Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 23 ივნისი. See content from before

კვირა, 20 ივნისი 2010

არ ვნანობ, რომ უამინდობის მიუხედავად დავთანხმდი ჩემს მეგობარს და შაბათს ბაჰნაში წავყევი, ჩეხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ყოველწლიურ სამხედრო შოუზე. ერთადერთი ის ვინანე, რომ ამ საერთო-სახალხო დღესასწაულს არ ესწრებოდნენ საქართველოს ხელისუფლების ის წარმომადგენლები, ვისაც დღემდე ჰგონია, რომ საბჭოური ყაიდის სამხედრო აღლუმები პატრიოტიზმის მწვერვალია, მათი ჩატარების უცვლელი ადგილი კი - რუსთაველის პროსპექტი.

მაგრამ ეს იყო მოგვიანებით. მანამდე კი ცოტა წავუწუწუნეთ. აირჩიეს რა - დაჭაობებული ადგილი, პრაღიდან 65 კილომეტრში, გზის მიმართულების აღმნიშვნელებიც არ დგას; თუ პრაღის ცენტრში ადგილი არ ჰყოფნიდათ, ჩაეტარებინათ აქვე სადმე ლეტნაზე ან პოდოლიზე, აქ ვინ უნდა მოვიდეს შაბათს, თან ფეხბურთებია და რამე; არადა, იარე ფეხით ამ ჭაობებში, რა უნდა ნახო ახალი და არასაბჭოური? ჰა და ჰა, მაგათი "დანები" (თვითმავალი საარტილერიო სისტემებია), რომლებიც საქართველოს არმიას მგონი უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე ჩეხეთისას და რომლებიც, არა მხოლოდ პოლიგონზე, არამედ საქმეშიც მინახავს - 2008 წლის აგვისტოში.

მოკლედ, არა, ძმაო, "პიარის" საკითხში ჩეხები ვერ "ქაჩავენ" - დაილოცოს მიშა და ვანო! მწარედ შევცდი! ბაჰნა, სულაც არ აღმოჩნდა უნუგეშოდ ჭაობიანი ადგილი და წინ, ჭაობის შოუს ნაცვლად, ნამდვილი სახალხო დღესასწაული და საინტერესო სანახაობა გველოდა.

წარმოიდგინეთ, არა გორი-თბილისის ტრასაზე, არამედ, ვთქვათ, სადღაც თეძმის ან რკონის ხეობაში მდებარე სამხედრო ბაზა. სწორედ ასეთ, ნაძვნარ ტყეში ჩაფლულ, სტრატეგიულად საკმაოდ მოხერხებულ მთაგორიან რაიონში მდებარეობს ჩეხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი სამხედრო ბაზა, რომელიც რამდენიმე ალტერნატიული სამანქანო გზით უკავშირდება ცენტრალურ პრაღა-პლზენის მთავარ მაგისტრალს. ღონისძიების მთავარ სპონსორს, ფირმა "ლენდ როვერს" ცენტრალური გზიდან და რამდენიმე ახლომდებარე სოფლიდან სპეციალური ავტობუსებით მიჰყავს უკლებლივ ყველა მსურველი პოლიგონზე, სადაც დილის 9 საათიდან საღამოს ხუთამდე, 20-ზე მეტი ღონისძიება აქვთ მომზადებული ჩეხეთის არმიას, პოლიციას, სკაუტურ და სამხედრო-პატრიოტულ არასამთავრობო ორგანიზაციებს;

ეწყობა სხვადასხვა სახის თეატრალიზებული სანახაობა მეორე მსოფლიო ომის თემაზე (ბაჰნა 2010-ის შემთხვევაში მოკავშირეთა არმიების შეხვედრა ელბაზე და პრაღის გათავისუფლება); მერე დგება პოლიციის ჯერი, რომელიც ახდენს ტერორისტების შეპყრობის დემონსტრირებას; ფეთქდება ფუჭი ჭურვები; ჰაერში მანევრირებს ავიაცია; სადღაც მოშორებით სამხედრო ორკესტრი ასრულებს ცნობილ მარშებს.

მძიმე ტექნიკის გამოფენის მოპირდაპირე მხარეს ყმაწვილებისათვის მოწყობილია პეინტბოლის სასროლეთი, უფრო პატარებისათვის ატრაქციონები, თუმცა რომელი ატრაქციონი შეედრება ნამდვილი ტანკის კაბინაში ჩაძრომას, ნამდვილი ავტომატის ანდა ყუმბარსატყორცნის (ოღონდ დაუტენავის) ხელში აღებას, შენი სამშობლოს ჯარისკაცთან და ოფიცერთან გამოლაპარაკებას, ცნობილ სამხედრო პირებთან სამახსოვრო სურათების გადაღებას, ანდა სამხედრო ფორმის ჩაცმას?

საველე კარვებში ცნობილ სამხედრო ფირმებს („ბრენდებს“, როგორც ჩვენში ეძახიან) მოწყობილი აქვთ პავილიონები, სადაც შეგიძლია იყიდო ყველაფერი - მშრალი სამხედრო ულუფით დაწყებული და "მეორადი" ტანკით დამთავრებული. დიახ, ტანკით - ჩეხეთის კანონმდებლობით რეგისტრირებულ არასამთავრობო სამხედრო-პატრიოტულ ორგანიზაციას უფლება აქვს, სასწავლო მიზნებისათვის შეისყიდოს ავტომატიც და ტანკიც. ასეთი პარამილიტარისტული ორგანიზაციების რაოდენობა დუჟინია და მათში გაწევრიანება საკმაოდ პოპულარულია ჩეხეთის რესპუბლიკაში. ჰო, აბა ჩეხური ლუდის, ძეხვეულობისა და ტრდელნიკის გარეშე რომელი სახალხო დღესასწაული ჩაივლის? სხვათა შორის საზკვების პუნქტების მოწყობის ექსკლუზიური უფლება სპონსორების გარდა აქვთ სწორედ სამხედრო-პატრიოტულ ორგანიზაციებს, რომლებიც შემოსული თანხებით საველე გასვლებს და სხვა საორგანიზაციო ხარჯებს ისტუმრებენ.

შემოსავალი კი ცუდი არ უნდა იყოს - ყველა კვების ობიექტთან რიგები დგას. როგორც ჩემი მეგობარი მიხსნის, ბაჰნაში ხმელი პურიც კი იყიდება. მთაგორიან სუფთა ჰაერზე, პოლიგონზე ხეტიალი მადას უღვიძებს დამთვალიერებლებს ჩეხეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან და ავსტრიიდან, რომელთა რაოდენობა ყოველწლურად, 50-60 ათასს შორის მერყეობს. აუ, ერთი ახლა აქ იყოს პატარა ჯიხური ცნობილი ქართული ღვინოებით, ჩვენებური მწვადით და ხაჭაპურით, რას იხეირებდა კაცი? ოცნება გაგვირბის საქართველოზე და გვავიწყდება ბაჰნაც, სამხედრო შოუც, პეინტბოლიც და ჩეხური ლუდიც. ორი ქართველი ხმამაღლა ვიწყებთ ლაპარაკს და ასე გვგონია, რომ ჩავახშეთ ტანკების გრუხუნისა და იმიტირებული აფეთქებების ხმაც.

საუბარს პრაღამდე ვაგრძელებთ, თუმცა დასკვნა ერთია და საჭირბოროტო - რა პრობლემაა, რომ ასეთი ლაღი, ჭეშმარიტად საერთო-სახალხო დღესასწაული საქართველოშიც მოეწყოს იმ არქაული, სადაოდ ქცეული სამხედრო აღლუმების ნაცვლად, რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა დროის, ჯარისკაცების ენერგიისა და საბიუჯეტო თანხების უყაირათო ფლანგვა?
უნიჭო ადამიანი არ არსებობს!

ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ და არა მგონია, სიცოცხლის ბოლომდე აზრი შემეცვალოს.

სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანს უნიჭოდ გარემო და გარემოება აქცევს. როცა არა აქვს საშუალება, იცხოვროს თავისი ცხოვრებით, იმის კეთებას იწყებს, რაც არაა მისი საქმე - ცხოვრობს მშობლების, მეუღლის, მეზობლის, მეგობრის, პარტიის, ეკლესიის კარნახით. ტრადიციისა და კულტურის კარნახით. მეწაღის ნიჭი აქვს, მაგრამ ექიმი ხდება. ექიმის ნიჭი აქვს, მაგრამ ჟურნალისტის პროფესიას ირჩევს. კარგი თამადაა, მაგრამ პოლიტიკურ ლიდერობაზე ოცნებობს.

ცხადია, მეტ-ნაკლებად ასეა ყველგან; არ არსებობს საზოგადოება, სადაც ყველა ადამიანი თავისუფალია და აქვს საშუალება სრულიად გამოავლინოს თავი. მაგრამ საქართველოში, ჯერ ერთი, ”უდიპლომო სასიძოს” ფენომენია ძველი. მეორეც, კულტურა, რომელსაც წლების მანძილზე აკონტროლებდნენ (და აკონტროლებენ) ”კანონიერი ქურდები”, ”ხევისბერები”, ”თბილისელები”, ”პატრიარქები”, განუმეორებელსა და უნიკალურს ყველაზე საშიშ მტრად აღიქვამს.

ასე ჩნდება უნიჭობა - თავისუფლებას მოკლებული საზოგადოების პროდუქტი.

კი, აბსოლუტურად თავისუფალ საზოგადოებაზე მხოლოდ ოცნება შეიძლება. მაგრამ რას ვიზამთ - ასეა მოწყობილი ზოგიერთი ჩვენგანის ტვინი - ”მარცხენა ნახევარსფერო” უფრო აქტიური გვაქვს. და, საერთოდ, მომავალს გულით უფრო ვხედავთ, ვიდრე ტვინით. ასე ვატარებთ წლებს - ბედნიერ მომავალზე ოცნებაში!

ამიტომაც წესით და რიგით ჩვენ, ”მეოცნებე ცაციებს” არაფრით არ უნდა მოგვწონებოდა წერილი ადამიანისა, რომლისთვისაც სრულიად მიუღებელია თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის იდეები. იმისთვის, ვინც გულის კარნახით ცხოვრობს, ეს კაცი - კახა ბენდუქიძე - ხომ ლამის კლასობრივი მტერია! მაგრამ იქ, სადაც ნიჭია, იდეოლოგია უკან რჩება.

ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში, ასეა. მე ძალიან გამამხიარულა ბატონი კახას წერილმა ”ერთი ბიჭის ისტორია”. მომეწონა არა მარტო იმიტომ, რომ სასაცილოა და მსუბუქად ცინიკური - მომეწონა, როგორაა აწყობილი, როგორ ვითარდება აზრი. თრილერია ნამდვილი!

მომეწონა და გული დამწყდა. გამახსენდა, როგორ წერენ ამ დროს ჩემი თანამოაზრეები? ისევ დამებადა კითხვა, რომელზეც არ მპასუხობენ ხოლმე - რანაირად შეიძლება კაცი თავს მემარცხენედ თვლიდეს და პრიალა ჟურნალის კორესპონდენტსაც კი ”საუნივერსიტეტო ენაზე” პასუხობდეს - ავტორიტეტების ციტირებით? საიდან მოდის ეს არაადეკვატურობა, სტილისა და ფორმის უგრძნობლობა? ყველაფერი ის, რაც ჯერ კიდევ გრამშის აწუხებდა, როცა წერდა, იტალიის ინტელიგენცია აბსტრაქტული, მეტისმეტად ინდივიდულისტური და კლანური სამყაროს ტყვედ იქცაო.

გამახსენდა ბერლინის წლევანდელი კინოფესტივალი და შოკი, რომელიც გამოიწვია ავსტრიელი რეჟისორის, პეტერ კერნის ფილმმა ”სისხლით გაერთიანებულნი”, ჰელმუტ ბერგერით მთავარ როლში - უმწეობითა და უნიჭობით გამოწვეული შოკი.

გამახსენდა, როგორ დავეწყვეთ ქართველები და გავეშურეთ ”პანორამის” პროგრამაში ჩართული ამ სურათის სანახავად - ვიღაც ფასბინდერის მეგობრის და მსახიობის, პეტერ კერნის გამო, ვიღაც კი ჰელმუტ ბერგერის სანახავად, იმის გასაგებად, თუ რას აკეთებს დღეს ლუკინო ვისკონტის მუზა. და რა ვნახეთ? ანტიფაშისტური ფილმი, გაკეთებული ისე, თითქოს სურათის ავტორს თავის სიცოცხლეში არათუ გადასაღები მოედანი, არამედ ერთი ფილმიც კი არ უნახავს. ვუყურებდით, როგორ განიცდის ჰელმუტ ბერგერის 80 წლის გმირი ნეოფაშისტების აბობოქრებას ავსტრიაში და გვეცინებოდა მის განცდებზე! წარმოგიდგენიათ? გვეცინებოდა კაცზე, რომელიც თითქმის მარტოდმარტო უცხადებს ბრძოლას ახალგაზრდა ნეოფაშისტებს!

ასე იცის უნიჭობამ. მას ყველაზე უფრო სათუთი თემის დისკრედიტაცია შეუძლია.

და განსაკუთრებით ასე იცის უნიჭობამ იქ, სადაც ადამიანები ტოტალურად არ აკეთებენ იმას, რაც, შესაძლებელია, ყველაზე უკეთ გამოსვლოდათ.

საქართველოს უახლესი ისტორია მდიდარზე მდიდარია ასეთი მაგალითებით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ”უდიპლომო სასიძოს” სახეს ნელ-ნელა ჩაენაცვლა ახალი - ”ძალაუფლების დიპლომი”, რომლის მოსაპოვებლად გრძელზე გრძელი რიგი დადგა მეწაღის, ექიმის, თამადის, მომღერლის ნიჭით დაჯილდოებულებისა. თავისუფლებას მოკლებულ საზოგადოებაში, რომელსაც ”ხევისბერები” განაგებენ, პოლიტიკოსი და ჟურნალისტი განსაკუთრებით ხეირიანი საქმე აღმოჩნდა ძალაუფლების მოსაპოვებლად. ამან, თავის მხრივ, შექმნა კადრების პრობლემა. ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტების სათავეში მოხვდნენ ადამიანები, რომლებიც, შესაძლებელია, კეთილშობილური იდეებით გამოირჩეოდნენ - არც ცუდი მენეჯერები იყვნენ, არც ხაზინას ქურდავდნენ... მაგრამ საქმე მაინც გააფუჭეს.

ამ საქმეში სრულიად უნიჭონი აღმოჩნდნენ!

ლაშა ბაქრაძის ნათქვამს თუ გავიხენებთ, ეს ”ტრენინგებით ნასწავლი დემოკრატია” არ გახდა საკმარისი დემოკრატიის გასამარჯვებლად... ჭრელ-ჭრელად კი შეიღება ფასადები. აგერ ეროვნული დროშაც გაფერადდა! მაგრამ ნაცრისფერ სახეებს მაინც ვერაფერი ეშველა.

ის, ვინც ნიჭიერია, წავიდა და ბლოგებს წერს ახლა. თუმცა რა ვიცი, შეიძლება სწორედ ამ სფეროში ვლინდება ყველაზე უკეთ ბატონი კახა ბენდუქიძის ნიჭი?

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG