Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 9 ოქტომბერი. See content from before

ოთხშაბათი, 6 ოქტომბერი 2021

რა იყო ევროკავშირისა და დასავლეთი ბალკანეთის სამიტის დანიშნულება?

ისე ჩანს, რომ მსგავსი ღონისძიებები ბრიუსელისთვის გადაიქცა ჩვეულებრივ, თავიდან მოსაშორებელ საქმედ. გეოპოლიტიკის სფეროს რაც შეეხება, ბოლო დროს თითქმის აქ ყველაფერი ასე კეთდება.

სამიტმა შექმნა პლატფორმა, რათა ევროკავშირს ეჩვენებინა, თუ რამდენი რამით ასაჩუქრებს რეგიონის 6 ქვეყანას. მაგრამ, ამავე დროს მან ისიც აჩვენა, თუ როგორი დისფუნქციური გახდა ალიანსი და რომ ბალკანეთის ამ ქვეყნებისთვის ევროკავშირის წევრობა პრაქტიკულად ფუჭი ოცნებაა.

ევროკავშირის დიპლომატები, რა თქმა უნდა, ამგვარ შეფასებას ბრაზით გააპროტესტებდნენ.

ცხადია, მათ კონკრეტული მაგალითების მოყვანაც შეუძლიათ, თუ რამდენს მიაღწიეს 6 ოქტომბერს სლოვენიაში ჩატარებულ სამიტზე.

აი, კულუარებში ჩატარებული შეხვედრები ავიღოთ. საფრანგეთის პრეზიდენტი და გერმანიის კანცლერი კოსოვოსა და სერბეთის ლიდერებს შეხვდნენ და აჩვენეს, რომ ბელგრადისა და პრიშტინას ურთიერთობებს ევროპის დიპლომატიის უმაღლეს ეშელონებში განიხილავენ. ასევე, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ბულგარეთის ლიდერების საუზმე ევროკავშირის ორ პრეზიდენტთან შეიძლება მიანიშნებდეს, რომ საგზაო რუკა სოფიის ვეტოს მოსახსნელად სკოპიეს ევროკავშირის წევრობაზე ჯერაც ძალაშია.

ამას ემატება სხვა კონკრეტული მაგალითები, რომლებიც ევროკავშირის ოფიციალური პირების დეკლარაციებშია ასახული. დეკლარაციებში, რომლებიც სამიტამდე ჩატარებული რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შედეგად შეიქმნა. აქ ნახავთ 30 მილიარდ ევროს, რომელსაც ევროკავშირი დააბანდებს დასავლეთ ბალკანეთში მომდევნო 7 წლის განმავლობაში. ვაქცინის 2,9 მილიონ დოზას, რომელსაც ბრიუსელი ექვს ქვეყანას გადასცემს და თან ჰპირდება, რომ ევროკავშირი ამ ქვეყნებს დაეხმარება, 2021 წლის ბოლოსთვის მიაღწიონ ვაქცინაციის ისეთ მაჩვენებელს, როგორიც, საშუალოდ, ევროკავშირში იქნება. აქვე ნახავთ განცხადებას, რომ მკაფიო მიზნები იქნება დასახული ევროკავშირსა და დასავლეთ ბალკანეთში როუმინგის ფასების შესამცირებლად.

დეკლარაციაში მოცემულია პირობაც, რომ შემდეგი სამიტი მომავალ წელს ჩატარდება და მსგავსი შეხვედრები რეგულარულ ღონისძიებებად გადაიქცევა. თუმცა, ამ ყველაფერში შემაშფოთებელი ტენდენციებიც იკვეთება. ამ რეგიონის ქვეყნები ევროკავშირს ბოლო 4 წლის განმავლობაში სამჯერ შეხვდნენ მაღალი დონის ღონისძიებებზე. თუმცა, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ბევრი არაფერი თქმულა.

სამწუხარო სიმართლე კი იმაშია, რომ პირველი მსგავსი სამიტი, რომელიც 2003 წელს თესალონიკში ჩატარდა, ყველაზე ამბიციური აღმოჩნდა. მაშინდელი დეკლარაცია ხმამაღლა აცხადებდა, რომ „ბალკანეთის მომავალი ევროკავშირის ფარგლებშია“ და ამატებდა, რომ „ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია და, საბოლოოდ, ევროკავშირის წევრობა, ევროპული სტანდარტების მიღების გზით, შემდეგი დიდი გამოწვევა იქნება.“

შემდეგი მსგავსი სამიტი 15 წლის შემდეგ, 2018 წელს ჩატარდა. აქ უცებ გაჩნდა პირობა, რომ შეკრებები ყოველწლიური გახდებოდა, მაგრამ გაქრა წინმსწრები განცხადებები. წლევანდელ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ „ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს მის ერთგულებას გაფართოების პროცესთან დაკავშირებით და მისი შემდგომი გადაწყვეტილებები დაეყრდნობა პარტნიორების მიერ გატარებულ რეფორმებს, პირობების სამართლიანად და გულმოდგინედ შესრულებას და დაეყრდნობა ღირსეულების პრინციპს.“ ევროკავშირის დიპლომატები, რომლებსაც რეგიონის ალიანსში გაწევრიანება სურთ, ხარობენ, რომ ტექსტში სიტყვა „გაფართოება“ მოხვდა. აი, ამბიციის ასეთი დონე აქვთ დღეს!

და იმისთვის, რომ დააწყნარონ გაფართოების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი დანია, საფრანგეთი და ნიდერლანდი, ტექსტში წერია: „ჩვენ ასევე გვახსოვს ევროკავშირის მიერ საკუთარი განვითარების შენარჩუნებისა და გაღრმავების შესაძლებლობის მნიშვნელობა და განსაზღვრა ახალი წევრების ინტეგრაციის საშუალებისა“. დიპლომატების ენიდან რომ ვთარგმნოთ, აქ წერია: „ევროკავშირში ახლა უამრავი შიდა პრობლემა გვაქვს და წევრობას ახლა ნუ გვთხოვთ“. რა გასაკვირია, რომ სლოვენიის შეთავაზება, ექვსი ქვეყნის წევრობისთვის რამე განრიგი შეემუშავებინათ, უმალ იქნა უარყოფილი.

აზრის შესაქმნელად საკმარისი იყო, რომ შეხვედრების წინ ევროკავშირის ლიდერებს მიჰყოლოდი და სამიტის შემდგომ პრეს-კონფერენციებს დასწრებოდი. შეკითხვების ნახევარი, რომლებსაც ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენელი ჟურნალისტები სვამდნენ, სულ არ შეეხებოდა დასავლეთ ბალკანეთს. მათ უფრო აინტერესებდათ სამიტის წინ ჩატარებული სადილი, სადაც ევროკავშირის ლიდერები განიხილავდნენ გაზის ფასს, ევროკავშირის სტრატეგიულ ავტონომიას ავღანეთის ქაოსის ფონზე და ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის შეთანხმებას, რომელიც პარიზს ახლაც აღიზიანებს.

ევროკავშირი სრულადაა მოცული საკუთარი თავით და დასავლეთ ბალკანეთს მათ გონებაში ადგილი არ უჭირავს. გარდა იმისა, რომ სამიტი ახლა ყოველ წელს ჩატარდება, სადაც მეტ-ნაკლებად პოლიტიკურ საჩუქრებს დაარიგებენ. ოჯახური შეკრების მსგავსად. ოღონდ, არ უნდა ითქვას რომ ისინიც ოჯახის წევრები არიან, ან ოდესმე გახდებიან.

მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება ავტომატურად ნიშნავს დაბრუნებას აქტიურ პოლიტიკაში, უფრო ზუსტად, ხელახალ პოლიტიკურ დაბადებას, თუმცა, აუხსნელია, რატომ იყო „მშობიარობა“ ასეთი, ერთი შეხედვით, სპონტანური და დაუგეგმავი, მიუხედავად სამზადისისთვის საკმარისზე მეტი დროისა. ყველა გაოცებული დარჩა ფინალით, რომელიც, მოგეხსენებათ, სიმბოლური და დიდი მნიშვნელობის მატარებელია.

ალბათ, ყველა ელოდა მეტ მოქმედებას დაპატიმრებამდე, ელოდა ეფექტიან გამოჩენას საჯარო სივრცეში ბევრი კამერის წინ ან სულაც ტელემიმართვას - რაღაც „ოქტომბრის თეზისების“ მსგავსს და ა.შ. მაგრამ, ნაცვლად ამისა, ვიხილეთ სამშობლოში დაბრუნების ფაქტის აღმნიშვნელი ორი მოკლე ვიდეო და მოულოდნელად დაპატიმრებული მესამე პრეზიდენტის მოღიმარი, შეიძლება ითქვას, ბედნიერი სახე, რასაც, სხვათა შორის, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს.

საქართველოში ხომ „ყოველი მეორე“ ფიზიოგნომიკის სპეციალისტი თუ არა, მხურვალე მიმდევარი მაინც არის, ქართველი კაცისთვის ხომ იოლად ხელმისაწვდომია თუნდაც სრულიად უცნობი ადამიანის გარეგნულ შესახედაობასა და ხასიათს შორის უტყუარი კავშირის დადგენის ხელოვნება, სამშობლოში დაბრუნებული და დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი კი არ ტოვებდა არც დაბნეული და არც შეშინებული კაცის შთაბეჭდილებას. შესაბამისად, სამთავრობო პროპაგანდამაც მყისიერად შეწყვიტა საუბარი „მშიშარა სააკაშვილზე“, რომელზეც სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე ქილიკობდნენ, რომ „ვერ გაბედავს ჩამოსვლას“, რომ „სად აქვს ჩამოსვლის თავი“, რომ „მშიშარა და მატყუარა კურორტ ტრუსკავეცში წერს ვიდეოებს“ და ა.შ.

სამაგიეროდ, სამშობლოში დაბრუნებისა და დაპატიმრების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელებმა და მხარდამჭერებმა დაიწყეს ხმამაღალი საუბარი მის სიმამაცეზე, თავდადებასა და თავგანწირვაზე; დაიწყეს საუბარი პოლიტიკურად დევნილ ლიდერზე, რომელიც თავისი სურვილით დაბრუნდა გარდაუვალ განსაცდელთან შესახვედრად, მხარდამჭერების გასამხნევებლად და მათი ბედის გასაზიარებლად.

აშკარაა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უბრალოდ პოლიტიკური ლიდერი კი არა, თავისი „უძლეველი გმირი“ დაიბრუნა, სწორედ ამიტომ უსვამენ ხაზს მის თავდადებასა და თავგანწირვას, რომელიც ლამის ცოტნე დადიანის გმირობას გაუტოლონ.

მე ვიხდი პერმში შეკერილ პიჯაკს
და ცოტნეს გვერდით თამამად ვჯდები.

ცხადია, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსასვლელად ბევრად უკეთეს ქალაქში შეკერილი პიჯაკი გაიხადა, ვიდრე ერთმა ძალიან კარგმა ქართველმა პოეტმა გასული საუკუნის 80-იან წლებში.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობას, მისი მხარდამჭერები ასევე ადარებენ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ დევნას. ცხადია, შედარება დიდწილად ემოციური და ზედაპირულია, მაგრამ, ფაქტია, რომ დღეს რუსთავის XII სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაპატიმრებულია იოსებ სტალინისა და ედუარდ შევარდნაძის შემდეგ ყველაზე ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი, თანაც დაპატიმრებულია უკიდურესად დისკრედიტებული მართლმსაჯულების მიერ, ხელისუფლება კი, პრემიერ-მინისტრის სახით, ეჭვების გაფანტვის ნაცვლად, ფაქტობრივად ადასტურებს პოლიტიკური დევნის ფაქტს, როცა აცხადებს:

  • „სააკაშვილი ან უნდა დაგვეჭირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან. ეს კაცი პოლიტიკიდან არ მიდის, ბოდიშს არ იხდის, არ ითხოვს შეწყალებას“.
  • „წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ მუხლებს“.

მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ უკვე გამოიწვია ე.წ. მაგნიტის ეფექტი, რომელმაც ამომრჩევლების ხმები ლამის მხოლოდ ორ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუნაწილა.

სააკაშვილის დაბრუნებამ შუა ისევე გაკრიფა, როგორც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ. სწორედ ამ „მაგნიტის ეფექტმა“ (მოგეხსენებათ, მაგნიტს მხოლოდ ორი პოლუსი აქვს), დააკლო ხმები გახარიას ელექტორალურად მზარდ პარტიას და მოუმატა „ქართულ ოცნებას“, რომელმაც მოახერხა გაქცეული „უძღები ამომრჩევლის“ ნაწილობრივ უკან დაბრუნება.

ბუნებრივია, სააკაშვილის ჩამოსვლამ შეაღვიძა და თავისკენ მიიზიდა შედარებით ინერტული ოპოზიციური ამომრჩეველი. სავარაუდოდ, მაგნიტის ეს ეფექტი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მთავარი ოპოზიციური პარტიისათვის პოლიტიკურმა ბრძოლამ მძლავრი ემოციური მდგენელი შეიძინა ლიდერის პატიმრობიდან გათავისუფლების სახით. ცხადია, პოლარიზაციის ხარისხს კიდევ უფრო მეტად გაზრდის ღია პოლიტიკურ ასპარეზზე ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთხელ დაბრუნება, თუმცა ეს მხოლოდ ჰიპოთეზური დაშვებაა პოლარიზაციის ხარისხის ზრდის მექანიზმის საჩვენებლად.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა აუცილებლად შევა საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო პარტნიორების ურთიერთობის დღის წესრიგშიც, თუმცა „ქართული ოცნების“ მთავარი გამოწვევა მაინც შიდაპოლიტიკურ პროცესებსა და არჩევნებს, მმართველი პარტიის ელექტორალური მხარდაჭერის დინამიკას უკავშირდება. რომ არა კოჭლი ქართული დემოკრატია, რომ არა ადმინისტრაციული რესურსების ტოტალური კონტროლი, რომ არა სუს-ის ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში, რომ არა პარტიების დაფინანსების სამარცხვინო დისბალანსი, რომ არა ამომრჩევლის მოსყიდვა-დაშინება და ა.შ., „ქართული ოცნება“ 2021 წლის 2 ოქტომბერს უთუოდ დაკარგავდა ძალაუფლებას ადგილებზე. მეტიც, დღევანდელი ელექტორალური მხარდაჭერით „ქართული ოცნება“ ვერც 2012 წელს მოიპოვებდა ძალაუფლებას. ფაქტია, „ქართულ ოცნებას“, არჩევნებიდან არჩევნებამდე, სულ უფრო მეტი ადმინისტრაციული, მატერიალური თუ ინტელექტუალური ძალისხმევა სჭირდება ელექტორატის მოზიდვისა და მობილიზებისთვის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ვიქტიმიზაცია კი, თავისთავად, სულ სხვა პოლუსისკენ იზიდავს მზარდ უკმაყოფილო ამომრჩეველს.

2021 წლის 1 ოქტომბრამდე ასევე მარტივი იყო „ქვეყნიდან გაქცეული პრეზიდენტის“ გაშავება, ე.წ. შავი PR-ის აგორება („თუ მართალია, ჩამოვიდეს და დაამტკიცოს“ და ა.შ.), ციხეში თავისი ნებით ჩამჯდარისა კი ბევრად რთულია. საჭიროა, ახალი, სულ სხვა ტიპის კონსტრუქციების აგება, საჭიროა იმგვარი ძალისხმევა, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქმედებას გააუბრალოებს, მოშლის პარალელის გავლების შესაძლებლობას ისტორიაში შესული პოლიტიკოსების დევნასთან, მის პატიმრობას კი კიტჩად აქცევს, რადგან, მოგეხსენებათ, განსაცდელი უფრო აჩენს და ადიდებს ადამიანს, თუ, რა თქმა უნდა, გაუძლებს ამ განსაცდელს.

2 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური, სადაც „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს ყველაზე მსხვილი ქალაქებისა და რაიონული ცენტრების თვითმმართველობისთვის შეებრძოლებიან ერთმანეთს, უთუოდ გამოაჩენს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის ეფექტის როგორც მასშტაბს, ასევე ზრდის პოტენციალს, რაც, თავის მხრივ, დიდწილად განსაზღვრავს როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის, ასევე „ქართული ოცნების“ მოქმედების სტრატეგიას. სავარაუდოდ, ამაზე უნდა მიანიშნებდეს ირაკლი კობახიძის მუქარაც:

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ შემდეგი არჩევნებიდან და მანამდეც "ნაციონალურმა მოძრაობამ" საერთოდ დაკარგოს აქტუალობა ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში“.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG