უცნაურია, მაგრამ ახლა მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა, საკვების მიღებაზე უარის თქმა, კვებავს „ქართული ოცნებისა“ და მისი თავგამოდებული მხარდამჭერების აგრესიასა და ცინიზმს, რადგან, როგორც ჩანს, ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ბრძოლის ამგვარი მოულოდნელი ფორმა საფრთხეს უქმნის წლების განმავლობაში მათ მიერ ნაშენებ იდეოლოგიურ კონსტრუქციას (ყველაფერში დამნაშავე და ამის გამო გაქცეული მმართველის შესახებ), რომლის რღვევა, თავის მხრივ, ხელს უწყობს ბოლო წლებში დაწყებულ „დიდ ელექტორალურ გადასახლებას“ მმართველი პარტიის გრავიტაციული ველიდან ოპოზიციისკენ, რომლის ვერშემჩნევა შეუძლებელია 2 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შემდეგ: საქართველოში არჩევნები საშუალოევროპული სტანდარტით რომ ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ უთუოდ დაკარგავდა ძალაუფლებას ადგილებზე პირველივე ტურში.
გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ მიხეილ სააკაშვილიც სწორედ იმიტომ დაბრუნდა „მაინცდამაინც ახლა“, რომ დარწმუნდა „ელექტორალური გადასახლების“ შეუქცევადობაში, რასაც მისი პატიმრობა და შიმშილობა დამატებით ენერგიას სძენს. სწორედ ამიტომაც, პატიმრობისა და, განსაკუთრებით, შიმშილობისკენ არის მიმართული მისი ოპონენტების აგრესია და სარკაზმი.
„ეს არის ჩვეულებრივი სიმულანტი, პროფესიონალი აფერისტი კაცი, რომელიც ჯერ გამოდის და ვითომ შიმშილობს, მეორეს მხრივ, ყველამ უნდა, რომ ვილაპარაკოთ მის დიეტაზე თუ შიმშილობაზე“, - ამბობს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, არადა, მიხეილ სააკაშვილი მართლა შიმშილობს და ამაში ეჭვი, პირველ რიგში, თვითონ ღარიბაშვილს არ ეპარება, ამაზე მეტყველებს მისი გაღიზიანება და ტონი.
ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოში შიმშილობის აქციისთვის ბევრს მიუმართავს, ბევრს უშიმშილია სხვადასხვა მოტივით და სხვადასხვა ვითარებაში, იქნებოდა ეს ციხე, რომელიმე ჩინოვნიკის მისაღები თუ საპროტესტო აქცია; უშიმშილიათ განსხვავებული ჯანმრთელობის და ინტელექტის, განსხვავებული ასაკისა და მიზნის ადამიანებს და, როგორც წესი, უშიმშილიათ უშედეგოდ, რის გამოც შიმშილობა ბევრისთვის საქილიკო თემად ქცეულა. სწორედ ასე შეხვდა საზოგადოების დიდი ნაწილი სააკაშვილის შიმშილობასაც, ბევრი სახუმარო და კიდევ უფრო მეტი გესლიანი ფრაზა დაიხარჯა, მაგრამ ცოტას თუ ეგონა, რომ სამი კვირის შემდეგაც „მიშას შიმშილობა“ იქნებოდა აქტუალური.
ალბათ, იმ პირველი, 1988 წლის ნოემბრის შიმშილობის შემდეგ, არცერთ სხვა შიმშილობას არ ჰქონია იმხელა რეზონანსი და მნიშვნელობა, როგორიც 1 ოქტომბერს დაწყებულ შიმშილობას აქვს. სხვათა შორის, ის „პირველი შიმშილობა“ პოეტმა ტარიელ ჭანტურაიამ მკურნალობას შეადარა, უფრო ზუსტად, შეადარა „საქართველოს მკურნალობას“.
და რა სჭირდა საქართველოს სამკურნალო?
„თითქოს კირკემ გადაიარა საქართველოზე და თავის გრძნეული ჯოხით ქართველთა უდიდესი ნაწილი ღორებად აქცია...
ჭამენ, ჭამენ, ჭამენ...
ვჭამთ, ვჭამთ, ვჭამთ...
რით ვერ დავნაყრდით, რით ვერ მოვიკალით შიმშილი, რა მოხდა, რამ გადაგვრია!“
33 წლის შემდეგაც იგივე ხდება საქართველოში: ვჭამთ, ვჭამთ, ვჭამთ... ოღონდ, უკვე დიდი ხანია, ვჭამთ არა უბრალოდ ბევრს, არამედ ვჭამთ ერთმანეთს, ვჭამთ და ვერ ვნაყრდებით, ვჭამთ და ვერ ვჩერდებით!
საქართველოში რომ მიუკერძოებელი მართლმსაჯულება გვქონდეს, უთუოდ გავჩერდებოდით. ყოველ შემთხვევაში, ერთიათად მაინც მოიკლებდა ჭამის ტემპი და შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენი მართლმსაჯულება, თავისი შერჩევითობითა და დისკრედიტებული მოსამართლეებით, სწორედ ამ უკურნებელი კვებითი აშლილობის - პოლიტიკური ბულიმიის სამსახურშია ჩაყენებული. ასე იყო ყველა წინა ხელისუფლების დროს და ასეა ახლაც.
საქართველოს რომ მაღალი რეპუტაციის მართლმსაჯულების სისტემა ჰქონდეს, საფუძველს მოკლებული იქნებოდა საუბარი როგორც შერჩევით სამართალზე, ასევე პოლიტიკურ პატიმრობაზე და, შესაბამისად, ხელისუფლებას არ მოუწევდა თავის მართლება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გამო, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა არც სასამართლოს თავისუფლების ხარისხის და არც რეპუტაციის გასაზრდელად. პირიქით მოიქცა, როცა არ შეასრულა პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, მათ შორის, შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის თაობაზე და, როცა დასცინა ვენეციის კომისიას, რომელსაც, ირაკლი კობახიძის თქმით, „თავისი სამართლებრივი ცოდვებიც ეყოფა“.
საქართველოს მეორე რესპუბლიკაში ისეთი პოლიტიკური კულტურა ჩამოყალიბდა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური თანამდებობის პირის გასამართლებაა შესაძლებელი. მთავარია, ვის მიანათებს ხელისუფლების დავალებით მოქმედი პროკურორი „ნაჩნიკის“ [ღამის სანათის] დამაბრმავებელ სინათლეს.
ვინ დაიჯერებს, რომ მხოლოდ წინა ხელისუფლების თანამდებობის პირები არღვევდნენ კანონს, ხოლო მოქმედი (და წინას წინა) ხელისუფლების წარმომადგენლები იდეალურად უმწიკვლონი არიან?
ვინ დაიჯერებს, რომ მხოლოდ 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციების დარბევისას დაირღვა კანონი, ხოლო 20 ივნისის (გავრილოვის) ღამეს შს მინისტრი და სხვა მაღალი რანგის მოხელეები უზადოდ მოქმედებდნენ?
ვინ დაიჯერებს, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დიდი ქართული ბიზნესის კანონთან მწყრალად მყოფი ერთადერთი წარმომადგენლები არიან?
ის, რომ რომელიმე პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები დარწმუნებული არიან ოპონენტების დანაშაულში, არაფერს ნიშნავს, რადგან ზუსტად ასევე შეიძლება ფიქრობდნენ მათზე სხვა პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები. მნიშვნელოვანია, რას იტყვის და გადაწყვეტს მიუკერძოებელი მართლმსაჯულება, რომელიც, სამწუხაროდ, არ გვაქვს.
საუბარი შერიგებასა თუ დაპირისპირების დასრულებაზე, სწორედ ამას ნიშნავს: ვინ წავა ციხეში, გადაწყვიტოს არა ხელისუფლებამ შერჩევით, არამედ მაღალი რეპუტაციის სასამართლომ პირუთვნელად!
შერიგება თუ დაპირისპირების დასრულება ასევე ნიშნავს ნორმალური არჩევნების ჩატარებას და, საჭიროების შემთხვევაში, კოჰაბიტაციისათვის მზადყოფნას და არა ლამის მოსახლეობის ნახევრის ნების გამომხატველი პოლიტიკური ძალების დასრულებაზე ისტერიულ საუბარს!
ის, რომ ვიღაცისთვის (ვიღაცებისთვის) ემოციურად აშკარაა, ვინ არის „შავი“ და ვინ არის „თეთრი“, არაფერს ნიშნავს, რადგან არაფერია ამ ემოციურ შავთეთრობაზე ცვალებადი და მოუხელთებელი. საქართველოს უახლოესი წარსულიც კი მდიდარ მასალას იძლევა ამ თვალსაზრისით. გავიხსენოთ, როგორი რეპუტაციული ტრანსფორმაცია განიცადა ცნობილი მწერლის მიერ სამ მუშკეტერად შერაცხილმა სამხედრო საბჭოს სამეულმა, როგორ შეიცვალა დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიასადმი ისე, რომ, ფაქტების დადგენის თვალსაზრისით, თვისებრივად არაფერი შეცვლილა. კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება...
ემოციური შავთეთრობის (ვინ მხსნელია და ვინ მოღალატე, ვინ კეთილია და ვინ ბოროტი და ა.შ.) მოუხელთებლობის სადემონსტრაციოდ გამოდგება თუნდაც სერბი მწერლის, მილორად პავიჩის ერთი მცირე ზომის მოთხრობა („წმინდა სერობა“) ბელგრადელ მხატვარ ისაილოზე, რომელიც ფრესკებიდან იხატავს სცენებს და, რომელსაც ჰყავს ცოლი და დიდი ხნის უნახავი ცოლისძმა - „წითური ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის შესახებაც ამბობდნენ, რომ არა მხოლოდ მის თმას, არამედ მის აზრებსაც წითელი შეფერილობა გადაკრავდა და, რომ ის წვერს ატარებდა როგორც დროშას - პროტესტის ნიშნად“.
ვითარება ხდება ფაშისტების მიერ ოკუპირებულ ბელგრადში. მხატვარი წმინდა სერობაზე მუშაობს და პერსონაჟების სახეებს ეძებს დუქანში, სადაც რეგულარულად სადილობს ერთ გრძელ მაგიდასთან. დროთა განმავლობაში მუდმივ სტუმრებს შორის, რომლებიც ამავე მაგიდის გარშემო სხდებოდნენ, აღმოაჩინა მოციქულების - პეტრესა და პავლეს სახეები, შემდეგ უწვერო იოანე, თმახუჭუჭა ლუკა, როგორც ფრესკაზე იყო, წვერითა და გაბურძგნილი წარბებით. მოკლედ, ნელ-ნელა თითქმის მთელი „საიდუმლო სერობა“ შეკრიბა, მხოლოდ ორი მონაწილე დარჩა - მაცხოვარი და იუდა. „ქრისტე იჯდება მაგიდის შუაში, როგორც მე ვზივარ, ხოლო იუდა მოპირდაპირე მხარეს“, - ასე მსჯელობდა მხატვარი, მაგრამ იმ მოპირდაპირე მხარეს რატომღაც არავინ ჯდებოდა, ამიტომ იუდას სახიანი სტუმარი ვერა და ვერ შეარჩია. ვითარება შეიცვალა ერთ საღამოს, როცა კერძს მიირთმევდა თავის ჩვეულ ადგილზე, გრძელი მაგიდას შუაში. ჯერ სროლის ხმა მოისმა ქუჩიდან, შემდეგ ხმაური ჩაწყნარდა და დუქანში შეიჭრა ყმაწვილი, რომელიც, ცდილობდა სიმშვიდის შენარჩუნებას, რათა ყურადღება არ მიექცია და მხატვრის მოპირდაპირე მხარეს დაჯდა. ცოლისძმა აღმოჩნდა, სწორედ ის გაურბოდა ფაშისტების პატრულს.
როგორც კი დაინახა წითელი თმა და წვერი, მაშინვე იცნო: აი, ვინ შეიძლება იყოს იუდა! - გაიფიქრა მხატვარმა გულში, - თანაც იუდა და არა მხოლოდ ნახატზე, არამედ ნამდვილიც - რადგან ყველას თანდასწრებით მხატვართან გამოლაპარაკებით, გამოვლინდებოდა მათი ნაცნობობა და გერმანელები, რომლებიც მოსდევდნენ, მასაც წაიყვანდნენ.
აენთო. თან თვალის კიდით უყურებდა კარში გამოჩენილ გერმანულ პატრულს, თან წინ გადახრილი აკვირდებოდა ჟღალწვერიან სახეს და ცდილობდა დაეჭირა ის რაღაც, რაც აკლდა და რის გარეშეც მისი სახე არ ჰგავდა იუდას სახეს. ფუნჯი მოიმარჯვა. სურდა ნაჩქარევად, მეხსიერებაში შეესწორებინა ნაკვთები, რომელთა უმნიშვნელო დეტალებმა დაარღვიეს მსგავსება. მხოლოდ შემდეგ, როდესაც გერმანელი ჯარისკაცები ახლოს მოვიდნენ, მხატვარი მიხვდა, რომ ფუნჯი არ ეკავა ხელში და, რომ მას, ერთადერთს დარბაზში, გაეშვირა თითი დაბალი წითური მამაკაცისკენ, რომელიც ჩუმად იჯდა მაგიდის მეორე მხარეს, შუაში...
გასაგებია, რომ ემოციურად, ბევრს სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილი იმსახურებს პატიმრობას და, რომ მისი შიმშილობაც არანაირი თანაგრძნობის ღირსი არ არის, მაგრამ, თუ ემოციური მსჯელობა მნიშვნელოვანია, განა ცოტა მოიძებნება ისეთი, ვინც ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორედ ის, პავიჩის მხატვარია, ხოლო პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი - მისი გაშვერილი თითი?
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.