Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 30 მაისი. See content from before

პარასკევი, 20 მაისი 2011

3 წლის წინ, სომეხმა კოლეგებმა იტალიელი კინორეჟისორების, პაოლო და ვიტორიო ტავიანების ფილმის, “ტოროლას ბუდის” გადაღების ისტორია მიამბეს. ჩამოუყვანიათ დიდი კლასიკოსები ერევანში, თავიანთ კინოფესტივალზე, დიდი მიღება მოუწყვიათ. მერე წიგნები მიუციათ სომხურ-თურქულ ურთიერთობაზე, იმაზე, რასაც სამყაროს ერთი ნაწილი “სომეხთა გენოციდს” უწოდებს და პირდაპირ უთქვამთ, იქნებ დაგაინტერესოთ მეოცე საუკუნის ამ ტრაგიკულმა ამბებმა და ფილმის გადაღება მოისურვოთო. ტავიანებზე ამ წიგნებს იმდენად უმოქმედია, რომ ასაკში შესულ გენიოსებს, რომლებიც ბოლო დროს ვეღარ აკვირვებდნენ თავიანთ თაყვანისმცემელს, იტალიაში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში განუცხადებიათ, რომ იწყებენ ფილმის გადაღებას სომეხთა გენოციდზე. დიახ, ზუსტად ასე თქვეს - “გენოციდზე”. ანუ თავიდანვე აღიარეს, რომ მათი ფილმი “პროსომხური” იქნებოდა.

ფილმი - დიდი არაფერი. ტავიანების ადრინდელ ფილმებს, უბრალოდ, ვერ შეედრება. მაგრამ სახელი და ავტორიტეტი მაინც მნიშვნელოვანია. “ტოროლას ბუდე” არაერთ დიდ კინოფესტივალზე უჩვენეს, შესაბამისად, კარგად გაყიდეს. სიმღერა “ო, სირუნ, სირუნ”, რომელიც არაერთხელ აჟღერდება ფილმში, ისევ პოპულარული გახდა. სიტყვა “გენოციდს” ახლა უკვე ისინიც ხმარობდნენ, ვისაც აქამდე წარმოდგენა არ ჰქონდა, რა მოხდა თურქეთში მეოცე საუკუნის დასაწყისში.

საქართველომაც “შეუკვეთა” ფილმი დასავლელ რეჟისორს. 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკულ დღეებზე ფილმის გადასაღებად რენი ჰარლინი აირჩიეს. ახლა უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ვინ აირჩია და ვინ დაუკვეთა ეს ფილმი, რომელსაც თავიდან “ჯორჯია” ერქვა, მერე კი “აგვისტოს 5 დღე” ეწოდა. ფილმი დასრულდა. 18 მაისს კანის კინოფესტივალის ბაზრობაზე (და არა კინოფესტივალზე), სასტუმროს კინოდარბაზში უჩვენეს “პროქართული ფილმი”, რომელმაც საეჭვოა, ახალი მეგობრები შესძინოს საქართველოს. მეგობრები კი არა, უნიჭობას შეუძლია ის ხალხიც ჩამოგვაშოროს, ვინც უყოყმანოდ გვიჭერდა მხარს „ქართულ-რუსულ“ ომში.
თუკი ფილმს “ქართული თვალ-ყურით” აღვიქვამთ, აუცილებლად გაგვეცინება ინგლისურზე, რომლითაც ენდი გარსია საუბრობს.
რენი ჰარლინის ფილმის პლაკატი კანის ერთ-ერთი სასტუმროს შესასვლელთან

მიხეილ სააკაშვილს ყველაფერი შეიძლება დააბრალო, გარდა იმისა, რომ ცუდად ფლობს ინგლისურ ენას. ამას რომ უყურებ (და უსმენ), ეგრევე მეორე მსოფლიო ომზე გადაღებული საბჭოთა ფილმები გახსენდება - ქართული აქცენტით მოსაუბრე სტალინი, ბერია და სხვები (აქ კახა ლომაიას, დავით კეზერაშვილს და თემურ იაკობაშვილს იხილავთ ვიღაც ძალიან ცუდი მსახიობების შესრულებით). დაუმატეთ ამ ყველაფერს ფილმის სწორხაზოვანი დრამატურგია, კონფლიქტის უსაშველოდ პროპაგანდისტული რაკურსით წარმოდგენა და პროპაგანდის ნაცვლად (თითქმის არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ “აგვისტოს 5 დღე” თავიდანვე ჩაფიქრებული იყო, როგორც პროპაგანდისტული ფილმი, რომელსაც მსოფლიოსთვის ჩვენი ქვეყანა დიდი რუსული იმპერიის მსხვერპლად უნდა წარმოედგინა) მივიღებთ “ანტიპროპაგანდას”. რუსეთის ჯარისკაცები ზუსტად ისე იქნებიან წარმოდგენილნი, როგორც ნაცისტები მეორე მსოფლიო ომზე გადაღებულ ცუდ საბჭოთა ფილმებში - კარიკატურის სახით.

პრინციპში ფილმში “აგვისტოს 5 დღე” აგვისტოს ომიც კარიკატურას ჰგავს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სურათის რეჟისორს ბავშვობაში “ტანკობანას” თამაში უყვარდა და ახლა შანსი მიეცა ისევ დაიკმაყოფილოს თავისი ვნება “ბატალურ კინოზე” - ვერტმფრენებით და ტანკებით, სისხლიანი სახეებით, გაბედული ქართველებით, ამერიკელებით და ბოროტი, შეუგნებელი რუსებით. დაუმატეთ ამას კიდევ ერთი გაუგებარი “იაღლიში” - ინგლისურად მოსაუბრე ქართველებს და რუსებს აქ უცხოელები თამაშობენ, მაგრამ შიგადაშიგ ქართულად და რუსულად უხდებათ საუბარი. აქ იწყება ნამდვილი კომედია! ფილმის ერთ-ერთი გმირი, წარმოშობით მაროკოელი კანადელი მსახიობი ემანუელ შრიკი ისეთი ქართულით თამაშობს სურათის ერთ-ერთ მთავარ გმირს, თათიას, რომ მსხვერპლის მიმართ თანაგრძნობის ნაცვლად გეღიმება. ხოლო როცა ფინალში სააკაშვილი-გარსიას გვერდით მსახიობ გივი სიხარულიძეს დაინახავ რომელიღაც პრეზიდენტის როლში, შეიძლება მოგეჩვენოს, რომ რაღაც ძალიან სასაცილო ფილმს უყურებ.

დარწმუნებული ვარ, ვერავინ ამიხსნის, რა საჭირო იყო ენდი გარსიას მოწვევა სააკაშვილის როლში. რატომ არ გამოიყენეს ავტორებმა ქრონიკა, რომელშიც სააკაშვილი თავის თავს განასახიერებდა და ისე არაბუნებრივად არ “შეჭამდა ჰალსტუხს”, როგორც ამას გარსია აკეთებს. არ არის გამორიცხული კომერციული ინტერესები გამახსენონ - თითქოს უცხოელი ვარსკვლავების მონაწილეობა თავისთავად უკვე იყოს ფილმის კომერციული წარმატების გარანტია. და აქ დაიბადება მეორე კითხვა - თუკი ფილმს არა ქართული, არამედ უცხოელი მაყურებლის “თვალ-ყურით” შევხედავთ, რას ვიხილავთ? ტანკებს, ვერტმფრენებს და სისხლიან სახეებს - კი. ხასიათებს, რომლებიც რაღაც თანაგრძნობას უნდა ბადებდეს მაყურებელში - არა. საქართველოსა და აშშ-ის დროშებს - კი. 2008 წლის ამბების მეტ-ნაკლებად ობიექტურ შეფასებას, რომელიც ამ ომის მიზეზებზე დაგვაფიქრებს - არა. საქართველოს მშვენიერ პეიზაჟებს, რომლებიც მოგზაურობის მოყვარულ დასავლელ მაყურებელს ამ ქვეყნის გაცნობის სურვილს გაუჩენს - კი. ცოცხალ საქართველოს, იმ ტკივილებით, რომლებიც ომამდე ჰქონდა ხალხს და ამ ომმა კიდევ უფრო აუტანელი გახადა - არა. ამის მერე გაუგებარი ხდება, ვისთვისაა გადაღებული “აგვისტოს 5 დღე”. თუკი მხოლოდ და მხოლოდ ჟანრული კინოს მაყურებლისთვის, ბოდიში, ასეთი ფილმი იმდენია, რომ საეჭვოა, გართობის მოყვარული მაყურებელი აღიგზნოს “სასპენსს” თითქმის სრულიად მოკლებულ ფილმზე, რომელშიც სისხლი ბევრია, მაგრამ ის, რაც ამ “სისხლის მიზეზი” გახდა, საერთოდ არ ჩანს. უმიზეზოდ გამოხატული სისხლი კი კინოში ყოველთვის ქმნის ეჭვს, რომ ავტორებმა, უბრალოდ, ბევრი წითელი საღებავი გამოიყენეს.

ცუდ ფილმს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ძალიან მტკივნეულ ხუთ დღეზე კიდევ გადაიტანდა კაცი, რომ არა ქართველი კინოჩინოვნიკებისა და ოფიციალური მედიის ზღვარგადასული ინფანტილიზმი. ვინ დაიჯერა, რომ ასეთ ფილმს ოდესმე ჩართავდა კონკურსში რომელიმე დიდი კინოფესტივალი? რატომ გვატყუებთ? რატომ იმეორებთ ურცხვად ამ ორ სიტყვას “კანის კინოფესტივალი”? განა დაიმალება, რომ “აგვისტოს 5 დღე” მხოლოდ და მხოლოდ კანის ფესტივალის ბაზრობაზე უჩვენეს, იქ, სადაც ფულს თუ გადაიხდის, ნებისმიერ სტუდიას შეუძლია უჩვენოს თავისი ახალი ფილმი?

და აქ ისევ ძმები ტავიანების “ტოროლას ბუდეს” მინდა დავუბრუნდე. იტალიელი კინორეჟისორები მსოფლიოს ყველა ფესტივალის სასურველი სტუმრები არიან. მათ ცუდ ფილმსაც კი ბევრი მაყურებელი ჰყავს. მაგრამ ჩვენი კინოჩინოვნიკებისთვის და ხელისუფლებასთან დაახლოებული მედიისთვის ახალგაზრდა, “ჯანიანი ამერიკელი”, რომელსაც მასკულტურასთან შეხების გამოცდილება აქვს, უფრო მეტია, ვიდრე იტალიელი მოხუცები, რომელთა ფილმში... ენდი გარსია არ ითამაშებს.

აქ ისევ აბობოქრდა ქართული კინოსამყაროსთვის დამახასიათებელი სნობიზმი, გამოხატული კითხვაში, რომელსაც ხშირად გვისვამენ კანის კინოფესტივალიდან დაბრუნების შემდეგ: “სტარები ნახე?”

ვიცი, წელსაც მკითხავენ, “ენდი გარსია ნახე? და როცა ვიტყვი, კანში არ ყოფილა-მეთქი, გაუკვირდებათ. როგორ, “აგვისტოს 5 დღის” პრემიერა ხომ მოეწყო, ტელევიზიებმა გამოაცხადეს ასეო.
კანის 64-ე კინოფესტივალი ძალიან კარგად დაიწყო. საკონკურსო პროგრამის თითქმის ნახევარია ნაჩვენები და დღესვე შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ეს პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია კანის კინოფორუმის ისტორიაში - უაღრესად ორიგინალური, უაღრესად მოულოდნელი. ფესტივალის დირექციამ თითქოს თავად ფილმების სელექცია გადააქცია შემოქმედებად...

მოულოდნელია თითქმის ყველა ფილმი, ნაჩვენები 64-ე ფესტივალის კონკურსში: ერთს ელოდები და სულ სხვა რაღაც აღმოჩნდება! სულ სხვანაირი ფილმები გადაუღია გას ვან სენტს, კიმ კი დუკს... სრულიად მოულოდნელია ძმები დარდენების „ბიჭი ველოსიპედზე“. თუმცა, პირადად ჩემთვის, ჯერჯერობით, ფესტივალის მთავარი სიურპრიზია იტალიელი მეამბოხის, პოლიტიკურად საკმაოდ ანგაჟირებული რეჟისორისა და მსახიობის, ბერლუსკონის დაუძინებელი მტრის, ნანი მორეტის ახალი ფილმი Habemus Papam.

ამ სიტყვებით აცხადებენ ვატიკანში ახალი პაპის არჩევას. „გვყავს პაპი!“ - ასე ითარგმნება ეს ფრაზა. სათაური ძალიან მნიშვნელოვანია - სათაურშივე თამაშდება მოულოდნელობა: ხალხი ნანი მორეტისგან ვატიკანის მხილებას მოითხოვდა, პოლიტიკურად მწვავე ფილმს კათოლიკურ ეკლესიაში ბოლო დროს გახმაურებულ სკანდალებზე - კორუფციასა და პედოფილიაზე. მან კი, 58 წლის იტალიელმა მეამბოხემ, გადაიღო ახალი „რომაული არდადეგები“ ვატიკანის ახლად არჩეულ წინამძღოლზე, რომელიც ჯერ მილოცვებს მიიღებს, შემდეგ კი გამოაცხადებს, რომ ეშინია, მიესალმოს წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ასი ათასზე მეტ ადამიანს. უფრო მეტიც, შუაგულ რომში დაცვას გაექცევა და მართლაც მოიწყობს „არდადეგებს“.

ფილმის ბოლოს მას მაინც გამოიჭერენ. თანაც, სად?! თეატრში, სადაც ჩეხოვის „თოლიას“ თამაშობენ (ირკვევა, რომ რომის ახალი პაპი ბავშვობიდან ოცნებობდა მსახიობობაზე). როცა ვატიკანის გვარდიის წევრები, იქაური ბიუროკრატები, ვატიკანის სპიკერის მეთაურობით, თეატრის დარბაზში შეიჭრებიან, ცხადი ხდება: ნანი მორეტისთვის ეკლესია იგივეა, რაც თეატრი. უბრალოდ, თეატრში მსახიობები აღიარებენ, რომ თამაშობენ, ეკლესია კი რიტუალებს აწყობს, ატარებს არჩევნებს და არსად აღიარებს, რომ მთელი ეს რიტუალიც თამაშია.

თუმცა, არც ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება (ნანი მორეტიმ კანში გაიხსენა, რომ კათოლიკურ კოლეჯში ისწავლა, თუმცა ისიც აღიარა, რომ არ სწამს ღმერთის), არც კათოლიკე კარდინალების მიმართ გამოხატული ირონია (განსაკუთრებით, პაპის არჩევნების სცენაში, როცა მოხუცები ერთმანეთისგან იწერენ კანდიდატის გვარებს), არც ვატიკანის მსუბუქი გაშარჟება არ არის მთავარი ფილმში „გვყავს პაპი“.

მორეტის ახალ ნამუშევარში რეჟისორი ფსიქოანალიტიკოსის როლს თამაშობს. ის მაშინ გამოჩნდება, როცა კარდინალები გადაწყვეტენ, ფსიქოანალიზის დახმარებით მოუხსნან ფობიები ახლად არჩეულ პაპს. ნელ-ნელა ცხადი ხდება, რომ ნანი მორეტი სწორედ ფროიდს უფრო დასცინის, ვიდრე რელიგიას. ფსიქოანალიზის გაშარჟება მას ფილმის მთავარი თემის გაშლისთვის სჭირდება - ძალაუფლებაზე უარის თქმა არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას. პაპის ფსიქოანალიტიკოსები მის საქციელს შეაფასებენ, როგორც „ინფანტილიზმს“. სინამდვილეში კი პაპი აღმოჩნდება ადამიანი, რომელსაც არ უნდა ძალაუფლება. მორჩა და გათავდა!
ნანი მორეტის ახალი ფილმის - Habemus Papam - პლაკატი

ფილმში „გვყავს პაპი“ ახლად არჩეული პაპის როლს მიშელ პიკოლი ასრულებს. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მისი დამსახურებაა ნანი მორეტის ხელწერის ცვლილებაც. თავის დროზე ინგრიდ ბერგმანმა შეძლო და ადამიანურობა შემატა ცივ და სასტიკ ინგმარ ბერგმანს ფილმში „შემოდგომის სონატა“. დღეს იგივე გააკეთა მიშელ პიკოლიმ: სატირა თანამედროვე ვატიკანზე, სადაც ტყუილი მმართველობის ნორმა გამხდარა, შეიცვალა ტრაგიკომედიით ადამიანზე, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკურმა სამყარომ „წმინდა მამად“ აირჩია, მაინც გვეუბნება: „მე თქვენი უწმინდესი არა ვარ!“

ასეთ კაცს, აბა, როგორ არ მისცემდი ხმას არჩევნებზე? მერე რა, რომ ასეთი აუცილებლად იტყვის უარს ძალაუფლებაზე, არ გამოვა აივანზე და არ მიესალმება თავის მილიონობით თაყვანისმცემელს? გაიქცევა, გაიპარება, გაწითლდება!..

ხმა მას უნდა მისცე სწორედ!

დიდი, დიდი ხნის წინ, როცა დასრულდა აკადემიაში ჩემი ჯგუფის დიპლომების დაცვა, საყვარელი პედაგოგები ერთ მწკრივში დაეწყვნენ, რათა სათითაოდ გადაგვეხადა მათთვის მადლობა. ყველას ვაკოცეთ და ხელი ჩამოვართვით. როცა მიტო თუმანიშვილს გადავეხვიეთ და კოცნა დავუპირეთ, მსუბუქად გვკრა ხელი და გვითხრა: „არა, არა, მე თქვენი ხატი არ ვარ!“ მაშინ ცოტა გვეწყინა: ხომ იცით, როგორი უხერხული მოძრაობა „კეთდება“, როცა საკოცნელად ემზადები და უარს გეუბნებიან, თუნდაც „გრიპი მაქვს, არ მაკოცოს“ შეძახილით. ეს ხომ - მით უმეტეს! წარჩინებით დაასრულე აკადემია, გინდა გადაეხვიო და აკოცო საყვარელ პედაგოგს, ის კი ხელს გკრავს და, მე შენი ხატი არა ვარო - გეუბნება.

მოგვიანებით არაერთხელ გამხსენებია მიტო თუმანიშვილის ეს რეპლიკა. ნანი მორეტის ფილმმაც გამახსენა: პაპი, რომელსაც არ უნდა იყოს ხატი! პაპი, რომელიც ქრისტიანობას აღიქვამს „ჰორიზონტალურ რელიგიად“ - ადამიანთა თანასწორობის, სოლიდარობის, სიყვარულის, უსაზღვრობის რელიგიად, და არა რელიგიად, რომელიც ჩაამწყვდიეს ბროლისჭაღებიან, ხალიჩებიან სასახლეებში, რელიგიად, რომელმაც იერარქია გადააქცია ნორმად; რელიგიად ნაირ-ნაირი ნიღბებით შემკული დიქტატორებით, რომლებიც „ჩვეულებრივ მოკვდავთ“ საქმეებს ურჩევენ, ქონებას უყოფენ, მითითებებს აძლევენ. უფრო მეტიც: ქვეყნებსაც მართავენ.

არადა, ქრისტიანობას, წესით, ასეთი კერპების ხანა უნდა დაესრულებინა. ადამიანს უნდა ეცხოვრა სამყაროში, სადაც „უწმინდესი“ იქნებოდა ერთადერთი რამ - ჭეშმარიტება. ისიც, ბოლომდე შეუცნობელი! ის, რასაც ხელით ვერ შეეხები, გემოს ვერ გაუსინჯავ, ვერ აკოცებ და ვერ გადაეხვევი. ის, რასაც ყოველი ცოცხალი არსება თავის თავშიც ატარებს.

არა, „გვყავს პაპი“ არ არის ფილმი ვატიკანსა და ეკლესიაზე. ესაა იტალიელი რეჟისორის თავისებური „რვანახევარი“, მისი აღსარება. არც პაპი, არც პოლიტიკური ლიდერი და არც ხელოვანი არ უნდა იქცნენ ბელადად. როგორც კი ცოცხალი არსება კერპად იქცევა, ეს არსება კვდება. საერთოდ, კვდება სიცოცხლე და შემოქმედება.

კვდება ეკლესიაც, რომელიც, უბრალოდ, ცუდ თეატრად იქცევა - „სანკულტურის თეატრად“, უნიჭო მსახიობებითა და ასევე უნიჭო პუბლიკით.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG