Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 3 დეკემბერი. See content from before

ოთხშაბათი, 2 დეკემბერი 2020

თანმხლები ჩამოწერს

ყველა ვხედავთ, როგორ არის ჯანდაცვის სფერო ჩვენთან ორგანიზებული, როგორ არის პოლიტიკა და ძალაუფლების სტრუქტურები მასში შეჭრილი, რამდენად „ეფექტიანად“ იმართება პანდემია, როგორი ძალისხმევის ფასად უჯდებათ „რიგით მოქალაქეებს“ თავიანთი ოჯახის წევრების საავადმყოფოებში გადაყვანა, რამხელა როლს თამაშობს სიცოცხლისათვის ბრძოლაში ნაცნობობა და ქონებრივი ცენზი, როგორი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის, ხელისუფლების წარმომადგენლის ან სულაც „ცნობადი სახის“ დროულ ჩარევას, სადღაც დარეკვას, ვიღაცის შეწუხებას, რათა დროზე მოვიდეს სასწრაფო, დროზე გამოინახოს ადგილი ან სასტუმროში ან საავადმყოფოში, რათა შენ ან ვინმე შენიანი არ მოხვდეს კოვიდით გარდაცვლილთა სავალალო სტატისტიკაში და სახელმწიფო კანცელარიის ან ჯანდაცვის სისტემის რომელიმე თანამშრომელმა მოჩვენებითი წუხილით არ აღნიშნოს, პაციენტს COVID-19-თან ერთად თანმხლები დაავადებებიც ჰქონდაო.

განა, არსებობს იდეალურად ჯანმრთელი ადამიანი „თანმხლები დაავადებ(ებ)ის“ გარეშე?

მწერალ ექიმთა (თუ ექიმ მწერალთა) ვრცელ ჩამონათვალში საპატიო ადგილი უკავია ბიკენტი ვერესაევს, ტარტუს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის კურსდამთავრებულს, რომელიც თავის „ექიმის ჩანაწერებში“ ამბობს, რომ საჭიროა ცხოვრების წარმოუდგენლად იდეალური პირობები, რათა ავადმყოფობა იქცეს „შემთხვევითობად“, სხვა შემთხვევაში კი ყველა ადამიანი ავადმყოფობსო: ღარიბები გაჭირვებისგან, მდიდრები - სიმაძღრისგან, მშრომელები - გადაღლილობისგან და ა. შ. ყველა ადამიანში, ადრეული წლებიდან, ბუდობს განადგურების მარცვალი, სხეული იწყებს დაშლას, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების დასრულებამდეო.

თუმცა, ცხადია, ავადმყოფობა არ ნიშნავს ადამიანის გარდაუვალ, ხანმოკლე სიცოცხლეს. თანამედროვე მედიცინის მიღწევებს რომ დავანებოთ თავი, ათენელი პოეტი და მოაზროვნე სოლონი ჯერ კიდევ ჩვ. წ. აღრიცხვამდე ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობად 70 წელს ანგარიშობდა. ამის შესახებ ლექსიც კი აქვს დაწერილი სათაურით „ცხოვრება კაცისა“, რომელიც გიგლა სარიშვილმა თარგმნა გასული საუკუნის 80-იან წლებში.

სოლონს ადამიანის სიცოცხლე 7-7 წლიან პერიოდებად აქვს დაყოფილი: პირველ შვიდწლეულში კბილებს მოიცვლისო, მეორე შვიდწლეულში ტანს აიყრისო, მესამეში ნირს შეიცვლისო, მეოთხეში ძალას შეიძენსო, მეხუთეში ქორწილის დროაო და ასე შემდეგ:

„და თუ მეათე შვიდწლედიც უბოძა ღმერთმა,

დროა, კაცს ბოლო დაუდგინოს არსთა გამრიგემ“.

ისეც ხდება, რომ ადამიანი „არსთა გამრიგეს“ არ ელოდება და მეათე შვიდწლედის გასრულების შემდეგ თვითონ დაუდგენს თავის თავს ბოლოს, როგორც ეს გააკეთა პოლ ლაფორგმა - ცნობილმა ფრანგმა ეკონომისტმა და კარლ მარქსის სიძემ, რომელმაც, 1911 წლის 6 ნოემბერს, სწორედ 70 წელს მიღწეულმა, ცოლთან, ლაურა მარქსთან ერთად ციანიდით მოიკლა თავი.

რატომ?

„ეს იყო სრულიად შეგნებული აქტიო“, - წერს აკაკი ბაქრაძე თავის ერთ წერილში, - „ლაფორგი თვლიდა, რომ ადამიანმა 70 წელზე მეტი არ უნდა იცხოვროს. 70 წლის შემდეგ იწყება სიბერე, როცა ადამიანი ხდება ტვირთი როგორც სხვისთვის, ისე თავისი თავისთვის. რაკი ლაფორგს 70 წელი შეუსრულდა, მან სრული შეგნებით, მისი რწმენის შესაფერისი საქციელი ჩაიდინა. მართალია, ლაურა მარქსი მაშინ 70-ის არ ყოფილა, მაგრამ იგი 33 წელიწადი ლაფორგის ჭირისა და ლხინის გამზიარებელი იყო და ქმარს არც სიკვდილში უღალატა“.

უფრო უცნაურ არჩევანსაც იცნობს კაცობრიობის ისტორია. ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში მცხოვრებმა რომის მოქალაქემ, ციცერონის მეგობარმა ტიტუს ატიკუსმა, მას შემდეგ, რაც ექიმების ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო (წყალმანკით იტანჯებოდა), გადაწყვიტა შიმშილით მოეკლა თავი და ამგვარად მოეღო ბოლო ტანჯვისათვის. დაემშვიდობა მეგობრებს, ნათესავებს და უარი თქვა საკვების მიღებაზე, მაგრამ მოხდა „სასწაული“: გარკვეული დროის შემდეგ შიმშილობის შედეგად დაავადებამ უკან დაიხია, რამაც ძალზე გაახარა ავადმყოფის ახლობლები, თუმცა არა თავად ატიკუსი, რომელმაც არ შეწყვიტა შიმშილობა, რადგან, მისი სიტყვებით: „როცა ასე ახლოს მიხვალ სიკვდილთან, სირცხვილია უკან დაბრუნება.“

ერთი სიტყვით, სიკვდილი ყველანაირი შეიძლება იყოს, ისეთიც როგორებიც გავიხსენეთ, და ნაკლებად ორიგინალურიც - უკურნებელი ავადმყოფობებით გამოწვეული ან ისეთები, რომლებსაც ახალი კორონავირუსი გაამძაფრებს და მკვლელად აქცევს, თუმცა ერთია, როცა ადამიანს თავისი ახირება, ავადმყოფობა ან მეცნიერების უძლურება კლავს და სულ სხვა, როცა ადამიანი გაუმართავ ან უსამართლო სისტემას ეწირება.

დღეს გამოაცხადეს, რომ 19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალების საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო შეისწავლისო. თეკლას COVID-19-თან ერთად თანმხლები დაავადებაც ჰქონდა, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლი კი თანმხლები დაავადებების შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციას ითვალისწინებს, მაგრამ რას ჰყვება გარდაცვლილი გოგონას დედა?

"გამუდმებით ვრეკავდი სასწრაფოს ექიმებთან, ჯანდაცვასაც ვაწუხებდი და მიდიოდა გადამისამართება. 4 დღე გაგრძელდა ეს. მერე გამოვიძახე სასწრაფო, გადაიყვანეს კოვიდსასტუმროში და ექიმმა თქვა, რომ აქ, ერთადერთი შემიძლია ინჰალაცია გავუკეთოვო. არც ჟანგბადი, არანაირი პირობა არ ჰქონდათ. სიცხის დამწევ წამალსაც მე ვაწვდიდი. რომ გავიგეთ, როგორი შედეგები აჩვენა კვლევებმა და მაინც ისევ სასტუმროში დააბრუნეს, მივედით ჩვენც იქ, გამოვიძახეთ სასწრაფო. სასწრაფოს ექიმი რომ მოვიდა, გვითხრა, რომ კლინიკაში ვერ გადაიყვანდა. ერთხელ დარეკა და ვთხოვე, კიდევ დაერეკა - მომაწოდა ტელეფონი და მითხრა, აჰა, შენ დარეკე, თუ არ გჯერა რომ ადგილები არ არისო. არავინ არ გყავს, სამინისტროში ან გავლენიანი, ერთი ადგილი რამენაირად რომ გამოგიძებნოსო? - სასწრაფოს ექიმი გვეკითხებოდა ამას.”

საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ადამიანის სიცოცხლე დაცულია და, რომ საქართველო სოციალური სახელმწიფოა, რომ სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზეო.

ვინმეს სჯერა, რომ რომელიმე დეპუტატს, მინისტრს, მის მოადგილეს, მერს, გამგებელს და ა.შ. ოთხი დღე დასჭირდებოდა კორონავირუსდადასტურებული, დიაბეტიანი შვილის ჰოსპიტალიზებისთვის?

როგორ გინდა დაიჯერო, რომ დღემდე გარდაცვლილი 1342 ადამიანიდან ყველას აღმოუჩინეს დროული და სრულფასოვანი დახმარება?

როგორ გინდა დაიჯერო, რომ თანმხლები დაავადებებით არ ხდება უსამართლო და გაუმართავი სისტემის შელამაზება-„გაპრავება“?

ის, რაც დღეს ხდება, ძალიან ჰგავს ომსო, ხშირად ამბობენ პათეთიკით ჩვენი პოლიტიკოსები, უხილავ მტერთან ომში ყოფნასო...

არც ტყუიან, მართლაც ასეა და, განა, მარტო წარმოუდგენლად დიდი მსხვერპლის გამო?

პირველ რიგში, საქმისადმი „ბიუროკრატიულ-ჩინოვნიკური“ მიდგომით!

იქ თუ ომი ჩამოწერს ყველაფერს, აქ პანდემიის იმედად არიან, უფრო სწორად - პანდემიისა და თანმხლები დაავადებების!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ხელმწიფება ეკუთვნის მთელ ერს, პარლამენტი კი კონსტიტუციის ფარგლებში ახორციელებს ერის ხელმწიფებას, რომლის მთავარი იარაღი თავისუფალი მოქალაქის ხმაა. ასე იყო პირველ რესპუბლიკაში. მერე საქართველოს შეეყარა ოკუპაციის წითელი სენი და ერის ხელმწიფება შეცვალა ჯერ პარტიის, შემდეგ კი ბელადების ხელმწიფებამ, რაც, მანკიერი ინერციით, 21-ე საუკუნეშიც გადმოგვყვა, მაგრამ ზუსტად 17 წლის წინ, „ვარდების რევოლუციის“ დღეებში, გაბრაზებულმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს თავიანთი ხელმწიფების დაბრუნება თავგანწირული ბრძოლითა და ქუჩაში ჯიუტი დგომით.

რევოლუციის დღეებში უაღრესად პოპულარული იყო ტრანსპარანტი, რომელზეც გამოსახული იყვნენ პროლეტარიატის ბელადები და მაშინდელი ხელისუფლების წევრები. ტრანსპარანტს „ამშვენებდა“ მსხვილი წარწერა - ერის ხმა: „თქვენ ხართ სენი, დაგვეხსენით!“

აკი, დაგვეხსნენ კიდეც, როცა ედუარდ შევარდნაძე გადადგა; როცა საქართველოდან გაიქცა ასლან აბაშიძე და არსებობა შეწყვიტა ორივე სახელისუფლებო პარტიამ „მოქალაქეთა კავშირისა“ და „აღორძინების“ სახით; როცა სასამართლომ გააუქმა გაყალბებული არჩევნების შედეგები და გაზაფხულზე ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

შეიქმნა ილუზია, რომ სენი სამუდამოდ დამარცხდა (დაგვეხსნა), რომ წერტილი დაესვა ხმის - დემოკრატიის მთავარი მონაპოვრის - მიტაცებას, რომ წარსულში დარჩა მანკიერი პრაქტიკა, როცა მოქალაქეების ხმას, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, არანაირი ძალა არ ჰქონდა, რადგან ძვალსა და რბილში გამჯდარი სენით, ამ ქვეყანაში ხელმწიფება ეკუთვნოდა არა ერს, არამედ ძალაუფლების მფლობელს, იმას, ვინც არჩევნებს ატარებდა, ვინც მოქალაქეების ხმებს ითვლიდა...

2004 წლის 28 მარტს გამართულმა საპარლამენტო არჩევნებმა ეს ილუზია, რომ სენი დამარცხდა, კიდევ უფრო გააძლიერა. დაბალი კონკურენციისა და ახალი მმართველი ძალის - „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული საქართველოს“ მაღალი რეიტინგის გამო, არჩევნები მართლაც თავისუფალ გარემოში და არსებითი დარღვევების გარეშე ჩატარდა, თუმცა შემდგომმა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ სენი არსად წასულა, რომ კვლავ ძალაშია ადმინისტრაციული რესურსის უპირატესობა, საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური მიკერძოება და სასამართლოს, როგორც საარჩევნო დავების განმხილველი ბოლო ინსტანციის, სრული დამოკიდებულება ხელისუფლებაზე და, ყოველივე აქედან გამომდინარე, თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლიანი, არათაღლითური და პატიოსანი არჩევნების ჩატარების შეუძლებლობა, ისეთი არჩევნებისა, რომელიც არ შექმნიდა საშინელი უსამართლობის განცდას და რევოლუციურ ვითარებას.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროსაც ყველა პროცესი ანამნეზის შესაბამისად მიმდინარეობდა, თუმცა ბევრისთვის მოულოდნელად, ბოლო მომენტში, მაშინდელმა მმართველმა პარტიამ და მისმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა მალევე აღიარეს არჩევნებში დამარცხება და განაცხადეს, რომ ოპოზიციაში გადადიოდნენ.

საქართველოს ისტორიაში პირველად შეიცვალა ხელისუფლება ძალადობისა და (თუნდაც ხავერდოვანი) რევოლუციის გარეშე. კვლავ შეიქმნა ილუზია, რომ სენი სამუდამოდ დამარცხდა, რომ წერტილი დაესვა ხმის - დემოკრატიის მთავარი მონაპოვრის - მიტაცებას, რომ წარსულში დარჩა მანკიერი პრაქტიკა, როცა მოქალაქეების ხმას, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, არანაირი ძალა არ ჰქონდა... თუმცა უკვე 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების ხარისხით შეიძლებოდა ვარაუდის გამოთქმა, რომ რემისია დროებითი იყო, რაც მთელი სისავსით დადასტურდა 2018 წლის საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

არასოდეს საქართველოს პარლამენტი არ ყოფილა ერთპარტიული, მაშინაც კი, როცა საარჩევნო ბარიერი 7%-იყო; არასოდეს, არც პირველ და არც მეორე ტურში, ამომრჩევლის მისვლის მაჩვენებელი არ ყოფილა ისეთი დაბალი, როგორიც იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში (26%); არასოდეს ამომრჩეველთა 52%-ის მიერ მხარდაჭერილ პარტიებს არ უთქვამთ, რომ არჩევნები გაყალბდა და არასოდეს, ამ არჩევნებამდე, არ ყოფილა ამ მასშტაბის უზუსტობები შემაჯამებელ ოქმებში - ყოველივე ეს კი ისევ აჩენს განცდას, რომ ხელმწიფება კვლავინდებურად არ ეკუთვნის ერს და სენი, რომელიც წლების წინ შეგვეყარა, არა და არ დაგვეხსნა.

მაინც რა სენია ასეთი?

აკაკი ბაქრაძე, 1979 წლით დათარიღებულ ესსეში „პატიოსნება“, იხსენებს რუსთაველის თეატრში დადგმულ ერთ სპექტაკლს („დასაწყისი“), რომელსაც მაყურებელი თურმე დამცინავი ხითხითით შეხვდა მხოლოდ იმის გამო, რომ მთავარმა გმირმა უარი თქვა მიიღოს პრემია, რომელიც მას არ დაუმსახურებია.

„დაუმსახურებელი ჯილდო ჩემს ადამიანურ ღირსებასა და პატიოსნებას შეურაცხჰყოფსო. მაყურებელი ხითხითებდა იმის გამო, რომ ასეთი ადამიანი მას ცხოვრებაში არასოდეს შეხვედრია. პირიქით, სწორედ მაშინ ებღაუჭებიან ჯილდოებს, როცა არ დაუმსახურებიათ, ყოველგვარი საშუალებით ცდილობენ მოიპოვონ კიდეც და შეინარჩუნონ კიდეც. რაკი სინამდვილეში არ უნახავს მსგავსი პიროვნება, გამოგონილად ჩათვალა, პროპაგანდისტული მიზნით გამოყვანილად მიიჩნიაო“,-ო - წერს აკაკი ბაქრაძე.

ეს ის სენია, რომელიც საქართველოს 1921 წელს შეეყარა და, რომელმაც ქართველებს ის კონსტიტუცია წაართვა, რომლის ძალითაც ხელმწიფება მას, მთელ ქართველ ერს ეკუთვნოდა; წაართვა და გადასცა ჯერ პარტიას, მერე პარტიულ ბელადებს. დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ ერმა ასევე დაიბრუნა თავისი ხელმწიფება, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა საბჭოთა მემკვიდრეობას - ადამიანებს, რომლებიც ხელმწიფებას ეცილებიან მას და ყოველგვარი საშუალებით ცდილობენ „დაუმსახურებელი ჯილდოს“ ჯერ მოპოვებას და მერე სამარადჟამოდ შენარჩუნებას მსგავსად აკაკი ბაქრაძის მიერ აღწერილი მაყურებლისა.

სხვა ამბავია, რომ ამ ადამიანებთან ბრძოლა ასეთი რთული არ იქნებოდა, მათი ამოცნობა რომ შეგვეძლოს.

„პატიოსნებაში“ აკაკი ბაქრაძე ასევე იხსენებს პროფესორ შალვა ნუცუბიძისგან ერთ-ერთ ლექციაზე მოსმენილ ამბავს:

„ჯორდანო ბრუნოზე საუბრისას თქვა: მართალია, ბრუნო ბერი იყო, მაგრამ მისი მოძღვრება ეკლესიური დოგმატის წინააღმდეგ იყო მიმართულიო. თან დაამატა, საქმე ის კი არ არის, თავზე რა გახურავს, არამედ თავში რა გაქვს; საქმე ის კი არ არის, ტანზე რა გაცვია, არამედ გულში რა გაქვს... ხშირად ნიღაბს ემსხვერპლება აზრი და არსი“.

საქართველო უახლეს ისტორიაზე რომ გადმოვიტანოთ, „ერის ხელმწიფება“, რომელსაც ლიდერი თავიდან იჩემებს, ნიღაბია, აზრი და არსი კი აშკარად ერთის ხელმწიფებაა, 2012 წლის შემდეგ განსაკუთრებით...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG