Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მე თქვენი უწმინდესი არა ვარ!“


კანის 64-ე კინოფესტივალი ძალიან კარგად დაიწყო. საკონკურსო პროგრამის თითქმის ნახევარია ნაჩვენები და დღესვე შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი ეს პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია კანის კინოფორუმის ისტორიაში - უაღრესად ორიგინალური, უაღრესად მოულოდნელი. ფესტივალის დირექციამ თითქოს თავად ფილმების სელექცია გადააქცია შემოქმედებად...

მოულოდნელია თითქმის ყველა ფილმი, ნაჩვენები 64-ე ფესტივალის კონკურსში: ერთს ელოდები და სულ სხვა რაღაც აღმოჩნდება! სულ სხვანაირი ფილმები გადაუღია გას ვან სენტს, კიმ კი დუკს... სრულიად მოულოდნელია ძმები დარდენების „ბიჭი ველოსიპედზე“. თუმცა, პირადად ჩემთვის, ჯერჯერობით, ფესტივალის მთავარი სიურპრიზია იტალიელი მეამბოხის, პოლიტიკურად საკმაოდ ანგაჟირებული რეჟისორისა და მსახიობის, ბერლუსკონის დაუძინებელი მტრის, ნანი მორეტის ახალი ფილმი Habemus Papam.

ამ სიტყვებით აცხადებენ ვატიკანში ახალი პაპის არჩევას. „გვყავს პაპი!“ - ასე ითარგმნება ეს ფრაზა. სათაური ძალიან მნიშვნელოვანია - სათაურშივე თამაშდება მოულოდნელობა: ხალხი ნანი მორეტისგან ვატიკანის მხილებას მოითხოვდა, პოლიტიკურად მწვავე ფილმს კათოლიკურ ეკლესიაში ბოლო დროს გახმაურებულ სკანდალებზე - კორუფციასა და პედოფილიაზე. მან კი, 58 წლის იტალიელმა მეამბოხემ, გადაიღო ახალი „რომაული არდადეგები“ ვატიკანის ახლად არჩეულ წინამძღოლზე, რომელიც ჯერ მილოცვებს მიიღებს, შემდეგ კი გამოაცხადებს, რომ ეშინია, მიესალმოს წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ ასი ათასზე მეტ ადამიანს. უფრო მეტიც, შუაგულ რომში დაცვას გაექცევა და მართლაც მოიწყობს „არდადეგებს“.

ფილმის ბოლოს მას მაინც გამოიჭერენ. თანაც, სად?! თეატრში, სადაც ჩეხოვის „თოლიას“ თამაშობენ (ირკვევა, რომ რომის ახალი პაპი ბავშვობიდან ოცნებობდა მსახიობობაზე). როცა ვატიკანის გვარდიის წევრები, იქაური ბიუროკრატები, ვატიკანის სპიკერის მეთაურობით, თეატრის დარბაზში შეიჭრებიან, ცხადი ხდება: ნანი მორეტისთვის ეკლესია იგივეა, რაც თეატრი. უბრალოდ, თეატრში მსახიობები აღიარებენ, რომ თამაშობენ, ეკლესია კი რიტუალებს აწყობს, ატარებს არჩევნებს და არსად აღიარებს, რომ მთელი ეს რიტუალიც თამაშია.

თუმცა, არც ეკლესიის მიმართ დამოკიდებულება (ნანი მორეტიმ კანში გაიხსენა, რომ კათოლიკურ კოლეჯში ისწავლა, თუმცა ისიც აღიარა, რომ არ სწამს ღმერთის), არც კათოლიკე კარდინალების მიმართ გამოხატული ირონია (განსაკუთრებით, პაპის არჩევნების სცენაში, როცა მოხუცები ერთმანეთისგან იწერენ კანდიდატის გვარებს), არც ვატიკანის მსუბუქი გაშარჟება არ არის მთავარი ფილმში „გვყავს პაპი“.

მორეტის ახალ ნამუშევარში რეჟისორი ფსიქოანალიტიკოსის როლს თამაშობს. ის მაშინ გამოჩნდება, როცა კარდინალები გადაწყვეტენ, ფსიქოანალიზის დახმარებით მოუხსნან ფობიები ახლად არჩეულ პაპს. ნელ-ნელა ცხადი ხდება, რომ ნანი მორეტი სწორედ ფროიდს უფრო დასცინის, ვიდრე რელიგიას. ფსიქოანალიზის გაშარჟება მას ფილმის მთავარი თემის გაშლისთვის სჭირდება - ძალაუფლებაზე უარის თქმა არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას. პაპის ფსიქოანალიტიკოსები მის საქციელს შეაფასებენ, როგორც „ინფანტილიზმს“. სინამდვილეში კი პაპი აღმოჩნდება ადამიანი, რომელსაც არ უნდა ძალაუფლება. მორჩა და გათავდა!
ნანი მორეტის ახალი ფილმის - Habemus Papam - პლაკატი

ფილმში „გვყავს პაპი“ ახლად არჩეული პაპის როლს მიშელ პიკოლი ასრულებს. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მისი დამსახურებაა ნანი მორეტის ხელწერის ცვლილებაც. თავის დროზე ინგრიდ ბერგმანმა შეძლო და ადამიანურობა შემატა ცივ და სასტიკ ინგმარ ბერგმანს ფილმში „შემოდგომის სონატა“. დღეს იგივე გააკეთა მიშელ პიკოლიმ: სატირა თანამედროვე ვატიკანზე, სადაც ტყუილი მმართველობის ნორმა გამხდარა, შეიცვალა ტრაგიკომედიით ადამიანზე, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკურმა სამყარომ „წმინდა მამად“ აირჩია, მაინც გვეუბნება: „მე თქვენი უწმინდესი არა ვარ!“

ასეთ კაცს, აბა, როგორ არ მისცემდი ხმას არჩევნებზე? მერე რა, რომ ასეთი აუცილებლად იტყვის უარს ძალაუფლებაზე, არ გამოვა აივანზე და არ მიესალმება თავის მილიონობით თაყვანისმცემელს? გაიქცევა, გაიპარება, გაწითლდება!..

ხმა მას უნდა მისცე სწორედ!

დიდი, დიდი ხნის წინ, როცა დასრულდა აკადემიაში ჩემი ჯგუფის დიპლომების დაცვა, საყვარელი პედაგოგები ერთ მწკრივში დაეწყვნენ, რათა სათითაოდ გადაგვეხადა მათთვის მადლობა. ყველას ვაკოცეთ და ხელი ჩამოვართვით. როცა მიტო თუმანიშვილს გადავეხვიეთ და კოცნა დავუპირეთ, მსუბუქად გვკრა ხელი და გვითხრა: „არა, არა, მე თქვენი ხატი არ ვარ!“ მაშინ ცოტა გვეწყინა: ხომ იცით, როგორი უხერხული მოძრაობა „კეთდება“, როცა საკოცნელად ემზადები და უარს გეუბნებიან, თუნდაც „გრიპი მაქვს, არ მაკოცოს“ შეძახილით. ეს ხომ - მით უმეტეს! წარჩინებით დაასრულე აკადემია, გინდა გადაეხვიო და აკოცო საყვარელ პედაგოგს, ის კი ხელს გკრავს და, მე შენი ხატი არა ვარო - გეუბნება.

მოგვიანებით არაერთხელ გამხსენებია მიტო თუმანიშვილის ეს რეპლიკა. ნანი მორეტის ფილმმაც გამახსენა: პაპი, რომელსაც არ უნდა იყოს ხატი! პაპი, რომელიც ქრისტიანობას აღიქვამს „ჰორიზონტალურ რელიგიად“ - ადამიანთა თანასწორობის, სოლიდარობის, სიყვარულის, უსაზღვრობის რელიგიად, და არა რელიგიად, რომელიც ჩაამწყვდიეს ბროლისჭაღებიან, ხალიჩებიან სასახლეებში, რელიგიად, რომელმაც იერარქია გადააქცია ნორმად; რელიგიად ნაირ-ნაირი ნიღბებით შემკული დიქტატორებით, რომლებიც „ჩვეულებრივ მოკვდავთ“ საქმეებს ურჩევენ, ქონებას უყოფენ, მითითებებს აძლევენ. უფრო მეტიც: ქვეყნებსაც მართავენ.

არადა, ქრისტიანობას, წესით, ასეთი კერპების ხანა უნდა დაესრულებინა. ადამიანს უნდა ეცხოვრა სამყაროში, სადაც „უწმინდესი“ იქნებოდა ერთადერთი რამ - ჭეშმარიტება. ისიც, ბოლომდე შეუცნობელი! ის, რასაც ხელით ვერ შეეხები, გემოს ვერ გაუსინჯავ, ვერ აკოცებ და ვერ გადაეხვევი. ის, რასაც ყოველი ცოცხალი არსება თავის თავშიც ატარებს.

არა, „გვყავს პაპი“ არ არის ფილმი ვატიკანსა და ეკლესიაზე. ესაა იტალიელი რეჟისორის თავისებური „რვანახევარი“, მისი აღსარება. არც პაპი, არც პოლიტიკური ლიდერი და არც ხელოვანი არ უნდა იქცნენ ბელადად. როგორც კი ცოცხალი არსება კერპად იქცევა, ეს არსება კვდება. საერთოდ, კვდება სიცოცხლე და შემოქმედება.

კვდება ეკლესიაც, რომელიც, უბრალოდ, ცუდ თეატრად იქცევა - „სანკულტურის თეატრად“, უნიჭო მსახიობებითა და ასევე უნიჭო პუბლიკით.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG