაზრდა ქალი, ბიბლიოთეკარი - ყურადღებას არ აკლებს და თანაც აფრთხილებს, თუკი მაყურებელთან შეხვედრის დროს ისაუბრებს ომის თემაზე და პალესტინელების ჩაგვრაზე, მის ახალ ფილმს კულტურის სამინისტრო აღარ დააფინანსებს. მიუხედავად პოლიტიკური სიმწვავისა “აჰედის მუხლი” უაღრესად სწორხაზოვანი, პრეტენზიული ფილმი გამოვიდა. სურათის მეორე ნაწილში ლაპიდი “ღეჭავს” თემას და სახიერება აღარ ჰყოფნის მის გასაღრმავებლად.

“კუპე ნომერი 6” (რეჟისორი იუხო კუოსმანენი, ფინეთი)

ჯერჯერობით კონკურსის ეს ერთ-ერთი საუკეთესო სურათი აუცილებლად გაგახსენებთ რიჩარდ ლინკლეიტერის პოპულარულ ფილმს “მზის ამოსვლის წინ”. აქაც იქნება შეხვედრა მატარებელში, აქაც იქნება სასიყვარულო ისტორია სექსის გარეშე; ფინელი ლესბოსელი სტუდენტი, რომელიც მოსკოვში სწავლობს არქეოლოგიას, მურმანსკში მიემგზავრება. მატარებელში გაიცნობს ახალგაზრდა რუს მეშახტეს, არყის და სექსუალური გოგოების დიდ მოყვარულს… მაგრამ ის არ მოხდება, რასაც მაყურებელი მოელის. “კუპე ნომერი 6” დაგინგრევთ აკვიატებებს და წინასწარ განწყობებს. ესაა სურათის მთავარი ღირსება.

“ყველაფერი კარგად დასრულდა” (რეჟისორი ფრანსუა ოზონი, საფრანგეთი)

კანის ფესტივალზე უკვე ისმის კომპლიმენტები ოზონის მისამართით, არაერთმა კოლეგამ აღნიშნა, რომ ესაა ყველაზე პროდუქტიული ფრანგი რეჟისორის საუკეთესო ნამუშევარი, რომ ევთანაზიის შესახებ ასეთი კარგი ფილმი არ გადაღებულა. ჩემი აზრით, ოზონს არაფერი ახალი არ გაუკეთებია. უფრო მეტიც, მსახიობები აქ კიდევ უფრო ცუდად თამაშობენ, ვიდრე ოზონის სხვა სურათებში

“გაყოფა” (რეჟისორი კატრინ კორსინი, საფრანგეთი)

თუ არ ვცდები ესაა პირველი მხატვრული ფილმი “ყვითელი ჟილეტების” აქციებზე საფრანგეთში. სურათის ავტორი ცდილობს რამდენიმე ძალიან აქტუალური პრობლემის ერთად თავმოყრას, თუმცა მათი გაერთიანებისთვის რეჟისორული ოსტატობა აშკარად არ ჰყოფნის.

“ენები” (რეჟისორი მაჰამატ ჰარუნი, ჩადი)

ლამაზი ფილმი აფრიკის (და არ მარტო აფრიკის) ქვეყნებისთვის მტკივნეულ თემაზე - აბორტის აკრძალვაზე და ქალებზე ძალადობაზე. როგორც კინო უაღრესად პრიმიტიულია, მაგრამ შესაძლებელია ამ უბრალოებით იგებს კიდეც. ფაქტია, პრემიერის შემდეგ გადამღებ ჯგუფს დიდი ოვაციები გაუმართეს. არაა გამორიცხული, რომ სპაიკ ლიმ, პირველმა შავკანიანმა ჟიურის თავმჯდომარემ კანის ფესტივალის ისტორიაში, ეს უბრალოება და სილამაზე დააფასოს.

“ყველაზე ცუდი ადამიანი მსოფლიოში” (რეჟისორი იოაჰიმ ტრიერი, ნორვეგია)

შეიძლება ითქვას, რომ ესაა “ახალგაზრდული ფილმი” თხრობის მანერით, სტილით, თავისუფალი რეჟისურით. თუმცა სურათის გმირები ნამდვილად აღარ არიან თინეიჯერები, რომლებმაც ჯერ კარგად არ იციან, რა უნდათ ცხოვრებაში. მათ უკვე შეუსრულდათ 30 წელი, მაგრამ ვერ გარკვეულან თავიანთ გრძნობებში და ვნებებში. აღრეულია ემოციები და შესაბამისად, აღრეულია ჟანრებიც - ტრიერის ფილმი ხან ლირიკული დრამაა, ხან კომედია, ხანაც მელოდრამა. სადღაც ფილმის მეორე ნახევრიდან მაყურებელთან ეს თამაში მოსაბეზრებელი ხდება. თუმცა ნორვეგიულ ფილმს თაყვანისმცემლებიც გამოუჩნდა - აგერ “გარდიანი” “ყველაზე ცუდ ადამიანს” ჯერჯერობით ფესტივალის საუკეთესო საკონკურსო ფილმად ასახელებს.

“ბენედეტა” (რეჟისორი პოლ ვერჰოვენი, საფრანგეთი)

უნდა ვაღიარო, რომ დიდი ხანია ველოდებოდი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ავტორის ახალ სურათს. გადაღების დროს ვერჰოვენს, რომელიც უკვე 82 წლისაა, ოპერაციის გაკეთება მოუხდა. შესაბამისად “ბენედეტას” პრემიერა გადაიდო. ამას მოჰყვა პანდემია, რომელმაც, საერთოდ, კინაღამ ჩაშალა პროექტი. მაგრამ ვერჰოვენმა მაინც შეასრულა პირობა და დაასრულა თავისი მორიგი სკანდალური სურათი მეჩვიდმეტე საუკუნის მონაზონ ქალზე, რომელსაც გარყვნილებასა და “ეშმაკთან ზავში” ადანაშაულებენ. სურათში არის რამდენიმე ძლიერი სცენა ვერჰოვენის სტილში (პათეტიკას და იუმორს შორის ზღვარი სრულიად გამქრალია)

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG