Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 10 ივლისი. See content from before

პარასკევი, 9 ივლისი 2021

კანში, კლასიკური კინოს რეტროსპექტივის პროგრამაში უჩვენეს თენგიზ აბულაძის “მონანიება”. ფილმის აღდგენილი ვერსიის პრემიერას დაესწრნენ სცენარის თანაავტორი ნანა ჯანელიძე და მთავარი როლის შემსრულებელი ავთო მახარაძე.

1987 წელს, კანის ფესტივალზე “მონანიების” ჩვენება პოლიტიკურ სკანდალს უკავშირდება. ჟიურიმ, რომელსაც ივ მონტანი ხელმძღვანელობდა, “ოქროს პალმა” გადასცა ფრანგ რეჟისორს, მორის პიალას ფილმისთვის “სატანის მზის ქვეშ”. მთელი ფესტივალის მანძილზე პიალას სურათს კრიტიკოსთა ყველაზე დაბალი შეფასება ჰქონდა. ანტიკლერიკალიზმით ყოველთვის გამორჩეული კანის ფესტივალის ელიტა დასცინოდა პიალას, ხოლო გაზეთმა “ლიბერასიონმა” პიალა დაახასიათა როგორც “მარაზმის სტადიაში მყოფი”. დასრულდა ფესტივალი და ყველასთვის მოულოდნელად “ოქროს პალმის”მფლობელი მორის პიალა გახდა. ჟიურის გადაწყვეტილებას დარბაზი სტვენით შეხვდა. “მე თუ არ გიყვარვართ, არც მე მიყვარხართ” - იყვირა პიალამ სცენიდან.

კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრი იყო რუსი-საბჭოთა რეჟისორი ელემ კლიმოვი,რომელიც “პერესტროიკის” ეპოქის დაწყებისთანავე კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარე გახდა და არაერთი აკრძალული ფილმი ჩამოიღო თაროებიდან. მათ შორის აბულაძის “მონანიება”. ყრილობაზე,რომელმაც კლიმოვი კავშირის თავმჯდომარედ აირჩია, დამარცხდა “მიხალკოვ-ბონდარჩუკების მაფიად” ცნობილი ჯგუფი.

კანის ფესტივალზე კლიმოვი გაემგზავრა “პერესტროიკის” მთავარი ფილმის, “მონანიების” ტრიუმფისათვის. აბულაძის გამარჯვება პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყო. საქართველოსთვის კი ორმაგად მნიშვნელოვანი: გამოვიდოდა, რომ ახლა უკვე მეორე ქართველის ფილმი მოუტანდა საბჭოთა კინოს “ოქროს პალმას”. პირველი იყო მიხეილ კალატოზიშვილი (“მიფრინავენ წეროებით”) და ახლა მეორე იქნებოდა აბულაძე.

1987 წლის საკონკურსო პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია კანის ფესტივალების ისტორიაში. მიუხედავად ამისა ფესტივალის ბოლო დღემდე კრიტიკოსთა გამოკითხვაში ლიდერობდა ნიკიტა მიხალკოვის “ოჩი ჩორნიე”, უფრო მეტიც, მიხალკოვს მხარს უჭერდა ჟიურის თავმჯდომარე ივ მონტანი.

აღმოჩნდა, რომ ჟიური დასკვნით სხდომაზე ხმები ისე გაიყო, რომ 12 საათიანი თათბირი უშედეგოდ დამთავრდა. ყველას სხვადასხვა ფილმი მოწონდა და თავის ფავორიტს ასახელებდა. “მონანიება”, როგორც ჩანს, არ იყო არც განსაკუთრებული ფავორიტების და არც “ანტიფავორიტების” სიაში. ამით ისარგებლა ელემ კლიმოვმა - როგორც კი დაინახა, რომ მიხალკოვმა “პალმა” ჩააწყო, სკანდალით დაემუქრა ფესტივალს. მერე კი ეშმაკობას მიმართა - შესთავაზა ივ მონტანს “პალმა” მორის პიალას მიეციო. მონტანი, ფრანგი პატრიოტი უარს როგორ იტყოდა? სამაგიეროდ კლიმოვმა დიდი პრიზი მოითხოვა “მონანიებისთვის”, რაზედაც უარი უკვე ვეღარ უთხრეს.

საბოლოოდ ფესტივალი ქართული კინოს და რაც მთავარია “პერესტროიკის” გამარჯვებით დასრულდა - აბულაძის ფილმმა კანის ფესტივალზე 3 პრიზი მოიპოვა.

მართლა არ მჯეროდა, რომ წელს კანის ფესტივალი ჩატარდებოდა. მითუმეტეს არ მჯეროდა, რომ ქართველები მსოფლიოს მთავარ კინოფორუმზე დასწრებას შევძლებდით. აგერ რუსი კოლეგები ჯერ კიდევ ათდღიან კარანტინში არიან, აგერ კინემატოგრაფისტებმა და ჟურნალისტებმა ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან, აზიის ქვეყნებიდან საერთოდ ვერ შეძლეს საფრანგეთში ჩამოსვლა.

მაგრამ კანის ფესტივალი მაინც შედგა, შეიძლება ითქვას, რომ კინო გადარჩა - 6 ივლისს ჯოდი ფოსტერმა, პედრო ალმოდოვარმა და წლევანდელი ჟიურის თავმჯდომარემ, ამერიკელმა რეჟისორმა სპაიკ ლიმ საზეიმოდ გახსნეს ყველაზე საინტერესო კინოდათვალიერება, რომელიც თავისი არსებობის მანძილზე მხოლოდ ორჯერ ჩაიშალა - პირველად 1939 წელს, როცა კანის პირველი კინოფორუმის გახსნას მეორე მსოფლიო ომის დაწყებამ შეუშალა ხელი და მეორედ 1968 წელს, როცა ფესტივალი გაიხსნა და მეორე დღესვე დაიხურა - 68 წლის მაისში საფრანგეთს ფესტივალისთვის არ ეცალა - სხვებთან ერთად კინემატოგრაფისტებიც აგებდნენ ბარიკადებს შუაგულ პარიზში. 68 წლის ფესტივალის ერთადერთ პრესკონფერენციაზე ლუი მალმა განაცხადა, რომ სირცხვილია დროის გატარება „ლაჟვარდოვანი სანაპიროს“ რესტორნებში მაშინ, როდესაც პარიზსა და ლონდონში, ბერლინსა და რომში პოლიცია ახალგაზრდებს სცემს და აპატიმრებს.

წელს, კანის ფესტივალის ჟიურის პრესკონფერენციაზე ქართველი კოლეგის, ანანო ბაკურაძის მიმართვა, თუ გნებავთ თხოვნა მსოფლიო მედიამ ყურადღება მიაქციოს თბილისში განვითარებულ მოვლენებს და ლგბტ ადამიანების დევნას, სპაიკ ლიმაც აიტაცა. ახლა ანანოს უკვე ქუჩაში აჩერებენ და საქართველოს ამბებზე ეკითხებიან.

დიახ, ესაა სწორედ კარგი კინოფესტივალი - პოლიტიკა და კინო კარგ ფესტივალზე არასდროსაა გამიჯნული. ამ ერთიანობას ვერანაირი „დისტანციური ფორუმი“ და ვირტუალური პროგრამები ვერ შეცვლიან. კანში კინო ფაქტობრივად გრძელდება ფილმის დასრულების შემდეგ, კინოდარბაზიდან გამოსვლის შემდეგ. თუმცა აქ უფრო მეტად ფასობს კინო, რომელიც არა იმდენად აღბეჭდავს რეალობას, არამედ თავად ქმნის მას, თავად კარნახობს სინამდვილეს თამაშის წესებს.

ასეთია საკონკურსო პროგრამის პირველივე ფილმი, რომლითაც გაიხსნა კანის 74-ე ფესტივალი, ფრანგი რეჟისორი, ლეო კარაქსის ინგლისურენოვანი ნამუშევარი, მიუზიკლი „ანეტ“ - ოპერის მომღერალი ქალისა და მისი კომიკოსი ქმრის რომანტიკულ-სიურრეალისტური ამბავი - ერთი მხრივ, მამაკაცი-ხელოვანის აღსარება და მეორე მხრივ, თავისებური ფემინისტური მანიფესტი. კარაქსმა, რომელიც ფაქტობრივად ათ წელიწადში ერთხელ იღებს კინოს, ახალი ფილმი მიუძღვნა საიდუმლო ვითარებაში გარდაცვლილი მეუღლის, ეკატერინა გოლუბევას ქალიშვილს ნასტიას, რაც კიდევ უფრო დამაფიქრებელს, იდუმალებით მოცულს ხდის სურათს - თუკი ადამ დრაივერი და მარიონ კოტიარი ფრანგი რეჟისორის ცხოვრებას განასახიერებენ, იბადება კითხვა - ხომ არ არის „ანიეტ“ თავად ლეო კარაქსის მონანიება, „კაცური მარცხის“ აღიარება იმ ქალების წინაშე, რომლებიც ძალადობის და უთანასწორობის მსხვერპლნი არიან?

პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა კინოს სამყაროში. შეიცვალა კანის ფესტივალის სტრუქტურაც. თუკი წინა ფორუმებზე ჟურნალისტებს განსხვავებული ხარისხის აკრედიტაციებით ანაწილებდნენ და დარბაზშიც შესაბამისი პრინციპით სვამდნენ - „თეთრებს“ და „ვარდისფერებს“ პარტერში, „ლურჯებს“ და „ყვითლებს“ ქანდარაზე, კოვიდმა ამ დისკრიმინაციას ბოლო მოუღო - ახლა ყველა ერთნაირად, ინტერნეტით უკვეთავს ბილეთებს , რათა დარბაზის წინ, რიგში, ხალხი ერთად არ შეგროვდეს... ეგაა, რომ პანდემიას დისკრიმინაციის ახალი ფორმა მოჰყვა - ევროპაში აღიარებული ვაქცინებით აცრილებს კანში ჩამოსვლა არ გაუჭირდათ. სხვებს ქაღალდები და განსაკუთრებული ნებართვა დასჭირდათ, მათ შორის ჩინური ვაქცინებით აცრილ ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს.

ვიცი, რომ კოვიდით ცოტა მოგაბეზრეთ თავი: კანის კინოფესტივალზეა, წლის 24 საუკეთესო ფილმი უნდა ნახოს და მაინც პანდემიას ახსენებსო. ვერ დაგპირდებით, რომ კანის კინოფესტივალის დღიურებში ამ თემას არ მივუბრუნდები. უფრო მეტიც, პანდემიის აჩრდილს, გარწმუნებთ, აქ ნაჩვენებ ყველა ფილმში ვიხილავ. წელიწადნახევარია სამყარო პატარა ვირუსის მანიპულაციებით ცხოვრობს. ცხადია, კინო ამ ახალ ჭირს ვერ გაემიჯნება. მთავარია, მართლა გადარჩეს და კანის წლევანდელი ფესტივალი არ გადაიქცეს ჭირის დროს მოწყობილ ნადიმად.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG