ქრისტოფერ ნოლანდის ახალმა ფილმმა მსოფლიოს გაახსენა დიუნკერკის უცნაური გამარჯვება. მაგრამ ვისი გამარჯვება - გერმანელების თუ ბრიტანელების? და რატომ უცნაური? უცნაური იმიტომ, რომ დღემდე არ ცხრება დავა იმის შესახებ, თუ რატომ „გაუხსნა“ ჰიტლერმა გზა 380 000 ჯარისკაცს. რატომ „აჩუქა“ ჰიტლერმა 380 000 მტრის ჯარისკაცს სიცოცხლე? მაშინ, როცა 24 მაისიდან მოყოლებული, გერმანელებს შეეძლოთ ალყაში მოქცეული ეს 380 000 ჯარისკაცი სათითაოდ გაენადგურებინათ.
მითი „დიუნკერკის საჩუქრის“ შესახებ დღესაც ძალიან აქტუალურია და წარმოადგენს ნოყიერ ნიადაგს მთელი რიგი შეთქმულების თეორიებისათვის. საიდან მოდის მითი „დიუნკერკის საჩუქრის“ შესახებ? თვით ჰიტლერმა 1940-1945 წლების მანძილზე, გამომდინარე იქიდან, თუ ვინ იყო მისი თანამოსაუბრე, სხვადასხვა ახსნა-განმარტება მისცა თავის გადაწყვეტილებას. თუმცა ყველაზე უფრო აბსურდული შეფასება მან დატოვა საკუთარ პოლიტიკურ ანდერძში, რომელიც თვითმკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე დაწერა. ამ ანდერძის მიხედვით, ჰიტლერს რომ ბრიტანული ჯარები ტყვედ ჩაეგდო დიუნკერკში, ეს შებღალავდა ინგლისელების პატივს და ეს უკანასკნელნი კომპენსაციას მოითხოვდნენ. ხოლო მისცა რა მათ ევაკუაციის საშუალება, ჰიტლერ/ თურმე ბრიტანელებთან შერიგებას იმედოვნებდა...
ვინაიდან „მაინ კამპფიდან“ მოყოლებული ფიურერს არაერთხელ ჰყავდა ბრიტანელები მოხსენიებული, როგორც გერმანელების ბუნებრივი მოკავშირე ერი, ხოლო ბრიტანულ იმპერიას ჰიტლერი თვლიდა საუკეთესო ქმნილებად, რომელიც თეთრ რასას ოდესმე შეუქმნია, ზოგიერთმა ისტორიკოსმა ჩათვალა, რომ დიუნკერკი ჰიტლერის მიერ ჩერჩილისადმი გაწვდილ ხელს წარმოადგენდა.
ის, რომ ჰიტლერს არასდროს უფიქრია ბრიტანელებისათვის საჩუქარი გაეკეთებინა დიუნკერკში, ამის ბევრი დამამტკიცებელი საბუთი არსებობს დღეს: მაგალითად, როდესაც ჰიტლერი გაიგებს, რომ ქვიშიან ნიადაგზე ჭურვები არაეფექტიანი იყო, ბრძანებას გასცემს, რომ საჰაერო დაცვის ჭურვები გადაეცათ სატანკო დივიზიებისთვის, რათა „სისხლიანი მდინარეები“ მოეწყო ფრანგებისა და ბრიტანელებისთვის.
მაგრამ რა მოხდა ამ შემთხვევაში დიუნკერკში? რატომ მისცა ჰიტლერმა ფრანგებსა და ბრიტანელებს ევაკუაციის საშუალება?
1940 წლის 24 მაისს ვერმახტის არმიათა ჯგუფ ა-ს ავანგარდი - ვერმახტის ელიტური სატანკო შენაერთები - იმყოფებოდა დიუნკერკიდან 18 კმ-ის დაშორებით, როცა ისინი არმიათა ჯგუფ ა-ს მეთაურ რუნდშტედტისგან მიიღებენ გაჩერების ბრძანებას. ამ დროს ბრიტანული საექსპედიციო კორპუსი (რომელიც ყველა მხრიდან გამოკეტილი იყო გენერალ ფონ ბოკის არმიათა ჯგუფ ბ-ს მიერ) ალყაში იქნა მოქცეული და მას ერთადერთ გასასვლელად დიუნკერკიდან ევაკუაცია ჰქონდა დარჩენილი.
გერდ ფონ რუნდშტედტი გახლდათ ძველებური ყაიდის ფრთხილი გენერალი, რომელიც ალმაცერად უყურებდა თანამედროვე სატანკო შენაერთებს და თვლიდა, რომ მათ არ ჰქონდათ უნარი, დამოუკიდებლად გადაეწყვიტათ ოპერატიული ამოცანები. რუნდშტედტის აზრით, არმიათა ჯგუფ ა-ს საერთო მასას დიდი მანძილით მოწყვეტილი სატანკო შენაერთების წინააღმდეგ ბრიტანელების ან ფრანგების კონტრშეტევის შემთხვევაში იგი ვერაფრით დაეხმარებოდა მათ. სინამდვილეში არც ბრიტანელებს და არც ფრანგებს არც თავი და არც საშუალება არ ჰქონდათ არანაირი კონტრშეტევისა, რასაც გერმანული დაზვერვა დროულად შეატყობინებს სარდლობას.
ბრაუხიჩი (რომელიც ვერმახტის სახმელეთო ჯარების მთავარსარდალი გახლდათ) და ჰალდერი (რომელიც სახმელეთო ჯარების გენშტაბის უფროსი იყო) მიხვდებიან, რომ რუნდშტედტი სატანკო შენაერთების გაჩერებით ფატალურ შეცდომას უშვებდა - რომ არა რუნდშტედტის გადაწყვეტილება, ბრიტანელები დასაბეგვი ხორცივით ხვდებოდნენ „გრდემლსა“ (არმიათა ჯგუფი ა) და „უროს“ (არმიათა ჯგუფი ბ) შორის. სიტუაციის გამოსწორების მიზნით, ბრაუხიჩი და ჰალდერი რუნდშტედტს ჩამოართმევენ სატანკო დივიზიების განკარგვის უფლებას და ამ დივიზიებს ფონ ბოკს გადასცემენ, რათა მას ბრიტანელების წინააღმდეგ იერიში გაეგრძელებინა.
ჰალდერისა და ბრაუხიჩის ეს ოპერატიული გადაწყვეტილება, მიღებული ჰიტლერთან შეთანხმების გარეშე, ფიურერის გამძვინვარებას გამოიწვევს. ვის ეკუთვნოდა საბოლოო სიტყვა ოპერატიულ საქმეებში - სამოქალაქო პირ ჰიტლერს თუ სამხედროებს? მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან პირველად წარმოიშვება ამ ტიპის კონფლიქტი გერმანიის მთავარსარდლობაში და ჰიტლერი მიხვდება, რომ მის გენერლებს სურდათ საკუთარი მოქმედების ველი გაემიჯნათ და იქ ფიურერი არ შეეშვათ. სამხედროებისათვის რომ დაენახვებინა, ვინაა ნამდვილი გამგებელი „ყაზარმაში“, ჰიტლერი ჩამოაშორებს ბრაუხიჩს და ჰალდერს ოპერაციის ხელმძღვანელობას და რუნდშტედტის ე.წ. გაჩერების ბრძანებას ხელმეორედ გასცემს. „ჰიტლერის ამ გადაწყვეტილებას არაფერი ჰქონდა საერთო ოპერატიულ საკითხებთან. ჰიტლერს უბრალოდ სურდა, დაენახვებინა სამხედროებისთვის, რომ ის იყო ერთადერთი, ვინც განაგებდა“ - დაადასტურებს ომის შემდეგ ჰიტლერის ადიუტანტი გერჰარდ ენგელი.
რომ არა ჰიტლერის ეს გადაწყვეტილება, დიუნკერკთან ბრძოლა იქნებოდა ვერმახტის ყველა დროის ყველაზე დიდი გამარჯვება. დღეს ძნელად წარმოსადგენია, თუ რა ტრაგიკული სამხედრო და პოლიტიკური შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ვერმახტის ამ გამარჯვებას: ერთის მხრივ, დიუნკერკში მოწყობილი „სისხლიანი მდინარეების“ შემდეგ ბრიტანეთი რჩებოდა პროფესიული არმიის გარეშე და, მეორე მხრივ, ამ „სისხლიან მდინარეებს“ თავისუფლად შეეძლოთ „წაელეკათ“ ჩერჩილიც, რომლის მაგივრადაც დაუნინგ სტრიტზე დიდი ალბათობით მოვიდოდა ჰიტლერთან დაზავების მომხრე პოლიტიკური ძალა ლორდ ჰალიფაქსის მეთაურობით.
თუმცა დიუნკერკში ჰიტლერის გამარჯვება მეორე მსოფლიო ომის საბოლოო სურათს მაინც ვერ შეცვლიდა. უბრალოდ, გამარჯვების სურათი ცოტა სხვა ტონალობას შეიძენდა. ისეთ ტონალობას, სადაც ჩერჩილის მიერ არჩეული ფერთა ნაზავი უფრო უცხო ხილი იქნებოდა.
დაბოლოს: მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან ჰიტლერს, კაცს რომელსაც, მისივე თქმით, პოლიტიკაში ყველაზე უფრო უყვარდა ვა-ბანკზე წასვლა, იღბალი იღბალზე სდევდა. ასე რომ, დრო იყო, ერთ პატარა ვარსკვლავს იმ მელოტი კაცის თავზეც გადმოეხედა, რომელიც პირველცოდვად მიიჩნევდა პოლიტიკაში ბანქოს თამაშს...