1944 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული 1945 წლის მაისამდე 7 მილიონ გერმანელს მოუწევს წითელი არმიის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან გაქცევა. 1945-1948 წლებში ამ 7 მილიონი ლტოლვილის განდევნას მოჰყვება პოტსდამის კონფერენციაზე (1945 წლის ივლისი-აგვისტო) მოკავშირეების გადაწყვეტილება, რომ კიდევ 5 მილიონი ეთნიკური გერმანელი იქნეს განდევნილი უნგრეთიდან, ჩეხოსვლოვაკიიდან, რუმინეთიდან და იუგოსლავიიდან, ანუ ტერიტორიებიდან, სადაც ისინი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ეს იქნება პირველი შემთხვევა ეთნიკური წმენდისა მიღებული საერთაშორისო დონეზე (პოტსდამის კონფერენციამდე არსებობდა ეთნიკური უმცირესობების გაცვლა-გამოცვლა ორმხრივი შეთანხმების შედეგად, როგორც, მაგალითად, 1913 წელს თურქეთსა და ბულგარეთს, ან 1923 წელს თურქეთსა და საბერძნეთს შორის).
ასე იქცევა 1945-1948 წლებში 12 მილიონი გერმანელი ლტოლვილად. ამ ეთნიკურ წმენდას ხშირად თან ახლდა ეთნიკური გერმანელების ხოცვა-ჟლეტა მათი თანამემამულეების მიერ: მაგალითად, 1945 წლის ივლისში ჩეხეთის ქალაქ უსტი-ნად-ლაბემში სამი დღის განმავლობაში დაახლოებით 2 700 გერმანულენოვანი ჩეხი იქნა მოკლული მათი მეზობელ სლავ თანამემამულეების მიერ. სულ 1944-1948 წწ-ში, 2 მილიონამდე ეთნიკური გერმანელი დაიღუპება ამ „ბიბლიური გამოსვლის“ დროს.
12 მილიონ ლტოლვილთა შორის ყველაზე ცნობილი გერმანელი გახლდათ დანციგში დაბადებული ვინმე გიუნტერ გრასი. იმ დანციგში, რომელსაც გრასი დედამიწის ჭიპად მიიჩნევდა და რომელიც ომის შემდეგ გდანსკად იქცევა. იმ დანციგში, რომელიც თუნუქის დოლის გამოქვეყნების შემდეგ (სადაც დღეს მწერლის და მისი მთავარი რომანის მთავარი გმირის ქანდაკებაცაა), ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთ დედაქალაქად იქცევა.
„მე ჩავედი გდანსკში, რათა დანციგი მეპოვნა“ - დაწერს მოგვიანებით გიუნტერ გრასი. და პოლონურ გდანსკშიც დანციგელ გერმანელ გრასს როგორც თავისიანს, ისე მიიღებენ: „ჩვენმა გრასმა მიიღო ნობელი“ - დაწერს ერთი პოლონური ჟურნალი 1999 წელს. „ვერც ერთმა გერმანელმა ჟურნალისტმა ვერ გაბედა დაეწერა ‘ჩვენი გრასი’“, - აღნიშნავს პოლონური ჟურნალის ამ სათაურზე მწერლის ერთი ფრანგი მეგობარი. „მე ვიღებ ნობელის პრემიას, როგორც გერმანულ ენაზე მწერალი და არა როგორც გერმანელი მწერალი“ - დაამატებს გიუნტერ გრასი.
გერმანულ-პოლონურ დანციგ-გდანსკში სლავი დედისა და გერმანელი მამის შვილი გიუნტერ გრასი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე საკუთარი ლიტერატურული და პოლიტიკური ცხოვრებით იყო განსახიერება ცნებისა Vergangenheitsbewältigung, რომელიც ქართულად შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც სურვილი ღიად დაუპირისპირდე საკუთარ წარსულს. ნობელიანტ ჰაინრიხ ბიოლის სიკვდილის შემდეგ, ნობელიანტი გიუნტერ გრასი გახდება „შერპა“ იმ სხოვნისა, რომელიც დაფუძნებული იყო გერმანულ დანაშაულზე და რომელსაც მწერალი თაობიდან თაობაში გაატარებს.
გიუნტერ გრასი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ნაციონალისტურ ნოსტალგიას და უარს ამბობდა საკუთარი ერის მსხვერპლად გამოყვანაზე: „თუნუქის დოლის“ ის თავები, სადაც აღწერილია წითელი არმიის დანციგში შეჭრა და მოსახლეობის „ბიბლიური გამოსვლა“, განსაკუთრებული გროტესკულობით გამოირჩევა.
გიუნტერ გრასის ნახევარსაუკუნოვანი მოქალაქეობრივი და ლიტერატურული ბრძოლა დამყარებული იყო ერთადერთ ლოზუნგზე : „სამშობლოს დაკარგვა სინდისის გამარჯვებაა“. გიუნტერ გრასი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ძალზე გავლენიანი დევნილთა ფედერაციის (გერმანელი დევნილების ინტერესების დამცველი პოლიტიკური გაერთიანება) წინააღმდეგ იბრძოდა და გერმანია-პოლონეთის ახალი საზღვრის უპირობო აღიარებას ითხოვდა (1945 წლის საზღვრებით გერმანიამ დაკარგა 100 000 კვ კილომეტრზე მეტი. ახალ საზღვარს, რომელსაც ოდერ-ნაისეს ხაზი ეწოდება, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა მხოლოდ 1970 წლის 7 დეკემბერს აღიარებს ვილი ბრანდტის ვარშავაში ვიზიტის დროს. 1970 წლის დეკემბერში ვარშავაში ვილი ბრანდტს გიუნტერ გრასიც ახლდა, რასაც პოლონელები განსაკუთრებით დააფასებენ).
მაგრამ გიუნტერ გრასი არ თვლიდა, რომ Vergangenheitsbewältigung იყო მხოლოდ ნაცისტურ წარსულში ქექვა. თავის ბოლო ნაწარმოებში „კიბორჩხალას ტრაექტორია“ მწერალი თავის თანამემამულეებს შეახსენებს გერმანელი ლტოლვილებით სავსე გემის, „ვილჰელმ გუსტლოფის“ ჩაძირვას (1945 წლის 30 იანვარს საბჭოთა წყალქვეშა ნავი ჩაძირავს „ვილჰელმ გუსტლოფს“. ამ საზღვაო კატასტროფის შედეგად, სხვადასხვა მონაცემით, დაიღუპება 5-დან 9 ათასამდე ადამიანი. სავარაუდოდ, დაღუპულთა თითქმის ნახევარს ბავშვები შეადგენდენ. „ვილჰელმ გუსტლოფის“ ჩაძირვა წარმოადგენს ყველაზე დიდ საზღვაო კატასტროფას მსოფლიო ისტორიაში).
რატომ გადაწყვეტს გიუნტერ გრასი სიცოცხლის ბოლოს ამ რომანის დაწერას? მწერალი ამ რომანით გერმანული ტანჯვის ებრაელებისა და სლავების ტანჯვასთან დაახლოებას მოინდომებს? იგი ნაცისტების დანაშაულის რელატივიზაციას მოახდენს? არის ეს გერმანელის მხრიდან მცდელობა, თავი მსხვერპლად გამოიყვანოს, როგორც ეს ზოგიერთმა კრიტიკოსმა ივარაუდა?
თუ, უბრალოდ, გრასმა ამ რომანის დაწერა საჭიროდ ჩათვალა, ვინაიდან იცოდა, რომ ისტორიის ნაწილის იატაკქვეშეთში დატოვებამ შეიძლება მითების ისტორიზაცია მოახდინოს და იგი ნაციონალისტების პოლიტიკურ იარაღად აქციოს?... როგორც გიუნტერ გრასი „კიბორჩხალას ტრაექტორიაში“ დაწერს, „ისტორია, რომელშიც ხელებს ვაფათურებთ, სხვა არაფერია, თუ არა საპირფარეშოს გაჭედილი კანალიზაცია: ვასხამთ და ვასხამთ წყალს და, მიუხედავად ამისა, განავალი სულ უფრო და უფრო ზევით ამოდის“.