Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 2 იანვარი. See content from before

სამშაბათი, 29 დეკემბერი 2020

2020 წელი ისეთი არაადამიანური გამოდგა, რომ ყველა წესსა და ტრადიციას შეუყენა წყალი.

გმირი მსხვერპლი

ახალმა კორონავირუსმა შეცვალა სამყარო, თავდაყირა დააყენა ურთიერთობები, ცხოვრების რიტმი; უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდო როგორც ცალკეული ადამიანები, ასევე მთელი ქვეყანა; განსაცდელის წინაშე დაუცველი აღმოჩნდა მილიონობით სიცოცხლე. აქამდე სალაზღანდარო და გასართობი სოციალური ქსელი ჩვენ თვალწინ იქცა შფოთის, შიშის, მხარდაჭერის გამოხატვისა და ახლობლებთან ვირტუალური გამომშვიდობების სივრცედ... როგორც სამედიცინო სახის გამოწვევების დროს ხდება ხოლმე, ამჯერადაც ადამიანებსა და მომაკვდინებელ ვირუსებს შორის ჩადგნენ სამედიცინო სფეროს მუშაკები. ყველა ლოგიკით წლის ადამიანებად ისინი უნდა ქცეულიყვნენ. აკი, ჯერ კიდევ ზაფხულში საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს (NCDC) ნდობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი (90%) ჰქონდა, ხოლო NCDC-ს დირექტორს, მის მოადგილეს და ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს ხალხმა „სამი მუშკეტერი“ შეარქვა. შემდეგ მოვიდა არჩევნები და „მუშკეტერები“ „კარდინალის გვარდიელებად“ გარდაისახნენ: მმართველმა პარტიამ კოვიდთან „წარმატებული ბრძოლა“ აქცია საარჩევნო კამპანიის ნაწილად, „მუშკეტერები“ კი პარტიის მხარდამჭერებად, რომლებიც, არჩევნების დროსაც და შემდეგაც, პოლიტიკური მიზანშეწონილობით მოქმედებდნენ, რაც, შესაძლოა, პირდაპირ თუ ირიბად, აისახა კიდეც გარდაცვლილთა და დაავადებულთა (მათ შორის 20 ათასამდე ექიმის, ექთნის, სანიტრის...) გაზრდილ სტატისტიკაზე, რომელიც, ორი თუ სამი კვირის განმავლობაში, ყველაზე უარესი იყო მსოფლიოს მასშტაბით. შედეგად, სამედიცინო პერსონალიც, თავდადების მიუხედავად, უფრო მსხვერპლად იქცა, ვიდრე გმირად...

ვერშემდგარი გმირი და ანტიგმირი

ვერც სამეგრელო-ზემო-სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსი იქცა გმირად, არადა, ათობით ადამიანის გადასარჩენად ჩაბარდა მძევლად ბანკის შეიარაღებულ მძარცველს, რომლის სახელი - ბადრი ესებუა - დღეს ყველამ იცის საქართველოში. უფრო პირიქით მოხდა, ხალხის თვალში მძარცველი წარმოჩნდა ერთგვარ რომანტიკულ გმირად, „არსენა ყაჩაღად“, მოუხელთებელ „რობინ ჰუდად“, რომელმაც, მრავალთა თვალში, სახელმწიფოს (ხშირ შემთხვევაში, გულგრილსა და უსამართლოს) პანღური უთავაზა ისე, რომ არავინ არც მოუკლავს და არც დაუჭრია. პოლიცია კი დასჯერდა დოყლაპიის როლს, რომელმაც ვერც 21 ოქტომბერს დააპატიმრა მძარცველი და ვერც - მომდევნო თვეების განმავლობაში. ეგ კი არა, შინაგან საქმეთა მინისტრმა კიდევ უფრო მეტი კომიკურობა შესძინა თავის უწყებას, როცა ბანკიდან 500 ათასი დოლარის გატაცებიდან და მძევლების აყვანიდან ორი თვის თავზე, 22 დეკემბერს, განაცხადა, სად წავა [ბადრი ესებუა], დღეს არა, ხვალ დავაკავებთო.

ვახტანგ გომელაურს ასეთივე წარმატებით შეეძლო ეთქვა, ცას ხომ ვერ გამოეკერება, ყველანი სიკვდილის შვილები ვართ ან იმ ქვეყნად ვის რა წაუღია, რომ ბადრი ესებუამ წაიღოსო და ა.შ.

წყლის მნაყველები კარგი სამუშაო პირობებით

2020 წელს არჩევნებიც იყო. არჩევნებსაც შეიძლებოდა ეშვა „წლის ადამიანი“- ლიდერი რომელიმე ოპოზიციური პარტიის წიაღიდან, რომელიც გამარჯვებამდე მიიყვანდა თავის პარტიას ან/და პარტიათა კოალიციას, და პირველად საქართველოს ისტორიაში, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების წინაპირობას შექმნიდა! მაგრამ, ჩატარდა ისეთი არჩევნები, რომლის შედეგების ცნობაზე უარი თქვა უკლებლივ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, თუმცა ამის იქითაც ვერავინ წავიდა, ყოველ შემთხვევაში, 2020 წელს... ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამარჯვებულად გამოაცხადა „ქართული ოცნება“, რომლის საარჩევნო შტაბს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობდა. ეს რომ „კარგად ჩატარებული“ არჩევნების შედეგად მომხდარიყო, წესით, ირაკლი კობახიძესაც უნდა ჰქონოდა პრეტენზია „წლის ადამიანობაზე“ - მისმა გაძღოლილმა პარტიამ შეუძლებელი შეძლო და საქართველოს ისტორიაში პირველად შეინარჩუნა ძალაუფლება მესამე ვადით! მაგრამ როგორ გინდა პარტიის გამარჯვებასა და წლის ადამიანობაზე ილაპარაკო მაშინ, როცა ასევე პირველად საქართველოს ისტორიაში მივიღეთ ერთპარტიული პარლამენტი, რომლის ყოფილი თავმჯდომარე თითქოს დაინტერესებული იყო ოპოზიციის საკანონმდებლო ორგანოში შესვლით, მაგრამ X მოწვევის პარლამენტის ტრიბუნიდან წარმოთქმულ პირველივე სიტყვაში, მანვე, პერსონალურად დასცინა ოპოზიციის ლიდერებსა და ცალკეულ წევრებს საეჭვო ხარისხის სკეტჩის („დღევანდელ სურათს დააკლდა ოპოზიცია“) ჩართვით.

სხვათა შორის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეს მხატვრული ტექსტების თხზვა ადრეც იტაცებდა. ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ ყოფილი თავმჯდომარე ყოფილი მწერალიცაა, და რომ 2009 წელს გამოუცია „ზღაპარი პატარა დიდებისათვის“ სათაურით „დაბრუნება ტერანუოვაში“, რომელშიც, ფაქტობრივად, როგორც თავისი, ასევე ბევრი ყოფილი თუ მოქმედი თანაპარტიელის პოლიტიკური საქმიანობა აქვს ნაწინასწარმეტყველები, ცხადია, მეტაფორულად.

თავად განსაჯეთ.

ირაკლი კობახიძის რომანში „ყველასგან მივიწყებულ ქალაქს“ მოულოდნელად ესტუმრებიან რომაელები, რომლებიც გამოუცხადებენ ქალაქელებს, რომ ათ ბიჭს, ვისაც ყველაზე მეტი წიგნი ექნება წაკითხული, სამუშაოზე აიყვანენ კარგი პირობით. კარგი პირობა კი ასეთია: სამი თვის მუშაობაში თითოეული მათგანი მიიღებს ერთ მეწველ ძროხას, ათ ქათამს, სამ ჰექტარ სათეს მიწას და ას კილოგრამ სათესლე სიმინდს...

რა უნდა გააკეთონ?

რა და, არც მეტი და არც ნაკლები, წყალი უნდა ნაყონ სანახევროდ გავსებულ როდინებში, რისთვისაც დღეში რვა საათი უნდა იქნიონ ქვასანაყები!

ყველა ვერ გაუძლებს ამ მძიმე სამუშაოს (გაიხსენეთ „ქართული ოცნებიდან“ წასული ლიდერები, დეპუტატები...), ვინც ბოლომდე შემორჩება, ის იკითხავს, კი, მაგრამ, ჩვენი წაკითხული წიგნები წყლის ნაყვაში რაღაში გამოგადგათ, განა, რა მნიშვნელობა ჰქონდა, წყალს წიგნებწაკითხული ბიჭები დაგინაყავდნენ თუ უწიგნურებიო?

ირაკლი კობახიძე. წიგნის "დაბრუნება ტერანუოვაში" ყდა
ირაკლი კობახიძე. წიგნის "დაბრუნება ტერანუოვაში" ყდა

პასუხსაც ისეთს მიიღებს, საქართველოს ხელისუფლების დღევანდელ წყაროს რომ მოეწონებოდა: ყველაფერს აქვს თავისი მნიშვნელობაო!

მოკლედ, ირაკლი კობახიძეს რომ დავესესხოთ, 2020 წელი სამაგალითო გამოდგა წყლის ნაყვის თვალსაზრისითაც (მარტო არჩევნები და მოლაპარაკების რაუნდებიც კმარა!), რადგან გასული წლის განმავლობაში მართლაც ბევრი წყალი დაინაყა როდინებში და მართლაც წყალზე მეტი ოფლი დაიღვარა ქვასანაყების ქნევაში, რამაც, თავის მხრივ, სიმბოლური შედეგი გამოიღო წლის ბოლოსათვის: სემეკმა წყლის ტარიფი გაზარდა. შესაბამისად, ახალი წლიდან უფრო ძვირი წყლის ნაყვა მოუწევთ მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, რაც სახალისო იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება: დასანაყი წყლის ფასი ამჯერადაც ხალხის გადასახდელია, თბილისისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტების სამართლის დოქტორი კი გაჩერებას არ აპირებს. მეტიც, ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ ახალი წლიდან ოპოზიციის ნაწილიც მიუჯდება წყლით სავსე როდინებს და, სულ ცოტა, 2024 წლამდე ერთად დანაყავენ წყალს.

უგმირო, არაადამიანური 2020 წელი მეტი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა, თუმცა, ვინ იცის, „ახალი წელია“ მაინც...

წინა ბლოგპოსტში აღვნიშნე, რომ სტალინის დამოკიდებულება მის მიერ დაარსებულ მარშლის ინსტიტუტთან კარდინალურად შეიცვლება ე.წ. დიდი სამამულო ომის დაწყების შემდეგ.

1941 და 1942 წელი წითელი არმიის არნახული მარცხის წლები იქნება. ამ სიტუაციაში ჯუღაშვილს აზრად არ მოუვა მარშლის წოდების მიცემა იმ გენერლებისათვის, რომლებმაც 1000 კმ-ით უკან დაიხიეს და მილიონობით ადამიანი დაკარგეს (სხვათა შორის, გამარჯვების სრული უპერსპექტივობის მიუხედავად, ჰიტლერს არ შეეშინდება მარშლის კვერთხის გადაცემის პაულიუსისთვის 1943 წელს და შორნერისთვის - 1945 წელს).

და, აი, 1943 წლის იანვარში სტალინგრადში გამარჯება წითელ არმიას ახალ ეპოქაში შეიყვანს. ახალი ეპოქა კი ახალ მარშლებს ითხოვდა, რის შესრულებასაც ჯუღაშვილი არ დააყოვნებს. „მესამე ტალღის“ მარშლების პირველი სამეული ასეთი იქნება: ჟუკოვი - იანვარში, ვასილევსკი - თებერვალში და თვით სტალინი - მარტში.

მარშლების ამ ახალ პლეადასთან დაკავშირებით საინტერესოა ერთი დოკუმენტის ციტირება, რომელიც არქივში ჩვენს მიერ იქნა მოძიებული. საქმე ეხება 1943 წლის იანვარში პოლიტბიუროს მიერ მომზადებულ წინადადებას, რომელიც ითხოვს, „უმაღლესი სამხედრო წოდების - საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის - დაფუძნებას და საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ წოდების სტალინისათვის მინიჭებას“. საინტერესოა, რომ სიტყვები „საბჭოთა კავშირის“ გადახაზულია (სტალინის მიერ?) და გვერდზე ხელით მიწერილია ერთი სიტყვა „საჭიროა“ (სტალინის ერთ-ერთი ყურმოჭრილი ყმის მიერ?).

მოკლედ, ეს დოკუმენტი აჩვენებს, რომ სანამ ჟუკოვს მარშლის წოდებას მისცემდა, სტალინი აპირებდა თვითონ გენერალისიმუსი გამხდარიყო, რათა როგორც მთავარსარდალი, მარშლებზე ერთი საფეხურით მაღლა მდგარიყო. საბოლოოდ პოლიტბიუროს ეს პროექტი დროებით პროექტად დარჩება. უცნობია, რატომ გადაწყვეტს სტალინი, რომ გენერალისიმუსის წოდების მიღება ცოტა ნაადრევი იყო? ჩათვლის, რომ ეს ყველა ზღვარს სცილდებოდა? რომ საკუთარ თავს, რომელსაც ლეიტენანტის წოდებაც კი არასდროს ჰქონია, კომიკურ მდგომარეობაში აგდებდა? გენერალისიმუსი ხომ რუსებისათვის მხოლოდ და მხოლოდ სუვოროვთან იყო გაიგივებული?! ასეა თუ ისე, სტალინი დროებით მარშლის წოდებას დასჯერდება (სხვათა შორის, ეფრეიტორი ჰიტლერი ვერასდროს გაბედავს თავისი თავისთვის მარშლის წოდების მინიჭებას, იგი ბოლომდე გერმანული სამხედრო ტრადიციის ერთგული დარჩება).

თუმცა სტალინის ეს ორჭოფული მდგომარეობა - როდესაც ის, მარშლების გვერდით მხოლოდ და მხოლოდ primus inter pares იყო, დიდხანს არ გასტანს. 1945 წლის 24 ივნისს, წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმის ჩატარების დღეს, თხუთმეტი საბჭოთა მარშალი და ადმირალი პოლიტბიუროს მიმართავს (არა საკუთარი ინიციატივით, რა თქმა უნდა) შემდეგი წინადადებით: „ჩვენ, წითელი არმიისა და საზღვაო ძალების, გენერალური შტაბის და ფრონტების მეთაურები, წითელი არმიისა და საზღვაო ძალების მთელი შემადგენლობის სახელით მოგმართავთ შემდეგი თხოვნით: სახმელეთო და საზღვაო ძალების ოპერაციების შესანიშნავი ხელმძღვანელობისათვის, რომლის შედეგადაც მოვიპოვეთ ისტორიული გამარჯვება ფაშისტურ გერმანიასთან დიდ სამამულო ომში, მიენიჭოს სტალინს გამარჯვების მეორე ორდენი; მიენიჭოს ასევე საბჭოთა კავშირის გმირის წოდება; დაარსდეს საბჭოთა კავშირის გენერალისიმუსის სამხედრო რანგი და ეს უკანასკნელი მიენიჭოს ამხანაგ სტალინს განსაკუთრებული დამსახურებისთვის როგორც მთავარ ორგანიზატორსა და სულის ჩამდგმელს დიდი საბჭოთა კავშირის ხალხთა გამარჯვებისა; დაარსდეს ასევე სტალინის სახელობის ორდენი“.

სტალინი ყველა ამ პატივს მიიღებს, გარდა მისი სახელის ორდენის დაარსებისა. (თუ რატომ იტყვის იოსებ ჯუღაშვილი უარს სტალინის ორდენის დაფუძნებაზე - ეს უკვე სხვა ბლოგპოსტის თემაა).

მკითხველისათვის შეიძლება საინტერესო იყოს, როგორი იქნება სტალინის მარშლების ბედი 1945 წლის შემდეგ. იოსებ ჯუღაშვილი სიკვდილამდე კიდევ ორ მარშალს დახვრეტს, სამს კი სატუსაღოში გამოამწყვდევს აბსურდული ბრალდებების საფუძველზე. მე წინა ბლოგპოსტში ვახსენე, რომ საკუთარ მარშლებთან ჯუღაშვილის დამოკიდებულება გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის სტალინის ტოტალიტარულ სისტემაზე. ამ მხრივ შეიძლება ყველაზე ნიშანდობლივი იყოს არა დახვრეტილების, არამედ ომის შემდეგ დაწინაურებულ მარშალ ვასილევსკის ისტორია. ომის შემდეგ, სტალინის ეს სამხედრო მინისტრი საკუთარი ინიციატივით გაწყვეტს ურთიერთობას შვილთან, ვინაიდან ეს უკანასკნელი ცოლად შეირთავს მარშალ ჟუკოვის ქალიშვილს... ვასილევსკის ეს პრეცედენტი ალბათ საუკეთესო ილუსტრაციაა ჰანა არენდტის ფორმულისა, რომლის მიხედვითაც, საზოგადოების ატომიზირების ხარისხი წარმოადგენს ტოტალიტარული სისტემის მთავარ მაჩვენებელს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG