Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 20 ივლისი. See content from before

პარასკევი, 19 ივლისი 2019

საქართველოში დასავლურ იდეას, განსაკუთრებით ბოლო კვირების მანძილზე, რამდენიმე მიზეზის გამო მიადგა გამოუსწორებელი დარტყმა. პირველი მიზეზი ის არის, რომ რატომღაც ჩვენმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ხილვას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე საზოგადოების აღშფოთება არ მოჰყვებოდა. შესაძლოა გარეშე დამკვირვებელს (იმას, ვინც საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებს სათანადოდ არ იცნობს) ამ სიმბოლური აქტისთვის ყურადღება არც მიექცია. საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის კი (მათ შორის, დევნილი მოსახლეობისთვის), რომელიც ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოს ომის ტრავმებს იშუშებს და რუსეთის მცოცავ ოკუპაციას აპროტესტებს, გავრილოვის უჩვეულო ადგილზე ხილვას განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა ჰქონდა. „ქართულმა ოცნებამ“ თავიდან ისიც კი ვერ გაიაზრა, რომ მომხდარზე მყისიერი პასუხისმგებლობა აეღო.

დასავლური იდეა რომ სერიოზული დარტყმის ქვეშ არის, ამის მეორე მიზეზი ის არის, რომ ხელისუფლება განვითარებისთვის სასათბურე პირობებს უქმნის ღიად პრორუსულ ძალებს. რუსეთის დაზვერვა ბოლო დროს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააქტიურდა. ბუნებრივია, რომ მათი გავლენა განსაკუთრებით გაძლიერდა მეზობელ ქვეყნებში. რა თქმა უნდა, საქართველოში ცხოვრობენ გულწრფელად პრორუსულად განწყობილი ადამიანებიც და მათი შეხედულებები სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებით არის დაცული. თუმცა, ამასთან ერთად, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პრორუსული სენტიმენტების გაღვივებას კრემლი პირდაპირ და ირიბად უწყობს ხელს სხვადასხვა უკანონო საშუალებებით. საქართველოს მთავრობა ვერაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს პრორუსული ძალების აღმასვლას. პირიქით, იქიდან გამომდინარე, რომ პრორუსული ძალები ძირითადად „ნაციონალურ მოძრაობას“ და ახალგაზრდების პროგრესულ ჯგუფებს უპირისპირდებიან, „ქართული ოცნება“ მათი აქტივობების სათავისოდ გამოყენებასაც კი ცდილობს. შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაჯაბვნის სურვილი იმდენად დიდია, რომ მმართველი პარტია არ ერიდება სხვადასხვა დონეზე პრორუსულ ჯგუფებთან თანამშრომლობას და მათ გაძლიერებას.

მესამე მიზეზი, საგრძნობლად რატომაც სუსტდება დასავლური იდეა, ის არის, რომ ხელისუფლება საერთოდ ვერ ხედავს პრობლემას რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდაში. 10 ივლისს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ რუსეთთან გაზრდილი ეკონომიკური ურთიერთობა ქვეყნის დასავლურ არჩევანზე გავლენას ვერ მოახდენს. თავისი მოსაზრება მან შემდეგნაირად დაასაბუთა:

„მსოფლიოში არის ბევრი მაგალითი, რომ ბევრ სახელმწიფოს შორის, რომლებსაც, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ მარტივი პოლიტიკური ურთიერთობები აქვთ, ვაჭრობა, მიმოსვლა და კულტურული ურთიერთობები გრძელდება.“

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ სახელმწიფოებს შორის არსებულ ურთიერთობებს გულისხმობდა. რა თქმა უნდა, ასეთი ურთიერთობები მართლაც არსებობს, მაგრამ კონკრეტული შემთხვევების განზოგადება სარისკოა. ყოველი შემთხვევა უნიკალურია და ცალკე განხილვას საჭიროებს. მაგალითად, გერმანიასა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები არ არის ისეთივე ხასიათის, როგორიც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობებია. გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფუჭება რუსეთისთვის დიდი დარტყმა იქნება. საქართველოსნაირ პატარა ქვეყანასთან არსებული სავაჭრო ურთიერთობები რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის იმდენად უმნიშვნელო წილია, რომ ამ შემთხვევაში მხოლოდ საქართველოს რუსულ ბაზარზე ცალმხრივი დამოკიდებულება თუ გაიზრდება. ამასთან ერთად, ევროპის ქვეყნები სამხედრო და ეკონომიკურ ბლოკში არიან გაწევრიანებულნი და მათ რუსეთზე ზემოქმედების ბევრად ძლიერი ბერკეტები აქვთ, ვიდრე საქართველოს ან თუნდაც უკრაინას. ამას მოწმობს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციებიც, რომლებიც დღემდე ძალაშია (ეს სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე ამ დრომდე ახდენს უარყოფით გავლენას).

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მცდარი მოსაზრება გაიმეორა მთავრობის დე ფაქტო ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ვისაც რუსული ბაზრის დახურვა სურს, ის ქვეყნის მტერია. ივანიშვილის კატეგორიულ მსჯელობაში ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზია: სინამდვილეში ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვას რუსული ბაზრის დახურვა კი არა, არამედ რუსეთთან არსებული სავაჭრო ურთიერთობის დარეგულირება სჭირდება. თუკი ქვეყანა იმდენად იქნება დამოკიდებული რუსეთზე, რომ მას კრემლის ნებისმიერი მუქარის უპირობოდ შესრულება მოუწევს, მაშინ ეს ჩვენს სუვერენიტეტს მნიშვნელოვნად დაასუსტებს. ადრე თუ გვიან, ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა კი ქვეყნის პროდასავლური კურსის უარყოფამდე მიგვიყვანს. ეს იცის რუსეთმაც და ამიტომ არიდებს თავს ამ ეტაპზე საქართველოსთვის ყოვლისმომცველი სანქციების დაწესებას. (შარშან ამ საკითხზე ღიად ისაუბრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.)

ძნელი სათქმელია, რას უკავშირდება „ქართული ოცნების“ ბოლო დროს გამოკვეთილი ირიბად პრორუსული პოლიტიკა - არის ეს რაღაც დიდი გეოპოლიტიკური გეგმის ნაწილი, თუ ყველაფერი ბანალურად, „ნაციონალური მოძრაობის“ ჯიბრზე ხდება. ფაქტია, რომ რუსეთმა წარმატებით შეძლო ქართულ შიდაპოლიტიკურ დებატებში საკუთარი თავის „ჩასმა“ და ამომრჩევლების ერთი ნაწილის სათავისოდ მანიპულირებასაც ახერხებს. საკითხავია, ქართულ პოლიტიკურ კლასს ეყოფა თუ არა გონიერება ამ მასშტაბის საფრთხესთან გასამკლავებლად. სამწუხაროდ, ამის ნიშნები არ ჩანს.

როდესაც გასული საუკუნის 50-იანი წლების მიწურულს ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ჯოუ ენ-ლაის ჰკითხეს, თუ რა ზეგავლენა მოახდინა საფრანგეთის რევოლუციამ მსოფლიოზე, მან უპასუხა, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევი იყო. ჯოუ ენ-ლაის ამ პასუხს ხშირად ოხუნჯობად მიიჩნევენ. თუმცა ამ ხუმრობის უკან ღრმა აზრი იმალებოდა - ჩინეთის მთავრობის ხელმძღვანელი ხაზს უსვამდა, რომ 170 წელი შეიძლება საკმარისი არ იყო ისტორიული მოვლენის მნიშვნელობის შესაფასებლად. მოკლედ ჯოუ ენ-ლაი ცდილობდა ხაზი გაესვა, რომ დროის გაგებას დრო, დიდი დრო, სჭირდებოდა.

მართლაც, თუ მოვლენა კომეტის სიჩქარით მოძრაობს (და ხშირად კომეტასავით წამებში უჩინარდება), ისტორიული მოვლენა კუს ნაბიჯით გადაადგილდება. ხოლო მოვლენის იმწუთიერ გამოძახილსა და მის ისტორიულ მნიშვნელობას ერთმანეთისგან უფსკრული აშორებს.

დღეს ჩვენთვის ძნელად წარმოსადგენია, რომ ამერიკის აღმოჩენამ 1492 წელს შეუმჩნევლად ჩაიარა. მხოლოდ მეთექვსმეტე საუკუნის შუაში დაიწყებს ევროპის პოლიტიკური ელიტა გააზრებას, თუ რა პლანეტარული მნიშვნელობა ჰქონდა ქრისტეფორე კოლუმბის აღმოჩენას.

ფლემინგის მიერ პენიცილინის ან პინკუსის მიერ კონტრაცეპტიული აბების აღმოჩენამ ხომ ბევრად უფრო დიდი ზეგავლენა იქონია კაცობრიობაზე, ხომ ბევრად უფრო რადიკალურად შეცვალა მსოფლიო, ვიდრე ნებისმიერმა ბრძოლამ?! არადა ვერდენის ან სტალინგრადის ბრძოლისგან განსხვავებით, გამოძახილი ამ ორ აღმოჩენაზე ხომ უმნიშვნელო იყო?!

1917 წელს თუ რამემ განაცვიფრა ევროპა - ეს თებერვლის რევოლუცია იყო და არა ოქტომბერში ბოლშევიკების მიერ ზამთრის სასახლის აღება... ვინ წარმოიდგენდა 1917 წელს ან ევროპაში, ან რუსეთში, რომ ბოლშევიკების დღეები დათვლილი არ იყო?! არავინ! თვით ლენინიც კი სიხარულისგან ტაშ-ფანდურს (პირდაპირი გაგებით!) შემოკრავს, როცა ბოლშევიკების ძალაუფლებაში ყოფნის ჟამი პარიზის კომუნის ხანგრძლივობის სიმბოლურ 72 დღეს გადააჭარბებს...

თანამედროვე ე.წ. განუწყვეტელი ახალი ამბების რეჟიმში ფუნქციონირებამ კარდინალურად შეცვალა სიტუაცია. დღეს მასმედია და სოციალური ქსელები „ქარისთვის გასატან“ ნებისმიერ მოვლენას პლანეტარული მნიშვნელობის ტექტონურ ძვრად წარმოგვიდგენს. „პლანეტარული მნიშვნელობის ახალი ამბების“ (რომლებიც ყოველდღე იცვლება) ლაბირინთში გამომწყვდეული ადამიანი კი ვეღარ ახერხებს დედამიწის ზედაპირზე ამოსვლას... არადა ლაბირინთში არიადნეს ძაფის ჩაშვებას ათწლეულები, თუ არა ასწლეულები, სჭირდება...

2001 წლის 11 სექტემბერს მილიონობით ადამიანი პირდაპირ ეთერში აკვირდებოდა ნიუ-იორკის ვაჭრობის ცენტრის ტყუპ კოშკებზე თვითმფრინავების შეჯახებას... „მსოფლიო ვერასდროს იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო“ - აი უკვე 18 წელია, რაც გვესმის ეს ემოციური სიტყვები და მიუხედავად ამისა დღესაც შეუძლებელია განვსაზღვროთ, თუ რა ცვლილება მოიტანა 11-მა სექტემბერმა. ან რა დარჩება 11 სექტემბრიდან 100 წელიწადში? ხსოვნა ეფემერული მოვლენისა თუ პირველი აკორდი მორიგი პლანეტარული გეოპოლიტიკური რევოლუციისა? დღეს ჩვენ ამ კითხვას მხოლოდ ერთადერთი პასუხი შეგვიძლია გავცეთ: ისე, როგორც 11 სექტემბრის მოვლენა არ იყო განპირობებული არანაირი დეტერმინიზმით, ამ მოვლენის გრძელვადიანი ეფექტიც იქნება განსაზღვრული მხოლოდ ადამიანების ნებით.

და რა უფრო დიდ ზეგავლენას მოახდენს საქართველოს ისტორიაზე - 20 ივნისს გავრილოვის ვიზიტი პარლამენტში თუ 23 ივნისს ექრემ იმამოღლუს გამარჯვება სტამბოლის მერის არჩევნებში? ერთი შეხედვით პირველი, თუმცა არც მეორე ვარიანტის გამორიცხვა შეიძლება, რადგან ექრემ იმამოღლუს გამარჯვება შეიძლება ერდოანისა და მისი ისლამისტური პარტიის დასასრულის დასაწყისს მოასწავებდეს... ამან კი, გრძელვადიან პერიოდში, შეიძლება უფრო დიდი ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე, ვიდრე გავრილოვის ვიზიტის შედეგად განვითარებულმა მოვლენებმა. საკამათოა? ყოველ შემთხვევაში დღეს ნაცრის ქექვა იქნებოდა მკითხველთან კამათი ამის თაობაზე. მხოლოდ დრო დაგვანახვებს, სად მიგვიყვანს გავრილოვის ან იმამოღლუს კვალი...

კამათის მაგივრად კი მკითხველს ვთავაზობ საქართველოს უახლესი ისტორიის ათი თარიღიდან (რომლებსაც1999-2009 წლებში ჰქონდა ადგილი) აირჩიოს ერთი, რომელიც, მისი აზრით, ყველაზე დიდ კვალს დატოვებს ქვეყნის გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზე.

გამოკითხვა

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG