Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 20 ნოემბერი. See content from before

ორშაბათი, 18 ნოემბერი 2019

ჩაბნელებული საცხოვრებელი კორპუსის წინ დგას საპატრულო პოლიციის ახალგაზრდა დირექტორი. ყველაზე მძიმესა და ხანგრძლივ დღესაც აქვს დასასრული. წესით, მსუბუქად ნასვამი უნდა იყოს, მაგრამ დაღლილს იოლად მოერია ცოტა სასმელი. ქანაობს. ახედავს კორპუსს. თითქმის ყველა ფანჯარა ჩაბნელებულია. მშვიდად სძინავთ მეზობლებს. ბრაზი იპყრობს. ასე, ორ საათში გათენდება და გამოძინებულები შეეგებებიან ახალ დღეს. შხაპს მიიღებენ. მერე ჩაის ან ყავას გეახლებიან. თან საინფორმაციო გამოშვებას უყურებენ ტელევიზორში. ალბათ, მათი ნაწილი რუსთაველზე გავა და მომიტინგეებს შეუერთდება. მასაც მოუწევს რუსთაველზე დაბრუნება, თან მოუწევს გამოუძინებელს და კაცმა არ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ასე. კიდევ უფრო ბრაზდება. თავს ვეღარ ერევა და მთელ ხმაზე ყვირის:

„გამოდით, თქვენც უნდა დაგთვალოთ!“

ხუმრობის გარეშე, საპატრულო პოლიციის შეფმა რომ მომიტინგეები დათვალა, რა მეთოდს დაეყრდნო? რა გამოცდილებას? ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს რომ დავესესხოთ, როგორც ჩანს, არც მაიორი ვაჟა სირაძე დაბადებულა მუნდირში! ასე საჯაროდ პირველად დათვალა ხალხი, თორემ, ვინ იცის, რამდენჯერ ჰყავს მეზობლები გადათვლილი?!

მართლა ხუმრობის გარეშე რომ ვთქვათ, თუ მიტინგის დაშლისა და დარბევის ტექნიკურ სირთულეს გადავდებთ გვერდზე, რატომ აქვს მომიტინგეების რაოდენობას ასეთი გადამწყვეტი მნიშვნელობა?

განა, რა დამატებითი ფაქტორი სჭირდება იმ „მკვლელობის“ ტოლფასი ქმედების დამძიმებას, რასაც საქვეყნოდ დადებული პირობის დარღვევა ჰქვია?

ცხადად და მკაფიოდ დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის ასე ცინიკურად ჩაგდება ნამდვილი მკვლელობაა! ასეთი ტყუილი კლავს ურთიერთობას, შეუძლებელს ხდის პოლიტიკურ პროცესს! აზრს უკარგავს ნებისმიერი სახის კომუნიკაციას, რომლის საძირკველი და მთავარი საშენი მასალა ნდობაა!

ვაღიაროთ, თუკი რამეა „ქართული ოცნების“ ხელწერა, პირველ რიგში, დაპირებების არშესრულებაა, მაგრამ ასე მოკლე დროში, ასე აშკარად და მკაფიოდ არავის მოუტყუებია ხალხი, საერთაშორისო საზოგადოება, პოლიტიკური ოპონენტები და თავისივე მხარდამჭერების ნაწილიც კი.

ასეთ ვითარებაში რა მნიშვნელობა აქვს რამდენი კაცი იდგება რუსთაველის გამზირზე - 5 500, როგორც მაიორმა სირაძემ დათვალა თუ 55 000, რისიც ალბათ ძალიან ეშინია ნებისმიერ მმართველს?

14 ნოემბერს საქართველოში გაჩერდა პოლიტიკური დრო, მოიშალა საათის მექანიზმი, რომელიც ვერანაირად ვერ ჩაირთვება 14 ნოემბრამდელი სტატუს-კვოს აღდგენის გარეშე. მართალია, დავიწყება ძალიან ადამიანური თვისებაა („მეხსიერება მნიშვნელოვანწილად დავიწყებისგან შედგება“, - ხ. ლ. ბორხესი), მაგრამ ყველაფრის დავიწყება შეუძლებელია, ყველაფრის დავიწყება ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას! 14 ნოემბრის კენჭისყრის დავიწყებაც შეუძლებელია, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი იდგება ქუჩაში...

საერთოდაც, ქუჩაში ადამიანების რაოდენობა, როგორც წესი, ერთი ადამიანისთვის არის ხოლმე მნიშვნელოვანი. დღეს ეს ერთი ადამიანი ბიძინა ივანიშვილია, გუშინ მიხეილ სააკაშვილი იყო, იმის წინ ედუარდ შევარდნაძე... თავის დროზე ყველა ეს პოლიტიკოსი ერთგვარ მხსნელ გმირად წარმოჩინდა, გმირად, რომელმაც „ურჩხულისგან“ იხსნა ხალხი და სამშობლო.

ბიძინა ივანიშვილი მითოსისა თუ ზღაპრის გმირის არქეტიპის ბევრი ნიშნის მატარებელია: საიდუმლოებითაა მოცული მისი ბავშვობა და სიჭაბუკე, საფრთხე ემუქრებოდა ყრმობაში სიღარიბის სახით, ის ვერ დაამარცხა ვერავინ, ცხოვრობდა სამშობლოდან შორს, გადალახა ყველა განსაცდელი, დაამარცხა „ურჩხული“, მოიპოვა ან დაიბრუნა სამშობლო, საკუთრება და ა.შ. მითოსულ გმირს ასევე აქვს ერთი უმთავრესი თვისება - იღბლიანობა, რაც ივანიშვილის ზღაპრული და აუხსნელი გამდიდრების გამო ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა, სუპერთვისებების მიუხედავად, გმირი მაინც მოკვდავი არსებაა. ასევე გმირის თვისებაა გაამპარტავნება, საქართველოს მთის ზეპირსიტყვიერებაში - „გაბუდაყება“. ასეთ მდგომარეობაში მყოფი გმირი სამყაროსგან დამოუკიდებლად გრძნობს თავს, გადასულია ყველა ზღვარს... ბოლოს ისე ხდება, რომ ურჩხულის დამმარცხებელი გმირი თვითონ იქცევა ურჩხულად და ხალხიც იწყებს მასზე ძლიერი გმირის ძებნას. ახლა ალბათ სწორედ მსგავსი ვითარებაა, თუმცა მნიშვნელოვანი განსხვავებით: ხალხი ქუჩაშია გამოსული და გმირყოფილისგან თავის დახსნას ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს ახალი გმირი. ზოგიერთი მიმომხილველი მთავარ პრობლემად სწორედ ამას მიიჩნევს: ახალი გმირის, ახალი ლიდერის არარსებობას, მაგრამ, ვინ იცის, იქნებ სწორედ ამაშია გამოსავალი და ხსნა? იქნებ, სწორედ ასე - მხსნელი გმირის გარეშე, ხალხმა თვითონ უნდა დაამარცხოს ურჩხული და გაარღვიოს მანკიერი წრე, რომელიც შესაშური რეგულარობით აჩენს გმირებს და, მაშასადამე, ურჩხულებს?

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ხალხის სიყვარულით და „მოჭარბებული ნდობით“ სარგებლობდა, დღეს პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმების გარეშე ვერ ურთიერთობს ვერცერთ პოლიტიკურ პარტიასთან და, შესაბამისად, ხალხის დიდ ნაწილთან. ხალხთან დაპირისპირება კი ურჩხულობის პირველი ნიშანია. ჟანრის ლოგიკით, ადრე თუ გვიან, ყველა ურჩხული დამარცხდება, მთავარია, ხალხთან დამარცხდეს და არა რომელიმე მომავალ ურჩხულთან.

2019 წლის 24 ივნისს (ანტირუსული აქციის დარბევიდან მესამე დღეს) „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას 2020 წლისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას დაჰპირდა. ამ განცხადებაში ივანიშვილმა ახსნა ის, თუ რამ უბიძგა ხელისუფლებას ამ ნაბიჯის გადადგმისკენ და საერთოდ, რა საჭიროა პროპორციული საარჩევნო სისტემა. პოლიტიკური ამნეზია რომ თავიდან ავიცილოთ, მთავრობის დე ფაქტო ლიდერის განცხადებას ვრცლად შემოგთავაზებთ. მაშ ასე, წავიკითხოთ, რა განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 2019 წლის 24 ოქტომბერს:

„პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. საზოგადოებას მოეხსენება, რომ სწორედ ქართული ოცნება იყო იმ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატორი, რომლის ფარგლებშიც გადაწყდა, რომ საპარლამენტო დემოკრატიის პირობებში არჩევნების პროპორციული სისტემა უკეთ პასუხობს ხელისუფლებაში მრავალპარტიული და შესაბამისად, პლურალისტული პოლიტიკური წარმომდგენლობის ევროპულ სტანდარტს. თუმცა იქვე დადგინდა, რომ ამ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უფრო სწორი 2024 წელს იქნებოდა, რადგან პარტიების გაძლიერებას, მათ კრისტალიზაციას ღირებულებების გარშემო, მეტ კონსოლიდაციას და კონკურენტუნარიანობის გაზრდას გარკვეული წლები კიდევ სჭირდებოდა... მაგრამ ცხოვრებას თავისი კორექტივები შეაქვს ყველაფერში და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და რაც მთავარია, ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა. დღეს ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინიციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილებების საფუძველს იძლევა. იმავდროულად, საზოგადოებრივ მოთხოვნას უნდა მოჰყვეს და დარწმუნებული ვარ, მოყვება კიდეც სამართლებრივი შედეგებიც. უნდა დაისაჯოს ის, ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც, ვინც ძალას გადაამეტა. რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძა არის ჩვენი საზოგადოების და განსაკუთრებით, ახალგაზრდობის მზაობა აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც, ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად გააჩნია ქართულ ოცნებას... ეს [მაჟორიტარული სისტემა] შესაძლოა ემსახურებოდეს ჩვენს პარტიულ ინტერესს, მაგრამ ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს“.

რას ვკითხულობთ ამ განცხადებაში? პირველი, რომ მაჟორიტარული სისტემა ბუნებრივ უპირატესობას აძლევს მმართველ პარტიას, რაც თავისთავად, პოლიტიკურ პლურალიზმს ვნებს. მეორე, ამ სისტემას 2020 წლისთვის, ბიძინა ივანიშვილის თქმით, ითხოვს თავად საზოგადოება - განსაკუთრებით ითხოვენ ახალგაზრდები, რომლებსაც სურთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა.

14 ნოემბერს პარლამენტმა 2020 წლისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო. საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო იყო 113 დეპუტატის მხარდაჭერა, კანონპროექტს კი მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა ყველა ოპოზიციონერმა დეპუტატმა - „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და „პატრიოტთა ალიანსის“ ყველა წევრმა; მას მხარი არ დაუჭირა მხოლოდ უმრავლესობის წევრმა 40-მა დეპუტატმა (მათი სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

მმართველი პარტიის წევრები ეცადნენ, ყველაფერი ამ 40 დეპუტატისთვის დაებრალებინათ, მაგრამ ამ ვერსიის დაჯერება ძალიან რთულია, თუ შეუძლებელი არა. აქამდე მმართველი პარტიის დეპუტატები ბიძინა ივანიშვილის ნების წინააღმდეგ არასდროს წასულან. „პარტიული დისციპლინის“ პრობლემა „ქართულ ოცნებაში“ არ დგას. მეორე, თუ ვიქნებით გულუბრყვილოები და წარმოვიდგენთ, რომ ეს 40 დეპუტატი მართლა აუჯანყდა ივანიშვილს, მაშინ იბადება კითხვა, თუ რატომ არ იშლება საპარლამენტო უმრავლესობა. ასეთ შემთხვევებში, როდესაც არ სრულდება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი დაპირება, უმრავლესობა უნდა დაიშალოს. სხვა შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ ის დეპუტატები, რომლებიც არ ტოვებენ ფრაქციას, პასუხისმგებლობას იღებენ 40 „მეამბოხე“ დეპუტატის საქციელზე; ისინი, ვინც ფრაქციაში რჩებიან, პასუხისმგებელნი არიან საზოგადოების დაკვეთის არშესრულებაზე (ეს რომ საზოგადოების დაკვეთაა, როგორც ზემოთ ვნახეთ, ამას თავად ბიძინა ივანიშვილიც აღიარებს).

ერთი სიტყვით, „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებისთვის მიცემული პირობა გატეხა. ამით მან საფრთხე შეუქმნა არა მხოლოდ პოლიტიკურ პლურალიზმს, არამედ ქვეყნის სტაბილურობას. ზაფხულში ანტირუსული აქციების დაშლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ ხელისუფლება გარკვეულ დათმობებზე წავიდა; გაჩნდა იმედი, რომ 2020 წლისთვის საქართველო კონსოლიდირებული დემოკრატიის რელსებზე შედგებოდა. ამის იმედი საკონსტუტიციო ცვლილების პროექტის ჩაგდებამ გააქრო. გამოვიდა, რომ ხელისუფლება დაპირებებს არ ასრულებს და მასთან დიალოგზე წასვლა შეუძლებელია. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი საქციელით მთლიანად დიალოგის შესაძლებლობა მოსპო.

რა პოლიტიკურ შედეგებს მოიტანს „ქართული ოცნების“ ეს ყოვლად გაუმართლებელი ნაბიჯი? სიტყვის არშესრულება არ არის ტრივიალური პოლიტიკური საკითხი. დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკური სისტემები, გარკვეულწილად, დაუწერელ ტრადიციებსა და პოლიტიკურ კონსენსუსზე დგას (ამის ყველაზე ნათელი მაგალითი დიდი ბრიტანეთია - ქვეყანა, რომელსაც კოდიფიცირებული კონსტიტუცია არ აქვს). მაშინაც კი, თუკი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციები სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს და ხელისუფლება დაუყოვნებლივ არ დათმობს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, გრძელვადიან პერსპექტივაში, პარლამენტი, როგორც ინსტიტუცია, ლეგიტიმაციას დაკარგავს. ძირითადი ოპოზიციური პარტიები მას ბოიკოტს გამოუცხადებენ და მის გარეთ ეცდებიან პოლიტიკური გავლენის გაზრდას.

პროცესების ქუჩაში გადანაცვლება უფრო მეტად პოლარიზებულს გახდის ქართულ პოლიტიკას, რამაც შეიძლება გააღრმაოს სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე. ეს საფრთხე 2012 წელს ავირიდეთ თავიდან იმით, რომ მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით, გადაბარება. პროპორციული არჩევნები არის გზა პოლარიზაციის შესამცირებლად, რადგან ის პარტიებს ერთმანეთთან დიალოგისკენ უბიძგებს. მართალია, ასეთ შემთხვევაში იზრდება იმის საფრთხეც, რომ ქვეყანა დროდადრო დარჩეს მოქმედი მთავრობის გარეშე, მაგრამ ამგვარი ინსტიტუციონალიზებული პოლიტიკური ჩიხი სამოქალაქო დაპირისპირებას ნამდვილად სჯობია.

„ქართულ ოცნებას“ აქვს რეალური გზა, გამოიყვანოს ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან. ამისათვის მან უნდა შეასრულოს საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება. სხვანაირად, მომავალში შეუძლებელი გახდება პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგი და პოლიტიკური პოლარიზაცია კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. ჯანსაღი პოლიტიკური კულტურა უშუალოდ პოლიტიკურ პროცესში ყალიბდება. პროპორციული სისტემა სწორედ ამგვარ პლურალისტურ პოლიტიკურ პროცესს და გრძელვადიან სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG