Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 9 ივლისი. See content from before

ოთხშაბათი, 3 ივლისი 2019

ევროპის კავშირის მმართველ პოზიციებზე ქალები ინიშნებიან. „ვიშეგრად ოთხმა“ თავისი ძალა აჩვენა და ბლოკის მაღალი თანამდებობის პირთა არჩევის გაუმჭვირვალე და რთულმა ფორმამ კვლავ იჩინა თავი. „მთავარი კანდიდატის“ სისტემა, რომელზეც ამდენს ლაპარაკობენ, დაიმსხვრა, თუ არ დამსხვრეულა?

ეს არის მთავარ დასკვნები მას მერე, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებმა შეძლეს ბლოკის თანამდებობების გარშემო გადაწყვეტილებით რთული საქმე დაესრულებინათ და დაესახელებინათ ევროკავშირის ხუთი მნიშვნელოვანი თანამდებობის - ევროკომისიის თავმჯდომარის, ევროპის კავშირის საბჭოს, ევროპის ცენტრალური ბანკისა და საგარეო პოლიტიკის სფეროში უმაღლესი თანამდებობების - პოტენციური მფლობელები.

დავწერე „პოტენციური“- მეთქი, რადგან ზოგიერთი თანამდებობის ბედი, როგორიცაა საგარეო პოლიტიკური წარმომადგენელი და ევროკომისიის თავმჯდომარე, ჯერ არ გადაწყვეტილა.

კენჭისყრა ახალ პარლამენტში გაიმართება ივლისის ბოლოს და არ არის ცხადი, მისცემენ თუ არა დეპუტატები ხმას ურზულა ფონ დერ ლაიენს, რათა ჟან-კლოდ იუნკერი შეცვალოს.

გერმანელი პოლიტიკოსის ფრაქცია - ევროპის სახალხო პარტიის ცენტრისტულ-მემარჯვენე ფრაქცია - მას მხარს დაუჭერს, მაგრამ ფონ დერ ლაიენს მეტი ხმა დასჭირდება. ევროპის პარლამენტში ბევრი გააბრაზა იმან, რომ „მთავარი კანდიდატის სისტემა“ ევროკავშირის ლიდერებმა უგულებელყვეს. „მთავარი კანდიდატი“ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ ევროპის კომისიის თავმჯდომარე უნდა გახდეს იმ პოლიტიკური ჯგუფის მთავარი კანდიდატი, რომელსაც ევროპის პარლამენტის არჩევნებში წელს, მაისში, ყველაზე მეტი ხმა ერგო. ასე მოხდა 2014 წელს, როცა იუნკერი აირჩიეს.

ევროპის სახალხო პარტიამ ახლაც გაიტანა თავისი, თუმცა მაისში არჩევნებში ხმები წააგო. მისი მთავარი კანდიდატი იყო მანფრედ ვებერი, გერმანელი პოლიტიკოსი, რომელიც მართავდა ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციას ევროპის პარლამენტში. მას თუცა არ მიუმართავს საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისთვის, რომელმაც მოუწოდა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, არ დაეჭირა მხარი თანამემამულისთვის, მერკელმა მხარდაჭერა გამოუცხადა სიდიდით მეორე ფრაქციის, სოციალისტებისა და დემოკრატების, მთავარ კანდიდატს, ფრანს ტიმერმანსს. ნიდერლანდის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს ლამის უკვე გვირგვინს ადგამდნენ, რომ ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბნენ 30 ივნისის საღამოს. აი, აქ თქვა თავისი სიტყვა „ვიშეგრად ოთხმა“ - ჩეხეთმა, პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა. როგორც ვიცე-პრეზიდენტი, ტიმერმანსი სამართლებრივი სახელმწიფოს საკითხებით იყო დაკავებული და ვარშავასაც და ბუდაპეშტსაც მკაცრად აკრიტიკებდა. კომისიის სათავეში მისი დასი ამ ოთხი ქვეყნისთვის არ იყო მისაღები. შეხვედრა მთელი ღამე გაგრძელდა და პირველ ივლისს სადილზე გავიდნენ შესვენებისთვის. შეხვედრა ორ ივლისს 11 საათზე დასრულდა. ტიმერმანსის წინააღმდეგ წავიდნენ არა მხოლოდ ეს ოთხნი, მას არ მიემხრნენ ევროპის სახალხო პარტიასთან დაკავშირებული პრემიერ-მინისტრები - ირლანდიის პრემიერი ლეო ვარადკარი და ლატვიის პრემიერი არტურს კარინსი, რომლებმაც ვერ წარმოიდგინეს, რატომ მიემხრო მერკელი მემარცხენე პოლიტიკოსს. გვიან საღამოს ლიდერებმა შეიმუშავეს ახალი პაკეტი და დაამტკიცეს. ტიმერმანსი წავიდა და მას გაჰყვა „მთავარი კანდიდატის სისტემა“.

ამის გამო ევროპის კავშირის წევრი ქვეყნების ბევრი ლიდერი არ დამწუხრდება. ისინი ყოველთვის ანიჭებდნენ უპირატესობას ამ თანამდებობების დახურულ კარს მიღმა არჩევას, ვიდრე იმას, რომ ევროპელი ამომრჩევლების ნებას დაჰყოლოდნენ. მაგრამ დანარჩენი მსოფლიო არაა მოხიბლული იმით, რაც მოხდა. სამიტი უფრო დიდხანს გაგრძელდა, ვიდრე მაშინ, როცა საბერძნეთის გადარჩენის ხელშეკრულებაზე მუშაობის ათწლეული იწყებოდა.

შემდეგ ჯერზე ასევე რთული იქნება ძალაუფლების განაწილება კონსერვატორებს, ლიბერალებსა და სოციალისტებს შორის და, ასევე, საბჭოში გეოგრაფიული და გენდერული თანასწორობის გათვალისწინება.

სულ მცირე, ქალებმა გაიმარჯვეს. ევროპის კავშირს ეყოლება (თუ დაამტკიცეს) ევროკომისიის თავმჯდომარე პირველი ქალი და ევროპის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე პირველი ქალი. ეს ორივე მნიშვნელოვანი თანამდებობაა ევროკავშირში.

არაა მოულოდნელი, რომ თანამდებობების უმეტესობა გერმანიასა და საფრანგეთს ერგო, რადგან ეს ორი სახელმწიფო ევროკავშირის წამყვანი წევრები არიან. მაკრონმა მოახერხა,რომ საფრანგეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლანდელი მმართველი კრისტინ ლაგარდი გაეყვანა, რათა ხელში ჰქონოდა ევროს ზონისა და ფონ დერ ლაიენის, ბევრისთვის ამ „პატარა მერკელის“, სამართავი ბერკეტები. აქედან ჩანს, რომ მერკელს გავლენა კვლავ აქვს ბრიუსელში, თუმცა ის სუსტდება.

ევროპის კავშირის საგარეო აპოლიტიკური წარმომადგენლის, ესპანელი სოციალისტის იოსეპ ბორელისა და საბჭოს მომავალი თავმჯდომარის, ბელგიის ლიბერალი პრემიერის შარ მიშელის მიმართ დიდი პატივისცემის მიუხედავად, ევროკავშირის პოლიტიკის ყველა ცნობილი სახე მომავალ ხუთ წელიწადში, დიდი ალბათობით, ქალი იქნება.

უკრაინასა და მის უახლოეს ევროპელ მოკავშირეებს გამანადგურებელი მარცხის განცდა ჰქონდათ, როცა 25 ივნისს, სამწლიანი პაუზის შემდეგ, რუსეთის დელეგაცია დაუბრუნდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას.

მრავალი მიმომხილველის აზრით, ეს სამარცხვინო გარიგებაა. მაშინ, როცა მოსკოვს არავითარი პირობა რა დაუდვია, საპარლამენტო ასამბლეის წესები ნაჩქარევი ანგარიშის მეშვეობით შეიცვალა მის სასარგებლოდ. ისე, რომ რუსებს ახალი გენერალური მდივნის არჩევნებისთვის მოესწროთ დაბრუნება და ამავე დროს თავი აერიდებინათ სანქციებისთვის, რომელთა დაწესება მომავალში წარმოუდგენლად რთული იქნება საპარლამენტო ასამბლეის განახლებული კანონების მიხედვით.

გაისმის შეშფოთება, რომ ამან შესაძლოა დომინოს ეფექტი იქონიოს რუსეთის მიმართ დასავლეთის სამომავლო სანქციებზე; სოციალურ ქსელებში გაჩნდა ბრალდებები, რომ საქმე გვაქვს ახალ „ფრანგულ-გერმანულ მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტთან“, რომელიც კიევისთვის ზურგში დანის ჩაცემას უდრის, ისევე, როგორც ეს ჩეხოსლოვაკიის მიმართ მოხდა 1938 წელს „მიუნხენის ხელშეკრულებით“. მაგრამ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს უფრო ფართო სურათი - რუსეთისთვის ესაა პიროსის გამარჯვება, რომელიც ბევრს არ მეტყველებს იმაზე, თუ რეალურად რა დამოკიდებულება აქვთ ევროპის უმეტეს ქვეყნებს მოსკოვის მიართ. მაგრამ, მეორე მხრივ, ეს ბევრს მეტყველებს თავად საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც ამ ნაბიჯით იმაზე უფრო არარელევანტურ როლში იყენებს თავს, ვიდრე ის უკვე არის.

მხოლოდ გასულ კვირაში ევროკავშირის ლიდერებმა განაახლეს რუსეთის მიმართ სანქციები ბრიუსელში გამართულ სამიტზე. როგორც საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა მითხრეს, გადაწყვეტილება რეკორდულად სწრაფ ტემპში იქნა მიღებული. სიტყვით არ გამოსულა იტალიაც კი, რომელიც ასეთ შემთხვევებში სანქციებზე უკმაყოფილებას გამოხატავს ხოლმე. იმავე კვირაში ევროკავშირის ელჩებმა ერთი წლით გააგრძელეს ყირიმში ინვესტიციის აკრძალვა. განვლილი ერთი წლის განმავლობაში ბრიუსელმა უფრო მეტი რუსი შეიყვანა იმ პირების სიაში, რომლებისთვისაც იკრძალება ვიზის გაცემა და რომელთა ქონება იყინება - მათ შორის არიან სოლსბერის თავდასხმისა და ქერჩის ინციდენტის მონაწილეები - ვიდრე გამოიყვანა. ბოლო ხანებში ევროპის კომისია უფრო ღიად ლაპარაკობს ევროპულ არჩევნებში რუსეთის ჩარევაზე და ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე. ძნელია არაა იმის თქმა, რომ ევროკავშირის მოქმედებები არასაკმარისი და დაგვიანებულია, მაგრამ ტენდენცია აშკარაა: ევროპის კავშირი მოსკოვისადმი დამოკიდებულებას უფრო ამკაცრებს.

რაც შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, დროა ითქვას მტკივნეული სიმართლე მისი შეზღუდული უნარების შესახებ. დღესდღეობით ის ბევრად არ აღემატება სალაყბოებს, ისეთებს, როგორებიცაა ეუთოსა და ნატოს ასამბლეები. პარლამენტარები იკრიბებიან, ლაპარაკობენ და იღებენ ანგარიშებს. და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს ანგარიშები არაა იმ ქაღალდზე ბევრად უფრო ღირებული, რომელზეც არის ისინი დაწერილი. მახსოვს ჩემი, როგორც ჟურნალისტის, პირველი შეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან. ეს იყო 2013 წელს, როცა იგი განიხილავდა ე.წ. შტრასერის ანგარიშს აზერბაიჯანში პოლიტიკური პატიმრების შესახებ. ანგარიში არ იქნა მიღებული და მას მერე ალიევის რეჟიმი მას იყენებს, როგორც „საბუთს“, რომ სამხრეთ კავკასიის რეპრესიულ ქვეყანაში არავითარი პოლიტიკური პატიმრები არ არიან. ვინც თვალყურს ადევნებდა ასამბლეაში ამ თემაზე დებატებს, მისთვის ცხადი იყო, რომ ბაქოს ცნობილი „ხიზილალის დიპლომატია“ კარგად მუშაობდა.

ამჯერად არ მოიპოვება იმის კონკრეტული საბუთი, რომ საქმეში ერია რუსეთის ფული და საჩუქრები. მაგრამ ასამბლეის ბიუჯეტში დიდი გარღვევა იყო მას მერე, რაც მოსკოვმა უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ბოიკოტის ნიშნად შეწყვიტა თავისი წილი თანხის გადახდა და რასაც, როგორც ჩანს, იგი აწი გადაიხდის.

ანგარიშის სასარგებლოდ ხმის მიმცემმა დეპუტატებმა ჩვეული მოტივებით გაამართლეს არჩევანი: მეტი დიალოგი და მეტი საშუალება, პასუხი მოსთხოვონ რუსეთის დუმის წევრებს ადამიანის უფლებების საკითხებში; იმის აუცილებლობა, რომ რუსეთის რიგითი მოქალაქე არ იყოს მოწყვეტილი ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, თუკი რუსეთი გავიდოდა; რუსეთის წინააღმდეგ სანქციების საქმეს უნდა აგვარებდეს ევროკავშირი და არა ევროპის საბჭო. ყველა ეს მიზეზი შეიძლება დამაჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ ისინი ასევე მიუთითებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და მისი წევრების შეზღუდულ შესაძლებლობებზე და არასაკმარის ამბიციაზე, პოლიტიკური როლი ითამაშონ კონტინენტის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

უკრაინელი პარლამენტარებისთვის, რომლებიც ცხრა საათის განმავლობაში იბრძოდნენ საპარლამენტო ასამბლეის ინიციატივის ჩასაშლელად, ეს შეიძლება დიდ ნუგეშად არ ჟღერდეს, მაგრამ რაც უფრო მალე დაუთმობენ ისინი საკუთარ ენერგიას სხვა ინსტიტუციებს, მით უკეთესი იქნება.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG