Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 17 აგვისტო. See content from before

სამშაბათი, 8 აგვისტო 2017

1944 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული 1945 წლის მაისამდე 7 მილიონ გერმანელს მოუწევს წითელი არმიის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გაქცევა. 1945-1948 წლებში ამ 7 მილიონი ლტოლვილის განდევნას მოჰყვება პოტსდამის კონფერენციაზე (1945 წლის ივლისი-აგვისტო) მოკავშირეების გადაწყვეტილება, რომ კიდევ 5 მილიონი ეთნიკური გერმანელი იქნეს განდევნილი უნგრეთიდან, ჩეხოსვლოვაკიიდან, რუმინეთიდან და იუგოსლავიიდან, ანუ ტერიტორიებიდან, სადაც ისინი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ეს იქნება პირველი შემთხვევა ეთნიკური წმენდისა მიღებული საერთაშორისო დონეზე (პოტსდამის კონფერენციამდე არსებობდა ეთნიკური უმცირესობების გაცვლა-გამოცვლა ორმხრივი შეთანხმების შედეგად, როგორც, მაგალითად, 1913 წელს თურქეთსა და ბულგარეთს, ან 1923 წელს თურქეთსა და საბერძნეთს შორის).

ასე იქცევა 1945-1948 წლებში 12 მილიონი გერმანელი ლტოლვილად. ამ ეთნიკურ წმენდას ხშირად თან ახლდა ეთნიკური გერმანელების ხოცვა-ჟლეტა მათი თანამემამულეების მიერ: მაგალითად, 1945 წლის ივლისში ჩეხეთის ქალაქ უსტი-ნად-ლაბემში სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 2 700 გერმანულენოვანი ჩეხი იქნა მოკლული მათი მეზობელ სლავ თანამემამულეების მიერ. სულ 1944-1948 წწ-ში, 2 მილიონამდე ეთნიკური გერმანელი დაიღუპება ამ „ბიბლიური გამოსვლის“ დროს.

12 მილიონ ლტოლვილთა შორის ყველაზე ცნობილი გერმანელი გახლდათ დანციგში დაბადებული ვინმე გიუნტერ გრასი. იმ დანციგში, რომელსაც გრასი დედამიწის ჭიპად მიიჩნევდა და რომელიც ომის შემდეგ გდანსკად იქცევა. იმ დანციგში, რომელიც თუნუქის დოლის გამოქვეყნების შემდეგ (სადაც დღეს მწერლის და მისი მთავარი რომანის მთავარი გმირის ქანდაკებაცაა), ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთ დედაქალაქად იქცევა.

„მე ჩავედი გდანსკში, რათა დანციგი მეპოვნა“ - დაწერს მოგვიანებით გიუნტერ გრასი. და პოლონურ გდანსკშიც დანციგელ გერმანელ გრასს როგორც თავისიანს, ისე მიიღებენ: „ჩვენმა გრასმა მიიღო ნობელი“ - დაწერს ერთი პოლონური ჟურნალი 1999 წელს. „ვერც ერთმა გერმანელმა ჟურნალისტმა ვერ გაბედა დაეწერა ‘ჩვენი გრასი’“, - აღნიშნავს პოლონური ჟურნალის ამ სათაურზე მწერლის ერთი ფრანგი მეგობარი. „მე ვიღებ ნობელის პრემიას, როგორც გერმანულ ენაზე მწერალი და არა როგორც გერმანელი მწერალი“ - დაამატებს გიუნტერ გრასი.​

ისტორიული ვიზიტი: ვარშავის გეტოს მსხვერპლთა მემორიალთან მუხლმოდრეკილი ვილი ბრანდტი. 1970 წ. 7 დეკემბერი.
ისტორიული ვიზიტი: ვარშავის გეტოს მსხვერპლთა მემორიალთან მუხლმოდრეკილი ვილი ბრანდტი. 1970 წ. 7 დეკემბერი.

გერმანულ-პოლონურ დანციგ-გდანსკში სლავი დედისა და გერმანელი მამის შვილი გიუნტერ გრასი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე საკუთარი ლიტერატურული და პოლიტიკური ცხოვრებით იყო განსახიერება ცნებისა Vergangenheitsbewältigung, რომელიც ქართულად შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც სურვილი ღიად დაუპირისპირდე საკუთარ წარსულს. ნობელიანტ ჰაინრიხ ბიოლის სიკვდილის შემდეგ, ნობელიანტი გიუნტერ გრასი გახდება „შერპა“ იმ სხოვნისა, რომელიც დაფუძნებული იყო გერმანულ დანაშაულზე და რომელსაც მწერალი თაობიდან თაობაში გაატარებს.

გიუნტერ გრასი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ნაციონალისტურ ნოსტალგიას და უარს ამბობდა საკუთარი ერის მსხვერპლად გამოყვანაზე: „თუნუქის დოლის“ ის თავები, სადაც აღწერილია წითელი არმიის დანციგში შეჭრა და მოსახლეობის „ბიბლიური გამოსვლა“, განსაკუთრებული გროტესკულობით გამოირჩევა.

ოდერ-ნაისეს ხაზი
ოდერ-ნაისეს ხაზი

გიუნტერ გრასის ნახევარსაუკუნოვანი მოქალაქეობრივი და ლიტერატურული ბრძოლა დამყარებული იყო ერთადერთ ლოზუნგზე : „სამშობლოს დაკარგვა სინდისის გამარჯვებაა“. გიუნტერ გრასი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ძალზე გავლენიანი დევნილთა ფედერაციის (გერმანელი დევნილების ინტერესების დამცველი პოლიტიკური გაერთიანება) წინააღმდეგ იბრძოდა და გერმანია-პოლონეთის ახალი საზღვრის უპირობო აღიარებას ითხოვდა (1945 წლის საზღვრებით გერმანიამ დაკარგა 100 000 კვ კილომეტრზე მეტი. ახალ საზღვარს, რომელსაც ოდერ-ნაისეს ხაზი ეწოდება, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხოლოდ 1970 წლის 7 დეკემბერს აღიარებს ვილი ბრანდტის ვარშავაში ვიზიტის დროს. 1970 წლის დეკემბერში ვარშავაში ვილი ბრანდტს გიუნტერ გრასიც ახლდა, რასაც პოლონელები განსაკუთრებით დააფასებენ).

მაგრამ გიუნტერ გრასი არ თვლიდა, რომ Vergangenheitsbewältigung იყო მხოლოდ ნაცისტურ წარსულში ქექვა. თავის ბოლო ნაწარმოებში „კიბორჩხალას ტრაექტორია“ მწერალი თავის თანამემამულეებს შეახსენებს გერმანელი ლტოლვილებით სავსე გემის, „ვილჰელმ გუსტლოფის“ ჩაძირვას (1945 წლის 30 იანვარს საბჭოთა წყალქვეშა ნავი ჩაძირავს „ვილჰელმ გუსტლოფს“. ამ საზღვაო კატასტროფის შედეგად, სხვადასხვა მონაცემით, დაიღუპება 5-დან 9 ათასამდე ადამიანი. სავარაუდოდ, დაღუპულთა თითქმის ნახევარს ბავშვები შეადგენდენ. „ვილჰელმ გუსტლოფის“ ჩაძირვა წარმოადგენს ყველაზე დიდ საზღვაო კატასტროფას მსოფლიო ისტორიაში).

რატომ გადაწყვეტს გიუნტერ გრასი სიცოცხლის ბოლოს ამ რომანის დაწერას? მწერალი ამ რომანით გერმანული ტანჯვის ებრაელებისა და სლავების ტანჯვასთან დაახლოებას მოინდომებს? იგი ნაცისტების დანაშაულის რელატივიზაციას მოახდენს? არის ეს გერმანელის მხრიდან მცდელობა, თავი მსხვერპლად გამოიყვანოს, როგორც ეს ზოგიერთმა კრიტიკოსმა ივარაუდა?

თუ, უბრალოდ, გრასმა ამ რომანის დაწერა საჭიროდ ჩათვალა, ვინაიდან იცოდა, რომ ისტორიის ნაწილის იატაკქვეშეთში დატოვებამ შეიძლება მითების ისტორიზაცია მოახდინოს და იგი ნაციონალისტების პოლიტიკურ იარაღად აქციოს?... როგორც გიუნტერ გრასი „კიბორჩხალას ტრაექტორიაში“ დაწერს, „ისტორია, რომელშიც ხელებს ვაფათურებთ, სხვა არაფერია, თუ არა საპირფარეშოს გაჭედილი კანალიზაცია: ვასხამთ და ვასხამთ წყალს და, მიუხედავად ამისა, განავალი სულ უფრო და უფრო ზევით ამოდის“.

რამდენიმე თვის ჩასული ვიყავი გერმანიაში (დაახლოებით 1999-2000 წელი იქნებოდა), რომ იქ ერთი ქართველი ქალი გავიცანი. არალეგალი იყო, საბუთები არ ჰქონდა, თუმცა მაინც ახერხებდა მუშაობას. რამდენიმე გერმანულ ოჯახში თავისი შრომითა და პატიოსნებით ისეთი ნდობა მოეპოვებინა, რომ ისინი ქალს თავისუფლად აძლევდნენ საკუთარი სახლის გასაღებს. ასეთი გასაღებებით ჰქონდა ხელჩანთა სავსე და ეამაყებოდა კიდეც. დადიოდა ოჯახებში, ზოგან ალაგებდა, ზოგან მოხუცსაც უვლიდა, როგორც მახსოვს. ხალისიანი ქალი იყო, ქართველებთან ყოფნა უყვარდა და სიამოვნებით უერთდებოდა ხოლმე მათ თავყრილობებს. თუ ვინმეს დაბადების დღე ჰქონდა, ან, მით უმეტეს, ქორწილი, აუცილებლად გამოუცხობდა ხაჭაპურებს. რასაც შოულობდა, საქართველოში აგზავნიდა. საკუთარი შვილები არ ჰყავდა, მაგრამ ძმის თუ დის შვილებს პატრონობდა.

ერთ დღესაც ცუდი ამბავი გავიგეთ. დღისით, მზისით, ავტობუსის გაჩერებაზე ქალს თავს დაესხნენ. როგორც მერე გაირკვა, ნეონაცისტები იყვნენ. იყო ვარაუდიც, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ გაქურდვის მოტივით მოხდა, რომ ჯერ ვითომ ჩანთის წართმევას უპირებდნენ და ის არ თმობდა ჩანთას (გასაღებებით სავსეს), თუმცა საბოლოოდ ის სასტიკი, სასიკვდილოდ გამეტებული ცემა, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა, უდავოდ მემარჯვენე ექსტრემისტების მხრიდან სიძულვილის მოტივზე მიუთითებდა. ქალი ალბათ ვერ გადარჩებოდა, იქვე მდებარე კაფედან რამდენიმე კაცი რომ არ გამოვარდნილიყო. თავდამსხმელებს ფიზიკურად გაუსწორდნენ და გაქცეულებს გაეკიდნენ. იქამდე სდიეს, სანამ სამიდან ორი არ დაიჭირეს. არ დაადგათ იმათ კარგი დღე, თუმცა მალევე ჩააბარეს პოლიციას.

როცა ქართველი ქალი საავადმყოფოში მოვინახულეთ, პალატაში შესვლისთანავე ტირილი ამიტყდა. ვერ ვხვდებოდი, გვიცნო თუ არა... ისეთი ტრავმები ჰქონდა, რომ ეჭვქვეშ იყო მისი მეხსიერება და ისიც, შეძლებდა თუ არა ოდესმე სრულფასოვან ცხოვრებას დაბრუნებოდა. თავი გადაპარსული ჰქონდა, ნაოპერაციევი იყო და გარეგნულადაც ეტყობოდა თავისა და სახის ძვლების დეფორმაცია.

ამ ამბის მერე მალევე გერმანიამ ქალს ლეგალური ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა.

როცა აღმაშენებლის გამზირიდან „საქართველო უცხოტომელთა გარეშე“ მესმის, მეშინია. შიში მიპყრობს, როცა წარმოვიდგენ, თუ როგორ შეუძლია სიძულვილს ადამიანების განადგურება. როცა მესმის, რომ ქართველებს არალეგალი უცხოელების გაძევება ან მათ მიმართ კანონის გამკაცრება სურთ, სხვა რომ არაფერი, ის უამრავი ქართველი მახსენდება, რომელმაც დედა, მამა ან უახლოესი ოჯახის წევრი სკაიპის საშუალებით გამოიტირა და დაასაფლავა, მხოლოდ იმიტომ, რომ უცხო ქვეყანაში არალეგალი იყო და ჩამოსვლის შემთხვევაში უკან ვეღარ დაბრუნდებოდა. მახსენდება ბევრი ემიგრანტი, არალეგალი ქართველი, რომელიც იმედის ბოლო ძაფს ებღაუჭება, პასპორტს მალავს, ქალაქიდან ქალაქში გადადის, შავ სამსახურს ეძებს, იმიტომ რომ ვერ აძლევს თავს უფლებას საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდეს. რამდენი ქართველი მინახავს, უკიდურესად გაჭირვებულ მდგომარეობაში, როცა ტელეფონზე ოჯახს უყვება, რომ კარგად არის, რადგან ხანდახან, სახლში იმედის გაგზავნაც კი საკმარისია. რა თქმა უნდა, ბოროტმოქმედი ქართველებიც შემხვედრია, არაერთხელ. 20 წლის რომ ვიყავი სასამართლოში მთარგმნელად მიმიწვიეს ერთ-ერთ მეზობელ ქალაქში, სადაც პროცესზე ერთი ახალგზრდა დამნაშავე ქართველის თარჯიმანი უნდა ვყოფილიყავი. ვიჯექი ამ ბიჭის გვერდით და მეც თითქოს თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. საშინლად ვნერვიულობდი. ვხვდებოდი, რომ ბიჭს ჩადენილი დანაშაული არ ჰქონდა გაცნობიერებული და რომ კითხვებსაც თავისთვის საზიანო პასუხებს სცემდა. ვხვდებოდი, მაგრამ ვერაფრით ვშველოდი, ის უნდა მეთარგმნა, რასაც ამბობდა.

ჩვენ არაფერი ვიცით საქართველოში მცხოვრებ არალეგალ უცხოელებზე. სამწუხაროდ. ჩვენ არაფერი ვიცით ბოშებზე ან ეთნიკური უმცირესობების იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ენის ბარიერის ან სხვა მიზეზის გამო ბინადრობის ოფიციალურ საბუთს არ ფლობენ. ჩვენ გვირჩევნია არ არსებობდნენ ქართველი სექსმუშაკები, მით უმეტეს, გამოსაჩენ ადგილებში, მაგრამ ისინი არსებობენ და მათ ბედსა და გასაჭირზე არაფერი ვიცით. ჩვენ არ ვიცით, და არც გვინდა რაიმე ვიცოდეთ ადრეული ქორწინების შესახებ; თითქოს ისიც არ გვეხება, რომ საქართველოში, აქვე, ჩვენს გვერდით, ქალთა წინდაცვეთის პრაქტიკა ხორციელდება, რაც უამრავ გართულებას და ხშირად ქალის სიკვდილსაც იწვევს... არ ვიცით არაფერი იმ ქალებზე, რომლებსაც ქმრები ან ყოფილი ქმრები კლავენ; არაფერი ვიცით იმ ბავშვებზე, რომლებიც ყოველდღე ქუჩაში ხელს გვიწვდიან ან იმ გაქირავებულ ჩვილებზე, რომლებსაც უფროსი მათხოვრების ხელში მიძინებულებს ვხედავთ... შეუძლებელია პატარა ბავშვს ქუჩაში მთელი დღე ეძინოს ღრმა ძილით და ისიც არაა ძნელი მისახვედრი, რომ ამ ბავშვებს ათასნაირ დასაძინებელ საშუალებას აძლევენ, გაბრუებულები რომ იყვნენ და დამქირავებელს ხელი რომ არ შეუშალონ. ჩვენ არაფერი ვიცით ლგბტქ ადმიანებზე, რომლებსაც ასე დაბეჯითებით ვურჩევთ პირში წყალი ჩაიგუბონ... არაფერი ვიცით შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების მოთხოვნილებებზე, იმაზე, რომ ისინიც უბრალოდ ჩვენს გვერდით არსებობენ და შეუზღუდავი თანაცხოვრების უფლება აქვთ. ჩვენ ერთმანეთი არ გვაინტერესებს და სწორედ ამიტომ მგონია „ქართული მარში“ ყალბი, ემპათიის ყოველგვარი გრძნობისაგან დაცლილი.

ნებისმიერ დანაშაულსა და დარღვევაზე უნდა იყოს სათანადო რეაქცია და ჩვენ ამას პირველ რიგში საქართველოს მართლმსაჯულებისგან უნდა ველოდეთ, მაგრამ სანამ ყველა უცხოელს ბოროტმოქმედად მოვნათლავდეთ, იქნებ ჯობდეს, ის უცხოელებიც დაგვენახა, რომლებიც პატიოსნად ცხოვრობენ ამ ქვეყანაში და კეთილ საქმეს აკეთებენ. იქნებ არიან პატიოსანი და ღირსეული შავგვერმანი უცხოელებიც? იქნებ არიან არალეგალი უხცოელებიც, რომლებიც ისევე იტანჯებიან და წვალობენ, როგორც ჩვენი მოქალაქეები სხვა ქვეყნებში? რამდენჯერ გაგვხარებია საზღვარგარეთ არალეგალი ქართველისთვის სტატუსის მინიჭება ან დროებითი საბუთის მიღება... ან კანონი, რომელიც შეღავათებს უწესებს ქართველ ლტოლვილებს, არ ემუქრება მათ დეპორტაციით და განათლების და ინტეგრაციის საშუალებას აძლევს. იქნებ ჩვენც, ქართველებსაც გვაქვს პასუხისმგებლობა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე? იქნებ შესაძლებელია ჩვენც დავფიქრდეთ ჰუმანურ და სწორ საიმიგრაციო პოლიტიკაზე?

აღმაშენებლის მარშის ორგანიზატორებმა ქუჩაში გამოყვანილ მოსახლებას, „ქართველობის“ საბჭოთა, საკმაოდ სახიფათო გაგება შესთავაზეს. ეს არის „ქართველობა“, რომელიც თავის ჩანასახში იმ ადამიანების გაგების იდენტურია, ვინც მაშინ გერმანიაში, ავტობუსის გაჩერებაზე მდგომ ქართველ ქალს დაესხა თავს. მე მჯერა, რომ ბევრმა იქ მისულმა ადამიანმა ეს არ იცის. არ იცის, რომ ქართულად წოდებული ეს მარში, მთელი თავისი ნიშნებით ფაშისტური აქტი იყო. სულ ერთია, რით შეფუთავენ მას ორგანიზატორები, ამ აქციას შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ ერთი შედეგი - სიძულვილი.

აღმოჩნდა, რომ ქართული ტოლერანტობა მხოლოდ მითია, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელია ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა უკმაყოფილო ქართველს მტრის ხატი შეუქმნას, თურქის, არაბის, ინდოელის ან აფრიკელის სახით. ეს ყველაფერი არ არის ახალი და ამ სენით საბჭოთა სისტემამ ქართველები უკვე დიდი ხნის წინ დააავადა: ბავშვობიდან მახსოვს, რომ ყოველთვის დიდი თემა იყო სომეხი, ოსი, ქურთი... ღმერთმა დაიფაროს და ვინმეს ბებია ან დიდი ბებია სომეხი ან სხვა ეროვნების აღმოჩენოდა... ჯერ კიდევ პატარა ბავშვებში მიდიოდა კვლევა და გამოძიება. მერე ამ ბავშვის გარიყვა და შეზიზღება. მახსოვს, ერთმა ჩემმა კლასელმა როგორ გამანდო, რომ მალე თავის სომხურ გვარს ქართულად გადაიკეთებდა. ძალიან ბედნიერი იყო, იმის წარმოდგენით, რომ თავის გვარს მოიშორებდა და „ჩვენნაირი ქართველი“ გახდებოდა. ეს იყო დაახლოებით 30 წლის წინ და საშინელებაა იმის გაცნობიერება, რომ დღემდე ვერ გავთავისუფლდით იმ თავსმოხვეული ჭირისაგან, რომელსაც ჯერ მტრის გამოგონება, შემდეგ კი მისი შეძულება ჰქვია.

ალბათ რუსულ სპეცსამსახურებს ყველაზე კარგად აქვთ ქართველის ხასიათი შესწავლილი. და ალბათ იმაზე მეტადაც გვიცნობენ, ვიდრე თავად ვიცნობთ ჩვენს თავს. ვიდრე ილუზიებში დავფრინავთ და ჯერჯერობით იმდენი მიწა დაგვრჩენია, რომ ფეხი ფეხს მოვუნაცვლოთ, ისინი ჩვენზე ფიქრობენ: სად გვტკივა? რა აგვანთებს? რომელი ჭრილობა გვეწვის? სად არის საჭირო მარილის დაყრა, რომ იქით გავიწიოთ, საითაც მათ სურთ? არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ კრემლს დღეს ჩვენში მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილის გაღვივება სურს. სიძულვილი ერთმანეთის მიმართ („ნაცები - ქოცები“, ადრე „ზვიადისტები“ - „შევარდნაძისტები“), სიძულვილი „უცხოტომელების“ მიმართ (თურქები, არაბები...), სიძულვილი განსხვავებული ადამიანების მიმართ (ლგბტქ ადამიანები), სიძულვილი პროგრესის მიმართ („გარყვნილი ევროპა“) და ასე შემდეგ. ეს სია იქნება უსასრულო მანამ, სანამ ჩვენ თავად არ ვიტყვით უარს სიძულვილის ტირაჟირებაზე, სანამ მკვეთრად არ გავემიჯნებით დაკვეთილ სცენარებს, სანამ თავად არ დავუშვებთ, რომ ასეთმა მარშებმა დემოკრატიის სახელით მოახდინონ საზოგადოების მანიპულირება; სანამ მედიას, ყველა განვითარებული ქვეყნის მედიის მსგავსად, არ ექნება ზოგადადამიანური და ჰუმანური ფასეულობები და პასუხისმგებლობა იმისა, რომ პოლიტიკურ პროცესებს მიღმა საზოგადოება ჰუმანურ პრინციპებს აზიაროს. პოლიტიკა არის ხერხი, მიზნის მისაღწევი საშუალება, მაგრამ რა არის მიზანი? სწორედ ამ მიზნებსა და ამოცანებზე უნდა საუბრობდეს თანამედროვე მედია და არ უნდა ართობდეს მაყურებელს პოპულისტური, უპასუხისმგებლო და საზიანო გზავნილებით.

ვიდრე ჩვენ ამ ყველაფერს ვარკვევთ, ვკამათობთ, ვიბრძვით, ჩვენს ნამდვილ მტერს აღარც ტანკი სჭირდება და აღარც ცეცხლი, რადგან იცის, რომ თუ იქნება სიძულვილი, საქართველოს მიმართულებით მის წყნარ და აუღელვებელ მარშს წინ ვეღარაფერი აღუდგება.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG