Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერის ხელმწიფებიდან ერთის ხელმწიფებამდე


საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ხელმწიფება ეკუთვნის მთელ ერს, პარლამენტი კი კონსტიტუციის ფარგლებში ახორციელებს ერის ხელმწიფებას, რომლის მთავარი იარაღი თავისუფალი მოქალაქის ხმაა. ასე იყო პირველ რესპუბლიკაში. მერე საქართველოს შეეყარა ოკუპაციის წითელი სენი და ერის ხელმწიფება შეცვალა ჯერ პარტიის, შემდეგ კი ბელადების ხელმწიფებამ, რაც, მანკიერი ინერციით, 21-ე საუკუნეშიც გადმოგვყვა, მაგრამ ზუსტად 17 წლის წინ, „ვარდების რევოლუციის“ დღეებში, გაბრაზებულმა მოქალაქეებმა გადაწყვიტეს თავიანთი ხელმწიფების დაბრუნება თავგანწირული ბრძოლითა და ქუჩაში ჯიუტი დგომით.

რევოლუციის დღეებში უაღრესად პოპულარული იყო ტრანსპარანტი, რომელზეც გამოსახული იყვნენ პროლეტარიატის ბელადები და მაშინდელი ხელისუფლების წევრები. ტრანსპარანტს „ამშვენებდა“ მსხვილი წარწერა - ერის ხმა: „თქვენ ხართ სენი, დაგვეხსენით!“

აკი, დაგვეხსნენ კიდეც, როცა ედუარდ შევარდნაძე გადადგა; როცა საქართველოდან გაიქცა ასლან აბაშიძე და არსებობა შეწყვიტა ორივე სახელისუფლებო პარტიამ „მოქალაქეთა კავშირისა“ და „აღორძინების“ სახით; როცა სასამართლომ გააუქმა გაყალბებული არჩევნების შედეგები და გაზაფხულზე ხელახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.

შეიქმნა ილუზია, რომ სენი სამუდამოდ დამარცხდა (დაგვეხსნა), რომ წერტილი დაესვა ხმის - დემოკრატიის მთავარი მონაპოვრის - მიტაცებას, რომ წარსულში დარჩა მანკიერი პრაქტიკა, როცა მოქალაქეების ხმას, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, არანაირი ძალა არ ჰქონდა, რადგან ძვალსა და რბილში გამჯდარი სენით, ამ ქვეყანაში ხელმწიფება ეკუთვნოდა არა ერს, არამედ ძალაუფლების მფლობელს, იმას, ვინც არჩევნებს ატარებდა, ვინც მოქალაქეების ხმებს ითვლიდა...

2004 წლის 28 მარტს გამართულმა საპარლამენტო არჩევნებმა ეს ილუზია, რომ სენი დამარცხდა, კიდევ უფრო გააძლიერა. დაბალი კონკურენციისა და ახალი მმართველი ძალის - „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატიული საქართველოს“ მაღალი რეიტინგის გამო, არჩევნები მართლაც თავისუფალ გარემოში და არსებითი დარღვევების გარეშე ჩატარდა, თუმცა შემდგომმა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ სენი არსად წასულა, რომ კვლავ ძალაშია ადმინისტრაციული რესურსის უპირატესობა, საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური მიკერძოება და სასამართლოს, როგორც საარჩევნო დავების განმხილველი ბოლო ინსტანციის, სრული დამოკიდებულება ხელისუფლებაზე და, ყოველივე აქედან გამომდინარე, თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლიანი, არათაღლითური და პატიოსანი არჩევნების ჩატარების შეუძლებლობა, ისეთი არჩევნებისა, რომელიც არ შექმნიდა საშინელი უსამართლობის განცდას და რევოლუციურ ვითარებას.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროსაც ყველა პროცესი ანამნეზის შესაბამისად მიმდინარეობდა, თუმცა ბევრისთვის მოულოდნელად, ბოლო მომენტში, მაშინდელმა მმართველმა პარტიამ და მისმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა მალევე აღიარეს არჩევნებში დამარცხება და განაცხადეს, რომ ოპოზიციაში გადადიოდნენ.

საქართველოს ისტორიაში პირველად შეიცვალა ხელისუფლება ძალადობისა და (თუნდაც ხავერდოვანი) რევოლუციის გარეშე. კვლავ შეიქმნა ილუზია, რომ სენი სამუდამოდ დამარცხდა, რომ წერტილი დაესვა ხმის - დემოკრატიის მთავარი მონაპოვრის - მიტაცებას, რომ წარსულში დარჩა მანკიერი პრაქტიკა, როცა მოქალაქეების ხმას, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, არანაირი ძალა არ ჰქონდა... თუმცა უკვე 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების ხარისხით შეიძლებოდა ვარაუდის გამოთქმა, რომ რემისია დროებითი იყო, რაც მთელი სისავსით დადასტურდა 2018 წლის საპრეზიდენტო და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

არასოდეს საქართველოს პარლამენტი არ ყოფილა ერთპარტიული, მაშინაც კი, როცა საარჩევნო ბარიერი 7%-იყო; არასოდეს, არც პირველ და არც მეორე ტურში, ამომრჩევლის მისვლის მაჩვენებელი არ ყოფილა ისეთი დაბალი, როგორიც იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში (26%); არასოდეს ამომრჩეველთა 52%-ის მიერ მხარდაჭერილ პარტიებს არ უთქვამთ, რომ არჩევნები გაყალბდა და არასოდეს, ამ არჩევნებამდე, არ ყოფილა ამ მასშტაბის უზუსტობები შემაჯამებელ ოქმებში - ყოველივე ეს კი ისევ აჩენს განცდას, რომ ხელმწიფება კვლავინდებურად არ ეკუთვნის ერს და სენი, რომელიც წლების წინ შეგვეყარა, არა და არ დაგვეხსნა.

მაინც რა სენია ასეთი?

აკაკი ბაქრაძე, 1979 წლით დათარიღებულ ესსეში „პატიოსნება“, იხსენებს რუსთაველის თეატრში დადგმულ ერთ სპექტაკლს („დასაწყისი“), რომელსაც მაყურებელი თურმე დამცინავი ხითხითით შეხვდა მხოლოდ იმის გამო, რომ მთავარმა გმირმა უარი თქვა მიიღოს პრემია, რომელიც მას არ დაუმსახურებია.

„დაუმსახურებელი ჯილდო ჩემს ადამიანურ ღირსებასა და პატიოსნებას შეურაცხჰყოფსო. მაყურებელი ხითხითებდა იმის გამო, რომ ასეთი ადამიანი მას ცხოვრებაში არასოდეს შეხვედრია. პირიქით, სწორედ მაშინ ებღაუჭებიან ჯილდოებს, როცა არ დაუმსახურებიათ, ყოველგვარი საშუალებით ცდილობენ მოიპოვონ კიდეც და შეინარჩუნონ კიდეც. რაკი სინამდვილეში არ უნახავს მსგავსი პიროვნება, გამოგონილად ჩათვალა, პროპაგანდისტული მიზნით გამოყვანილად მიიჩნიაო“,-ო - წერს აკაკი ბაქრაძე.

ეს ის სენია, რომელიც საქართველოს 1921 წელს შეეყარა და, რომელმაც ქართველებს ის კონსტიტუცია წაართვა, რომლის ძალითაც ხელმწიფება მას, მთელ ქართველ ერს ეკუთვნოდა; წაართვა და გადასცა ჯერ პარტიას, მერე პარტიულ ბელადებს. დამოუკიდებლობის დაბრუნების შემდეგ ერმა ასევე დაიბრუნა თავისი ხელმწიფება, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა საბჭოთა მემკვიდრეობას - ადამიანებს, რომლებიც ხელმწიფებას ეცილებიან მას და ყოველგვარი საშუალებით ცდილობენ „დაუმსახურებელი ჯილდოს“ ჯერ მოპოვებას და მერე სამარადჟამოდ შენარჩუნებას მსგავსად აკაკი ბაქრაძის მიერ აღწერილი მაყურებლისა.

სხვა ამბავია, რომ ამ ადამიანებთან ბრძოლა ასეთი რთული არ იქნებოდა, მათი ამოცნობა რომ შეგვეძლოს.

„პატიოსნებაში“ აკაკი ბაქრაძე ასევე იხსენებს პროფესორ შალვა ნუცუბიძისგან ერთ-ერთ ლექციაზე მოსმენილ ამბავს:

„ჯორდანო ბრუნოზე საუბრისას თქვა: მართალია, ბრუნო ბერი იყო, მაგრამ მისი მოძღვრება ეკლესიური დოგმატის წინააღმდეგ იყო მიმართულიო. თან დაამატა, საქმე ის კი არ არის, თავზე რა გახურავს, არამედ თავში რა გაქვს; საქმე ის კი არ არის, ტანზე რა გაცვია, არამედ გულში რა გაქვს... ხშირად ნიღაბს ემსხვერპლება აზრი და არსი“.

საქართველო უახლეს ისტორიაზე რომ გადმოვიტანოთ, „ერის ხელმწიფება“, რომელსაც ლიდერი თავიდან იჩემებს, ნიღაბია, აზრი და არსი კი აშკარად ერთის ხელმწიფებაა, 2012 წლის შემდეგ განსაკუთრებით...

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG