Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 3 ნოემბერი. See content from before

შაბათი, 2 ნოემბერი 2019

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაზე განვიხილე ქართულ საზოგადოებაში არსებული დომინანტური მზერა ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ.

ეს წერილი არის მცდელობა, წერილობით გადმოვცე ჩემი ხედვა, რათა ამ ტიპის საკითხების განხილვა გასცდეს მცირე აუდიტორიებსა თუ კონფერენციებს, სადაც, ასე თუ ისე, ყველა აღიარებს პრობლემას. მნიშვნელოვანია, საჯაროდ ვისაუბროთ და გამოვამზეუროთ ჩვენს საზოგადოებაში არსებული პრობლემური, ხშირად უღიარებელი და უმცირესობებისთვის მტკივნეული დომინანტი მზერის ტიპები ეთნიკური აზერბაიჯანელების (და, ზოგადად, თითქმის ყველა ეთნიკური ჯგუფის) მიმართ.

რეტროსპექტულად რომ განვიხილოთ ქართული სახელმწიფოს დომინანტური მზერა მისი მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ, პროგრესი აშკარაა: თუ პირველი პრეზიდენტი უმცირესობებს საერთოდ არ მიიჩნევდა ქვეყნის ნაწილად და მათ ეტაპობრივ გასახლებაზეც საუბრობდა, შევარდნაძის პერიოდში ასეთი რადიკალური და ექსტრემისტული განცხადებები ღიად აღარ გახმოვანებულა. მიუხედავად ამისა, ე.წ. Failed State-ის პირობებში, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები არ ან ვერ ფუნქციონირებდნენ, უმცირესობების მიმართ დომინანტი მზერის არსებითად შეცვლაზე საუბარი ზედმეტი იყო. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შედეგად, პროდასავლურმა და მოდერნისტულმა ხელისუფლებამ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრების ბევრ სფეროში გარდატეხა მოახდინა. მათ შორის, შეიცვალა ეთნიკური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულებაც. თუმცა, ამ პერიოდში ხელისუფლების გამოცხადებული პოლიტიკა, რომ ყველა მოქალაქე თანასწორია განურჩევლად მისი ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი თუ სხვა სახის კუთვნილებისა, რეალურ ცხოვრებაში ერთბაშად წინააღმდეგობრივი და ზედაპირული იყო. შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო თანასწორობა, ძირითადად, ცენტრალური ხელისუფლების მიმართ მორჩილებაში აისახებოდა. ყველა თანასწორად და ერთნაირად ემორჩილებოდა ერთ პირს. ახლანდელ ხელისუფლებას კი, როგორც მრავალ სხვა საკითხშიც, რა ხედვა აქვს უმცირესობების მიმართ, სულ მცირე, გაუგებარია. გარდა შესაბამისი ბიუროკრატების რუტინული საქმიანობისა და განცხადებებისა, სახელმწიფო მეთაურების დონეზე სწორად გააზრებული გზავნილები არ გვხვდება.

იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, თუ რას ნიშნავს უმცირესობების მიმართ დომინანტური მზერა, უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, რა არის საქართველო და ქართველი, რადგანაც უმცირესობების მიმართ მზერას უმეტესად განსაზღვრავს ის, თუ სად გადის ზღვარი ე.წ. ქართველს, ანუ ჩვენიანს, და სხვებს შორის.

საქართველოში ამის შესახებ ორგვარი ნარატივია დომინანტური. ერთის მიხედვით, ქართველი არის ეთნიკური ქართველი და, ამავე დროს, მართლმადიდებელი. ხოლო, ვინც ამ ფორმულის მიღმა რჩება, ისინი წარმოადგენენ უმცირესობებს, უცხოს, პრობლემას. ამის საუკეთესო მაგალითია კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ბოლო კვლევა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის თითქმის ნახევარი ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებას უარყოფითად მიიჩნევს.

მეორე შეხედულება, რაც უფრო და უფრო იკიდებს ფეხს ახალგაზრდებს შორის, არის ის, რომ თუ ხარ საქართველოს მოქალაქე, მაშინ ავტომატურად ხარ ქართველი ერის ნაწილი. ხოლო კულტურული და ეთნიკური განსხვავებები შესაძლებელი და დასაშვებია.

შესაბამისად, ზედაპირულად თუ განვიხილავთ, იგივე შეხედულებები ვრცელდება ეთნიკურად აზერბაიჯანული თემის მიმართ: ერთი მას განიხილავს ნეგატიურად – როგორც „სხვას“, არაქართველს, ხოლო მეორე – პოზიტიურ-ნეიტრალურად: როგორც „ჩვენიანს“, მაგრამ რეალობა, ამ მარტივ და თეორიულ, ბინარულ დამოკიდებულებაზე უფრო კომპლექსურია. შესაბამისად, გთავაზობთ ეთნიკური აზერბაიჯანელების (და, ალბათ, ყველა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის) მიმართ დომინანტური მზერის ოთხ ტიპს კონკრეტული მაგალითებით.

არდანახვა

დომინანტი მზერის პირველი ტიპი არის არდანახვა (შეუმჩნევლობა). ეს მზერა ხშირად ახასიათებთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს სახელმწიფო ორგანოებში, სხვა ბიუროკრატებს, პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, ბიზნესებს (უმეტეს ნაწილს).

ამ მზერის საუკეთესო ილუსტრაციაა ქვემო ქართლის გუბერნატორის ოფისის მიერ 2018 წელს გავრცელებული ვიდეო, რომელიც მიზნად ისახავდა რეგიონის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალის გაზრდას. მასში სრულად იგნორირებულია რეგიონის მოსახლეობის 42 პროცენტი – ეთნიკური აზერბაიჯანელები. ვიდეო ასახავს მხოლოდ ქართული და მართლმადიდებლური კულტურის ძეგლებს, რაც თავისთავად კარგი და აუცილებელია, თუმცა პრობლემა ისაა, რომ საერთოდ არ აჩვენებს ეთნიკურად აზერბაიჯანულ და ისლამურ კულტურას. ეს არათუ კულტურული დომინაცია, არამედ ე.წ. whitewashing-იცაა – გადაფარვა, გადამალვა: გუბერნატორის ოფისს, პირდაპირ თუ ირიბად, არ სურს ეთნიკური აზერბაიჯანელებისა და მათი კულტურის დანახვა ქვემო ქართლში.

მეორე მაგალითი არის „ქვემო ქართლის განვითარების სტრატეგია 2014-2021“. დოკუმენტი შესავალშივე განმარტავს, რომ ცენტრიდან რეგიონის პრობლემების დანახვა ხშირად სრულყოფილად არ ხდება. ამ სტრატეგიის დაწერის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც ისაა, რომ რეგიონის სპეციფიკური საჭიროებები გამოკვეთოს და დაინტერესებულ პირებს დაანახვოს. დოკუმენტის სტრატეგიული მიზანი რეგიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარებაა. სტრატეგიული მიზანი შემდგომში ჩაშლილია თოთხმეტ კონკრეტულ მიზნად. რადგანაც დოკუმენტი თავად ამბობს, რომ მისი მთავარი აქცენტი ადგილობრივი საჭიროებებია, ლოგიკურია მკითხველის მოლოდინი, რომ რეგიონის მოსახლეობის 42 პროცენტის საჭიროებებიც იქნება ხაზგასმული. მიუხედავად ამისა, სტრატეგიის თოთხმეტი მიზნიდან ცამეტში, ერთხელაც არ არის ნახსენები ეთნიკური უმცირესობები, ხოლო მეთოთხმეტე მიზანი, სადღეგრძელოს დონეზე, ერთ აბზაცში აერთიანებს ქალთა უფლებებს, ეთნიკური უმცირესობებისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას.

შედეგად, ამ მზერას თუ დაუნახაობას მივყავართ იქამდე, რომ სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესში საერთოდ არ ვიმჩნევთ ეთნიკურ უმცირესობებს. სახელმწიფოს ადგილობრივ თუ ცენტრალურ ორგანოებს არც აწუხებთ ის, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საერთოდ არ ან ვერ სარგებლობს იმ ბენეფიტებით, რის გამოც შექმნილია ეს სახელმწიფო. ეთნიკური უმცირესობები გადაქცეული არიან „მკვდარ სულებად“ სახელმწიფოსთვის, გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის, ინსტიტუტებისთვის.

საფრთხედ დანახვა

დომინანტური მზერის მეორე ტიპი არის დანახვა, როგორც საფრთხისა. იგი ახასიათებს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურს, საპატრიარქოს, ასევე სხვა, მათ შორის, ხელისუფლებისა და ოპოზიციის, პროგრესულ თუ ტრადიციონალისტ, პროდასავლურ თუ პროქართულ ძალებსაც. ამ შემთხვევაში ეთნიკური უმცირესობები დანახულია საფრთხის პრიზმიდან და შესაბამისი პოლიტიკა იწერება და ხორციელდება ამ გადმოსახედიდან.

ამ პოზიციის ნათელი მაგალითია 2020 წლის არჩევნებამდე საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის განხილვის პროცესი. მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ 2020 წელს გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე ბუნებრივი ბარიერით, თითქმის ყველამ დაიწყო იმაზე საუბარი, თუ რა ტრაგედია გველის ასეთ პირობებში ეთნიკური უმცირესობების პარტიის გაჩენისას. მათ შორის ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთნაირად საუბრობს, რომ ეთნიკური უმცირესობების პარტიის არსებობა თავისთავად არის საფრთხე. ეს თეზისი ჩემთვის სავსებით გაუგებარია.

რა თქმა უნდა, პარტიები, რომლებიც აღვივებენ ეთნიკურ შუღლს და პროპაგანდას უწევენ ძალადობას, წარმოადგენენ საფრთხეს ქვეყნისა და მოსახლეობისთვის. მაგრამ გაუგებარია, რატომ არის საფრთხე ისეთი პარტიების არსებობა, რომელთა მთავარი საზრუნავიც სწორედ ეთნიკური თანასწორობის მიღწევა იქნება. პირიქით, შესაძლოა, ასეთი პარტია უფრო პროგრესული და პროდასავლური იყოს, ვიდრე დღეს არსებული ზოგიერთი „ეროვნული“ პოლიტიკური პარტია.

ზედმეტად მიმაჩნია იმის ხაზგასმა, თუ სუს-ის მიერ როგორ იმართება პოლიტიკური პროცესები ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში, სადაც თითქმის ყველა მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო საკითხი წყდება არა რეგიონის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, არამედ სპეციალურ კაბინეტებში, სადაც ფიქრობენ არა ამ ხალხის საჭიროებებზე, არამედ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მართონ რეგიონი, რომ ამ ხალხის საჭიროებებზე საუბარი საერთოდ არ იყოს დღის წესრიგში.

შესაძლოა გავიგო (მაგრამ არ მივიღო) პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფოს ასეთი დამოკიდებულება. მაგრამ ყოველთვის, იგივე მზერა გადადის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა რელიგია და კულტურა. თითქმის ყველა რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც მუსლიმი თემისთვის მუშაობს, კონტროლდება სახელმწიფო უსაფრთხოების ორგანოების მიერ. ხოლო ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც არ აღიარებენ და არ ემორჩილებიან ასეთ კონტროლს, ექმნებათ ხელოვნური ბარიერები და ვერ იღებენ დაფინანსებას სახელმწიფოსგან (გასაგებია, რომ სეკულარულ ქვეყანაში, სახელმწიფოს მიერ რელიგიური ინსტიტუტების დაფინანსება არასწორია, მაგრამ თუ ფინანსდება ერთი ორგანიზაცია, მაშინ თანასწორობის პრინციპი მოითხოვს, რომ დაფინანსდეს ყველა).

ბოლო საკითხი, რომელიც პირდაპირ აშიშვლებს მზერას: დანახვას, როგორც საფრთხეს, არის სახელმწიფოს დამოკიდებულება ელათის მიმართ. ეთნიკურად აზერბაიჯანული მოსახლეობის ტრადიციული თავყრილობა, რომელიც იყო ადგილი, სადაც ეთნიკურ აზერბაიჯანელებს შეეძლოთ საკუთარი კულტურის ჩვენება და ზეიმობა, საფრთხედ იქნა დანახული. სამწუხაროდ, სახელმწიფოს პირდაპირი ჩარევის შედეგად, ეს ტრადიცია გაუქმდა და ამ ღონისძიების ორგანიზება გადაეცა დმანისის მუნიციპალიტეტს „დმანისობის“ სახელწოდების ქვეშ. წელს დმანისობის ღონისძიებაზე მისულ ეთნიკურ აზერბაიჯანელებს არაფერი აზერბაიჯანული არ დახვდათ. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს უკვე დაიკარგა ეს ტრადიცია, მხოლოდ და მხოლოდ დომინანტი კულტურის შიშისა და ფობიების გამო (ამ საკითხზე უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ EMC-ის სტატიაში).

დანახვა, როგორც ჩამორჩენილის

დომინანტური მზერის მესამე ტიპი არის დანახვა, როგორც ნაკლებად განვითარებულის, ჩამორჩენილის. ეს მზერა ახასიათებს ეთნიკურად ქართული მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, რომელიც ეთნიკურ აზერბაიჯანელებს უყურებს, როგორც ცივილიზაციურად, კულტურულად და გონებრივად ჩამორჩენილ ხალხს. სწორედ ამაზე მიუთითებს ზოგი არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიის, ექსპერტის, პროგრესულის თუ ლიბერალის მიერ, ეთნიკურ აზერბაიჯანულ თემთან მუშაობისას, მხოლოდ ისეთი საკითხების ხაზგასმა, როგორიცაა ადრეულ ასაკში ქორწინება, გოგონების მოტაცება, ენის არცოდნა, არჩევნების გაყალბება, არალიბერალური ტრადიციები და ა.შ. მაგრამ იგივე ხალხი ვერ ხედავს და ხმას არ იღებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სტრუქტურული ჩაგვრა, ეთნოცენტრიზმი და ისტორიული უსამართლობა ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ.

დომინანტური მზერის ეს ტიპი ეთნიკური აზერბაიჯანელების ჩაგრული მდგომარეობის მიზეზს თავად ეთნიკურ აზერბაიჯანულ თემში ხედავს. ლოგიკა კი მარტივია: ეთნიკური აზერბაიჯანელები პოლიტიკურ ცხოვრებაში არ მონაწილეობენ, რადგან არიან გაუნათლებლები, უკულტუროები და არაცივილიზებულები. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ არ ფლობენ ქართულს. ქართულის არცოდნა იწვევს მათ უფრო მეტ ჩამორჩენას. თავიანთი არაცივილიზებული ტრადიციების გამო, ეთნიკური აზერბაიჯანული თემი ადრეულ ასაკში ძალით ათხოვებს გოგონებს. შედეგად, მათი გაუნათლებლობა და უკულტურობა უფრო ღრმავდება და ისინი უფრო უკან რჩებიან, ვიდრე დანარჩენი ქართული საზოგადოება.

ამ ხედვის მიხედვით, „ამ ჩამორჩენილ ხალხს“ სჭირდება მხსნელი, რომელიც უშველის და ასწავლის, რომ არ შეიძლება გოგონების ადრეულ ასაკში გათხოვება; რომ აუცილებელია ქართულის სწავლა და განათლების მიღება, დრომოჭმული ტრადიციების უკუგდება. ყველაზე სამწუხარო ამ მზერაში ისაა, რომ იგი ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდის მიერ არის ინტერნალიზებული.

დანახვა მეზობელი ქვეყნის გავლით

დომინანტი მზერის მეოთხე ტიპი არის დანახვა მეზობელი ქვეყნის გავლით. ეს მზერა აერთიანებს ორ ნარატივს ეთნიკური უმცირესობების მიმართ. პირველი, რომელსაც მე „მარიამ ჯაშის კომპლექსს“ ვუწოდებ, გვადარებს აზერბაიჯანის სახელმწიფოში ეთნიკური ქართველების ჩაგრულ მდგომარეობასთან და ამ გადმოსახედიდან მიიჩნევს, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელები მადლობელი უნდა ვიყოთ, რადგანაც ისე არ ვიჩაგრებით, როგორც ეთნიკური ქართველები (ინგილოები) აზერბაიჯანში. ეს ნარატივი აშიშვლებს ქართულ საზოგადოებაში არსებულ, მაგრამ არაღიარებულ ხედვას, რომელიც ლიბერალურ დისკურსში ლამაზადაა შეფუთული, მაგრამ თავს მაინც ავლენს ისეთ განცხადებებში, როგორიც იყო ხსენებული მარიამ ჯაშის სიტყვები ინგილოების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.

მეორე ნარატივი საჯარო სფეროში აქტიურად გაჩნდა ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში. მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრები და პრეზიდენტები საჯაროდ და პირდაპირ „გვაბრალებენ“, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების ისტორიული სამშობლო, მაშინ როცა, ისტორიულად, ეს მოსახლეობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნაწილი არასდროს ყოფილა. აქ არა მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურების პრობლემური და დომინანტური მზერა ვლინდება საქართველოს ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ, არამედ ამ პირების მხრიდან ისტორიის არცოდნაც.

შეჯამების სახით

ოთხივე ხედვა პრობლემური და შესაცვლელია. ასეთ სიტუაციაში კი, ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემისთვის დაბრალება, რომ სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს ისინი აფერხებენ, ჩემი აზრით, თითიდან გამოწოვილ არგუმენტს ემსგავსება.

ქამრან მამედოვი არის ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) მკვლევარი.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

1979 განსაკუთრებული წელია ღმერთების კალენდარში! ამ წელს ღმერთები ზარ-ზეიმით დაბრუნდნენ პოლიტიკაში! და წელს ისინი ზარ-ზეიმით აღნიშნავენ პოლიტიკაზე რევანშის 40 წლისთავს!

განმანათლებობის ეპოქიდან დაწყებული, როცა გონება დაუპირისპირდა მითს, ღმერთებმა უკან დაიწყეს დახევა. ეს გრძელდებოდა თითქმის სამი ასწლეული, სანამ კაცობრიობამ მეოცე საუკუნეში არ შეტოპა.

შეტოპა და ღმერთებიც შეუდგნენ რევანშისათვის მზადებას: ჯერ იყო და 1924 წელს დიდი რაბინი რავ კუკი დააარსებს იერუსალიმში იეშივას (რელიგიურ სკოლას), რომლის მიზანიც იქნება ორთოდოქსული იუდაიზმისა და პოლიტიკური სიონიზმის ერთ იდეოლოგიად გაერთიანება. ასე დაუდებს საფუძველს რავ კუკი რელიგიურ სიონიზმს. 1928 წელს, უკვე ჰასან ალ-ბანა, ეგვიპტეში დაარსებს „მუსლიმთა საძმოს“, ხოლო ხოსემარია ესკრივა დე ბალაგერი - „ოპუს დეის“ ესპანეთში. ასე, ამ სამი ადამიანის დახმარებით, ღმერთები დაიწყებენ ჯვაროსნულ ომს სეკულარიზმის წინააღმდეგ.

ოციანი წლების შემდეგ იერიშის მორიგ ტალღას ღმერთები ორმაგი გააფთრებით განაახლებენ 60-იანი წლებში. ეს იქნება წლები, როდესაც ვაჰაბისტური საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთში წარმოებულ proxy war-ში დაამარცხებს გამალ აბდელ ნასერის ეგვიპტეს. ნასერის დამარცხება ერთის მხრივ დაასამარებს პანარაბულ ნაციონალიზს და, მეორე მხრივ, გზას გაუხსნის ვაჰაბიზმს, რომელიც დაიწყებს ტრიუმფალურ სვლას ისლამურ სამყაროში (ვაჰაბიზმისგან განსხვავებით, პანარაბული ნაციონალიზმი ინკლუზიური იდეოლოგია იყო და არაბ ქრისტიანებსაც მოიცავდა).

შემდეგ დადგება 1979 წელი, წელი, რომელიც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ღმერთების პანთეონში. რატომ? იმიტომ რომ, ისინი სხვადასხვა კონტინენტზე მოიპოვებენ მნიშვნელოვან გამარჯვებას: პირველ რიგში ეს იქნება ისლამური რევოლუციის წელი ირანში. ეს იქნება ასევე წელიწადი, როდესაც ჯერი ფოლუელი შეერთებულ შტატებში დააარსებს ორგანიზაცია მორალურ უმრავლესობას (Moral Majority). ეს ევანგელისტური ორგანიზაცია გადამწყვეტ როლს ითამაშებს როგორც ფუნდამენტალისტი ქრისტიანების ხმების მობილიზაციაში, ისე რონალდ რეიგანის ორჯერ გაპრეზიდენტებაში. ეს იქნება ასევე წელი, როცა ისრაელში მოხდება რელიგიურ-კოლონიზატორული ორგანიზაცია გუშ ემუნიმის პარლამენტში შესვლა (რავ კუკის მემკვიდრეობა). ეს იქნება ასევე წელიწადი, როცა ჰასან ბენ ალას „მუსლიმთა საძმო“ პირველ სკოლას გახსნის ისრაელის მიერ ოკუპირებულ ღაზის ტერიტორიაზე, რაც, თავის მხრივ, იასერ არაფატის ნაციონალისტური მოძრაობის პოლიტიკური ისლამით ჩანაცვლებას დაიწყებს (ისევე, როგორც პანარაბული, პალესტინური ნაცინალიზმიც ინკლუზიური იდეოლოგია გახლდათ და პალესტინელ არაბ ქრისტიანებსაც მოიცავდა). 1979 იქნება ასევე წელი, როცა „ოპუს დეი“ იმდენად გაძლიერდება, რომ ვატიკანში პარალელურ ეკლესიად ჩამოყალიბდება... 1979 იქნება ასევე სუნიტი ტერორისტების მიერ დიდი მეჩეთის ხელში ჩაგდების, თუ წითელი არმიის ქაბულში შეჭრის შედეგად ავღანეთში მუჯაჰედინების დაბადების წელი. იმ მუჯაჰედინების, რომლებიც 1981 წელს ეგვიპტის პრეზიდენტ ანვარ სადათს მოკლავენ კაიროში და ოსამა ბინ ლადენსა თუ ალ-ზავაჰირის მოუვლენენ მსოფლიოს... 1979 იქნება ასევე წელი, როცა გდანსკსა და პოლონეთის სხვა ქალაქებში ლეხ ვალენსას მიერ მართულ საპროტესტო აქციებზე ბანერები ღვთისმშობლის გამოსახულებით ბევრად უფრო ჭარბად იქნება წარმოდგენილი, ვიდრე ბანერები პოლიტიკური თუ ეკონომიკური მოთხოვნებით...

სეკულარიზმის წინააღმდეგ ამ ჯვაროსნულ ომს მალე შეუერთდებიან მართლმადიდებელი ღმერთებიც, რომლებსაც პოლიტიკოსები Game of Thrones-ში ჩაითრევენ.

მოკლედ თუ ცაში ჭექა-ქუხილია - არ გაგიკვირდეთ, ეს ღმერთები, ფერხულის ცეკვით, აღნიშნავენ სეკულარიზმზე გამარჯვებას!

მაგრამ მაინც რა აქვთ საზეიმო, ან რა უხარიათ ასე ღმერთებს? იმ ღმერთებს, რომლებიც სუკუნეების მანძილზე ხალხს ანუგეშებდნენ, დღეს კი საშინელის და გროტესკულის გარდა არაფრის სეკრეცია (ან ექსკრეცია) არ შეუძლიათ?! რა აქვთ სამხიარულო იმ ცის ალქიმიკოსებს, რომლებსაც წამიერი ყოფიერების თიხის, ტალახის მარადიულ ზეციურ ოქროდ გადაქცევა სჩვეოდათ?! იმ ოქროდ, რომელსაც ადამიანი გრძნობდა და განჭვრეტდა ეკლესიებში, სინაგოგებსა თუ მეჩეთებში... ან იქნებ ეს სხვა ღმერთები არიან? იქნებ ეს ღმერთები გაცოცხლებისას თიხის ერთ დიდ გოლემად გადაიქცნენ და შურს იძიებენ მათზე, ვინც განმანათლებლების სიტყვებს დაუჯერა...

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG